გასული წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველი ხალხის უმრავლესობამ ნათლად გამოხატა თავისი ნება - მისი მთავარი დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა - არა მხოლოდ პოლიტიკური და იურიდიული გაგებით, არამედ სოციალური სამართლის სახით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში ან შიმშილობდა, ან ციხეში იჯდა, ან ემიგრაციაში დიდ გაჭირვებას იტანდა. მხოლოდ ოლიგარქებისა და ბიუროკრატების პატარა ნაწილი იყო კარგად.
არჩევნების შემდეგ უკვე 6 თვე გავიდა და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იმედგაცრუებულია ახალი ხელისუფლების უმოქმედობით სამართლიანობის აღდგენის საქმეში. პოლიტიკური დამნაშავეებიდან მხოლოდ ბაჩო ახალაიაა დაჭერილი და ისიც ახალი მთავრობის უნიათო საზოგადო ურთერთობების პოლიტიკამ ლამისაა გმირად გამოაჩინა. დანარჩენი პოლიტიკური კრიმინალები დღეს ლეგალიზებული "კანონიერი ქურდების" მსგავსად სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო თანამდებობაზე წამოსკუპულან და ყოველ დღე გაუბედურებულ ხალხს ჭკუას არიგებენ. ისინი ახალ მთავრობას სულ თავდაცვით მდგომარეობაში ამყოფებენ და არანაირ რესურსს არ ზოგავენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიაყენონ შეურაცხყოფა. ყველაფერი კეთდება, რათა რიგითი ქართველი მოქალაქე კიდევ უფრო გამწარდეს. როცა ბოლო 9 წლის განმავლობაში 300 ათასი საქართველოს მოქალაქე ციხეში იჯდა, 200 ათასამე პრობაციონერი იყო და სამ მილიონამდე არსებობისათვის ყოველდღიურად იბრძოდა, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა უკიდურესი გამწარება. გამწარებული ადამიანების პირობებში კი სულ უფრო და უფრო მწიფდება ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიებისათვის ნოყიერი ნიადაგი.
ბიძინა ივანიშვილის მთავრობას აშკარად მეტის გაკეთება მართებს სოციალური სამართლიანობის დამყარებისთვისაც. შრომის კოდექსი ნამდვილად კარგი იყო და ჯანმრთელობის დაზღვევის რეფორმაც იმედებს იძლევა, მაგრამ ეს აშკარად არ არის საკმარისი. ხალხი ისევ უკიდურეს შეჭირვებაშია. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ავადმყოფების მკურნალობას და მშიერი ბავშვების დაპურებას. ამას წინათ ქალბატონმა ლელა ჯღამაძემ საკუთარი 3 წლის შვილის გადარჩენის მუდარით მიმართა მთელს საზოგადოებას, რადგან სახელმწიფო არაფერს აკეთებს მისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
ამას წინათ, 1 წლის ბავშვი დაიღუპა შიმშილით და გავიგეთ, რომ სააკაშვილის დროს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით შიმშილისა და სიღატაკის მიზეზით ევროპაში 42-ე ადგილზე ვიყავით 44-იდან. უბედურება ის არის, რომ ეს "ბურჟუა ცნობიერება" ისევ დომინირებს - საქართველოს არაფერი ეტყობა დამნაშავე ლიბერალური წყობილებიდან განთავისუფლების, სადაც მშიერ და ავადმყოფ ბავშვებს სახელმწიფო თავისი გულგრილობით კლავს.
ისევ კერძო ორგანიზციებსა და ეკლესიების მიმართ ისმის საყვედური - თუ კერძო ორგანიზაციებისათვის ეს ქველმოქმედებაა - სახელმწიფოსათვის ეს არის ვალდებულება. სად არის ივანიშვილის მთავრობა, როდესაც ბავშვები იღუპებიან?! და თუ ისიც ლიბერალურ პოლიტიკას ირჩევს, რითი განსხვავდება მიშა სააკაშცილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან, რომელმაც პრაქტიკულად მუსრი გაავლო საქართველოს ბოლო 9 წლის მანძილზე?
ამას ემატება ივანიშვილის მთავრობის საკმაოდ უნიათო საგარეო პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის ლობისტებს და მის საელჩოებს (რადგან საელჩოები საქართველოს ჯერეჯრობით არა აქვს - ისინი ერთ კაცს და მის პარტიას ეკუთვნის) ვერანაირად ვერ უშლის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანის გაწევაში მთელ მსოფლიოში. ამერიკაში ცნობილი საგარეო ურთიერთობების სპეციალისტის გრეგორი მინჯეკის აზრით, ივანიშვილის მთავრობა პირველ რიგში უნიათობით აგებს ბრძოლას სააკაშვილის ლობისტებთან.
სააკაშვილის გუნდი კი მთელი ენერგიით ემზადება 19 აპილისათვის.
დღეს, უკვე ნათლად ჩანს, რომ კარგად ორგანიზებული ნეოლიბერალური ძალა, ნაციონალური მოძრაობა სერიოზულ რესურსებს დებს მომავალ რევოლუციაში, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს ხელისუფლებაში დააბრუნებს.
ნათია მიქიაშვილის ფილმმა გვაჩვენა, რომ სააკაშვილის ყოფილი მინისტრები ისევ დიდი ფულს იღებენ - ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ზოგიც გიგი უგულავას მთავრობაში, და ზოგიც კიდევ სხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამ "არასამთავრობო" სექტორს მარტო ერთი მიზანი აქვს - რომ დააბრუნოს და კიდევ უფრო დააკანონოს ის მკვლელი რეჟიმი, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არც არის ხელისუფლებიდან წასული.
19 აპრილს, ცხადია, სააკაშცილი ბევრ საქართველოს მოქალაქეს ვერ მოაგროვებს - მაგრამ მან როგორც ყოველთვის, შემოქმედებითი გამოსავალი მოიფიქრა. ქართველი ხალხისგან მოპარული უზარაზარი თანხების საშუალებით მან უკვე დაიწყო ათასობით უცხოელი "დემონსტრანტის" ჩამოყვანა საქართველოში. სავარაუდოდ 19 აპრილის აქციის უმრავლესობა სწორედ უცხოეთის მოქალაქეები იქნებიან (ვინ იცის იქნებ სააკაშვილმა მათ საგანგებოდაც მიანიჭა ჩვენთვის წართმეული საქართველოს მოქალაქეობა). თუ გავითვალისწინებთ 8 თებერვლის გამოცდილებას, არ გაგვიჭირდება იმის დასკვნა, რომ სააკაშცილს კარგად აქვს გათვლილი კიდევ ერთი პროვოკაციის მოწყობა, სადაც ღმერთმა ნუ ქნას და, რომელიმე უცხოეთის მოქალაქე თუ დაზიანდა - ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს და საქართველოს რეპუტაციაზე კიდევ უარესად იმოქმედებს.
დროა, ივანიშვილის ხელისუფლება თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდეს. მით უმეტეს, როცა საქმე აქვს დამნაშავე რეჟიმთან. დღეს ყველაზე მეტად ხალხში უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ ახალი ხელისუფლება ამ დამნაშავეებს ისე ეპყრობა, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ მოთამაშეებს. ხელისუფლება არც სიმართლის და შერიგების მექანიზმებს იყენებს, რომლებიც ქვეყანაში მშვდიობის დასამყარებლად საუკეთესო საშუალებაა და ვერც სოციალურ სამართალს ამყარებს სააკაშვილთან "თანაცხოვრების" პირობებში.
საზოგადოება დღესაც უჟანგბადოდ არის დარჩენილი:
* სააკაშვილმა დაუმსახურებელ "პენსიაზე" გაუშვა უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენელი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. 2004 წლის მერე ბევრი მათგანი უკვე სტრესისგან გარდაიცვალა ან დაავადდა და შრომისუუნარო შეიქმნა. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მათგანი ცოცხალია და აუცილებელია ამ რესურსის ისევ ამოქმედება. ამ დისკრიმინაციული პოლიტიკით სააკაშვილმა ორი დანაშაული ჩაიდინა - ერთი მხრივ, ჯანრთელი ადამიანები სამუშაო ადგილს მოწყვიტა და ამით პრაქტკულად სოციალურად მოკლა ისინი, და მეორე მხრივ სოციალური დახმარების თანხების პენსიებში გადინებას მოჰყვა სხვა "ღატაკი" ჯგუფების მდგომარეობის გაუარასება.
* ნაციონალების ამ "საპენსიო" პოლიტიკის წყალობით სოციალური დახმარების თანხების დიდი ნაწილი მოხმარდა პენსიებს ჯერ კიდევ შრომისუნარიანი და ჯანმრთელი ადამიანებისათვის და მოაკლდა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ ათასობით ბავშვს და მოხუცებულს. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ადამიანების მასიური სიკვდილი - 4300 ჩვილი ბავშვის სიკვდილი არანაირად არ უნდა შერჩეს სააკაშვილის ხელისუფლებას!
* ნაციონალების მიერ დაჭერილი 25 ათასი ადამიანი - 9 წლის განმავლობაში მათმა რიცხვმა 300 ათასს მიაღწია. 200 ათასი ადამიანი პრობაციაზე იყო. ეს არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პოლიციური სახელმწიფო! ადეიშვილმა და მისმა მოადგილეებმა პასუხი უნდა აგონ ამ პოლიტიკაზე - დღეს მისი რამოდენიმე მოადგილე ყოველ დღე ტელევიზორიდან ჭკუას ასწავლის ხალხს. ბაჩო ახალაიას გარდა ბევრი მაღალჩინოსანია გასასამართლებელი. და პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ე.წ. "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ავტორი და მას მოეთხოვოს პასუხი საჯაროდ.
* გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვათა მკვლელები დღემდე არ არიან დასჯილები. გურამ დონაძე აქეთ გვემუქრება ეკრანიდან.
* 26 მაისის მიტინგის ბარბაროსული დარბევის ორგანიზატორები და "გამპრავებლები" ახლაც თამამად ჭკუას გვასწავლიან ტელევიზიით. ბაჩო ახალაია ისე ზის სასამართლოზე გეგონება დაზარალებული ჯარისკაცები იყვნენ სადისტები და თვითონ უდანაშაულო და უმწიკვლო ადამიანი.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ცინიზმი?..
არავინ თქვას, რომ ყოფილი დამნაშავე სახელმწიფო პირების სასამართლოში მიცემის მაგალითი არ არსებობს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა, დარწმუნებული ვარ ბევრად ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე სააკაშვილს. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ღალატის ბრალდებითაა გასამართლებული. იტალიის ყოფილ პრემიერ ბერლუსკონის მუდმივად სასამართლოში აქვს საქმე ბოლო წლების განმავლობაში. ეს მარტო, ნატოს ქვეყნებში.
ნეოლიბერალური ქვეყნებიდან ყველაზე კარგი მაგალითია პერუს არჩეული დიქტატორი ფუხიმორი და მისი შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმიროს მონტესინო. ისინი ხალხის მოთხოვნით დაიჭირეს და გაასამართლეს. მიშა სააკაშვილის არ იყოს, ფუხიმორისაც ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა, ისევე როგორც ასევე გასამართლებულ პინოჩეტს, არგენტინის ხუნტას, სამხრეთ აფრიკის აპარტიედის რეჟიმს და კიდევ ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.
საზოგადოებას ამ უჟანგბადობასთან ბრძოლის ერთადერთი მშვიდობიანი შანსი აქვს. ხალხი, ისევ უნდა გამოვიდეს ქუჩაში მასიურად და მოითხოვოს კონკრეტულ დანაშაულებზე ნაციონალი მაღალჩინოსნების დაპატიმრება.
ამას "ქართული ოცნება" ვერ გააკეთებს. ეს უნდა გააკეთოს ისევ ხალხმა. ჩვენ ვართ შეურაცხყოფილები და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ მოთხოვნებით. უნდა გამოვიდეთ მასიურად და დავანახოთ ამ არამზადების ხროვას, რომ ქართველი ხალხი ბრმა არ არის. რომ საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც დაუსჯელი დარჩება ახალგაზრდა ბიჭების გატაცება და მოკვლა პოლიციის მიერ, თითქმის ნახევარი ქვეყნის ციხეში ჩასმა, 4 300 ჩვილი ბავშვის შიმშილით მოკვლა, როდესაც მთავრობის წევრები მილიონებს ყრიდნენ საკუთარი ახირებების და გართობის დასაფინანსებლად.
თუ ხალხმა არ იაქტიურა და არ გამოვიდა სამართლის მოთხოვნით, სამართალს ვერ მივიღებთ. საერთაშორისო თანამეგობრობა პინოჩეტსაც, ფუხიმორისაც, აპარტეიდსაც, ჰიტლერსაც და სტალინსაც ეგუებოდა წლების განმავლობაში. საერთაშორისო მაღალ პოლიტიკაში ლობიზმის საშუალებით გამეფებულია კორუფცია, რომელიც იცავს სააკაშვილისმაგვარ მკვლელებს, საუდის არაბეთის მეფის ოჯახს, ქუვეითის და გაერთიანებული საემიროების მონათმფლობელურ სახელმწიფოებს, იცავდა აქამდე მუბარაქის რეჟიმს, ეგუებოდა და ეგუება მუგაბეს დიქტატურას და ასე შემდეგ.
დემოკრატის პრიობებში სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შანსი არის ხალხის თანამონაწილეობა პოლიტიკაში. ხალხის აქტიურობა ერთადერთი იარაღია იმისათვის, რომ სამართალი აღდგეს. სოციალური და პოლიტიკური სამართალი რომ აღდგეს, საჭიროა მასიური გამოსვლები - იმ მოთხოვნით რომ პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავე რეჟიმი.
ამ შემთხვევაში დამნაშავე არის არა ცალკეული ადამიანი - არამედ მთლიანად ის სისტემა, რომლიც ძალადობაზე იდგა, ადამიანებს ხელკეტებით, მომწამლავი გაზებით, თოფებით თუ შიმშილით ხოცავდა. ქართული ნეოლიბერალიზმის სასამართლო უნდა მოეწყოს. ამისთვის მასიური დაპატიმრებები არ იქნება საჭირო. მხოლოდ ამ პოლიტიკის სულისჩამდგმელები - მათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი - ასეთი 100-200 კაცზე მეტი არ არის.
ახლა უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ხალხმა მასიურად მოითხოვოს სოციალური და პოლიტიკური სამართლის აღდგენა.
თუ სახელმწიფო ნაბიჯებს არ გადადგამს ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაშინ პასუხი "ქართულ ოცნებასაც" უნდა მოსთხოვოს ხალხმა. ისინი ხალხს იმიტომ არ აურჩევია, რომ მკვლელ სისტემას ხელი დააფარონ და ქართველი ხალხი ისევ მონობაში ამყოფონ!