Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორთავიანი არწივის მზერა

04 აპრილი 2013

28 მარტს, დილის 4 საათზე პუტინის თვითმფრინავი, რომელიც სამხერთ აფრიკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თურქეთის საჰაერო სივრცეში იყო, როდესაც რუსეთის სამხრეთის ოლქის სამხედრო ძალებში  განგაში ატყდა. 15 წუთში რუსეთის არმიამ შავი ზღვის აუზში ყველასთვის მოულოდნელად ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო. ახალგაღვიძებული თადაცვის მინსიტრი შოიგუ წვრთნებში მონაწილე რიგით ჯარისკაცზე არანაკლებ დაბნეული ჩანდა. რამ გამოიწვია რუსეთის პირველი პირის ასეთი გამძვინვარება გამთენიისას –  ეს იყო საქართველოში მიმდინარე ქართულ–ამერიკული სამხედრო წვრთნები, კვიპროსში დაკარგული მილიარდები, მოსკოვში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოდგილისთვის ძალის დემონსტრირება თუ უბრალოდ მრავალსაათიანი ფრენის დისკომფორტი –  უცნობია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნაში, რომელიც არც ისე მსხვილმასშტაბიანია, 7000 სამხედრო მოსამსახურე, 250 ჯავშანმანქნა, 50 საარტილერიო დანადგარი, 20 საბრძოლო თვითმფრინავი და 30 სამხედრო კატარღა მონაწილეობს. რუსეთის ამ ნაბიჯიდან რამდენიმე საათში შეშფოთება გამოხატა ნატომ, შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების სახლით, შემდეგ კი უკრაინამ, ყველაზე ბოლოს კი რეაგირება საქართველომ მოახდინა.

თუმცა ეს წვრთნების დაწყებიდან 15 საათში მოხდა და რომ არა ერთ–ერთი ჟურანლისტის შეკითხვა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბათ არც კი დააპირებდა ამ საკითზე საუბარს. მოგვიანებით აღშფოთება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა რუსეთის მხრიდან არაგეგმიური წვრთნების ასე მოულოდნელად და გაუფრხილებლად ჩატარების გამო და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა ღიად და აშკარად, ჩვეულ სტილში, დაგმო რუსეთის ქმედებები. 

მართალია, მოგვიანებით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ, შეარბილა ნატოს პოზიცია რადიო „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში და განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა მოსკოვს ნატოს გენერალიტეტისთვის წინასწარ შეეტყობინებინა ამ წვრთნის შესახებ, ალიანსის პირველადი რეაქცია მაინც საკმაოდ მკაცრი იყო, საქართველოს კი რომელიც დეკლარირებულად დასავლური ორიენტაციისა და ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, რეგირება იანუკოვიჩის უკრაინამ დაასწრო.

საქართველოს მხრიდან რეაქციის მოლოდინში, კვლავ გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზომაზე მეტად ელოლიავება კრემლს. „ვაითუ ღვინისა და მინერალური წყლების უკვე გახსნილი ბაზარი ისევ ჩაგვიკეტონ ან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთის დახლებზე დაწყობის შანსი წაგვართვან“ – შესაძლოა, ეს აზრი უტრიალებდა თავში ხელისუფლებაში ბევრს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, რომელსაც ამ ამბავზე ნულოვანი რეაქცია ჰქონდა.

თავდაცვის მინისტრის თეთრი "მტრედივით" უწყინარი კომენტარიც,  სულაც არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ მინისტრის განაწყენების შიშით ყოფილიყო გამოწვეული. არადა ირაკლი ალასანია, ფუნქციებიდან გამომდინარე ყველაზე დიდი "ქორი" უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში მაია ფანჯიკიძე კი - "მტრედი".   

მთავარი კი ის არის, რომ საქართველოს კრემლისადმი დამოკიდებულებაში უკვე შეიმჩნევა რუსული შანტაჟისა თუ თვითშანტაჟის ელემენტები. საქართველოს ჯერ ერთი ბოთლი ღვინო და ერთი კილოგრამი ვაშლიც კი არ გაუყიდია რუსული ბაზარზე და  საქართველოს მთავრობას უკვე უჭირს სიმართლისთვის თვალის გასწორება და რუსეთთან მიმართებაში საჭიროების შემთხვევაში მკაცრი პოზიციის დაფიქსირება. ხელისუფლებამ უნდა გითვალისწინოს, რომ როდესაც რუსული ბაზარი მართლაც გაიხნება და დასაკარგიც ბევრად მეტი იქნება, სწორედ მაშინ დადგება საქართველოს ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ თუ ანალოგიურ ვითარებაში საქართველოს მთავრობა საკადრისი პასუხის გაცემას  ვერ მოახერხებს.

საზოგადოების ნაწილში კვლავაც არსებობს ბიძინა ივანიშვილისადმი ეჭვი, რომ ის ნებით თუ უნებლიედ საქართველოს რუსულ  ორბიტაზე აბრუნებს. ამ ეჭვის გაქარწყლების საუკეთესო საშუალება პრემიერ-მინისტრის მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცება კი არაა, არამედ ასეთი შანსის ბოლომდე გამოყენება და საქმით დამტკიცება, რომ ის საჭიროების შემთხვევაში  რუსეთისადმი სამართლიანი კრიტიკის გამოთქმას არ ერიდება.

რამდენიმე საათის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის 150  ჯარისკაცი  ვირტუალურ ქართულ დესანტს ანადგურებს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კი ამ ნაბიჯს ჯერჯერობით რეაქცია არ მოჰყოლია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^