გულწრფელი „ხულიგნები“ და პოლიცია
უკვე ორი დღეა ყველგან პირველი მაისის დემონსტრაციაზე და იქ მომხდარ ინციდენტზე საუბრობენ, ზოგი იწონებს სტუდენტების საქციელს და გმობს პოლიციისას, ზოგი პირიქით, მე კი მგონია, რომ ეს ძალიან კარგი პროცესია ორივე მხარისთვის, ამიტომ საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და აღვნუსხოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რათა მომავალში უკეთ მომზადებულები შევხვდეთ მსგავს მოვლენებს:
1. პირველი მაისის აქცია შედგა, ახალგაზრდებმა თავის (მოკლევადიან) მიზანს მიაღწიეს.
2. კარგია, რომ სტუდენტები თავხედობენ, რადგან კოსტიუმში გამოწყობილი კარიერისტი სტუდენტი საშიშია საზოგადოებისთვის.
3. ზოგიერთ მათგანს სურდა პატარა პროვოკაცია გახურებისთვის და შეძლეს კიდეც ამის გაკეთება.
4. კედელზე რაღაცეების მიხატვაში, მანქანის შუშის გაბზარვაში და გზის გადაკეტვაში (თუ ზარალს აანაზღაურებენ ) მე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ მე კანონი არ ვარ, კანონი კი სამივე ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაზე რეაგირებას ითხოვს, ამიტომ ან ნორმების ცვლილება უნდა მოითხოვონ, ან შეეგუონ, რომ ხანდახან დააკავებენ–ხოლმე (რაც მგონი დიდად არც აწუხებთ ).
5. სავარაუდოდ ყველასთვის უფრო მისაღები იქნებოდა თუ პოლიცია ხელს შეუწყობდა აქციის მსვლელობას და პატარა დარღვევებზე თვალს დახუჭავდა (ცხადია ჯოხებით ფარიკაობას, ბოთლების სროლას და ჭიდაობას არ ვგულისხმობ, ამგვარი ქმედებები კონტექსტის მიუხედავად ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად დასჯადია), თუმცა ეს პრინციპულად არასწორი პოზიციაა, რადგან ერთი მხრივ პოლიციას კიდევ უფრო რყვნის (თანაც სხვა კუთხით, რომელიც ეხლა აღარ ახსოვთ), მეორე მხრივ მომიტინგეებს სხვის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდის და პრობლემის სამართლებრივ მოგვარებას ავადებს.
6. რახან ჩვენი მოსაწონი შს მინისტრი 20 წლის მანძილზე არ გამოჩნდა, საბოლოოდ უნდა მივხვდეთ მოქალაქეებიც და ხელისუფლებაც, რომ პრობლემა არა ადამიანში, არამედ სისტემაშია, შესაბამისად ურთიერთბრალდებებს და შეურაცხყოფას ჯობია გამოსავალზე ვიფიქროთ.
7. პოლიციელებს კომპეტენციის პრობლემა აქვთ და სასწრაფოდ სჭირდებათ გადამზადება. არ შეიძლება მომიტინგის გამოხტომებს პირად შეურაცხყოფად აღიქვამდე და კანონი ის გეგონოს რასაც ჩინით შენზე მაღლამდგომი გეუბნება, თან იმასაც შენებურად აღიქვამდე. სანამ ეს მოხდება არჩევანი მწირია, ან ასეთ პოლიციასთან შეგუება გვიწევს, ან პოლიციის გარეშე ცხოვრება.
8. მიუხედავად უხეშობისა, საბოლოო ჯამში პოლიციაც გაგებით მოეკიდა სტუდენტთა პროტესტს და მომიტინგეები ხელწერილით გაათავისუფლა (ჩემი აზრით ზოგიერთი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ასე არ მიუდგნენ), რაც სულ რაღაც 7–8 თვის წინ წარმოუდგენელი იყო.
9. სახელმწიფომ პოლიციელთა განაწყენების შიშით, სისტემის რეფორმირებასა და მკვეთრ ნაბიჯებზე უარი არ უნდა თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლოს ყველა ნაწყენი დარჩება, პოლიციელიც და მოქალაქეც.
10. ვინც 1 მაისს 26 მაისს ადარებს, იმკურნალოს.
11. უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიციას არ ექნებოდა დემონსტრანტთა მიმართ პრეტენზია გზაზე, რომ არ გადმოსულიყვნენ და ცოტა არ წაეხულიგნათ, სამას კაციანი მიტინგი არავის უქმნის დისკომფორტს, მითუმეტეს სამასი ახალგაზრდა სოციალისტური ლოზუნგებით.
12. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მიტინგის შედეგად ახალგაზრდებმა პირველი მაისის და საკუთარი მოთხოვნების პოპულარიზაცია მოახდინეს, პოლიციამ კი პიარული თვალსაზრისით ფიასკო განიცადა, თუმცა როდესაც პოლიცია და სტუდენტები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ცხადია მოსახლეობის სიმპათია ყოველთვის პირველისკენ იხრება. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება საზოგადოებამ ხელი ჩაიქნიოს და პოლიციელის მკაცრად უარყოფითი სტერეოტიპი შექმნას, რადგან ეს მხოლოდ გადაავადებს მათ მენტალურ და სამართლებრივ რეფორმირებას.
მიუხედავად ყველაფრისა, ცხადია, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი გამოცოცხლდა და იმედი მაქვს მისი მოკვლის საშუალებას აღარც ახალგაზრდები, აღარც პოლიციელები და აღარც ჩვენ დავუშვებთ.