Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაქცევა

24 აპრილი 2013

თოთხმეტი თუ თხუთმეტი წლისა ვიქნებოდი, რეპეტიტორთან რომ დავიწყე სიარული, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. პეტრიაშვილზე ჰქონდა ბინა ნაქირავები და იქ გვამზადებდა აბიტურიენტებს. საყვარელი ქალი იყო. ის ბინაც ძალიან მიყვარდა, რაღაცნაირად მყუდრო, ძველებური სახლი იყო, ხის კიბეებიანი სადარბაზოთი, ძველ უბნებში რომაა ხოლმე. სუნიც კი მახსოვს, ამ ხის სუნი და ჩვენი სამეცადინო ოთახის ძველი, მგონი ყვავილებიანი, გაყვითლებული შპალერის სუნი. რაც ამ ოთახში მიზიდავდა, იყო უამრავი უცნაური დანიშნულების ნივთები, სუვენირები, წიგნები, რვეულები და ბევრი ფანქარი, აღმოსავლური კულტურის „პირმშო“ აჩონჩხლილი რაღაცეები (არც ვიცი, რა), მგონი ერთი შავი ნიღაბიც და.ა.შ. მოკლედ, შევდიოდი თუ არა ამ ხის სადარბაზოში, მავიწყდებოდა მელიქიშვილის ქუჩიდან გამოყოლილი ქვის ერთსართულიანი, დაბზარული შენობები, გვერდზე გაპრიალებული ვარდისფერი „ომეგას“ ოფისი და მანქანების ყმუილი. შევიდოდით „მაგიურ“ ოთახში, მშვიდად დავსხდებოდით და ვიწყებდით მეცადინეობას. ბეჯითები ვიყავით, აბა.

ერთ დღესაც, შევდივარ ოთახში და მხვდება უცნაურად ხმაჩაკმენდილი ჯგუფი და რეპეტიტორი. რაღაც მოხდა. რა? რა და, რეპეტიტორი ადრე მოსულა, ბინის მფლობელი კი სახლში, იმ, ჩვენს ოთახში დახვედრია თავის მეგობრებთან ერთად. არა, ასე თქვა, „ნარკომანებთან ერთად“. ყველა ისეთი დაზაფრული იყო, რომ ინსტიქტურად, მეც დავიზაფრე... „ნარკომანებთან ერთად“... ვფიქრობდი... ნწ ნწ ნწ.. რა საშინელებაა, ღმერთმანი?! „არადა რა კარგი ბიჭი მეგონა“ - აგრძელებს რეპეტიტორი - „იცით რა განათლებულია? შეგშურდებათ... მარა ჰა, რათ გინდა, ნარკომანი! პლანის ბუღი იდგა რომ შემოვედი!“.

ის ის იყო, ოთახში ჩამოვარდნილი ზაფრი მთლად შემჭამდა, რომ ჩემს უკან კარები გაიღო, ახალგაზრდა ბიჭის ხმა გაისმა „უკაცრავად ხელს რომ გიშლით, აი, იმ რვეულს ავიღებ“. შემოვიდა, აიღო და ჩვენთვის წესიერად არც მოუხედავს ისე გავიდა. მე კი შევხედე. ყველამ შევხედეთ. 25-26 წლის საკმაოდ მაღალი, მოხდენილი ტიპი იყო, სიმპატიური, ჭკვიანური სახით. რვეული აიღო და ისევ ბოდიშის მოხდით დაგვტოვა. გავიდა თუ არა, ჯგუფს გადავხედე და ყველას ერთი წინადადება გვეწერა სახეზე: „რა საყვარელია“. რეპეტიტორსაც. „ეჰ, კაი ბიჭია, მაგრამ.. დედამისს ვიცნობ, პრობლემები აქვს, პირადში, იქ, აქ...“ - ჩაილაპარაკა რეპეტიტორმა დანანებით და დავიწყეთ „შუშანიკის წამების“ ჩაბარება...

სიმართლე გითხრათ, შუშანიკისთვის აღარ მცხელოდა. იმ ტიპმა დამაინტერესა. ამწუთას „ცოცხალი ნარკომანი“ ვნახე, რომელიც საერთოდ არ ემთხვეოდა იმ სტერეოტიპებს, რაც ნარკომანებზე გვქონდა შექმნილი ოჯახიდან თუ გარემოდან. რა „პრობლემები“ აქვს ნეტა? ვფიქრობდი... ესეთი ჭკვიანი და საკაიფო ტიპი თუა, რაღა პრობლემები აქვს? ვახ, ეტყობა აქვს! გავიფიქრე და ვცადე შუშანიკს დავბრუნებოდი. ის კი ზუსტად ვიცოდი, იმ წამსვე ვიცოდი, რომ ეს ბიჭი არასდროს დამავიწყდებოდა. არ ვიცი რატომ, რამ დამაინტერესა, რა უხილავი ძაფები გაება ჩემსა და სრულიად უცხო ადამიანს შორის, რომელიც სულ 5 წამით მყავდა ნანახი, მაგრამ, დამამახსოვრდა ეს ამბავი. ჰო, კიდევ, იმ წამსვე გამიელვა, რომ მერე, დიდი ბიჭი რომ გავიზრდებოდი, აუცილებლად გავსინჯავდი ამ „პლანს“.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა და ბევრმა ნაფაზმა ჩაიარა. მარიხუანა, რა თქმა უნდა გავსინჯე. პირველი სიგარეტი მახსოვს, მაგრამ პარადოქსია, რომ პირველი მარიხუანა საერთოდ არ მახსოვს, როდის მოვწიე. ბევრი ვერსია მაქვს. ეს იყო პირველი? ის? იმან რომ მომაწევინა? ამან? ამას რაღა მნიშვნელობა აქვს. მარიხუანას შემდეგ, სხვა ბევრმა „ეგეთებმა“-ც გაიარა. ერთი, რასაც ყოველთვის ვფიქრობ, როცა დაბოლილი ვარ, არის ის, რომ არაფერზე არ ვფიქრობ, საერთოდ. ეტყობა რომ წამოვიზარდე, მეც დამიგროვდა ჩემი წილი პრობლემები, საიდანაც გავრბივარ ხოლმე. მიბუჟდება თავი და ვარ მშვიდად, ან ისტერიულად ბედნიერი, ვხარხარებ, ან გათიშული.

ბოლო დროს ხშირად მიდის საუბარი მარიხუანას ლეგალიზაციაზე და ყველაზე მეტად თუკი აქ რამე ნერვებზე მოქმედებს, არის ის, რომ მოწევას გვიკრძალავს სწორედ ის, ვინც ცნობიერად თუ არაცნობიერად, მიზნობრივად თუ თავისდაუნებურად, სწორედ თავადაა ჩვენი გაქცევის სურვილის მთავარი მიზეზი - სახელმწიფო. სახელმწიფო თავისი საცეცებით, რომელიც დაუკითხავად გვიძვრება ყველგან, გონებაში, ჯიბეში, უკანალში, ქუჩაში, სახლში, სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში. სკოლაში სახელმწიფო გვიწევდა ყურებს, ჯარში სახელმწიფო მოითხოვს ჩვენს სიცოცხლეს, უნივერსიტეტში სახელმწიფო გვივსებს თავს „საჭირო“ აზრებით, სახელმწიფოს მიაქვს ჩვენი შემოსავლის უდიდესი ნაწილი და მეორე დღეს ტელევიზორში ვუყურებთ, ჩემი ნაშრომი ხელფასი როგორ ჩაცურდა რომელიმე სტრიპტიზიორის ლიფებში.  ეს ის ათლარიანი არაა გუშინ მე რომ მეჭირა? ხო, ეგაა. რაც შენ გუშინ გეჭირა, დღეს სხვას უდევს - გპასუხობს გონება.

სახელმწიფო ჩანს ჩვენს თვალებში - ტელევიზორებიდან და ყურებში - რადიოდან, კვირაში შვიდი დღე, ოცდაოთხი საათი. ჩვენ ვუყურებთ ძალაუფლებისათვის მებრძოლთა მუდმივ რბოლას, ხან ერთი დაეწევა, ხან მეორე. მერე ჩვენივე ხელებით მიგვაწოდებინებენ გამარჯვებულის დროშას და სანამ ამ დროშას ერთს წავართმევთ, უკვე მეორეს უჭირავს და გარბის. ჩვენ კი პამპულებივით დავრბივართ და ვაწყდებით ხან აქეთა და ხან იქეთა მრბოლელთა გუნდს. თუკი როგორც იქნა ადექი და გადაწყიტე, რომ სახელმწიფოს საცეცები ყველაზე შხამიანი სტრესია, რასაც ადამიანები დაუკითხავად ვიღებთ ჩვენი ცხოვრების მანძილზე და გამოსავალი გაქცევაშია, არაფერი შეგეშალოთ... მათი საცეცები იქამდეც წვდება, რომ მინდორზე თავისუფლად განავარდების საშუალება არ მოგცეს. აბა, ჩვენ თუ გავექეცით ამ მახინჯ რბოლას და ჩვენს გემოზე ვიცხოვრეთ, მერე დროშა ვინ უნდა მიაწოდოს გამარჯვებულს? ამისთვის არსებობს კანონი - გაქცევა დანაშაულია. ჩვენ კი ვდგევართ და მის ლეგალიზაციას ვითხოვთ.

სინამდვილეში, ეს არაა მხატვრული ტექსტი. საკმარისია ერთი დღის მანძილზე დაითვალოთ თქვენს ყოველდღიურ სტრესსა და პრობლემებში რა წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს, რომ თავად დარწმუნდებით, ეს ამბავი ნახატი კი არაა, ფოტოა. თუნდაც მხოლოდ გუშინდელი დღე გაიხსენეთ, ან დღეიდან აითვალეთ, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ გუშინ მთლად მზე ანათებდა ჩვენი ტელევიზორებიდან და ფოტოს გარჩევადობის ხარისხი უფრო მაღალი იყო. არა უშავს, ბურუსსა და ნისლშიც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. მთავარია თვალები მოჭუტოთ, კარგად დააკვირდეთ გამოსახულებას თქვენს წინ და გაიფიქროთ: ხომ არ გავიქცე?

ასე შემოირბინა იმ ბიჭმაც ოთახში, დაავლო რაღაც რვეულს ხელი და გაიქცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^