დღეს, 6 აპრილს, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი 2013-2014 სასწავლო წლიდან მოსწავლეებს საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდებათ. ამ განცხადებას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ დაბნეულობამ ძალიან გამაკვირვა, რადგან ვფიქრობდი, რომ რეაქცია ერთმნიშვნელოვნად დადებითი უნდა ყოფილიყო. მეტიც, მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებით უპრეცედენტო და ისტორიული ნაბიჯი გადადგა. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, თუ რატომ არის ეს ნაბიჯი ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და შემდეგ შედარებით ვრცლად ვისაუბრებ იმ საკითხზე, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია-გამომცემლების მიერ სამინისტროს წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებზე.
უფასო სახელმძღვანელობის დარიგება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სოციალური დაპირების შესრულების გზაზე გადადგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდება ყველა მოსწავლეს, ანუ სოციალური პროგრამა იქნება უნივერსალური (როგორც ვთქვათ, პენსიები საპენსიო ასაკის ან შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეებისთვის). უნივერსალური სოციალური პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თავი ავარიდოთ სოციალურად დაუცველი ადამიანების სტიგმატიზაციას. სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამგვარი სტიგმატიზაციის მიმართ, ამიტომ, სოციალური რეფორმების სწორედ ამ დემოგრაფიული ჯგუფიდან დაწყება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და გამართლებული ნაბიჯია.
ბავშვებს ის გამოცდილება და ღირებულებები, რასაც სასკოლო ასაკში იღებენ, მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. თუ ისინი ბავშვობაშივე მოირგებენ დაჩაგრულის, საზოგადოებისგან გარიყულის იარლიყს, მომავალში მათი ინტეგრირება საზოგადოებაში შეუძლებელი იქნება. სოციალურ დაყოფებს ეს უფრო მეტად გაამწვავებს და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზაციას გამოიწვევს. უნივერსალური სოციალური დახმარებების უკან სწორედ ეს ლოგიკა დგას, რომ ადამიანებს უფრო და უფრო ნაკლებად ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ უთანასწორო პირობებში იმყოფებიან; ყველა ბავშვმა თავი უნდა იგრძნოს საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომლის წარმატება-წარუმატებლობასაც მშობლების/ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და გარემო არ განსაზღვრავს.
რა თქმა უნდა, საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, შეუძლებელია, რომ შვედეთივით და სკანდინავიის სხვა ქვეყნებივით, ყველა სფეროში უნივერსალური სოციალური დაცვის სისტემა შემოვიღოთ. სამაგიეროდ, ისეთ სფეროებში, სადაც ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია, სახელმწიფოს როლის გაზრდას არ უნდა მოვერიდოთ. პოსტსაბჭოთა კომპლექსი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტაში არსებობს და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის ყველა მცდელობას უკანონოდ და კონტრპროდუქტიულად აფასებს, ადრე თუ გვიან უნდა გადავლახოთ... სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსალური სოციალური პროგრამის ამოქმედებით, სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. და სწორედ აქედან გამომდინარე, ის ნაბიჯი, რომელიც დღეს განათლების სამინისტრომ გადადგა, ფართო პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, არის ისტორიული.
თუ უნივერსალური სოციალური პროგრამის მნიშვნელოვაზე ვთანხმდებით, მაშინ შეგვიძლია, გადავიდეთ იმ არგუმენტის განხილვაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სახელმძღვანელოების თავისი რესურსებით გამოცემით საგამომცებლო კომპანიების ინტერესებს აზარალებს. პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, თუ საიდან წარმოიშვა უთანხმოება: 2011 წელს განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების არჩევის კონკურსში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ, გამომცემლობებს წაუყენა პირობა, რომ სახელმძღვანელოებზე საავტორო უფლება სახელმწიფოსთვის გადაეცათ. გამომცემლები ამ პირობაზე დათანხმდნენ (თუმცა მათი განცხადებით, უკანონო ზეწოლის შედეგად). ამის მიუხედავად, შაშკინის და დეკანოიძის მინისტრობის პერიოდში სამინისტრო ამ უფლებას არ იყენებდა. ახალი მთავრობის მინისტრმა, გიორგი მაგველაშვილმა კი გადაწყვიტა, რომ თავად სახელმწიფოს დაებეჭდა სახელმძღვანელოები და უფასოდ შეეტანა სკოლებში. გამომცემლები ამ ნაბიჯს აპროტესტებენ და თვლიან, რომ სახელმწიფო ამ გზით მათ ბიზნესებს დააზარალებს.
სახელმწიფოს ქმედებების კანონთან შესაბამისობას სასამართლო დაადგენს (აქ მნიშვნელოვანია ის, თუ კონკრეტულად რა პირობები დევს კონტრაქტში, ჰქონდა თუ არა ადგილი უკანონო ზეწოლას და ა.შ.), მე მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ის, რომ სახელმძღვანელოებს გამომცემლები ადგენდნენ და ბეჭდავდნენ და არა სახელმწიფო.
იმით დავიწყებ, რომ ზოგადად ის გადაწყვეტილება, რომ სახელმძღვანელოები თავად სახელმწიფოს კი არა, გამომცემლებს უნდა შეედგინათ, შეცდომა იყო. სახელმწიფოს შეეძლო თავად დაექირავებინა ავტორები და გაცილებით უფრო იაფად შეედგინა და დაეხვეწა წიგნები, ვიდრე ამას გამომცემლობები აკეთებდნენ. ფაქტობრივად, სახელმწიფო ზედმეტ თანხას აძლევდა გამომცემლებს; თავის მხრივ, გამომცემლები იმას, რომ აქედან მოგებას იღებდნენ არც უარყოფენ (ბუნებრივია, რომ ყველა კერძო ბიზნესი პირველ რიგში სწორედ მოგებაზეა ორიენტირებული) და ამას ამართლებენ იმით, რომ ამ მოგებით საქართველოში საგამომცემლო ბიზნესი ვითარდებოდა.
აქედან მებადება კითხვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც გადასახადის გადამხდელისთვის ის, რომ კერძო საგამომცებლო ბიზნესი დავაფინანსო? მიმაჩნია, რომ ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ნაკლებად პრიორიტეტული თემაა, ვიდრე ის, რომ სახელმწიფოს შეეძლოს მინიმალური რესურსების დახარჯვით მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილება. სხვა საქმე იქნებოდა ის, რომ ეს გამომცემლობები ანგარიშვალდებული იყვნენ ჩემი, როგორიც მოქალაქის წინაშე (როგორც არის სახელმწიფო) და იმას კი არ გამოსცემდნენ, რაც უფრო კარგად გაიყიდება (მაგალითად, რამე სკანდალურ რომანს), არამედ იმას, რაც საზოგადოების საგანმანათლებლო ინტერესებშია. მე, როგორც მოქალაქეს, არანაირი გარანტია და კანონიერი მექანიზმები არ მაქვს, რომ გამომცემლებს ვაიძულო ჩემი ინტერესები დააკმაყოფილოს, სამაგიეროდ მაქვს გარკვეული მექანიზმები იმისთვის, რომ სახელმწიფოზე მოვახდინო ზეგავლენა (მაგალითად, არჩევნები).
რა თქმა უნდა, გამომცემლობებს აქვთ უფლება ბეჭდონ ის, რაც მოესურვებათ და მიიღონ მოგება იმ პროდუქტის გაყიდვით, რაზეც ბაზარზე მოთხოვნა არსებობს; მე ნამდვილად არ ვთვლი თავს ადამიანად, ვისაც წიგნების გამოცემა არ გაუხარდება, ან საგამომცებლო საქმიანობას უარყოფითად უყურებს... მაგრამ ამავე დროს, როდესაც ისინი სახელმწიფო პროგრამაში ერთვებიან, მაშინ კეთილი უნდა ინებონ და ან იმ პირობებზე დათანხმდნენ, რასაც სახელმწიფო სთავაზობს, ან უარი თქვან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე (ჩვენს შემთხვევაში, ირიბ დაფინანსებაზე).
ჩვენს საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც განათლების სამინისტროს ამ ნაბიჯს კატეგორიულად არ მიესალმებიან, მაგალითად წინა ხელისუფლების ის წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც ამ მთავრობის ყველა ნაბიჯს ავტომატურად უარყოფითად აფასებენ. ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული კერძო ინტერესები გააჩნიათ და მათი მოსმენაც და მათთვის პასუხის გაცემაც, მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები უნდა დათმოს კერძო ჯგუფებთან და ლობისტებთან და ფართო საზოგადოების ინტერესებზე იფიქროს; და ვფიქრობ, რომ სამინისტროს ამ კონკრეტულ წამოწყებაში უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა დავუჭიროთ მხარი.