Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამართალი - აზრის გარეშე

20 აპრილი 2013

ხშირად მითქვამს, რომ არაფერი მაღიზიანებს ისე ძალიან, როგორც უმეცრება. გაუნათლებლობას არ ვგულისხმობ. გაუნათლებლობას კიდევ შეიძლება ჰქონდეს გასაგები და სამწუხარო მიზეზები, მაგალითად, არ ჰქონდა ადამიანს ფინანსური საშუალება, რომ წელიწადში 2000 ლარი და მეტი ეხადა სწავლაში. ან, სოციალური მდგომარეობის გამო არც თვითგანათლებისთვის რჩებოდა დრო. ან გარემომ არ შეუწყო ხელი, ან ცუდად ასწავლეს და.ა.შ. მოკლედ, ყველაფერს გავიგებ, გარდა იმისა, როგორ ახერხებენ ადამიანები, რომ იყვნენ და უკუნითი უკუნისამდე დარჩნენ უმეცრებად. თვითნაბად უმეცრებად.

არ ვიცი რამდენად საეჭვო გარეგნობა მაქვს, მაგრამ ფაქტია, ბოლო თვეებში უკვე მეხუთედ მაჩერებს გზაში პატრული ან სამოქალაქო მანქანით მოძრავი ოპერ-მუშაკების ჯგუფი. თან, როგორც არაერთხელ წამომაყვედრეს, ჩემს თავისუფალ დროსა და განწყობას სრულიად არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი კითხვებით მხოლოდ იმიტომ მიფუჭებენ, რომ ჩემსავე უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

მოკლედ, მესმის, ქვეყანაში კრიმინალურმა სიტუაციამ იმდენად აიწია, რომ ახლა უკვე საკუთარი თავისგანაც უნდა დაგვიცვან სამართალდამცავებმა, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, როგორ ახერხებს ბევრი მათგანი, წარმოადგენდეს უმეცრების კლასიკური ნიმუშს.

რამდენიმე დღის წინანდელი დიალოგი ჩემსა და პატრულს შორის:

- მოდი აქ!

- გისმენთ?

- სად მიდიხარ?

-სახლში. რა იყო?

- რა გქვია, რა გვარის ხარ?

- გიორგი კიკონიშვილი

- ნასამართლევი ხარ?

- არა

- სად ცხოვრობ?

- აქვე... ბარემ წინასწარ გეტყვით, სად ვსწავლობ, სად ვმუშაობ, რას ვსაქმიანობ. გინდათ?

- ეგ რა არის? (მეკითხება თაბაშირზე, რომელიც მოტეხილ ხელზე მადევს)

- თაბაშირი. რა უნდა იყოს?

- რათ გინდა?

- ბრილიანტებს ვინახავ.

- და მანდ რას მალავ? (ქინდლი მქონდა შეჩურთული კოსტუმის შიგნით)

- ქინდლია (გავუღიმე. ზუსტად ვიცი, რომ უნდა მკითხოს ეგ რა არისო)

- ეგ რაღაა? (ამასობაში გვერდზე მჯდომს ეკითხება: „ქინდლი რაღაა ბიჯოუ?“)

- ელექტრონული რიდერია... ანუ ელექტრონული წიგნები მაქვს ჩაწერილი აქ. (ვპასუხობ მე თვითონ, ფიქრში რომ ბევრი დრო არ დავაკარგვინო)

- რათ გინდა?

- რა რათ მინდა? წიგნები?

- ხო

- წიგნებს ალბათ ვკითხულობ, არა? რათ უნდა მინდოდეს? განახო?

- მაიტა აბა...

ქინდლს ვაწვდი, ხსნის, რთავს, ეკრანზე ღილაკებს ქაოტურად აჭერს. ვურჩევ, რომ ასე შეიძლება რამე აურიოს ან წამიშალოს წიგნი და უკან ვართმევ. ბოლოს კი მეუბნება: „ფრთხილად იარე, სანამ მეორე ხელი ჯანმრთელად გაქვს!“

ის, რომ თაბაშირი - თაბაშირია და მას მოტეხილობაზე იდებენ, ხოლო ელექტრონული წიგნი ელექტრონული წიგნია და ზოგადად, წიგნს წასაკითხად ვიყენებთ ადამიანები, არის საზოგადო ცოდნის ნაწილი. ანუ ის, რისი სწავლაც არც სკოლაში გვჭირდება და არც უნივერსიტეტში. უბრალოდ,  ვიცით, ოჯახიდან, მეგობრებიდან, გარშემომყოფებისგან. იმისათვის, რომ ეს იცოდე და ზედმეტი შტერული კითხვების დასმა არ გჭირდებოდეს, საკმარისია გაგაჩნდეს აზრი. ანუ, არ იყო უმეცარი. ხოლო ის, რომ ხელმოტეხილ, უცხო ადამიანს ცინიკურად არ მიაძახო, ფრთხილად იყავი სანამ მეორე ხელი ჯანმრთელი გაქვსო, არის როგორც აზრის, ასევე ზრდილობის საქმე. როცა სამართალდამცავს არც აზრი აქვს და არც ზრდილობა, ის სამართალს ვერ დაიცავს. მას მხოლოდ შეუძლია მოქალაქეს უთხრას, შენივე უსაფრთხოებისთვის გაკარგვინებ დროს, შენივე თავისგან გიცავო. ასეთი სამართალდამცავი სხვისგან ვერ დაგიცავს.

რამდენიმე დღის წინ გუდიაშვილის სკვერში ახალგაზრდა გოგო 50-იოდე წლის მამაკაცმა სცემა, ხოლო ამ გოგოს თანმხლებ ბიჭს რამდენიმე თინეიჯერი გაუსწორდა ფიზიკურად. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს. დაზარალებულებმა საჩივარი დაწერეს. თუმცა, რამდენადაც ცნობილია, საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა. ცნობილია ისიც, რომ მოძალადეთაგან ერთ-ერთი ახლახან გამოუშვეს ამინისტიით და ალბათ ამიტომაც აჭიანურებს პოლიცია საქმის აღძვრას და დამნაშავეთა დასჯას.

სიმართლე გითხრათ, არც მიკვირს, რომ საქართველოში კრიმინალის დონემ იმატა. საქმე ისაა, რომ კრიმინალზე „გაგებით მოკიდების“ ნაცვლად, აჯობებდა სამართალდამცავებისთვის ესწავლებინათ რა არის ზრდილობა, რა არის აზრი, რა არის წიგნი და რა არის თაბაშირი. ამ აზრის გარეშე, სამართალზე ფიქრს უბრალოდ აზრი არ აქვს - უმეცრებაა. თვითნაბადი უმეცრება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^