Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთი განმარტება

12 აპრილი 2013

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს სერიოზული საფრთხის წინაშე დადგნენ სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები და ავტორები. განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაცხადებული ინიციატივა – უფასოდ გადაეცეთ საჯარო სკოლების მოწაფეებს სახელმძღვანელოები, რამდენიმე პრობლემასთან არის დაკავშირებული. 

გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული წიგნები შექმნილია გამომცემლების ფინანსური უზრუნველყოფით (რაც დიდ თანხებს შეადგენს) და ავტორთან ერთად გაწეული ინტელექტუალური შრომით. ამიტომაც, ამ პროდუქციის მიმართ შესაძლოა მხოლოდ ისეთი მიდგომა, როგორც ნებისმიერი სახის კერძო და ინტელექტუალური საკუთრებისადმი, იქნება ეს ლიტერატურული, მუსიკალური, ფერწერული თუ სხვ.

ვაცხადებთ, რომ სახელმწიფოს, რომელიც მის გადაცემას აპირებს მოსწავლეებისათვის, მხარში ვუდგავართ, რაც გამოიხატება ამ პროდუქციის მატერიალური ღირებულების, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური ფასდაკლებით. ვინაიდან ის შრომა, რასაც წლების მანძილზე ეწეოდნენ გამომცემლები და ავტორები, მიმართული იყო მხოლოდ მოსწავლისა და პედაგოგისკენ, საბოლოოდ კი, განათლებული და ინტელექტუალური ახალგაზრდობის აღსაზრდელად. სხვა მიზანი და სურვილი ამ სახელმძღვანელოების შექმნისას ვერ ექნებოდა ვერც ერთ იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებდა, რა სახის ნაშრომს ქმნიდა. ხოლო ის ანაზღაურება, რასაც მისი რეალიზაციის შემდეგ ველოდით, იყო მხოლოდ და მხოლოდ შრომის კანონიერი ანაზღაურება და არავითარ შემთხვევაში, ვინმეზე რაიმე სახის მატერიალური თუ ფინანსური ზეწოლა.

საზოგადოების წინაშე განვმარტავთ, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემოტანილი ინიციატივა – სახელმძღვანელოები მომზადებულიყო გამომცემელთა ხელშეწყობით, ნაკარნახევი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ამ უკანასკნელთა ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, არამედ, ამ პროდუქციის შექმნისთვის საჭირო იმ მატერიალური და ინტელექტუალური ბაზის სათანადო შეფასებიდან, რასაც ფლობდნენ და ფლობენ გამომცემლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს მოუწევდა, თავად შეექმნა საგამომცემლო სტრუქტურა, რაც დიდ დანახარჯებთან და დარგის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც განათლების სამინისტროს მიერ ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტი იყო ჩვეულებრივი გონივრული და პრაგმატული მიდგომა საქმისადმი, ისეთივე, როგორიც, სკოლის ფორმების დაკვეთა რომელიმე სამკერვალო ფირმისათვის, ანდა, სკოლის ინვენტარის შეძენა ამ ინვენტარის მფლობელი კომპანიისგან და არა მცდელობა, განათლების სამინისტროს შეექმნა ასეთი საწარმოები.

ბუნებრივია, გამომცემლობებს, ავტორების, რედაქტორების, კორექტორების, მხატვრების, დიზაინერების, კომპიუტერული უზრუნველყოფის და სტამბის პროდუქტის ანაზღაურება თავად უნდა უზრუნველეყო.

ის ღირებულება, რასაც განათლების მინისტრი ზეპირი განცხადების საფუძველზე, სთავაზობს გამომცემლობებს, არ შეესაბამება არათუ სახელმძღვანელოზე გაწეულ ფინანსურ დანახარჯს, არამედ, აბსოლუტურად ვერ ანაზღაურებს იმ შრომას, რაც ამ პროდუქციის შექმნაზეა გაწეული.

ხელშეკრულებაში ჩადებული 10% გულისხმობს არა სასტამბო ღირებულების, არამედ წიგნის საგამომცემლო ფასის 10%-ს. თუ სახელმძღვანელოს საგამომცემლო ფასია 5 ლარი, ეს იქნება 50 თეთრი, თუ 7 ლარი – 70 თეთრი და ა.შ.

იმასაც განვმარტავთ, რომ 10 ლარი არ არის გამომცემლობის ფასი, ყველაზე დიდტანიანი წიგნის შემთხვევაშიც კი.

როგორც წესი, წიგნის გასაყიდი ფასიდან 20% ეთმობა სადისტრიბუციო ხარჯებს, დავუშვათ, წიგნს აწერია 10 ლარი, იგი გამომცემლობიდან გადის 8 ლარად, თუ აწერია 4 ლარი, გადის 3. 20 ლარად და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ბეჭდვის თანხებს, ბუნებრივია, ეს დანახარჯი ეხსნებათ გამომცემლობებს, მაგრამ სტამბის დანახარჯი არ არის ტოლფასი წიგნის თვითღირებულებისა. ბეჭდვა არის ერთი ტექნიკური სექტორი იმ კომპლექსურ ერთიანობაში, რაც წიგნის შექმნას სჭირდება.

გამომცემლობის და ავტორის გარდა, რედაქტორის, მხატვრის, კორექტორის, დიზაინერის შრომას ემატება მთელი ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია წიგნის ტრანსპორტირებასა და შენახვასთან – ანუ სასაწყობე ფართის გადასახადებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს განცხადება, თითქოს იგი მოქმედებს ხელშეკრულების შესაბამისად, არ შეესაბამება სიზუსტეს, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ სამინისტრომ თავად უნდა დააბეჭდინოს წიგნი გამომცემლობის გვერდის ავლით, ყოველგვარი ხელახალი ხელშეკრულების დადების გარეშე.

ამიტომაც, ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ განათლების მინისტრს, არამედ იმ პოლიგაფიულ კომპანიებსაც, ვინც თავის თავზე აიღებს აღნიშნული წიგნების ბეჭდვას ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. ამით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, კანონის დამრღვევად გამოდის კერძო სტრუქტურა.

გვსურს ისიც გაცნობოთ, რომ გამომცემლობებს საწყობებში უწყვიათ კოლოსალური რაოდენობის სახელმძღვანელოთა ნაშთები, რაც იმას ნიშნავს, რომ ტირაჟის ნაწილი უკვე არსებობს და მასში სასტამბო თანხის გადახდა ზედმეტი ხარჯი იქნება. ამიტომ, სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული ფაქტი და გამომცემლობებს არ გაუნადგუროს უკვე შექმნილი მატერიალური პრუდუქცია.

იმასაც დავძენ, რომ შექმნილი და დასტამბულია არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოები, არამედ საქართველოს არაქართველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი წიგნები, კერძოდ, შესაბამისი საგნის ქართული სახელმძღვანელო - თარგმნილი სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ეს ტირაჟები კიდევ უფრო მასშტაბურია, რადგან შარშან მათი გავრცელება უფრო მეტად გაჭირდა, ვიდრე ქართული სახელმძღვანელოებისა. არაქართულ წიგნებსაც მინიჭებული აქვთ სამინისტროს გრიფი, თუმცა, მცირე ტირაჟების გამო ამ წიგნებიდან მოგება არ ხდება, არათუ მოგება, გამომცემელი და ავტორი ანაზღაურებას ვერ იღებს. აქ ანაზღაურება გავეცით მთარმნელზე, რედაქტორზე, კომპიუტერულ უზრუნვეყოფაზე, ტრანსპორტირებასა და შენახვაზე. ამ წიგნების ფასები სცილდება (ფასს ქვემოთ არის) მის თვითღირებულებას, მაგრამ გამომცემლობები ვიჩენთ ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის სამოქალაქო ინტეგრაციის საქმეში მაღალ პასუხისმგებლობას და ნებაყოფლობით ვართ ჩართულნი ამ საპატიო პროცესებში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კერძო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით, ასევე ჩვენი საქმისა და პროფესიისადმი მაღალი პასუხისმგებლობის შეგნებით, იძულებულნი ვართ, სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში და მივმართოთ საერთაშორისო წიგნის ასოციაციას და სხვა გავლენიან ოფიციალურ სტრუქტურებს.

მივმართავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ კომპანიებს, ნუ ხელყოფენ ჩვენი კერძო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, პირიქით, ველით მათგან მხარდაჭერას და საკითხის ცივილიზებული ფორმით გადაწყვეტას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^