Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვუახლოვდებოდი სიკვდილს

05 აპრილი 2013

სადღაც 1992 წელი იყო, როდესაც პირველად მეტკინა  სიკვდილი. გაგეცინებათ და  გარდაცვლილი არც ჩემი ოჯახის წევრი იყო, არც  მეგობარი. ის ყველასთვის ცნობილი, პოსტსაბჭოთა ეპოქის მოზარდთა კუმირი ჟანკლოდ ვანდამი გახლდათ. ჰო.. პირველად სწორედ მისი სიკვდილი განვიცადე.  როგორც შემდგომში აღმოჩნდა სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან ჟანკლოდი თურმე დღემდე ცოცხალი და უვნებელია. უბრალოდ იმ ეკონომიკური და ინფორმაციული ბლოკადის ხანაში, დასავლურ პოპკულტურასთან ჩემი ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზი რუსულენოვანი ჟურნალი „ინტრიგა“ იყო. უფრო სწორად მისი ქსეროასლი, რომელიც თუ არ ვცდები თვეში ერთხელ ჩნდებოდა მეტროს მიმდებარე ჯიხურებში.   ჟურნალს რომ „ინტრიგა“ ერქვა და მისი შავ-თეთრობის მიუხედავად უყვითლესი იყო, ამისთვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია,  საბჭოთა მოზარდი ვიყავი და ბეჭდური ინფორმაცია ჩემთვის ურყევ ჭეშმარიტებასთან ასოცირდებოდა. აი ამ ჟურნალის და იმ ეპოქის გადამკიდემ  წლისთავამდე ვიგლოვე კუმირი. ამასობაში გემოვნებაც შემეცვალა და ახალ „ბოევიკში“ ცოცხალიც გამოჩნდა, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, იმ რეალობაში და ასაკში, რომელშიც მე ის მიყვარდა,  მოკვდა და შესაბამისად ჩემი ჟანკლოდი 92-ში მკვდარი ჟანკლოდია.

სულ რაღაც ორ წელიწადში ამ ამბიდან,  ისევ მშიერსა და უსინათლო ეპოქაში,  ჟურნალი „ინტრიგა“-ს კიდევ ერთი ქსეროასლი შევიძინე მეტროს მიმდებარე ჯიხურში. გაზაფხული იდგა, კარგ ხასიათზე ვიყავი და გადავწყვიტე მთელი კვირის გზის ფული, სწორედ ამ ჟურნალში გადამეცვალა, რის გამოც ვიცოდი ზუსტად ათჯერ მომხვდებოდა საბჭოთა მეტროს პრევენციული ჯებირი გვერდებში, მიუხედავად ამისა, ჩიტი ბრდღვნად ღირდა. იმ გაზაფხულის მშვენიერ დილას,  ჟანგიანი ჯიხურის ნაზამთრალი ექსტერიერი ვერაფერი სანახავი იყო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ჩაჟამული კონსერვის ქილიდან, უკეთესი ცხოვრების იმედი უნდა წამომეღო.    ასე შევიძინე ჟურნალ „ინტრიგის“ ბოლო-საბედისწერო ნომერი, სადაც ყველაზე უარესი რამ ეწერა, რაც კი შემეძლო წარმომედგინა - „ 5 აპრილს სიეტლში თავის ძველ სახლში თავი მოიკლა გრანჟროკ ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტმა კურტ კობეინმა“.  

არც მანამდე და არც მერე (გარდა ერთი შემთხვევისა) არავის სიკვდილი ასე არ განმიცდია, ამასთან შედარებით ჟანკლოდის გარდაცვალება არაფერი იყო.  „ნირვანა“-ს იმ წლებში ჩემი ცხოვრების 80%  ჰქონდა მოცული. კურტი განაპირობებდა ჩემს ჩაცმულობას, ვარცხნილობას, მისწრაფებებს,   სამეგობრო წრეს, მომავლის გეგმებს და ყველაფერ სხვას.

ამიტომ მისმა სიკვდილმა ბევრ რამეზე დამაფიქრა- რა არის ცხოვრება, რამდენად არის ის ფასეული, რამ შეიძლება თვითმკვლელობამდე მიგიყვანოს და რას ნიშნავს თვითმკვლელობა. ვერ გეტყვით, რომ ყველა ამ კითხვაზე  გავეცი პასუხი, მაგრამ  სწორედ ამ მომენტიდან დამჩემდა ფიქრები, რომელიც სავარაუდოდ ბოლო ამოსუნთქვამდე გამყვება. ამ დღემ მაიძულა მეღიარებინა სიკვდილი როგორც გარდაუვალი რეალობა, მივმხვდარიყავი, რომ მის ხელში ცხოვრების გეგმების დალაგება არცთუ სერიოზული საქმეა და ყველა საქმეში გამეთვალისწინებინა მისი როლი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი ეტაპი, როდესაც სიკვდილს ფართოდ გავუღებდი ჩემი გულის კარს, შემოვუშვებდი, მასთან ერთად და მის მოლოდინში ცხოვრებას ვისწავლიდი, ეს ყველაფერი შემდეგ ტკივილს მოყვა, რომელიც სხვა ამბავია და სხვა დროს დავწერ. მანამდე კი ჟურნალ „ინტრიგა“-ს მივუბრუნდები, რომელმაც 1994-ში ძალიან  დამწყვიტა გული, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე დამიტოვა იმედი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ტყუილია.

აღსანიშნავია, იმ დროს მიუხედავად ქალაქის ენერგობლოკადისა ასე თუ ისე გაჩნდა ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები, კერძდ მუსიკალური არხი „SUPER CHANნEL”  და „MTV”. სადაც ისტერიული სიხშირით ტრიალებდა „ნირვანა“-ს “UNPLUGGED IN NYW YORK”-ი, რაც ცუდის ნიშანი იყო თუ კარგის იმ წუთას ბოლომდე ვერც მე გავიგე და ვერც ჯგუფის პროდიუსერმა. ცხადია, გულის კუნჭულში ვიტოვებდი იმედი, რომლითაც საკუთარი თავის მოტყუებას შევძლებდი, რომლითაც კურტ კობეინი ბოლომდე მკვდარი არ იყო და ალბათ სწორედ ეს არის ის განცდა, რომელმაც დღემდე შემომინახა მისი თავი, რის გამოც დღემდე აქტუალურია  მისი სიმღერები, რომლის გამოც მიჭირს კეტების გახდა და მუსიკის გარეშე ცხოვრება. შემეცვალა გემოვნება, მისწრაფებები, ცხოვრების პირობები, მაგრამ თავად მიდგომა მუსიკისა და ცხოვრებისადმი იგივე დამრჩა, მას მერე ზუსტად  ვიცი რა უნდა მივიღო მუსიკისგან და რა ცხოვრებისგან. ისიც ვიცი, რომ  ამ ქვეყნად ყველაფერი მყიფეა და  გამოკიდებად არ ღირს. არ ღირს ადამიანების სისუსტეში დადანაშაულება თვითმკვლელობის გამო, რადგან სინამდვილეში კაცმა არ იცის რის გამო იკლავენ თავს ადამიანები. ჩემი აზრით უბრალოდ ბეზრდებათ ერთფეროვნება და გარდაუვალ პროცესს აჩქარებენ, თუმცა მტკიცებითი ფორმით სანამ მათ რიცხვს არ შევუერთდები ვერ მოგახსენებთ. აი, დღეს დილასაც სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ერთი მეგობრის თვითმკვლელობის შესახებ შემატყობინეს.  ისეთი მეგობრის, ბოლომდე მეგობრობა რომ ვერ მოასწარი, ხშირად რომ ვერ ხედავ, მაგრამ მაინც ძალიან, რომ გიყვარს და თან ზუსტად იცი ყოველთვის გეყვარება. წელს ეს უკვე მესამე  შემთხვევაა  ჩემს წრეში. სამივე მათგანი ძალიან სათნო და კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ მე ასეთი ემოციური არ აღმოვჩნდი, არც ვგიჟდები, არც ვტირი, არამედ ოდნავ მოწყენილი სახით ვუზივარ კომპიუტერს და ამ პოსტს ვბეჭდავ. შეიძლება საშინელებას ვამბობ, მაგრამ სწორედ ამის გამო მინდა კურტს მადლობა გადავუხადო, იმის გამო, რომ ხუთ აპრილს თავი ქალა აიხადა, შემაგუა სიკვდილს და მასწავლა მასთან ჰარმონიული თანაცხოვრება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^