მეორეხარისხოვანი წინათქმა, ყოველი შემთხვევისათვის
დასაწყისშივე მსურს აღვნიშნო:
მჯერა, რომ საქართველოს ჰყავს რეალური მტერი და ეს რუსეთია;
მჯერა, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი მდიდარი იმპერიალისტური
“ბეგრაუნდი” აქვს, შესანიშნავად ფლობს დაცვისა და თავდასხმის
ტაქტიკას და ეჭვს გარეშეა, ჯაშუშურ ქსელს აბამს არა მხოლოდ
ყოფილ კოლონიებში, არამედ, ყველგან, რადგან ეს არის ქვეყანა
იმპერიალისტური ამბიციებით, ქვეყანა, რომელიც ახლო წარსულში
(შესაძლოა, ახლაც) თითქმის მსოფლიოს ნახევარს ფლობდა;
მჯერა, რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქართველოში
ფართომასშტაბიანი ფაშისტური მმართველობის ნიადაგი,
გამომდინარე ქართული ანტიფაშისტური მენტალიტეტიდან
და მჯერა, რომ მათ, ვინც ასეთ იარლიყს აწებებენ საკუთარ
ტანჯულ ერსა და ქვეყანას, არ იციან, რას იქმან
2013 წლის 8 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი და განსაცდელით სავსე დღე იყო, მაინც შეძლო ქართულმა საზოგადოებამ, დარჩენილიყო, ზოგადად, კაცთმოყვარედ და არა, რომელიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფის მომხრედ.
დიახ, მეგობრებო, ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც ჩანდა ყველგან - იმ ადამიანებს შორისაც, რომელნიც აქციას ესწრებოდნენ და მათ შორისაც, რომელნიც სოციალური ქსელის თუ მასმედიის საშუალებით გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას. ამ დღეს დეპუტატებსაც შეეტყოთ, რა სწყინთ და რა უხარიათ, პარლამენტსაც შეეტყო, პასუხისმგებლობის რა დოზას ფლობს, პრეზიდენტსაც, - რაზეა წამსვლელი და რაზე - არა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საზოგადოებაა, რომელიც წუხდა არა მხოლოდ ყოფილი პატიმრების წამების გამო, არამედ, იმის გამოც, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს სცემენ, ციხიდან ახლად გამოშვებულ პატიმრებს იყენებენ. ამ პატიმართა შორისაც კარგად გამოჩნდა სხვადასხვაობა (მაღალი ბიჭი, რომელსაც უთუოდ აქვს ლიდერის თვისებები, ეტყობოდა, ცდილობდა, სამართლიანობა და წესრიგი დაეცვა, თუმცა აქა-იქ მასაც მოხვდა და მანაც მოარტყა). ზოგს კი წესრიგი და სხვა ასეთი “ზედმეტ ბარგად” მიაჩნდა, მხოლოდ შურისგების წყურვილს მოეყვანა.
ისიც გამოჩნდა, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს იარაღი არ უჩანს, თორემ ბევრი არაფერი უკლია კრიმინალობას, ხოლო თავის გასამართლებლად ყოფილი ხელისუფლების შეცდომებსა თუ დანაშაულებს მოიხმობს.
როდესაც ადამიანთა მასა შურისძიების ცეცხლით იწვის, შესაძლოა, აგრესიის ობიექტი ლუკმა-ლუკმა დაგლიჯოს და სწორედ ამ აგრესიისგან დასაცავად არსებობს სახელმწიფო.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას დაშვებულმა შეცდომებმა თუ ჩადენილმა დანაშაულებმა მასას ხელ-ფეხი გაუხსნა, მოიქცეს ისე, როგორც თვლის “საჭიროდ”, მაგრამ ამ ადამიანებს არ სჭირდებათ წახალისება დანაშაულში, რადგან თავად ისინიც დგებიან საფრთხის წინაშე.
* * *
იმისათვის, რომ დანაშაულისა და სასჯელის თემაზე დავფიქრდეთ, ცოტა შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ.
სად იყო დანაშაული და დიქტატურა, როდესაც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აგორდა ტალღა?! არც ერთი იყო, არც - მეორე, მაგრამ დისიდენტობიდან ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტის ლექსიკა ვერ ეთავსებოდა აქამდე ცნობილი კომუნისტი მმართველების სტილს, მათ დიპლომატიურ “დახვეწილობას”. ამას გარდა, ეროვნულმა მოძრაობამ, ისევე, როგორც ეს ხდება ნებისმიერი მასობრივი მოძრაობების დროს, ხელისუფლებაში თან მოიყოლა მედროვე, არაკომპეტენტური, დაბალი პასუხისმგებლობის მქონე და, არანაკლებ უარესი, საბჭოთა უშიშროების მიერ კარგად გამოზრდილი და დამუშავებული კადრები. ზვიად გამსახურდიას მმართველობის საფრთხე მის ხასიათსა და განწყობებში კი არ უნდა გვეძებნა, არამედ, კარგად ორგანიზებულ კოლაბორაციონიზმსა და სამომავლოდ გათვლილ ტაქტიკაში. შემაშფოთებელი და სავალალო ის იყო, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ახალი ხელისუფლება დგამდა, ინათლებოდა დიქტატურულ, ფაშისტურ და სხვა ამგვარ უპასუხისმგებლო შეფასებად.
მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიამ “ვეფხისტყაოსანიც” კარგად იცოდა, ენებიც, ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული განათლება, არც კრემლიდან იყო ჩამოსული და არც რუსულ პოლიტიკას ატარებდა, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში საშიში დოზა იყო ჩადებული ისეთი ბრალდებებისა, რასაც ერი წამოეგებოდა. წამოეგო კიდეც და ახალი ხელისუფლება, რომლის ეროვნულობაში ეჭვის შეტანა, მეტი რომ არ ვთქვათ, დიდი უგუნურება იყო, სწორედ “ჭეშმარიტების”, “თავისუფლებისა” და “დემოკრატიის” სახელით დაამხეს რუსეთის მიერ მართულმა და ასევე, რუსეთის მიერ კარგად შეიარაღებულმა ძალებმა. მერე კი, როდესაც უზარმაზარი დემონსტრაციები იმართებოდა და ცეცხლს უხსნიდნენ (1992 წ. 3 იანვარი, 2 თებერვალი) ,არავინ იცის, რა რეაგირება ჰქონდათ გამსახურდიას “ფაშისტური რეჟიმის” დამხობის მომხრეებს. ალბათ, ვისაც არ უხაროდა, უბრალოდ, დუმდა, რადგან ხუნტა მართავდა ქვეყანას და რომ შეწუხებულიყო კიდეც, ხმას არავინ ამოაღებინებდა.
შევარდნაძის ჩამოსვლა საქართველოში ორ მიზანს ისახავდა: პირველი, გაენეიტრალებინა სამხედრო ხუნტის მმართველობა, ქვეყანა დაებრუნებინა ე.წ კონსტიტუციურ სივრცეში (ჩაეტარებინა არჩევნები და ა.შ) და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი - ეს იყო აფხაზეთში იმგვარი ვითარების შექმნა, რასაც მისი (აფხაზეთის) ჩამოშორება უნდა მოჰყოლოდა. ამ ნაბიჯის გადადგმისას შევარდნაძემ ორი კურდღელი დაიჭირა - გაანადგურა გამსახურდია და მისი მომხრეები ფიზიკურად (ზვიად გამსახურდიას საეჭვო ვითარებაში სიკვდილი და მის მომხრეთა მასობრივი რეპრესიები, რომლის მსხვერპლის რიცხვი დადგენილი არ არის დღემდე), ხოლო გვერდიდან მოიშორა პოლიტიკური მოკავშირეები - სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი. მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა უზურპაციის ლეგიტიმაცია და - პარლამენტი, რომლის კედლები იტევდა “ყველას, ერთის გარდა”. იმ შემთხვევაში ის “ერთი” იყო გამსახურდია და მისი მომხრეები. (და სხვათა შორის, ეს მოწოდება ძალაში რჩება დღემდე, ამ დამოკიდებულებიდან თითქმის ვერ გამოვიდა ქართული სახალხო მენტალიტეტი).
ეროვნული ხელისუფლების გადარჩენილი მომხრეები ან ემიგრაციაში წავიდნენ, ან - ციხეში, მაგრამ არა პოლიტპატიმრის, არამედ, ტერორისტთა სტატუსით. მათ შორის იყვნენ ამჟამინდელი პარლამენტარი ზვიად ძიძიგური ძმასთან ერთად, აწ გარდაცვლილი პეტრე გელბახიანი, რომელსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი და კიდევ სხვა მრავალი. გამსახურდიას დეპუტატების დიდი ნაწილი დღემდე რჩება ემიგრაციაში არა იმის გამო, რომ კარგად შეეწყვნენ დასავლეთს, არამედ, მას შემდეგ საქართველოში ვერ მოვიდა ხელისუფლება, სადაც ისინი თავს სამშობლოში იგრძნობდნენ.
შევარდნაძის თორმეტწლიანი მმართველობის მანძილზე საქართველოში გაბატონდა ანარქია, შავი ბიზნესი, ფსევდოდემოკრატია (გამოდიოდა ოპოზიციური პრესა, ტელევიზიებს ჰქონდათ ე.წ. თოქშოუები), ხელისუფლებამ შეინარჩუნა ისეთი ინსტიტუცია, როგორიც არის მეცნიერებათა აკადემიის სისტემა, ანუ შევარდნაძის მმართველობას ახასიათებდა - მოჩვენებითი ლიბერალიზმი (ზვიადისტები ჯერ მკაცრად რეპრესირებულნი, შემდეგ კი, აბსოლუტურად მარგინალიზებულნი იყვნენ, რასაც თავადაც უწყობდნენ ხელს) და ჩრდილოვანი ეკონომიკა, გასაღებული - ბიზნესის თავისუფლებად (შავი ბაზარი). ამ მოჩვენებითობის მიღმა კი ყვაოდა ბრეჟნევის “ზასტოის” მსგავსი მმართველობა, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცე დიდხანს ვერ მოითმენდა. ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ ახალი ძალა მოსულიყო ხელისუფლებაში. ეს ახალი ძალა, სავსებით ბუნებრივად, მომწიფდა თავად ხელისუფლების შიგნით, ე.წ რეფორმატორების გუნდის სახით, რომელშიც შედიოდნენ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური სტაჟის მქონე ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. აღარ ღირს გაგრძელება იმის შესახებ, რატომ გაკეთდა არჩევანი მასზე და არა - ჟვანიაზე. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილს უფრო შეურყვნელი ბიოგრაფია ჰქონდა, რაკიღა მას მონაწილეობა არ მიუღია სამხედრო გადატრიალებაში და სწორედ ამის გამო, - უფრო დიდი შანსიც, ე.წ. ზვიადისტების ანუ ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა მხარდაჭერისა. ეს სვლა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მართლაც, ყოფილი ხელისუფლების წევრთა დიდი ძალისხმევის შედეგად გამსახურდიას მომხრეებმა ირწმუნეს, რომ ახალი ლიდერი არა მხოლოდ გაისტუმრებდა შევარდნაძეს, არამედ ხორცსაც შეასხამდა იმ “ეროვნულ პროექტებს”, რომელთა განხორციელება მრგვალ მაგიდას არ დასცალდა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული ძალისთვის “ნაციონალური მოძრაობის” სახელის დარქმევით ორი მესიჯი გაეგზავნა ამომრჩეველს - ერთი მხრივ, იგი ხელში იღებდა ეროვნული მოძრაობის დროშას, მეორე მხრივ, ამ შეტყობინებას უგზავნიდა ე.წ. ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს, რეალურ ძალას, რომლის მხარდაჭერის გარეშე იგი ასეთი მაღალი ლეგიტიმაციით ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში. უნდა ითქვას, რომ შეტყობინებებმა ადრესატებამდე წარმატებით მიაღწია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებაში მოვიდა 97%-ით .
ახალი ხელისუფლების პირველი აქტი ე.წ შერიგება იყო. ქაშუეთის ეკლესიაში გადახდილი პარაკლისი და დაპირისპირებულთა შერიგება. პარლამენტში ერთმანეთის გვერდით მოუწიათ ჯდომა ყოფილ მხედრიონელებს, სამხედრო ხუნტის წევრებს და ე.წ. ზვიადისტებს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს აქცია სასიცოცხლოდ იყო აუცილებელი. ცოტა ხანს თითქოს დათბა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, დეკლალირებულად გამოცხადდა, რომ უარს ამბობდნენ წარსულზე, რიგდებოდნენ და ერთად იწყებდნენ საქვეყნო საქმეში მონაწილეობას.
მეორე ეტაპი, რასაც ეროვნული ხელისუფლების მომხრეები ელოდნენ და მოითხოვდნენ, ეს იყო 1991-92 წლების მოვლენებისთვის პოლიტიკური შეფასების მიცემა, რაც ითვალისწინებდა არა, მაინცა და მაინც, დასჯას ე.წ. პუტჩისტებისას, ანუ სამხედრო გადატრიელების მომხრეებისას, არამედ, მოვლენებისათვის შესაბამისი სახელის დარქმევას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ მტრისა და მოყვრის გასარჩევად, არამედ იმისთვისაც, რომ რუსეთის მიერ ინსპირირებულ სამხედრო გადატრიალებას არ შერჩენოდა “სამოქალაქო ომის” სტატუსი. “სამხედრო გადატრიალება” კიდევ ერთხელ შეახსენებდა ქართველს, რომ რუსეთმა ამ გზით შეძლო საქართველოს დაბრუნება სსრკ-ს მოდერნიზებულ სივრცეში - დსთ-ში და ამავე “აქტის” წყალობით მოახერხა საქართველოს ე.წ. “ავტონომიური რესპუბლიკების” ხელახალი ოკუპაცია-ანექსია. სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს არ ან ვერ გააკეთა ორი მიზეზით: პირველი მიზეზი უნდა იყოს მისი გუნდის წევრთა უმეტესობის მონაწილეობა სამხედრო გადატრიალებაში, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, - რომელიღაც წონადი პოლიტიკური ძალის მხრიდან მართვა ამ პროცესებისა. ისიც უნდა ითქვას, თუ ვინმეს აძლევდა ხელს სამხედრო გადატრიალებისთვის “სამოქალაქო ომის” სტატუსის მინიჭება, ეს იყო რუსეთი. იგი ამ თამაშიდან “მშრალი” გამოდიოდა. ისე დაამთავრა სააკაშვილის ხელისუფლებამ მმართველობა, რომ ბოლო წლებში აღარც გახსენებია არავის, ეს საკითხი წამოეწია.
* * *
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას თან მოჰყვა ძველი ჩინოსნების და სხვადასხვა ჯურის მილიონერების პასუხისგებაში მიცემა, ქონების ჩამორთმევა, ე.წ. კანონიერი ქურდების დაჭერა და სხვა გადამჭრელი ღონისძიებები, რომელთა ჩატარებით ახალმა ხელისუფლებამ შეძლო წესრიგისკენ ნაბიჯების გადადგმა. სულ მალე, რამდენიმე თვეში, უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო აჭარის განთავისუფლება ასლან აბაშიძის რეჟიმისგან, რადგან ქვემო ქართლისა და აფხაზეთის შემდეგ რუსეთის სამიზნე სწორედ აჭარის ავტონომია იყო.
97%-იანი კარტბლანშით მოსულ ხელისუფლებას ორი წელი კრიტიკას ვერავინ უბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კურსი თუ მოქმედებები არ იყო ცალსახად და უპირობოდ მისაღები. ისეთი ვითარება შეიქმნა, უმცირესი კრიტიკული აზრიც კი “მტრის წისქვილზე წყლის დასხმად” ფასდებოდა, ამიტომ აქტიურად მოქმედებდა უსიტყვო შეთანხმება - კრიტიკა დამღუპველია. თუ არ ვცდები, პირველი უთანხმოება და უსიამოვნება გამოიწვია თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის აღმართვამ. საზოგადოების მცირე ჯგუფმა გამოხატა პროტესტი, რომელშიც აკრიტიკებდა მონუმენტის სტილს, რაც თავისი ფორმით - მაღალ კვარცხლბეკზე შემდგარი წმინდანით - არ ესადაგებოდა ახალ დროებას. ძირითადად, ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი აპროტესტებდა, რომ თანამედროვე დასავლური სახელმწიფოს ხელოვნება ვერ იგუებს ასეთ მაღალ პედესტალებს და მასზე შემდგარი ძეგლი ხალხის ცნობიერებისგან ისევე შორს დგას, როგორც - ამ ადგილას მდგარი პროლეტარიატის ბელადისა. ამავე დროს, წმინდანისთვის ძეგლის დადგმა არც მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ერგებოდა და უფრო ფარისევლურ კიჩს ემსგავსებოდა. ეს იყო პირველი საპროტესტო აქცია, რომელიც კრახით დამთავრდა. ზურაბ წერეთლის მრავალ ძეგლთაგან ერთ-ერთი თავისუფლების მოედანზე აღიმართა, ხოლო იმ კულტურულმა ელიტამ, რომელიც უპირობოდ უჭერდა მხარს ვარდების რევოლუციას, იგრძნო, რომ ხელისუფლებაში მათივე ხელით მოვიდა არა ისეთი ტიპის მმართველობა, როგორიც მას წარმოედგინა, არამედ - ავტორიტარული და, გარკვეულწილად, ძველმოდური. იმ ზარ-ზეიმს, რაც ძეგლის დადგმას მოჰყვა, ბუნებრივია, აქტიურად გამოეთიშა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ერთი ნაწილი და, პროტესტებმა ნელ-ნელა პერმანენტული სახე მიიღო. შემდეგ იყო კიდევ უფრო აღმაშფოთებელი მცდელობა - პიონერთა სასახლის გადაცემის სურვილი ნინო ანანიაშვილის საბალეტო სკოლისათვის (გაჩნდა ეჭვი, რომ ნინო ანანიაშვილი, რომელიც ახალი ხელისუფლების მაღალჩინოსნის მეუღლე იყო, ამ ნიშნით შეირჩა). საზოგადოების პროტესტმა ამ შემთხვევაში უკვე იმდენად მასობრივი და მასშტაბური ხასიათი მიიღო, თანაც, იმდენად ერთმნიშვნელოვანი, რომ ამჯერად ერთსულოვნებამ გაიმარჯვა და პიონერთა სასახლემ შეინარჩუნა ძველი სტატუსი. ბზარი ახალ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უფრო გაღრმავდა. (ამ დაპირისპირებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ახალგაზრდა ლიდერის, გიგი უგულავას რეიტინგზე).
ამის პარალელურად უკვე საბედისწერო ტრაგედიები ხდება - ბუტა რობაქიძის და შემდეგ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ. რამდენადაც თავად ფაქტები იყო ტრაგიკული და შემაშფოთებელი, იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა ხელისუფლების მიდგომა ამ საქმის გამოძიებისადმი. აშკარად იგრძნობოდა, ახალგაზრდა და გამოუცდელი ხელისუფლება ცდილობდა ფაქტების მიჩქმალვას, დამნაშავეთა ბრალეულობის შემსუბუქებას, რამაც საზოგადოებაში შესაბამისი რეაქცია გამოიწვია. მით უმეტეს, შვილმოკლულ მშობლებს მხარში ამოუდგნენ პოლიტიკური პარტიები, რის გამოც მოვლენამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა და თავისი კალაპოტიდან ამოვარდა. რაკიღა ხელისუფლება თავის დაცვას თუ დაძვრენას ცდილობდა, საზოგადოების წნეხი იზრდებოდა, გირგვლიანის ოჯახის ტრაგედიით კი სარგებლობდნენ რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური პარტიები, ისინი, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს ვარდების რევოლუციას და მომხდარი ფაქტი მათ პოლიტიკურ არჩევანს ამართლებდა: “მათ მხარი არ დაუჭირეს ძალას, რომელსაც შეეძლო, არა მხოლოდ ასეთი საშინელი დანაშაული ჩაედინა, არამედ, სამართლიანადაც არ გამოეძიებინა”. რამდენადაც ძლიერი იყო გარე ზეწოლა, იმდენად ჯიუტდებოდა და შეცდომებს შეცდომებზე უმატებდა ახალი ხელისუფლება. საბოლოოდ კი საქმე იმით “დაგვირგვინდა”, რომ დამნაშავენი განისაჯნენ არასათანადოდ ანუ, ხელისუფლებამ დაიცვა თავისი მაღალჩინოსნები იმით, რომ მსუბუქი მსჯავრი დასდო, რამაც პროტესტის დიდი ტალღა ააგორა.
ჯერ თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ისმებოდა, შემდეგ უკვე პრეზიდენტისაც დადგა დღის წესრიგში. გირგვლიანის მიმართ ჩადენილი სისასტიკით სავსე დანაშაული იქცა კატალიზატორად ახალი ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის დაცემაში. ამის შემდეგ უკვე ახალი, თვისობრივად განსხვავებული პოზიცია იბადება, რომელიც ანარქიულ, ერთგვარი ბოჰემური პროტესტის ნიშანს ატარებს, რომელიც ხასიათდება აგდებული დამოკიდებულებით სახელმწიფოსა და კანონიერებისადმი. ხელისუფლება იძულებული ხდება, უფრო მეტად გამკაცრდეს და, შესაბამისად, ნაკლებად მოუსმინოს ხალხს. იხურება თოქშოუები, მედია მართული ხდება, ასე თუ ისე, თავისუფალი სიტყვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ხალხი, რომელმაც საკუთარი ხელით, დიდი მასობრივი მხარდაჭერით მოიყვანა ხელისუფლებაში ძალა, მას დიქტატორად აღიქვამს. ხელისუფლება ხედავს, როგორ იკრებს ძალებს ანტისახელმწიფოებრივი, გონიერებისგან შორს მდგომი მოძრაობა, ამიტომ მას მოღალატედ, გარედან მართულ ძალად ნათლავს და საბოლოოდ წყვეტს მასთან “თანამშრომლობას”. ისიც უნდა ითქვას, რომ საეჭვო რეპუტაციის ორგანიზატორთა მიზნები ძნელი მისახვედრი არც იყო. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხალხის იმ ნაწილს (რომელიც მკაცრი პროტესტით გამოდის) და ხელისუფლებას შორის ხიდები იწვის, გზები ინგრევა, ანუ კომუნიკაცია წყდება, ხოლო კომუნიკაციის არარსებობას მოაქვს გაუცხოება, რომელსაც მოსდევს ჩიხი.
გაუგებრობით მოვაჭრენი
ხალხსა და მმართველ ძალას შორის წარმოშობილ გაუგებრობას ყოველთვის აქვს თავისი რეალური საფუძველი, მაგრამ მმართველს მოეთხოვება, ამ გაუგებრობის მიზეზებს ჩაწვდეს და სათანადო ნაბიჯები გადადგას ხალხის “დასაბრუნებლად”. ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან უგუნურებად ჩაითვლება კონფრონტაცია საკუთარ ხალხთან. ასეთი კურსის არჩევისას, კარგ შემთხვევაში, ხელისუფლება ხდება ავტორიტარული, ცუდ შემთხვევაში - დიქტატორი, შედეგად კი შესაძლოა მივიღოთ არანაკლებ საშიში ვითარება - ტოტალური რეპრესიები ან ანარქია. ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია ის, რის საშუალებაც მას ჰქონდა - ავტორიტარული მმართველობა და მის განხორციელებას შეუდგა მედიაზე ზეწოლით, ყოველგვარი კრიტიკის მიუღებლობით, ხალხთან დიალოგის გაწყვეტით. შემდეგი ნაბიჯი, ეს იყო ე.წ. “პროტესტანტებისთვის” პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა - “ისინი მოღალატენი და გარედან მართულნი არიან”. და საკმარისია, ხელისუფლებამ ასეთად მონათლოს თავისი სახელწიფოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, იგი ხელს იღებს და თავისივე ხელით გადაულოცავს მტერს საკუთარ ხალხს, ეს კი ისეთი შეცდომაა, რომელზე პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევა და უფრო სერიოზულ და მძიმე შედეგებს მიიღებს. დღეს თუ ხვალ, ის ძალები, რომელნიც სარგებლობდნენ ხალხის სამართლიანი პროტესტით და, შესაძლოა, მათი პროტესტით სათავისოდაც მანიპულირებდნენ, სცენიდან გავლენ სხვადასხვა მიზეზებით (ზოგი გაიქცევა, ზოგი “ვერ გაქაჩავს” და გაჩერდება, ზოგი თავის ჟამს დაელოდება და ა.შ). ჩვენდა სავალალოდ და საუბედუროდ, აქამდე არსებული ყველა მმართველობა, დაწყებული ზვიად გამსახურდიათი და დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით, დადგა ამ საფრთხის წინაშე. ზვიად გამსახურდიას დროს მათი სახელი იყო “სუკის აგენტი” (რომელნიც რეალურადაც მრავლად არსებობდნენ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომელსაც ხელისუფლების არასწორი პროპაგანდის შედეგად “მიაღწია”), შევარდნაძის დროს - ზვიადისტი, ანუ მარგინალი, რომელიც ტერორისტად “გადახალისდა”, სააკაშვილის დროს ერთი გარკვეული განსაზღვრება არ მიუღია, თუმცა უფრო პოპულარული გახდა მისი გამონათქვამი ე.წ. “ჩარეცხილების” შესახებ. ამ ეპითეტში სააკაშვილმა “ჩატია” ყველა ოპოზიციონერი, რომელიც დიდი თუ მცირე მასშტაბით საპროტესტო აქციებს უწყობდა ხელისუფლებას, უფრო ზუსტად კი, სააკაშვილმა იგულისხმა ისინი, ვისაც ზვიად გამსახურდიამ წითელი ინტელიგენცია უწოდა და რომელმაც კრიმინალური ინტელიგენციის სახელიც დაიმახურა მას შემდეგ, რაც იარაღი აისხა და ასე დაუდგა გვერდში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს. ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” თითქმის ყველა ოპონენტს (რა თქმა უნდა, თავად ნაციონალების გარდა), “ჩანერგილები” უწოდა და ამით “დაიმშვიდა” თავი, ასე “მოუარა” საპროტესტო ტალღას, რომელიც სულ მალე აგორდა მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან.
ხოლო ყოველ დროში არსებობენ გაუგებრობით მოვაჭრენი, ანუ ისინი, რომელნიც მართლა ემსახურებიან ამ ქვეყნის დასუსტების მოსურნე რომელიმე შიდა თუ გარეშე ძალას და, როგორც წესი, მოგებულნიც ისინი რჩებიან. მთელი 20 წელია, ყველაზე დიდ დივიდენდს საქართველოდან იღებენ სწორედ ეს “გაუგებრობით მოვაჭრენი”, ჩვენ კი ვრჩებით ჩამოუყალიბებელი საზოგადოებრივი აზრის, უმწიფარი და სასტიკი მთავრობების და გაურკვეველი მომავლის წინაშე.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება პასუხისმგებელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ საკითხავია, არ არის თავის საქციელზე პასუხისმგებელი ხალხი, რომელიც ხელისუფლებისაგან უკეთეს მოპყრობას ითხოვს?!
ორი მოვლენის მსგავსება და განსხვავება
(მრგვალი მაგიდა და ნაციონალური მოძრაობა)
დღევანდელი ვითარების ანალიზისთვის არასაკმარისად მივიჩნევ ასე ყბადაღებულ 9 წელიწადს. არც ჩვენი უხსოვარი ისტორიის გახსენება დაგვჭირდება, მაგრამ პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორია კი უთუოდ უნდა გავიხსენოთ, რადგან ახალი ისტორია 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო, ხოლო 1990 წლიდან კომუნისტური მმართველობა ახალმა, “მრგვალი მაგიდის” სახელით მოსულმა ძალამ შეცვალა. ამ ხელისუფლებამ ისტორიული განაჩენი გამოუტანა 1921 წელს დანაშაულებრივად მოსულ უზურპატორ, ბოლშევიკურ ხელისუფლებას და აღადგინა ისტორიული სამართალი ორი ფაქტით - კომუნისტური პარტია გააუქმა, როგორც არა ეროვნული, არამედ ინტერვენტული ძალა და თავი გამოაცხადა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრედ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკა სოციალ-დემოკრატიული იყო. ამ საკითხზე არ შევჩერდები, უბრალოდ, მოკლედ ვიტყვი, რომ ახალმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობად მიიღო იურიდიული სტატუსი სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა და, ჩვენდა ბედად, ქართულ სახელმწიფოს ეს ბედნიერი “ამოვარდნა” მაინც გააჩნდა რუსეთის ორასწლიანი ბატონობიდან.
ხელისუფლებაში მოსულ “მრგვალ მაგიდას”, რომელსაც სათავეში ედგა დისიდენტი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ 87%-მა აირჩია, ეკლებზე უხდებოდა სვლა, ვარდები და ფიანდაზები ნაკლები იყო. შეცდომები რატომ უნდა გაკვირვებოდა ხალხს, მაგრამ ამ ხალხის ყურთან ჩასაფრებული სისინი ყოველ შეცდომას დანაშაულად ნათლავდა, სადაც შეცდომაც არ იყო, იგონებდა. ვითომდაც, თავდახრილმა და დარცხვენილმა კომუნისტებმა ვერაგი ხერხები მოიშველიეს - ჭორი და საბოტაჟი. ერთი ხმამაღლა მუშაობდა, მეორე - ჩუმად, უხილავად. ჭორებს ყველა ისმენდა, ზოგი იჯერებდა, ზოგი - არა, მაგრამ ჭორი “მუშაობდა” და ნელ-ნელა აგორებდა ზვავს. საბოტაჟს რიგითი ადამიანები ვერ გრძნობდნენ, მაგრამ იმას კი ხედავდნენ, რომ რაღაცა უნდა გაკეთებულიყო და არ კეთდებოდა, ბრაზდებოდნენ, აპროტესტებდნენ, თან ჭორი თავისას შვრებოდა და რევანში, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადებამდე კარგა ხნით ადრე დაეგეგმათ კომუნისტებს, რომელთაც 70-წლიანი დიქტატურა ლეგიტიმურ უფლებასავით ჰქონდათ შერგებული, უფრო მალე მოახერხეს, ვიდრე ვინმე იფიქრებდა.
ა) როგორ დაამხეს ზვიად გამსახურდიას “დიქტატურა”
ხელისუფლებაში მოსულ “მრგვალ მაგიდას”, რომელსაც მმართველობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა და რომლის “აქტივს” შეადგენდა, ძირითადად, დისიდენტური, ანდა, ხშირ შემთხვევებში სამეცნიერო ან შემოქმედებითი წარსული (უზენაესი საბჭოს დეპუტატების ძირითადი ნაწილი მეცნიერი, მწერალი, მუსიკოსი, მხატვარი, ექიმი იყო), ბუნებრივია, მართვაში შეცდომებს დაუშვებდა, მაგრამ ხალხისთვის რომ გეკითხათ, ცოტა ხნის წინ იგი მზად იყო, “ბალახი ეჭამა”, ოღონდაც თავისუფლებისთვის მიეღწია. სულ მოკლე ხანში კი აღმოჩნდა, რომ არ აპირებდა არც “გავეგეტარიანელებას” და არც, საერთოდ, რამის მოთმენას. რა მოხდა, რატომ დაივიწყა იმავე ხალხმა ეს სიტყვა და რატომ აღიძრა შურით, რატომ ვერ გაიგო, რომ მტერი ყურის ძირში ჰყავდა, ის მტერი, რომელსაც არც სიტყვის თავისუფლება მიუცია, არც ოქროს კოშკებს უდგამდა, ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა მეცნიერ-მუშაკის ხელფასი 120-350 მანეთი იყო, სოფელში კერძო საკუთრების ნაცვლად საკოლმეურნეო მიწებზე მუშაობდნენ, მართლაც, კაპიკის ფასად, კომუნისტი ფუნქციონერები არაფერს იკლებდნენ, რიგით ადამიანს კი, ჰა და ჰა, შიმშილით არ ძვრებოდა სული. ამ “დავიწყებას” მარტივი გასაღები არ მოერგება, მაგრამ არც იმდენად საიდუმლოდ არის დაკლიტული, რომ მისი გახსნა ვერ შევძლოთ.
საქმე ის არის, რომ სწორედ იმ რევანშისტულად განწყობილი კომუნისტების პირით ვრცელდებოდა, ერთი მხრივ, ანტისამთავრობო აგიტაცია, ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ დიქტატორობას, ტირანობას, ალბათ, კორუფციასაც, (ის ორი მერსედესი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი დადიოდა, მოინათლა ფუფუნების წყაროდ და, სხვათა შორის, “ძალიან ინტელიგენტი”, “ძალიან მეცნიერი” ადამიანები ღაღადებდნენ ამას), სიგიჟეს და პარანოიას, ანუ ყველაფერ იმას, რასაც, ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა მზადება მისი თავიდან მოშორებისათვის. ვის რად უნდა გიჟი, გადარეული, დიქტატორი პრეზიდენტი?! ამას დიდი სისწრაფით ამზადებდა რუსეთიდან მართული ძალა, რომელიც რუპორად იყენებდა ქართული ინტელიგენციის ერთ ნაწილს, სხვათა შორის, ყველაზე წარჩინებულსა და “ბრძნად მეტყველს”, ანუ მას, ვისაც სიტყვა უჭრიდა და ადვილად დაეჯერებოდა.
რა თქმა უნდა, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ინტელიგენციის ამ ჯგუფმა, ვინც აქტიურად თაოსნობდა ანტისამთავრობო აქციებს, დამსახურებულად მიიღო პარადოქსული სახელი: “კრიმინალური ინტელიგენცია”.
მეცნიერსა და მწერალს, ფილოლოგ ზვიად გამსახურდიასაც არ უჭირდა ვერბალური იარლიყების დარიგება.
იმ დღიდან, რა დღიდანაც ამ კოლაბორაციონისტთა ჯგუფმა აქტიური მიმოსვლა დაიწყო მოსკოვში, ხოლო საქართველოში სხვადასხვა აქტივობებს მიმართავდა, ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა სცადეს, გაეგებინებინათ ხალხისთვის, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, რუსეთს არ სძინავს, რომ იგი აქტიურად ემზადება საქართველოს ხელახალი დაპყრობისა და სსრკ-ს ნაცვლად, აწ უკვე სახეცვლილ დსთ-ში შესაყვანად, მაგრამ ძალები, რომელთაც დროშაზე დაიწერეს დემაგოგიური და ძალზე სახიფათო ლოზუნგები: “ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე - სამშობლო” და “ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა”, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩიტი ბდღვნად ღირდა.
ბ) რა დაიჯერა ხალხმა ანუ ცოცხალი პარადოქსები
რუსეთიდან, უფრო სწორად კი, კრემლიდან მართულმა კოლაბორაციონისტთა ჯგუფმა ისეთ დიდ წარმატებას მიაღწია, რომლისთვისაც, გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, არ მიუღწევია არცერთ შეთქმულებას არცერთ ქვეყანაში. ამ პროპაგანდის შედეგად ხალხის ერთმა ნაწილმა დაიჯერა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია, რომლის “ბეგრაუნდს” შეადგენდა დისიდენტური, მეცნიერული, მწერლური ბიოგრაფია,და რომელმაც მის თვალწინ საქართველოს აღირსა დამოუკიდებლობის აღდგენა, იყო პირსისხლიანი დიქტატორი, კრემლის აგენტი, პარანოიკი, და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯადოქარიც კი, რომელიც მაგიურ რიტუალებს ატარებდა (გამსახურდია, რომელსაც ხალხი თავის თვალით ხედავდა იმ ეკლესიაში და იმ წლებიდან, როდესაც ეკლესია სრულიად დისკრედიტირებული და მოწყვეტილი იყო ხალხისგან) და ამავე ხალხმა დაიჯერა, რომ კომუნისტები “არც ისე ცუდები” იყვნენ, რომ დამოუკიდებლობის გარეშეც შესაძლებელია დემოკრატია (მით უმეტეს, “საბჭოთა დემოკრატია” სახეზე ჰქონდათ), რომ გამსახურდია უნდა დაემხოს, თუნდაც, იარაღით, რადგან მას საეჭვო გზით მიჰყავს ქვეყანა და ა.შ.
და ამავე ხალხმა, პროპაგანდით თავგამოტენილმა, დაიჯერა (და იქვე უარი თქვა იმ პასუხიმგებლობაზე, რაც იარაღით დამხობას მოჰყვებოდა სავალალო შედეგებად), რომ ამ გზით მიაღწევდა დემოკრატიას, რომ ამ გზით “სამშობლოს ზემოთ მდგარ ჭეშმარიტებას” ჩაწვდებოდა, რომ ამ გზით თავიდან მოიშორებდა გამსახურდიას მომხრე გადარეულ ხალხს, ფაქტობრივად, “ერის ბალასტს” და ეს გადარჩენილი და ტრიუმფატორი დამამხობლები ააშენებდნენ ახალ ქვეყანას, სანეტაროს, თავისუფალს, მაღალი ფასეულობებით გაჯერებულს. და ეს ხალხი, რომელმაც დისიდენტ გამსახურდიას კრემლის აგენტობა დასწამა, აქ, საქართველოში გვერდით დაუდგა კრიმინალურ ავტორიტეტს, ხოლო სულ მალე სათავეში დაისვა კრემლის ავტორიტეტი შევარდნაძე.
ასე დაემხო ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება მოსვლიდან ერთ წელიწადში, ასე დაბრუნდა ხელისუფლებაში რევანშისტი ნომენკლატურა და ასე დაბრუნდა საქართველო მოდერნიზებულ სსრკ-ში - დსთ-ში.
ეს საქმე სასწრაფოდ იყო მოსასწრები, ამიტომაც იჩქარეს და არც სისხლის მასშტაბებზე უფიქრიათ, არც სამომავლო ისტორიაზე. ამ ყველაფრის, ამდენი სისხლისღვრის, ამდენი უსამართლობის და ასე ცხადად დანახული სიმართლის მიუხედავად, ხალხის ერთმა ნაწილმა სავსებით მოიხსნა პასუხისმგებლობა. როგორ შეიძლება, ამ დროს არ გაგახსენდეს ჯვარცმის ჟინით ატანილი ბრბოს ყიჟინა, პილატეს რომ პასუხობს: “დაე, ჩვენზე იყოს მაგისი სისხლი”. ამ ყიჟინით ხალხი ამტკიცებს, რომ იგი პასუხისმგებლობას იხსნის თავისი შთამომავლობის წინაშე. მთავარია, მისი ამწუთიერი ვნება დაკმაყოფილდეს, ვნება და არა - გონიერი სურვილი.
როდესაც ერი ვნებებით იწყებს აზროვნებას, იგი ეგუება უგუნურ მომავალს.
ებრაელი ერის ვნებაზე არაფრის თქმა არ მსურს, ჩვენი ერის ვნების შედეგებს კი ყველა, თითოეული ქართველი იზიარებს მეტ-ნაკლები სიმწვავით, მხოლოდ ეგ არის, ზოგი ჩაწვდა მიზეზებს, ზოგი კი, ბოდიში მომითხოვია და, “უცილობლობს, ვითა ჯორი”.
ცნებები, რომელთა ალტერნატივად ქცევა სახიფათოა
ა) “ჭეშმარიტება, რომელიც სამშობლოზე მაღლა დგას”
ჩვენი ქვეყნის ისტორიამ რამდენიმე ისეთი პიროვნების დაპირისპირება იცის, რომელსაც გონიერ სარჩულს ვერც მოუძებნი. არ ეძებნება, არ ერგება.
როდესაც ერში ერთდროულად არსებობენ მოღვაწენი, რომელნიც, ყველა წესით და რიგით, გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, ერთად ეწეოდნენ საზოგადო საქმეს, ამის ნაცვლად კი მათ შორის მტრობა და შუღლი გაჩაღებულა, ეს ერის ტკივილია და შეუძლებელია, შედეგი არ გამოიღოს. სახეში მყავს ჩვენი დიდი ილია და ასევე, უაღრესად დიდი მოღვაწე, უაღრესად დიდი ქართველი ივანე მაჩაბელი.
ილიასა და მაჩაბელს შორის ჩამოვარდნილ შუღლს თავისი რეალური და გასაგები მიზეზები ჰქონდა. ამაზე შორს არ წავალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ დაპირისპირების უკან არ იდგა უცხო ძალა, ამიტომაც “გადავრჩით” (თუ ამას გადარჩენა ჰქვია). ილიას წინააღმდეგ რუსეთის მეფის “ოხრანკის” თუ სოციალ-დემოკრატების მიერ დაგეგმილ და ქართველთა ხელით განხორციელებულ მკვლელობას არც ამზადებდა, არც სათავეში ედგა ივანე მაჩაბელი. და არა იმის გამო, რომ იგი ამ დროს უკვე ცოცხალი აღარ იყო, არამედ ცოცხალიც რომ ყოფილიყო, ამ მოძრაობას არ ჩაუდგებოდა სათავეში, რადგან მაჩაბლის უკან მხოლოდ მისი პირადი, პატიოსანი პოზიცია იდგა და არა რუსეთის აგენტურა ანდა სხვა შავი ზრახვები.
ხოლო ივანე მაჩაბლის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობაში რაღაც საოცარ, მისტიურ ისტორიას ვხედავ. თითქოს რაღაც ძალამ, ისეთმა, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ, ჯერ ერთი მოკლა, მერე - მეორე. ერთის მკვლელი იდუმალია, მეორისა - ხილული და კონკრეტული. ამ ორ მკვლელობაში თითქოს ჩვენი ისტორიის ბედისწერაც მეტყველებს. ჩვენი ეროვნული მოღვაწენი ან საეჭვო ვითარებაში იღუპებიან, ან მტრები გვიკლავენ ჩვენივე ხელით.
მაგრამ ერთი რამ უთუოდ უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ივანე მაჩაბელს არც ანტიქართული და არც ანტიჰუმანისტური ზრახვები არ ამოძრავებდა, ამ მტრობამ და დაპირისპირებამ მაინც დაუდო ერთგვარი სათავე ილიასადმი მტრობას და მიუხედავად იმისა, რომ ილია სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს და არა, მაჩაბლისტებმა, ილიას წინააღმდეგ უკვე იყო აგორებული საშიში კამპანია და, დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს, ვინც ამ კამპანიაში ერთიანდებოდა, არ ესმოდა და არც სურდა ილიას მოკვლა. ხოლო რომ არა ივანე მაჩაბლის დაღუპვა საეჭვო ვითარებაში, არც ის იქნებოდა გასაკვირი, ილიას მტრებს ხელი მასზე შეეწმინდათ. ეს, რა თქმა უნდა, წარმოსახული ვარაუდებია, მაგრამ მხოლოდ ერთის სათქმელად წარმოვსახე: როდესაც ერს უჩნდება ილია ჭავჭავაძე, რომელიც 24 წლის ასაკში უკვე წინასწარ შეუნდობს თავის მკვლელებს, ამავე ერის გონიერმა ნაწილმა უნდა შეძლოს ასეთი კაცის “გაგება და აღქმა” მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება. ერის გონიერ ნაწილს მოეთხოვება ერის რჩეულთა შეცნობა და მისი გაფრთხილება, თუმცა, როგორც მახსოვს, არც სხვა ერებს გამოუჩენიათ ამ მხრივ თავი (ახლა ჩვენი მსგავსი ბედისწერის და ჩვენი მონათესავე ირლანდია გამახსენდა თავისი პარნელით).
ასეა თუ ისე, ილია ჭავჭავაძეც და ზვიად გამსახურდიაც, აბსოლუტურად შეგნებულად, მოწამეობრივ გზას დაადგნენ და თავად ეს გზა ითხოვდა მათგან ზეადამიანურ მოთმინებას და ეს გზა უმზადებდა მათ “ქვეადამიანურ” ღალატს.
ილიას და მაჩაბლის დაპირისპირების ტრაგიკული ისტორია პარალელებსაც დაგვიდებს თითქმის საუკუნის შემდეგ.
მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აგორებულ ტალღას სათავეში მოექცა ინტელიგენტთა და ინტელექტუალთა ნაწილი, რომელმაც “თავისუფლების გაკვეთილები” მიიღო რუსეთიდან დაბრუნებული ცნობილი ფილოსოფოსისგან.
მერაბ მამარდაშვილი, რომელსაც უაღრესად მაღალ შეფასებას აძლევდა რუსული ინტელექტუალური ელიტა (მას ქართველი სოკრატე უწოდეს), თავისი საჯარო ლექციებით მაღალი ფასეულობების - ჭეშმარიტების, თავისუფლების, დემოკრატიის და ა.შ. არსს უხსნიდა მსმენელთ. განათლებული და ნიჭიერი ორატორის ლექციებს იმდენად მაღალი რეზონანსი ჰქონდა, რომ ეროვნული მოძრაობის პარალელურად ძალებს იკრებდა, მართალია, შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალინტელექტუალური და განათლებული ახალგაზრდობა. მათთვის კი, არც არის გასაკვირი, რომ მასობრივი აქციები, რომელსაც, როგორც წესი, გონიერება და ინტელექტი არც მოეთხოვება, ვერ იქნებოდა მომხიბლავი.
თვალწინ მიდგება ორი წარმოსახვითი სურათი: გზაზე დამდგარი ხალხის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც ბელადი მიუძღვის თავისუფლების გზაზე და მეორე - წიგნიერთა ჯგუფი, რომელსაც არ ეთმობა განათლებისა და ინტელექტუალური წინსვლისათვის საჭირო დრო, რათა გზაზე დამდგარ ხალხს შეუერთდეს. მას გულზე წიგნი აქვს მიხუტებული, ყური - საყვარელი მოძღვრისკენ მიმართული, ის კი ასწავლის, რომ ვერავითარი ლიდერი ვერ გაიყვანს ერს სამშვიდობოზე, თუ თითოეული წევრი ამ ერისა არ ისწავლის და არ შეიმეცნებს თავისუფლების სიღრმეს, რომ ბელადის მიდევნება საკუთარ პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა, რომ ბელადი, რომელიც მას წინ მიუძღვის (კონკრეტულად და ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდია), ვერ შეძლებს ერის გაყვანას და, რიტორიკა და სულისკვეთება იქამდე მიდის, რომ ადამიანი, რომელმაც შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს საქართველოსთვის საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა, უკიდურესად დაძაბულ და უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ერს “ესვრის” ფილოსოფიურ მაქსიმას: “ჭეშმარიტება მეტია, ვიდრე სამშობლო”. ეს მაქსიმა, ნასროლი დუელიანტის თეთრი ხელთათმანივით, ნამდვილად იყო გამოწვევა. და იგივე ფილოსოფოსი, რომელმაც სამშობლოს ფილოსოფიური კატეგორია დაუპირისპირა, ასევე “ბედავს” ყოვლად არაფილოსოფიურ, მაგრამ სრულიად პრაგმატულ მოწოდებას: “თუ საქართველო აირჩევს ზვიად გამსახურდიას, მე წავალ საქართველოს წინააღმდეგ”.
ამ ორი, ერთი შეხედვით, სრულიად დამოუკიდებელი და სხვადასხვა შინაარსის კატეგორიებით ერთმა ლიდერმა თავის მიმდევრებს ამცნო, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მაშინაც კი, თუ საქართველო მასზე შეაჩერებდა არჩევანს.
ზემოთ ილია ჭავჭავაძის და ივანე მაჩაბლის ტრაგიკულ დაპირისპირებაზე ვწერდი და იქ მოვნიშნე, რომ ისტორია საუკუნის შემდეგ გამეორდებოდა, არა სიზუსტით, მაგრამ მსგავსებით. ერის წინაშე გამოჩნდა ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა - ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი (რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექციები და შრომები ხშირად მკვეთრად ანტისაბჭოთა ხასიათს ატარებდა, მაინც ვერ დავაბრალებთ დისიდენტობას) და ქართველი მეცნიერი და მწერალი, საბჭოთა დისიდენტი და ეროვნული მოღვაწე ზვიად გამსახურდია. ივანე მაჩაბლისგან განსხვავებით, მამარდაშვილი საეჭვო ვითარებაში არ გარდაცვლილა, იგი გულის შეტევამ იმსხვერპლა აეროპორტში, როდესაც მოსკოვში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ მისი სიკვდილი ზვიად გამსახურდიას დაბრალდა, რაკიღა მის მიმდევართა რიგებში ლეგიტიმურად წარმოქმნილმა აგრესიამ ისეთი დარტყმა მიაყენა ფილოსოფოსს, რომ მისმა გულმა ვეღარ გაუძლო. ასეა თუ ისე, მამარდაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ თავისუფლების გზაზე შემდგარი ერის თავზე, მართლაც რომ, დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ერთი მაქსიმა და ერთი ლოზუნგი - “ჭესმარიტება მეტია, ვიდრე სამშობლო” და “თუ საქართველო აირჩევს ზვიად გამსახურდიას, მე წავალ საქართველოს წინააღმდეგ”.
და მიუხედავად იმისა, რომ სამშობლო და ჭეშმარიტება, ბოლოს და ბოლოს, თავისი ფილოსოფიური შინაარსის გამო, სხვადასხვა კატეგორიის ცნებებია, მაინც დადგა ერთმანეთის პირისპირ, ხოლო ლოზუნგმა, რომლითაც საყვარელი ფილოსოფოსი ბედავდა და მიდიოდა მთელი ერის წინააღმდეგ, ბუნებრივია, შეგირდებში შესაბამისი განწყობა გამოიწვია. მათ (თუ არ სძულდათ) შეიძულეს გამსახურდია, მით უმეტეს, იმ მოძრაობას, რომელსაც გამსახურდია ედგა სათავეში, არაფერი ჰქონდა საერთო განყენებულ კატეგორიებთან, მას სრულიად კონკრეტული, აბსოლუტურად ნათელი მიზანი ამოძრავებდა - ქვეყანა გამოეყვანა იმპერიის დიქტატიდან.
ჩემთვის დღემდე რჩება დიდი კითხვის ნიშნები მერაბ მამარდაშვილის ამ ორი ქცევის შესახებ. თუ მას შევაფასებთ ფილოსოფოსის ქცევად, ერთ შემთხვევაში (გამსახურდიას წინააღმდეგ სვლაში) იგი მართლაც ემსგავსება იმ ფილოსოფოსის საქციელს, ვინც, ზოგადად, “ბედავდა” და ვინც თავისი ნებით შესვა საწამლავი.
ამ ნაბიჯით (საწამლავის ნებაყოფლობითი შესმით) ყველასთვის სათაყვანებელმა სოკრატემ საკუთარი ქვეყნის კანონების წინაშე მოიდრიკა თავი, თუმცა, ძნელია პარალელის გავლება სოკრატეს ქვეყანასა და უსახელმწიფოდ დარჩენილი ქვეყნის მდგომარეობას შორის. ძნელია მამარდაშვილის გაბედულების გატოლება სოკრატეს ზნეობრივ მაგალითთან იმ მარტივი მიზეზით, რომ აქ და ამ დროს, ქვეყანა სულ ახლახანს დაადგა დამოუკიდებლობისაკენ სვლას. მიუხედავად ამისა, მერაბ მამარდაშვილის ეს განცხადება მაინც უნდა ჩაითვალოს უაღრესად დიდ გაბედულებად, რაკიღა მეორე მხარეს იდგა უზარმაზარი მასა. მაგრამ უფრო დიდ და თითქმის პასუხგაუცემელ კითხვად მრჩება (და არამარტო მე) მის მიერ ორი სხვადასხვა კატეგორიის დაყენება ალტერნატივად - სამშობლო თუ ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, როდესაც ფილოსოფოსი ჭეშმარიტებას რაღაცასთან აპირისპირებდა, ამ შემთხვევაშიც ისტორიული და ფილოსოფიური გამოცდილება ჰქონდა მხედველობაში. ოდესღაც ასეთივე არათანაბარი კატეგორიები - პლატონი და ჭეშმარიტება - დააყენა არისტოტელემ ერთმანეთის პირისპირ და უპირატესობა ჭეშმარიტებას მიანიჭა. ეჭვსგარეშეა, როდესაც მერაბ მამარდაშვილი სამშობლოს აყენებდა ჭეშმარიტების პირისპირ, მასაც მხედველობაში ჰყავდა პერსონა, კერძოდ, ზვიად გამსახურდია და მასთან დაპირისპირებაში ანიჭებდა უპირატესობას ჭეშმარიტებას. ამიტომაც ეს ორი “მკვახე შეძახილი” (ჭეშმარიტება მეტია, ვიდრე სამშობლო; ქვეყნის წინაარმდეგ სვლა გამსახურდიას არჩევანის შემთხვევაში) აბსოლუტურად თანაბარი შინაარსის შემცველია და,
უაზრო და უშინაარსო დავამდე მიდის ყოველი დისკუსია, სადაც მსჯელობებს ვიწყებთ სამშობლოსა და ჭეშმარიტების პირველ-მეორეობაზე. მათი ურთიერთდაპირისპირება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით არ ხერხდება, რომ ჭეშმარიტების კატეგორია, როდესაც მისი ამოქმედება ხდება საჭირო, მიწიერ ცნებებთან მხოლოდ მსაზღვრელის როლს ირგებს. ამგვარად არსებობს ჭეშმარიტი სამშობლო და არაჭეშმარიტი სამშობლო (დავუშვათ, საქართველო და საბჭოთა კავშირი), ჭეშმარიტი სიყვარული და არაჭეშმარიტი სიყვარული და ა.შ. ადამიანები, როგოც წესი, სამშობლოს სიყვარულისას ალეთეიოლოგიის საფუძვლებზე არც ფიქრობენ და არც სჭირდებათ.
ასე დადგა ერთმანეთის პირისპირ და ასე საბედისწეროდ ორი მნიშვნელოვანი ფიგურა და მათ შორის გაწყვეტილი თუ საერთოდ არარსებული კომუნიკაცია საბედისწერო აღმოჩნდა თავად ერისთვის. ასე საბედისწეროდ გაიმეორა ისტორიამ თავისი თავი და ამ გამეორებისას ტრაგედია ფარსად კი არ იქცა, პირიქით, უფრო მასშტაბური დრამის ხასიათი შეიძინა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორი პიროვნების ხასიათს და ქმედებებს სხვადასხვაგვარად ხსნიან ადამიანები იმის მიხედვით, საით დგანან და როგორ სწამთ. მამარდაშვილის მომხრეებს დღემდე სჯერათ, რომ გამსახურდიას სახით ერს სათავეში ჩაუდგა ულტრანაციონალისტი, ფაშისტური ტიპის მოაზროვნე, რომელსაც ერი არ უნდა გაყოლოდა. ხოლო გამსახურდიას მომხრეთა ნაწილს ღრმად სწამს, რომ მერაბ მამარდაშვილი კრემლის და მისი საიდუმლო სამსახურების მიერ იყო შემოგზავნილი საქართველოში და მიზნად ისახავდა ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას. ეს ორი აზრი რწმენის დონემდეა აყვანილი ორივე მხარეს და, მეეჭვება, აზრი ჰქონდეს რომელიმე მხარესთან დავას. ორივეს აქვს თავისი მოსაზრების შესაბამისი და არცთუ ისე ხელწამოსაკრავი არგუმენტები.
ხოლო თუ უფრო გონივრულ გზას ავირჩევთ ამ დაპირისპისპირების შეფასებისას, ალბათ, უნდა ითქვას, რომ ერში ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობა ორი, ასე რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტის ლიდერისა თავისთავად იყო უდიდესი და საბედისწერო “გამოწვევა”, რომელსაც უაღრესად ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. მაგრამ ცოტა მისტიურად თუ შევხედავთ ამ ამბავს, უნდა ისიც ითქვას, რომ იმ დროს, როდესაც ამ ერის ერთი ნაწილი თავს არ ზოგავდა და ცარიელი ხელებით ანგრევდა იმპერიის კედლებს, მის მეორე ნაწილს ჰყოფნიდა სულიერი შემართება და ასევე ზნეობრივი სიმტკიცე, უმაღლეს კატეგორიებზე ეაზროვნა.
სწორედ ამიტომ, ამ ტრაგედიის მიუხედავად, ამავე ერის “სულიერმა” მნიშვნელმა თავის მომავალს დაუტოვა საფიქრალად და სააზროვნოდ ისეთი სივრცე, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებას გამოადგება. შესაძლოა, ეს ნათქვამი ვინმეს გადაჭარბებულად და უსაგნოდაც მოეჩვენოს, მაგრამ სამშობლო და ჭეშმარიტება, რომელიც 20 წლის წინ დამოკლეს მახვილად დაეკიდა ქვეყნის თავზე, მომავალში, შესაძლოა, არიადნეს ძაფადაც იქცეს. ეს ალტერნატივა, რომელიც ძალზე სახიფათოდ გაისმოდა ახალი გზის დასაწყისში, გზის ბოლოს უთუოდ უნდა გარდაიქმნას განაზრების საგნად, კერძოდ კი, უნდა დავფიქრდეთ, როგორ წარმოგვიდგენია ჭეშმარიტი სამშობლო. “ჭეშმარიტება” პრედიკატად უნდა გადავსვათ და ვიაზროვნოთ მასზე, რადგან შესაძლოა ერს ჰქონდეს სამშობლო, მაგრამ მის ჭეშმარიტ არსს ვერ წვდებოდეს, რაც მისი დაკარგვის წინაპირობაა. ხოლო როდესაც იცი, რა მიგაჩნია შენს ჭეშმარიტ სამშობლოდ, რომელ ფასეულობებზე და შენი ისტორიის რომელ საფეხურებზე გსურს ორიენტაციის აღება, უთუოდ შეძლებ მის მოპოვებას და განმტკიცებას.
“ჯერ დემოკრატია, მერე - თავისუფლება”
ალბათ, დიდი ცოდნა და განათლება არც სჭირდება იმის გააზრებას, რომ დემოკრატიამ, როგორც კაცობრიობის მონაპოვარმა, რომელსაც სათავე ანტიკურ საბერძნეთში დაედო, სულ რაღაც ორი საუკუნის წინ დაიწყო მასშტაბების გაფართოება. დემოკრატიის არეალის გავრცობის ათვლის წერტილად, ალბათ, მართებულად არის მიჩნეული კაპიტალიზმის განვითარება, რასაც მოჰყვა წარჩინებული ფენებისთვის კერძო საკუთრების და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების “ექსკლუზივის ჩამორთმევა”. თუ მანამდე ისტორიულად ფესვგადგმულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა ყველაფერი, რაც, სხვათა შორის, თავის დროზე დამსახურებულადაც მიიღო, ახლა, ახალი რევოლუციური მოძრაობის მიზეზი გახდა იმ ლეგიტიმაციის გადასინჯვა, რასაც არისტოკრატიამ საუკუნეების წინ მიაღწია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სამართლიანად დაიწყო თავისი წილის მოთხოვნა ერთი მცირე ჯგუფის მატერიალური თუ სამოქალაქო უფლებების არსენალიდან, რადგან კლასმა, რომელიც მის ნებას და თავისუფლებას საკუთარი შეხედულებებისამებრ მართავდა, განვითარება შეწყვიტა, მასზე დამოკიდებულმა მასამ კი თავად, სხვადასხვა გზებით და საშუალებებით, განვითარებისკენ დაიწყო სწრაფვა. ამ განვითარებისას მას “დაჭირდა” უფლებები, რომელსაც ფინანსური კაპიტალით თუ მოიპოვებდა. ასეა თუ ისე, ადამიანის უფლება და კერძო საკუთრება იმაზე უფრო მეტად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და დემოკრატიული იდეების ხორცშესხმა დაიწყო ისეთ ქვეყნებში, რომელთაც სახელწიფოებრივი სტატუსი გააჩნდათ, უბრალოდ, ამ უფლებებისთვის ბრძოლისას ერთმანეთს დაუპირისპირდა ამავე სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალური ფენა.
იმ დროს, როდესაც ევროპას ახალი მოძრაობის ტალღამ გადაუარა, საქართველოს წინაშე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სახელმწიფოს არსებობა, სულ მალე კი გაუქმდა კიდეც სამეფო. 1783 წელს დადებული რუსეთ-საქართველოს, ვითომდაც, სამშვიდობო ხელშეკრულება (ე.წ. გეორგიევსკის ტრაქტატი) ერეკლე მეორის უკანასკნელ გაბრძოლებად დარჩა ქვეყნის ხსნისათვის. ამავე ტრაქტატის ხელმომწერმა მეორე მხარემ თავადვე “იკისრა” საქართველოს სამეფოს გაუქმება, 18 წელი დასჭირდა, რათა “მეგობარი” ტყვედ გამოეცხადებინა. ამ ფაქტს რა შედეგები მოჰყვა, აღარ არის გასამეორებელი, თუმცა, ერთს უნდა გაესვას ხაზი. სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ არსებულ სამ კომპონენტს - ტერიტორიას, ენას და იდეოლოგიას - დაედო “ვეტო”, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის მოძრაობა, რომელმაც დასავლეთში (მე-19 ს-ში) სერიოზული სახე მიიღო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენთვის, როგორც დაპყრობილი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად მიუწვდომელი შეიქნა. ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობად იქცა არა ადამიანის უფლებები, არამედ, ზოგადად, ეროვნული უფლებები და ბუნებრივია, მანამ, სანამ ქვეყანა ამ უფლებას არ მოიპოვებდა, სანამ არ აღდგებოდა მისი ეროვნული სხეული თავისი მიწით, ენით და იდეოლოგიით, ოცნებაც კი დემოკრატიულ ღირებულებებზე, შეუძლებელი იყო. ამიტომაც, მე-19 ს-ის 60-იან წლებში სამშობლოში დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ, მართალია, თავიდან უფრო სოციალურ პრობლემებზე დაიწყო წერა, თუმცა, ეს პრობლემები, საქართველოში რუსეთიდან “იმპორტირებული” იყო და ზოგჯერ არც ასახავდა აქაურ რეალობას. მისი ადრეული ნაწერები - “კაკო ყაჩაღი” და “გლახის ნაამბობი”, როგორც ისტორიკოსები ამბობდნენ, მთლად ზუსტ სურათს ვერ ხატავდა მაშინდელი სოციალური რეალობისას, ანუ, ამ პრობლემების წამოწევისას ილია ქმნიდა არც თუ ისე “ნამდვილ რეალობას”, ამიტომაც, მოგვიანებით, როგორც რეაბილიტაცია, ისე გაისმა თავადების მიმართ წარმოთქმული კეთილი სიტყვები მისსავე “ოთარაანთ ქვრივში”. თუმცა ეს იყო არა კონიუნქტურა, არამედ რეალურად არსებული პრობლემების დადება მკითხველის თვალწინ, რათა ამ პრობლემებზე ეფიქრა, ეაზროვნა და გზების ძიებას შესდგომოდა.
“კაცია-ადამიანში” ნაჩვენები გადაგვარებული არისტოკრატია და ოთარაანთ ქვრივის არჩილი და კესო ერთმანეთის ანტიპოდები კი არიან, მაგრამ საქართველოს რეალობამ ორივე ტიპი იცოდა. არისტოკრატიის ერთმა ნაწილმა, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მდგომარეობა დაკარგა, ლუარსაბობაში გააგრძელა არსებობა, რასაც კრახამდე მიჰყავდა იგი, ხოლო მეორემ, მან, ვისაც ერი უყვარდა და ისტორიულ პასუხისმგებლობასაც გრძნობდა მის წინაშე, განათლებით მოიწადინა თავისი დაკარგული ნაწილის და, ასევე, საკუთარი თავის შემეცნება.
ილიას ეს მოთხრობა, რომელსაც საბჭოთა კრიტიკა სოციალურ თემას უკავშირებდა, პირველად აკაკი ბაქრაძემ განიხილა, როგორც ზოგადეროვნული ხასიათის თხზულება, სადაც მწერალმა აჩვენა მთლიანი ეროვნული სხეულის ნაწილებს შორის არსებული გაუცხოება და ყოველ “ორს” შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე ესაუბრა. კრიტიკოსმა ქართველი დააფიქრა მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - საქართველოში კომუნიკაცია გაწყვეტილია არა თავადსა და გლეხს შორის, არამედ ყველასა და ყველაფერს შორის, რაც ამ მთელის ნაწილებს შეადგენს.
ეს იყო ილიას მიერ “გადაღებული” ისეთი “ფოტოსურათი”, რომლის გააზრების გარეშე ეროვნული თვითშემეცნება გაჭირდებოდა. ამიტომაც ამ ეპოქალური ნაწარმოების (“ოთარაანთ ქვივის”) მართებული გაგებით ერს მიეცა ალტერნატიული დისკურსი, რომ მისთვის პრობლემა იყო არა დასავლეთისთვის აქტუალური ე.წ. სოციალური პრობლემები, არამედ - ზოგადად, ეროვნული, უფრო ფართოდ კი, სახელმწიფოებრივი საკითხი, რომლის მოგვარების გარეშე სხვა ყველაფერი - უპირველესად კი, ადამიანის უფლებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოგვარდებოდა. ამისათვის ყველა ნაწილის გაჯანსაღება იყო საჭირო, იქნებოდა ეს გლეხი, მოჯამაგირე, თავადი თუ ა.შ. მათ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები უნდა აღედგინათ, ამ ხიდების აღდგენისთვის კი საჭირო იყო თვითშემეცნება და სინანული. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მსხვერპლად მაინც ე.წ. დაბალი ფენის წარმომადგენელი დასახა ილიამ, ესეც ბუნებრივი და, რაც მთავარია, ზნეობრივი იყო. დაბალი ფენის მიმართ პასუხისმგებლობის შეგრძნება უსათუოდ მოეთხოვებოდა ყოფილ არისტოკრატიას, რადგან ქვეყანაზე და სახელმწიფოზე მზრუნველობა საუკუნეების მანძილზე მას ეკისრებოდა. იმასაც აღვნიშნავთ, ერთი მცირე ნაბიჯი გლეხთა განთავისუფლების თვალსაზრისით თავად იმპერიაშივე იყო გადადგმული და ამან უმცირესი უფლება თუ თავისუფლება კოლონიასაც მოუტანა.
დემოკრატიისა და თავისუფლების “სუბორდინაციაზე” ვწერდი. დამოუკიდებელ ქვეყანას, ბუნებრივია, შეუძლია თავის შიგნით ასეთ თუ ისეთ სოციალურ მოწყობაზე იფიქროს და გადაწყვეტილებებიც მიიღოს, მაგრამ დაპყრობილი და თავისუფლებაჩამორთმეული მთლიანად არის დამოკიდებული დამპყრობელზე. ამიტომაც, ყოველგვარი ბრძოლა დემოკრატიისთვის, როდესაც ქვეყანა არ არის სახელმწიფოებრივად თავისუფალი, რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკური უმწიფარობის შედეგია.
* * *
როდესაც ზვიად გამსახურდიას და ახალ ეროვნულ ხელისუფლებას ოპოზიციამ მოსთხოვა დემოკრატიული ღირებულებების დაყენება საზოგადოებრივი ცხოვრების უპირველეს მოთხოვნად, მისთვის (ოპოზიციისთვის და ხალხისთვის) შეეცადნენ ახსნას, რომ იმ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ სავალალოდ ჰქონდა თავს მოხვეული დამპყრობელი იმპერიის ინტერესები, ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვებამდე ოცნება დემოკრატიული ფასეულობების სიწმინდეზე, რბილად რომ ვთქვათ, უმწიფარი იყო, ხოლო თუ გავიხსენებთ, რით დამთავრდა ამ ლოზუნგის ეგიდით წამოწყებული ბრძოლა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, სამწუხაროდ, ეს იყო კარგად დაგეგმილი შეთქმულება საქართველოს ახლადფეხადგმული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ლოზუნგმა “ჯერ დემოკრატია, მერე თავისუფლება”, ქვეყანას მოუტანა სამოქალაქო დაპირისპირება, სამხედრო პუტჩი, რომელსაც მოჰყვა ეროვნული ხელისუფლების განადგურება და ნაწილი ტერიტორიების ოკუპაცია იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც, სულ რაღაც, ერთი წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტით ვუთხარით უარი მის ქვეშევრდომობაში ყოფნაზე.
კითხვა, რატომ შეეგუა საზოგადოების გაბრაზებული და მეამბოხე ნაწილი, რომელმაც დროშაზე დაიწერა დემოკრატია, სამხედრო ხუნტის, შემდეგ კი კრემლიდან ჩამოსული საბჭოთა ლიდერის, შევარდნაძის თორმეტწლიან მმართველობას, რომელსაც დემოკრატია კი არა, ქვეყნის განვითარების შეჩერება და, ბოლოს და ბოლოს, ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა, პასუხს მოითხოვს.
დღევანდელი რეალობა
ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული “ნაციონალური მოძრაობა” არც ისეთი დემოკრატი და სანატრელი გამოდგა, როგორსაც რევოლუციის დღეებში ნატრობდნენ ერთად დამდგარი ქართველები, ხოლო როდესაც მის წინააღმდეგ აგორებულმა საპროტესტო ტალღებმა სახიფათო მასშტაბებს მიაღწია, - არც ისეთი სუსტი და ადვილად მოწყვლადი აღმოჩნდა, - როგორც “მრგვალი მაგიდის” მმართველობა. ამ სიძლიერეს განაპირობებდა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პიროვნული ძლიერება თუ გამჭრიახობა, არამედ დასავლეთის (ამერიკის და ევროპის) მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა, რომელიც მას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჰქონდა. ის ორი უზარმაზარი აქცია, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2010 წლის 26 მაისს სასტიკი დარბევით “დაგვირგვინდა”, ერთი მხრივ, უნარჩუნებდა ხელისუფლებაში ყოფნას, მეორე მხრივ, - კიდევ უფრო აძლიერებდა გათიშვას ხალხსა და ხელისუფლებას შორის. თუმცა, ეს სიმკაცრე ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნაწილს სახელმწიფოებრიობის განცდას უმტკიცებდა და ერთგვარი სიამაყითაც აღავსებდა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია “პასუხის გაცემა”. ორსავე დამოკიდებულებას თავისი რეალური საფუძველი აქვს და, აქედან გამომდინარე, ყოველი დაპირისპირებისას ერთმანეთის პირისპირ დგებოდა ადამიანთა ორი ტიპი - “სახელმწიფოებრიობის მოყვარენი” და “თავისუფლების მოყვარენი”, რომელნიც ადამიანს და მის უფლებებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებდნენ.
მართალია, ძნელი გასარკვევია, სად ხედავენ ასეთი ადამიანები ამ უფლებების დაცვის მექანიზმს, თუ სახელმწიფოს გარეგან დადგებიან, მაგრამ შიშვლად, განყენებულად, რა თქმა უნდა, ასეთ “მიდგომასაც” აქვს თავისი ახსნა. ამგვარად მოაზროვნენი, უკეთეს შემთხვევაში, რომანტიკოსებად და ბოჰემისტებად შეიძლება მივიჩნიოთ, ცუდ შემთხვევაში - ანარქისტებად, უარესში კი - დემაგოგებად. ამას არ აქვს მნიშჳნელობა, რომელი სჭარბობს, მთავარია, რომ ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ეს სამი ფაქტორი განაპირობებს.
სააკაშვილის ხელისუფლების და, ზოგადად, მისი პიროვნების და მისი გუნდის მიმართ სასტიკი აგრესიით აღსავსე ადამიანები ახალ-ახალ “ინფორმაციებს” დებდნენ კომპრომატებად, რომელთა ნაწილი სიმართლეს შეესაბამებოდა. ეს კომპრომატები ნელ-ნელა გროვდებოდა, თავისი მიზნისკენ მყარად მიემართებოდა, მხოლოდ დროს და ჟამს ელოდა. მით უმეტეს, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნა უკვე დიდ რისკს შეიცავდა, რადგანაც ავტორიტარიზმი მას დიქტატურისაკენ “ექაჩებოდა”. თავად მისი ხასიათი განაპირობებდა ამ გზის “მართებულობას”. ამიტომაც ჰაერივით საჭირო იყო მისი შეცვლა ახალი მმართველი ძალით. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ამ წლების მანძილზე მცირე როლი შეასრულეს (ხშირად, ნეგატიურიც) ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, ვერ ფლობდნენ მისი შეცვლის რეალურ ბერკეტს, ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე ერთგვარი ხსნა იყო საკაშვილის მიმართ მძაფრი თუ დაბალი ხარისხის კრიტიკით განწყობილი ადამიანებისათვის. გასაგები მიზეზების გამო, ხალხი ერთ მუშტად შეიკრა ახალი ლიდერის გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ მის ჰუმანისტურ ბეგრაუნდს ძალზე გაურკვეველი “საქმოსნური ბეგრაუნდიც” სდევდა (რომელიც დღემდე გაურკვეველია). ივანიშვილის გარშემო არ შემოიკრიბნენ ნაციონალების ორთოდოქსი მომხრეები, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, რომელთაც, უბრალოდ, ვერ დაიჯერეს რუსეთიდან ჩამოსული ოლიგარქის პატრიოტობა და კეთილი ზრახვები და, აგრეთვე, ეროვნული ხელისუფლების, ანუ ზვიად გამსაურდიას ის მომხრეები, რომელთაც ზვიადის იდეები ანუ “შეურყვნელი ეროვნული იდეები” დღემდე არაფერში გაუცვლიათ. მაგრამ კრიტიკულად განწყობილთა რაოდენობა ნელ-ნელა მცირდებოდა, ხოლო ივანიშვილის მომხრეთა რიცხვი მთელი 1 წლის მანძილზე (ანუ იმ ხნის მანძილზე, რაც იგი პოლიტიკური დეკლარაციით გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე), იზრდებოდა და ძალებს იკრებდა. ამ ძალების ზრდას ხელს უწყობდა “ნაციონალური მოძაობის” მთავრობის მხრიდან დაშვებული შეცდომები თუ დანაშაულები, რასაც იგი მიმართავდა ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ - ფიზიკური ანგარიშსწორებები, მედიის შეზღუდვის მცდელობები, ფინანსური ზეწოლები (საბანკო ანგარიშების დაბლოკვა და ა.შ.). ეს სტრატეგია ხელისუფლების რეიტინგს დაბლა სწევდა, თუმცა, მომხრეთა თვალში კიდევ უფრო აძლიერებდა მისდამი სიმპატიას.
არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებდა, რომ “ქართული ოცნება” უკან მისდევდა ნაციონალურ მოძრაობას, მას არ ჰქონდა უმრავლესობა, მაგრამ ბევრადაც არ ჩამორჩებოდა მმართველ ძალას. მომავალი არჩევნებისთვის საიმედო სურათი იხატებოდა, მაგრამ, რამდენად სასურველი იყო მისი მოსვლა ხელისუფლებაში მხოლოდ ძლიერი ოპოზიციის სახით, ეს საკითხავი იყო. ამიტომ “ქართული ოცნება” მუშაობას განაგრძობდა და, შეიძლება ითქვას, არაფერს “თაკილობდა” ამ გზაზე, ანუ ისე იქცეოდა, როგორც ჩვენში მისაღებ პოლიტიკურ ძალას “ეკადრებოდა”. ამიტომაც არჩევნების წინა დღეებში გამოჩენილმა ე.წ. ციხის კადრებმა, სადაც ჩანდა, როგორ აწამებდნენ თუ შეურაცხყოფდნენ პატიმრებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულთა შესახებ არსებობდა ინფორმაცია, რომ მისი დიდი ნაწილი უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს, მასაში ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ “ქართული ოცნება” “დაეწია და გაუსწრო” ნაციონალურ მოძრაობას.
არჩევნების წინა დღეებში გადადგმულ ამ ნაბიჯს, მაინცა და მაინც, ზნეობრივსა და მზრუნველურს ვერ დავარქმევთ, მას გამოკვეთილი და ცალსახა მიზანი ჰქონდა. ზნეობრივს ვერ დავარქმევთ იმიტომ, რომ მან ხალხს არა მხოლოდ ორიენტირი მისცა, არამედ, მასში გააღვივა იმგვარი რისხვა და აგრესია, რომელიც, არავინ იცის, როდის და რა სახით ამოხეთქავს მომავალში და, სხვათა შორის, ვერც იმას განვსაზღვრავთ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმათული. მთავარი ის არის, რომ “ავ-კარგი” თესლი მის გულში ჩაგდებულია და საიდუმლოდ შენახულიც.
არჩევნებმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, უმცირესობაში მოექცა “ნაციონალური მოძრაობა”. ხალხმა გამარჯვება იზეიმა, რადგან დაამარცხა ავტორიტარული და მობეზრებული მმართველობა და გაუჩნდა იმედი, რომ მისი მოთხოვნები - სასამართლოს თავისუფლება, სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და სხვა შესრულდებოდა. მაგრამ უეცრად მის წინაშე დადგა უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხი, - ახალი ხელისუფლების საგარეო ორიენტაცია, მისი პოლიტიკური ვექტორი.
რუსეთთან ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით და 1991 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ქართველ ხალხს უკვე განსაზღვრული და არჩეული აქვს პროდასავლური კურსი, თუმცა, არც თუ გასაკვირად, ჯერ მრავლად არიან ადამიანები, რომელნიც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას სააკაშვილის რიტორიკას აბრალებენ, რაც, რბილად რომ ვთვათ, პოლიტიკისა და დიპლომატიის ცოდნის უმწიფარობაზე მეტყველებს.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არც სააკაშვილს გაუფუჭებია, არც ზვიად გამსაურდიას, არც ილიას. საქართველო-რუსეთის მეზობლური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა კეთილი და ამაში არავითარი ბრალი არ მიუძღვით პიროვნებებს. ამ ურთიერთობის საფუძველი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე დგას, მისი ხასიათი კი ოდითგან იმპერიალისტური იყო და ამ ხასიათს არც ახლა შეუცვლია შინაარსი. რუსეთი საბედისწეროდ შემოიჭრა საქართველოში, ჯერ კიდევ, თამარის დროს და იმ დროიდანვე ქართველთა ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია. ამ თავისებურების შინაარსი ისტორიის ხანგძლივობას არ შეუცვლია.
“ქართული ოცნების” მიერ გაცხადებული დაპირება, რომ იგი აღადგენდა სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს რუსეთთან, ერთი შეხედვით, სასურველია ჩვენთვის, მაგრამ იგი იმდენსავე პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს, რამდენსაც, თავად რუსეთი მოიაზრებს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომაც ეს დამოკიდებულება კრიტიკის ქარცეცხლში გადის, დიდი სჯა-ბაასის და ვნებათაღელვის საგანია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, მის გარეთაც, ანუ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. ამის გამო,პრემიერ-მინისტრს მოსვლის დღიდან უწევს მტკიცება, რომ იგი ქვეყნის საგარეო ვექტორს არ ცვლის, თუმცა მისი განცხადებები ამა თუ იმ კონკრეტულ თემებზე, ეჭვს ბადებს და, არცთუ, უსაფუძვლოდ. ამას დაემატა დასავლეთის მხრიდან რჩევა ე.წ. კოაბიტაციის შესახებ, ევროპარლამენტართა სარეკომენდაციო წერილები და სხვა, რომელზე რეაქციიდანაც ცხადად ჩანს, რომ დასავლეთის რეკომენდაციებს ახალი მთავრობა არც ისე დიდი ხალისით ეკიდება. პარალელურად კი ე.წ. კულტურული ურთიერთობების აღდგენის დევიზით საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი მოსკოვში, კრემლში მართავს კონცერტებს. ეს უცნაური პარალელები არა მხოლოდ ახსნას, არამედ დასაბუთებასაც მოითხოვს,რასაც მხოლოდ საქმე თუ გამოაჩენს. დეკლარაციებს აქ უკვე ბევრი აღარაფერი შეუძლია.
სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა, სამართლის აღდგენამ და ა.შ. ზოგჯერ ბუნებრივად, ზოგჯერ, საეჭვოდ, ცოტა შორეულ პერსპექტივაში გადაინაცვლა, ხოლო ხელთ შეგვრჩა გაყინული კოაბიტაცია, ქართული ალკოჰოლური სასმელების შესამოწმებლად რუსეთიდან ჩამოსული “სანიტრები” და კრემლის საკონცერტო დარბაზის ოვაციები. ჯერჯერობით, ამ მოკლე დროში, შესაძლოა, მეტის გაკეთებას ჯადოქრობა სჭირდებოდა.
* * *
ხალხის ნაწილი, რომელმაც აქტიური პროტესტი გამოხატა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ერთ არასასურველ და მისთვისვე ავისმომტან განცდას ატარებს, ეს არის აგრესია და ზიზღი და მას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის წინსვლისა და მისი თავისუფლების გზაზე გაყვანის სურვილთან, რადგან აგრესიის სიჭარბე არ აძლევს საშუალებას, მოვლენებს ჯანსაღად შეხედოს. ამის გამო მისთვის პრინციპები და მისწრაფებები კი არ დგას წინა პლანზე, არამედ შურისძიებისა და თავკერძობის დამთრგუნველი ძალა. სწორედ ამ განცდის სიჭარბეს იგი ხშირად მიჰყავს ნიჰილიზმამდე და სასოწარკვეთილებამდე. ამ აგრესიის გამო იგი მზად არის, “ხელი მოაწეროს” არა - დემოკრატიულ, არამედ, დესტრუქციულ და ქვეყნისთვის, ანუ ხალხისთვის საზიანო ქმედებებს. ამ აგრესიის შედეგად იგი პერსპექტივას კი არ გაჰყურებს, არამედ ეგოიზმის ჩარჩოში იკეტება და მხოლოდ “მკვახე შეძახილებით” ირთობს თავს.
მსგავსება - განსხვავება
ძალზე დიდია განსხვავება ამ ორ მოვლენას - “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” და “ნაციონალურ მოძრაობას” - შორის და უპირველესი განმასხვევებელი ის არის, რომ “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” ავტორი და შემოქმედი ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო, რომელიც დისიდენტური წარსულიდან მოვიდა ხელისუფლებაში, თავისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდეალებით, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” სათავეში ედგნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური გამოცდილება, თუმცა, მათი მსოფლმხედველობა ძალზე შორს იდგა ჭეშმარიტად ეროვნული მსოფლმხედველობისგან. გარდა ამისა, მრგვალი მაგიდის მმართველობას ძალზე დიდი დაბრკოლება ჰქონდა საგარეო მხარდაჭერის მხრივ, გამომდინარე იმდროინდელი გლობალური პოლიტიკიდან და საბჭოთა კავშირის მიმართ ამერიკისა და დასავლეთის მიერ აღებული კურსიდან, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება კი უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა დასავლეთიდან და მათი ლობისტები განაპირობებედნენ ამ ძალის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობას. რა თქმა უნდა, ახლაც აქტიურად მუშაობდა დრო და ის პოლიტიკური ამინდი, რაც იდგა საბჭოთა კავშირის მიმართ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირიდან ახლად განთავისუფლებული ქვეყნის “საზოგადოებრივი ჰაბიტუსი” ძალზე მყიფე იყო, ახლა კი, 20 წლის შემდეგ, მიუხედავად არასახარბიელო წინსვლისა, ეს ჰაბიტუსი მაინც შეცვლილი და დაღვინებულია. სრულიად სხვაგვარად არის გახსნილი სივრცე - მედია, სოციალური ქსელები და ა.შ. - და ეს ღიაობაც, ბუნებრივია, თავის როლს თამაშობს.
* * *
საქართველოს დღევანდელი ვითარება არც ისეთი სავალალოა, როგორც ხალხის ერთ ნაწილს ეჩვენება და არც ისეთი საიმედო, რომ გულხელდაკრეფილები დაველოდოთ ახალი ხელისუფლების ქმედებებს. არც აპირებს ხალხი ასე გაჩერებას. განსხვავებით 90-იანი წლებისგან, საქართველოს გახსნილი აქვს გზა დასავლური სტრუქტურებისკენ, ხელისუფლებაში კი, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ერთმანეთი, პირისპირ უხდებათ ჯდომა და მოღვაწეობა ორ, შეიძლება ითქვას, სრულიად განსხვავებული ხასიათის პოლიტიკურ ძალებს და იმის მიხედვით, რამდენად მოინდომებს ხალხი თავისი ისტორიული არჩევანის და თავისი ეროვნული ფასეულობების დაცვას და ერთგულებას, წავალთ წინ ან დავიხევთ უკან.
ასეა თუ ისე, დემოკრატია სახეზეა, ძალაუფლება ხალხშია, ხოლო ჭეშმარიტი სამშობლო მოსაპოვებელია ყოველდღე და ყოველჟამს.
* * *
და კიდევ, ჭეშმარიტი სამშობლოს აშენებას და მოპოვებას თითოეული ადამიანის დიდი ძალისხმევა, დიდი სულიერი ინტენსივობა სჭირდება და მასზე უარის თქმას ლუარსაბობამდე მივყავართ, თანხმობა კი ისეთი საქმისკენ გვიბიძგებს, ილიას რომ ესათნოებოდა - საქმე სიტყვიანი უნდა იყოს და სიტყვა საქმიანი, სხვა ყველაფერი ფარისევლობა და ამაო ღაღადისი იქნება.
არ ვისურვებდი, ამაოებას დამეგობრებოდა ერი, რომელიც…