Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორხმიანობა შრომის კოდექსზე

08 მაისი 2013

შრომითი ურთიერთობების რეგულირებასთან დაკავშირებით ძველი ხელისუფლება ძირითადად ერთ, მემარჯვენე-ლიბერტარიანულ ხმაზე გვესაუბრებოდა. ამჟამინდელი ხელისუფლებაში კი - ერთი მინისტრის ხმა მეორე მინისტრის ხმას ემიჯნება, ოფიციალური განაცხადს კი ჩრდილოვანი განცხადებები ერთვის. მაშინ როცა მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილი შრომის კოდექსის მომდევნო ცვლილებებს განიხილავს, ჩვენი განათლების მინისტრი თურმე სტუდენტებს საპირისპირო ნარატივით კვებავს. გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით:  "პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი“.

ზოგადი სამთავრობო პოზიცია შრომის კოდექსის ცვლილებეთან დაკავშირებით მისასალმებელია. თეა წულუკიანის უკანასკნელი ინტერვიუდან იკვეთება, რომ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი კარგად აცნობიერებს შრომის კოდექსის კომპლექსურ მნიშვნელობას სოციალური თანასწორობის, გენდერული თანასწორობის და დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით. იმედია, მარგველაშვილის პირადი შეფასება რეფორმას ვერ შეაჩერებს, თუმცა სასაცილო და ცოტა სამარცხვინოა როდესაც მსგავს სტრატეგიულ საკითხებზე მინისტრები ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს საჯაროდ აფიქსირებენ. დიალოგი, დისკუსია და დებატები მთავრობის შიგნით, მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა მთავრობის წევრთაგან ჩრდილოვანი, არაპირდაპირი კრიტიკის პროდუქტიულობასა და კონსტრუქციულობა საეჭვოა. ასევე სამწუხაროა, რომ ლიბერტარიანულ კომენტარებს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც ვისმენთ.  ის რაც გვეგონა „გადავირჩიეთ“ - ანუ ბაზრის, დამსაქმებლის, ბიზნესმების, მდიდრის, ინვესტორის, და მსგავს კატეგორიათა კულტი - კვლავ ძალაშია. ეს ინციდენტი იმაზეც მეტყველებს, რომ რადიკალურად მემარჯვენე- ლიბერტარიანული, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის მიერ თავსმოხვეული ბაზრის უზენაესობის დისკურსი ჩვენს საზოგადოებაში კვლავ საკმაოდ ძლიერია.

კლასიკური ეკონომიკური მემარჯვენეობის 70-იანი წლების შემდგომ გავრცელებული ფორმის, ნეოკლასიკურ თეორიებზე დამყარებული ნეოლიბერალიზმის პრობლემა სოციალური მეცნიერების ზოგიერთი თეორიის უპირობო ჭეშმარიტებებად გამოცხადებაა. მთავრობისგან და რეგულაციებისგან თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი პრინციპები ხშირად ეკონომიკურ „კანონებად“ გვევლინება და განხილვას არ ექვემდებარება. ისიც უნდა ითქვას, რომ მემარცხენეობის ზედმეტად იდეოლოგიზირებული ფორმებიც ხშირად მსგავს შეცდომას უშვებს. ქვეყნის თუ რეგიონის ისტორიული და შედარებითი მაგალითებით მსჯელობის ნაცვლად, ხშირად უბრალოდ იდეოლოგიზირებული პოზიციების დაფიქსირებით შემოვიფარგლებით. პოლიტიკოსებსაც აკადემიკოსებსაც და მოქალაქეებსაც ავიწყდებათ სოციალური მეცნიერების მთავარი თვისება: სოციალურ მეცნიერების არც ერთი თეორია ჭეშმარიტება არ არის. ამიტომაც მხოლოდ კონკრეტული პრობლემის, კონტექსტის, გამოცდილების დეტალური ანალიზის მიხედვით შეიძლება ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვა.

 იდეოლოგიები რომ გვერდით გადავდოთ, ღირებულებებს უნდა დავაკვირდეთ. ძალიან თუ გავამარტივებთ, სოციალურ-ეკონომიკური წყობის ყველა ფორმა ერთსა და იმავე დიად მიზანს ემსახურება. თავისუფალი ბაზარიც კეთილდღეობის აღორძინებას გვპირდება და რეგულირებული თუ დაგეგმილი ეკონომიკური მოწყობაც.  განსხვავება ისაა, რომ თავისუფალ-შეუბოჭავი ბაზრის, ან ნეოლიბერალიზმის მხარდამჭერ არგუმენტებს დანარჩენი არგუმენტებისგან (სხვა მრავალ ნიშანთან ერთად) აწმყოს, წარსულის და მომავლის მიმართ საინტერესო და პარადოსქული მიდგომა ახასიათებს. მსგავსი ლიბერალიზმი კეთილდღეობას გვპირდება მომავალში, აწმყოში უთანასწორობის მოთმენის და მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებს, და რამდენადაც ნეოლიბერალიზმი და კულტურული კონსერვატულობა შეწყვილებულია, ტრადიციული სოციალური იერარქიების დაცვასა და შენარჩუნებასაც გვავალებს. შესაბამისად, სამომავლო დაპირებები კეთილდღეობის შესახებ არალოგიკურად ებმის არსებული უთანასწორობის შენარჩუნების იმპერატივს. ღარიბებს ერგებათ იმედები და მდიდრებს ის, რაც უკვე აქვთ. რეგულაციის და ინტერვენციის მიზანი სწორედ აწმყოში არსებული უთანასწორობის და უსამართლობის დაძლევა და შეცვლაა. მისასალმებელია კამათი რეგულაციის ფორმებსა და სახეებზე, სავარაუდო შედეგებსა და ეფექტიანობაზე, სამწიხარო ის არის, რომ ცვლილების საწინააღმდეგო არგუმენტები დამსაქმებლის ინტერესების დაცვას ვერ ცდება.

სტატიაში მოყვანილ საწყის პრობლემას, შრომის კოდექსის შეცვლა-არშეცვლის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ცვლილებების მიმართ ნეოლიბერალური/ლიბერტარიანული კრიტიკის საფუძვლებს შეგვიძლია შევხედოთ. ამ კრიტიკის მთავარი თეზა ცხადია: დასაქმებულის უფლებებს თუ გავზრდით, დამსაქმებელი გაგვექცევა, გაკოტრდება ან მოგება შეუმცირდება, რაც ინვესტირების შესაძლებლობებს შეუზღუდავს. მსგავსი კრიტიკის ყველაზე მარტივი ტესტი არსებული რეალობის და გამოცდილების გადასინჯვაა.  უკვე მეშვიდე წელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს. რა შეცვალა ამ კოდექსმა შრომითი ურთიერთობების სტრუქტურაში? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი - უმუშევრობის დონე - შემცირების ნაცვლად გაიზარდა და 2010 წელს 16 პროცენტს მიაღწია. ამ თავისთავად შემაშფოთებელ ვითარებასთან ერთად იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი და მოწყვალადი ნაწილი, რურალური მოსახლეობა „დასაქმებულად“ ითვლება, უმუშევრობის პრობლემის სიმწვავე კიდევ უფრო ცხადი ხდება. მეტიც, დასაქმებული მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი თვითდასაქმებულია და ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ არ შეცვლილა (90-იანი წლების ბოლოს დაახლოებით 50 პროცენტი იყო თვითდასაქმებული). დაქირავებით დასაქმებულთა პროპორციაც არ გაზრდილა. მათი წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში  1998 – 2010 წლებში 42 პროცენტიდან 37 პროცენტამდე შემცირდა. ანუ, ინვესტორების „ხელშეწყობას“ დაქირავებულ მუშაკთა რაოდენობის ზრდა არ გამოუწვევია. სავარაუდოდ ბევრ დამსაქმებელს დაქირავებულთა რაოდენობის გაზრდა არც დასჭირვებია, რადგან ადვილად შეეძლო არსებული მუშახელის შრომის ექსპლოატაცია, 14 საათიანი სამუშაო დღის დაწესება და ყველა „დაუმორჩილებელი“ მუშაკის ახლით ჩანაცვლება. სამაგიეროდ, მუშათა უფლებები უხეშად ირღვეოდა, ხელფასებზე და სამუშაო პირობებზე მოლაპარაკების არავითარი მექანიზმი არ არსებობდა, რასაც დიდი წვლილი მიუძღვის ზოგადი უთანასწორობის ზრდასა და სიღარიბის დაუძლევლობაში. ლიბერალური, ან მშრომელთა უფლებების შემლახველი შრომის კოდექსი ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის მცირე ნაწილის ხელში დარჩეს კონცენტრირებული და რედისტრიბუცია ან მოგების ნაწილის მშრომელთათვის გადანაწილება, ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა თავიდან იქნას არიდებული.

2006 წელს მიღებული შრომის კანონმდებლობის რეალურ შედეგთა ღრმა და კომპლექსური ანალიზი ამ სტატიის ფარგლებს ცდება, თუმცა ზედაპირული ანალიზიდანაც კი კარგად ჩანს, რომ ამ კოდექსს ინვესტორები დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდისკენ არ წაუხალისებია, დასაქმებულთა ინტერესები კი ილახებოდა. დამატებით, ცვლილებების მოწინააღმდეგეები ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკური, ეთნიკური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. კანონი, რომელიც დამსაქმებელს არ ავალდებულებს ტრანსფარენტული და სამართლიანი დაქირავებისა და გათავისუფლების პროცედურების შემოღებას, რეალურად ხელს უწყობს ნეპოტიზმს, კორუფციასა და დისკრიმინაციას საჯარო და კერძო სექტორებში. კანონის მსგავსი ხარვეზების ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი იყო განათლების სამინისტროდან მაია მიმინოშვილის დათხოვნა. სულ რომ არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მაინც სამარცხვინოა, როდესაც მინისტრს ან რომელიმე დამსაქმებელს დასაქმებულის ერთ დღეში, მიზეზების დეკლარირების გარეშე დათხოვნის უფლება აქვს. საჯარო მოხელეებს მსგავსი ვითარება არასტაბილურ გარემოს უქმნის და პოლიტიკური ზეწოლოსგან დაუცველს ტოვებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი არასტაბილური, პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად შევიწროებული საჯარო სექტორი სუსტი, ნაკლებად გამოცდილი და ნაკლებად პროფესიონალურია.

დაბოლოს, უნდა გავიხსენოთ, რომ ზოგადად სოციალური უფლებების დაცვა და საინვესტიციო გარემოს შექმნა შრომის კოდექსის გარდა, არაერთ გარემოებაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში არც შრომის კოდექსის ლიბერალურობაა ინვესტორების პანაცეა და არც რეგულირებული შრომითი ურთიერთობებია სოციალური უფლებების დაცვის ერთადერთი გარანტი. ინვესტიციების, წარმოების ხელშეწყობას, ინვესტორებისთვის ექსპუატაციის უფლების მინიჭების მაგივრად, კარგ საინვესტიციო გარემოს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა, ელიტური კორუფციის აღმოფხვრა, კრედიტის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უკეთესი სახელმწიფო არბიტრაჟი და სხვა მრავალი რამ სჭირდება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ყველა სექტორი პოლიტიკური ელიტის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, და რასაც „დამსაქმებლის ინტერესების“ სახელით იცავდნენ, სინამდვილეში თითზე ჩამოსათვლელ პოლიტიკოსთა კერძო ინტერესების დაცვა გახლდათ.  

სოციალური უთანასწორობის და სოციალური დაუცველობის, ასევე მშრომელთა უფლებების პრობლემების მოსაგვარებელად მისაღები ზომების სია გრძელია. საკამათო და განსახილველი კიდევ უამრავი რამ არის, თუმცა, მგონია რომ უშედეგოა პოლემიკის ნეოლიბერალურ ან ლიბერტარიანული დისკურსის ჩარჩოებში ჩარჩენა. მსგავსი არგუმენტები მხოლოდ ეკონომიკური თეორიის რომელიღაც ზოგად „ჭეშმარიტებაზე“ დაყრდნობით  რეალურ ცვლილებებს ეწინააღმდეგება და უკვე არსებულ გამოცდილებას უგულებელყოფს. სხვა რომ არაფერი, მსგავსი არაინფორმირებული და იდეოლოგიზირებული არგუმენტაცია დღევანდელ ხელისუფლებას შრომის კანონმდებლობის ცვლილებების დახვეწაში ვერ დაეხმარება. ცვლილებები კი დღესვე გვჭირდება და არა იმ საოცნებო მომავალში, სადაც ინვესტორები იმდენად გამდიდრდებიან რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მშრომელებზე, უმუშევრებზე, ღარიბებზე და უპოვრებზეც კი იფიქრონ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^