აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა და სანამ ამ საქმეს საერთაშორისო ტრიბუნალი მოკიდებს ხელს თავად უნდა გამოვიძიოთ – ეს განცხდება თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რასაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ივანიშვილიც დაეთანხმა. გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის განცხადებას "პოლიტიკური ბოდვა" უწოდა, დავით ბაქრაძემ კი დაამატა, რომ წულუკიანი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა.
ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი საქართველოს დასავლელი პარტნიორების ან საერთაშორისო ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნითაა გამოწვეული. ბოლო 6 თვის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი საჯარო განცხადება თუ რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს აგვისტოს ომის ხელახლა გამოძიებისკენ მოუწოდებს. მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამ საკითხის წამოწევა? არის ეს პოლიტიკური შანტაჟი, პასუხი სამართლიანობის აღდგენაზე, რომელსაც ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელის, თუ პასუხი კრემლის მოთხოვნაზე, რაც მოსკოვს არანაკლებ ეჩქარება? კონკრეტულად ვინ, რა და როგორ უნდა გამოიძიოს?
თუ ის უნდა გავარკვიოთ რა შედეგი მოგვიტანა ომმა, ეს უკვე ცნობილია: დაიღუპა ათასამდე და დაშავდა რამდენიმე ათასი ადამიანი, დაკარგულ ტერიტორიებს მიემატა კოდორის ხეობა და ახალგორი, ლტოლვილთა 350 000–ან არმიას კიდევ 50 000 შეემატა. რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, საქართველოს რეპუტაცია ისევე როგორც ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შანსი საგრძნობლად დაეცა.
თუ გვაინტერესებს ვის ეკისრება ამ შედეგებზე პოლიტიკური თუ მორალური პასუხისმგებლობა, ესეც ნათელია და უკვე დაეკისრა კიდეც მიხეილ სააკაშვილსა და მის მთავრობას.
თუ იმას ვეძებთ ვინ დაიწყო ომი, ამაზეც პასუხი უკვე კარგა ხანია გაცემულია. ტალიავინის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კრემლი წლების განმავლობაში ამზადებდა სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კი ცხინვალზე შეტევით მისცა მოსკოვს იმის საშუალება, რომ გეგმა განეხორციელებინა.
და თუ იმაზე ვიმტვრეთ თავს, ჰქონდა თუ არა სააკაშვილს ცხინვალში სპეცოპერაციის ჩატარების იურიდიული უფლება – აქაც პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დიახ.
თუმცა, ბევრ მოქალაქეს, ისევე როგორც მე, კვლავაც გვაქვს უამრავი კითხვა ომთან დაკავშირებით და უფლებაც მივიღოთ შესაბამისი პასუხები. შეიძლებოდა კი ომის თავიდან აცილება და რა გააკეთა სააკაშვილის მთავრობამ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შედეგი არ დამდგარიყო, რატომ ვერ დაიცვა თავი საქართველომ უფრო ეფექტურად და ვერ მოახერხა მოსახლეობის დროული ევაკუაცია, რატომ იძლეოდა სამხედრო ბრძანებებს გიგი უგულავა, როგორ მოხვდა "კანტუზიანი" გენერალი ყურაშვილი რუსთავი 2–ის ეთერში და მრავალი სხვა. სხვაგავარდ რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფებამ ის კი არ უნდა გამოძიოის თუ ვინ დაიწყო ან ვისი ბრალი იყო ომი, არამედ ის თუ რატომ დავმარცხდით ასე სასტიკად და სამარცხვინოდ და ვინ არის ამაში დამნაშავე.
თუმცა, ქართულ საზოგადოებაზე მეტად ამ ყველაფერით შესაძლოა რუსეთი იყოს დაინტერესებული და გამოძიება იმგვარად უნდა ჩატარდეს, რომ ნებით თუ უნებლიედ არ აღმოჩნდეს კრემლის ხელში იარაღი, რომლის მოპოვებასაც ის დიდი ხანია ცდილობს.
მოსკოვს ჰაერივით სჭირდება, საქართველომ აღიაროს საკუთარი ბრალეულობა 2008 წლის აგვისტოს ომში, რითაც რუსეთი ხმამაღლა იტყვის, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის მიუხედავად, მან სამართლიანად დასაჯა საქართველო ომის დაწყებისთვის. ამით ის სრულად გამოაცლის ევროპასა და აშშ-ს იმ არგუმენტს, რომ ისინი იცავენ და ეხმარებიან რუსეთისგან უსამართლოდ დაჩაგრულ პატარა სახელმწიფოს, რომელიც კეთილდღეობას, დემოკრატიასა და ევროატლანტიკური თავდაცვის ქოლგის ქვეშ მშვიდად ცხოვრებას იმსახურებს.
ამის საუკეთესო საშუალება კი ის იქნება, თუ საქართველოს ახალი ხელისუფება, ხელახალი გამოძიების თუ სხვა საშუალებების დახმარებით, ძველ ხელისუფლებას ომის დაწყებაში ოფიციალურად დაადანაშულებს. და თუ ეს მოხდება, რადგანაც დასავლეთში ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის გადაწყვეტილების ტოლფასია, გამოვა, რომ საქართველო აღიარებს თავს ომის გამჩაღებლად და მაშასადამე დამნაშავედ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მინიმუმ მორალურად კრემლის საქციელი გამართლებულია.
მეტიც, თუ ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში იტყვის, რომ ომი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაიწყო, ის ამით სააკაშვილის "ჰიტლერიზაციას" მოახდენს და როგორც საკუთარ თავს, ისე დასავლეთს გამოუვალ მდგომარებოაში ჩააყენებს, რის შედეგადაც დიდი ალბათობით დაკარგავს როგორც დასავლურ მხარდაჭერას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსსაც, რადგანაც ამის შემდეგ ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს დაცვისა და დახმარების მორალური ვალდებულება სრულად მოეხსნებათ და კრემლთან შესაძლოა მობოდიშებაც მოუხდეთ. ისინი აღარც ენერგიასა და ფინანსებს დახარჯავენ და აღარც საქმეს გაირთულებენ რუსეთთან იმ ქვეყნის მხარდაჭერისთვის, რომლის ახალ ხელისუფებას მემკვიდრეობითობის შეგრძნება არ აქვს და არ შესწევს ძალა და გამბედაობა მტრისგან დაიცვას ძველი ხელისუფება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის დამნაშავეა.
მოსკოვის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ პირდაპირ ან ირიბად აღიაროს ახალი რეალობა მის საზღვრებთან და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს აღარ უწოდოს "ოკუპირებული ტერიტორიები". კრემლს არაერთხელ უთქვამს, მათ შორის ახალი ხელისუფლებისთვისაც, რომ რუსულ–ქართულ ურთიერთოებებში ფუნდამენტური ცვლილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამით კრემლი ცდილობს, რომ მისთვის პრობლემური ტერმინი "ოკუპაცია" და "ოკუპირებული ტერიტორიები" საერთოდ გაქრეს საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური სივრციდან. რაც ყველაზე სწრაფად იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ ტერმინებზე თავად საქართველო იტყვის უარს.
დასასრულ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუსეთის ინტერესები საქართველოში ხელისუფლების ცვლიელებასთან ერთად არ შეცვლილა და კრემლი კვლავაც ცდილობს საქართველოს ახალი ხელისუფლება ხაფანგში გააბას. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება როგორც აგვისტოს ომის თემას, ისე ოკუპაციის კანონში ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, იმისთვის, რომ არ შეიქმნას კრემლსა თუ დასავლეთში ილუზია, თითქოს საქართველოა რუსეთის წინაშე დამნაშავე. ოკუპაციის კანონის შერბილებისას კი, თუკი ასეთი მოხდება, უნდა დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ ეს არა დათმობა არამედ საქართველოს კეთილი ნებაა და ოკუპაციის კანონი ისევე როგორც ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორია" მანამდე იარსებებს, სანამ საქართველოს ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს.