Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცეცხლთან თამაში

29 აპრილი 2013

ბიძინა ივანიშვილის გარშემო თითქოს არ არსებობს ადამიანი, რომელიც მას პირდაპირ ეტყვის რომ თითოეული ‘გულწრფელი’ საჯარო გამოსვლით ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მისი გარემოცვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრემიერ მინისტრი არ გააღიზიანოს, ის თავის მხრივ ყველაფერის ფასად ცდილობს, რომ პუტინი და კრემლი არ გააღიზიანოს, არჩევნებიდან 7 თვის თავზე კი ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს უკვე აღიზიანებს.

თუ პრემიერის ბოლო ინტერვიუს გადავხედავთ, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციიდან რუსეთის – როგორც საფრთხის ამოღება, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების სავარაუდო მომზადება და საქართველოს მთავარსარდლის დამცირება იყო ის საკითხები, რომელზე საუბრის დროსაც ივანიშვილმა კვლავაც დაუშვა შეცდომები, რამაც ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესი და იმიჯი უკვე დააზარალა. თუმცა, ასეთი რამ უკვე იმდენჯერ მოხდა,  ჩნდება ეჭვი, რომ ეს სულაც არ არის შეცდომა.

საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციიდან რუსეთის, როგორც საფრთხის ამოღება, სიმართლეს არ შეესაბამება.  რაც თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ უკვე დაადასტურა. მისი განცადებით, კონცეფციაში მსგავსი ცვლილება არ მომხდარა და საქართველოს სამხედრო დოქტრინაში რუსეთი კვლავაც ფიგურირებს, როგორც საქართველოს მთავარი საფრთხე. 

მაშინ რაში დასჭირდა პრემიერ მინისტრს ისეთი რამის თქმა ინტერვიუში, რაც არ მომხდარა?  უკეთეს შემთხვევაში მას ინფორმაცია არ ჰქონდა, ან მოატყუეს, უარეს შემთხვევაში კი ეს იყო გამიზნული განცხადება და გზავნილი, როგორც კრემლისთვის ისე დასავლეთისთვის. როგორც არ უნდა ყოფილიყო, აშკარაა  პრემიერის სურვილი – რუსეთი, როგორც საფრთხე დოკუმენტებში არ ფიგურირებდეს, რაც ერთგვარად რეალობის დამახინჯებისა და საზოგადოებრივი სიფხიზლის დაჩლუნგების მცდელობაა.  სინამდვილე კი ასეთია: რუსეთი არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი მხრიდან არსებობს სამხედრო ინტერვენციის საფრთხე და მოსკოვი მზადაა ნებისმიერი საშუალებით შეაჩეროს საქართველოს  დასავლური ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი.

თუმცა, პრემიერის მხრიდან ყველაზე მტკივნეული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი  ის განცხადება იყო, რომლითაც მან დაადასტურა საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების მომზადების შესაძლებლობა და ეს ყველაფერი ბოსტონის ტერაქტიდან ერთი კვირის თავზე გააკეთა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ტერაქტი ჩეჩნებმა მოაწყვეს. რუსულმა პრესამ უმალ აიტაცა საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადების პირველი ნაწილი, რომ შესაძლოა წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში ტერორისტებს წვრთნიდნენ. თუმცა, ცოტამ თუ ახსენა მეორე ნაწილი, სადაც ივანიშვილი განმარტავს, რომ ეს სახალხო დამცველის ინფორმაციაა და პირადად ის არც უარყოფს და არც ადასტურებს.  თუმცა ეს სათვალავში ჩასაგდები აღარაა, რადგანაც საქართველოს ინტერესმა და რეპუტაციამ უკვე იზარალა, ვინაიდან ივანიშვილმა ნებით თუ უნებლიედ კრემლს დაუდასტურა ის ინფორმაცია, რის დადასტურებასაც მოსკოვი ამაოდ ითხოვდა შევარდნაძისგან თუ სააკაშვილისგან.

ნაწილობრივ გასაგებია პრემიერ მინისტრს სურვილი – სააკაშვილის ხელისუფლება ომის დაწყებაში, ტერორისტების მომზადებასა თუ სხვა ანტი–სახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულოს, თუმცა გაუგებარია რატომაა ეს სურვილი უფრო ძლიერი ვიდრე ის, რომ საქართველო ინტერესების დასაცავად საჭიროების შემთხვევაში მან სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებიც დაიცვას. დროა ახალმა ხელისუფლებამ გაითავისოს ერთი რამ: სააკაშვილის ხელისუფლების თითოეულ შეცდომასა თუ დანაშაულზე  ქვეყნის შიგნით თავად სააკაშვილი და მისი გუნდი აგებს პასუხს, თუმცა ქვეყნის გარეთ მათზე პასუხისმგებლობა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ეკისრება. ამიტომაც, საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ შესაძლოა სააკაშვილის ხელისუფლება ტერორისტებს წვრთნიდა და მათთან თანამშრომლობდა, იგივეა, რომ აღიარო საქართველოს პასუხისმგებლობა ტერორიზმზე, რაც ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებსა და იმიჯს სერიოზულად აზიანებს.

I hate President Obama, but respect the office (პრეზიდენტ ობამას ვერ ვიტან, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტს  ვცემ პატივს) – ეს ფრაზა ხშირად მომისმენია ამერიკაში რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან მწვავედ აკრიტიკებენ პრეზიდენტს, არასდროს გადადიან შეურაცხყოფაზე, იმიტომ კი არა რომ კონკრეტული პრეზიდენტი ამას არ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ შეურაცხყონ. 26–ი მაისის აღლუმზე საუბრისას პრემიერ მინისტრმა აბუჩად აიგდო პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარ სარდალი, რითაც მან შეურაცხყოფა  არა მხოლოდ პიროვნებას არამედ ინსტიტუტსაც მიაყენა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა მოიქცეს ქვეყნის ლიდერი.

შესაძლოა ივანიშვილს ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სძულდეს პრეზიდენტი სააკაშვილი, თუმცა როგორც პრემიერმა ასევე ქართულმა საზოგადოებამ უნდა იპოვოს შინაგანი ძალა იმისთვის, რომ ყოფილი ხელისუფლების სიძულვილს საქართველოს ინტერესები არ გადააყოლოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^