ნებისმიერ შემთხვევაში კულტურა ტოტალიტარულია. იგი ჩვენზე ყოველ წუთს ძალადობს და გვაიძულებს უარი ვთქვათ არჩევანსა და შესაბამისად ადამიანობაზე, თუმცა იგი ხშირად არჩევნითაც მანიპულირებს. მეტიც - კულტურა არა მარტო ძალადობს ჩვენზე არამედ ძალადობს ჩვენი მეშვეობითაც. ამავდროულად კულტურა არსებითად ირაციონალურია. სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ კაცს შედარებით მშვიდი ცხოვრების საშუალება გეძლევა, მაშინ როდესაც კულტურის ძალადობა შებოჭილია რაციონალური ინტიტუტებით, როგორიც, მაგალითად, ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის კონცეპტებია.
ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, იმდენად, რომ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ჯერ კიდევ ვერ შევქმენით სრულფასოვანი საზოგადოება. რთული ამბავია. ამიტომაც, ეს წარუმატებლობა მუდმივად ვიღაცას უნდა დაბრალდეს. ამიტომაც ვიღაცეები ხან სამშობლოს გვართმევენ, ხანაც ქალიშვილობას (სხვათა შორის, ძალიან სიმპტომატურია ულვაშიანი ძიების ვიშვიში ამ უკანასკნელზე. თითქოს ეს წინააღმდეგობრივი ფრაზაა, მაგრამ რეალურად ზუსტად აღწერს სინამდვილეს, ქალწულობის აპკი, ეს ხომ ქართველი კაცების ნადავლია, გამარჯვების სიმბოლო და საკუთარი ძალაუფლებით ტკბობის მარკერი. ამიტომაც თუ ვინმე მას შენზე ადრე დაეუფლება იგი ,,წაგერთმევა’’), ხანაც - ტრადიციებს.
რა თქმა უნდა, სისულელეა და არავითარი სამი საუნჯე არ მიგვიღია მამა-პაპათაგან. ერთადერთი რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცა ეს არშემდგარი საზოგადოების კომპლექსებია. ამ ფონზე კი იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, დავსვათ კრიტიკული კითხვები, გავიაზროთ ჩვენი როლი და ადგილი, ვზივართ და ფანტომებს დავდევთ, ოღონდ მჯდომარენი დავდევთ.
ადორნო და ჰორკჰაიმერი ,,განმანათლებლობის დიალექტიკის’ ’ერთ-ერთ თავში, რომელსაც ,,ანტისემიტიზმის ელემეტები’’ ჰქვია, ასეთ რამეს წერენ: ,,ფაშისტებისთვის, ებრაელები უბრალოდ უმცირესობა კი არიან, არამედ ანტირასა, უარყოფის პრინციპი, როგორც ასეთი, რომელთა ამოხოცვაზეც უნდა იყოს დამოკიდებული, სამყაროს ბედნიერება.’’ დაახლოებით ასეთ მოვლენად კონსტრუირდება ჩვენში ჰომოფობია. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირზე ფუნდამენტალისტები თავს დაესხნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ მსვლელობას. ირონიულია, რომ სწორედ ეს მანიფესტაცია გახდა ჰომოფობების თავდასხმის ობიექტი. პოლიცია უძლური იყო და უხალისოდ ირჯებოდა, რომ არა სამსახურებრივი ფორმები, თვითონაც ბედნიერად შეუერთდებოდა ამ თავდასხმას. და აქვე ბოდიში მომითხოვია თავდამსხმელთა ,,ფუნდამენტალისტებად’’ სახელდებისათვის, რადგან ეს მათ მარგინალურ ვიწრო ჯგუფად დაგვანახებს, არადა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უთანაგრძნობდა მათ. ამ პირობებში სახელმწიფო ავლენს საკუთარ უძლურებას, უძლურებას რომელიც იმავე ავტორებს რომ დავესესხოთ უძლურების მტრებს იზიდავს. ეს მტრები კი ძალაუფლების მპყრობელები, უმრავლესობის წარმომადგენლები არიან, ძალაუფლება ხომ უძლურებით საზრდოობს, ჩაგვრით, რომელიც სისტემურ ძალადობად გარდაიქმნება.
2013 წელსაც დადგება 17 მაისი. დაანონსებულია აქცია პარლამენტის შენობასთან, ისევე როგორც ცნობილია კონტრდემონსტრანტების გეგმები. საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებულები იქნებიან, ალბათ არ დაუშვებენ ფიზიკურ შეხებას, მაგრამ არსებითად ეს არაფერს ცვლის. რადგან სახელმწიფო თავისი არსით ჰომოფობი, არაინკლუზირი და დისკრიმინატორია, მას LGBT იდენტობის პირები სისხლის გადასხმის რისკ ჯგუფში ყავს შეყვანილი, ჯიუტად ცდილობს არ აღიაროს მათი ოჯახური ცხოვრების კანონიერება, აიძულებს ჩვენება მისცეს პარტნიორის წინააღმდეგ (მაშინ როცა ქორწინებაში მყოფ პირებს ამის ვალდებულება არ აქვთ), არ აღიარებს მათ ერთმანეთის კანონით მემკვიდრეებად და სხვა.
ისევ ადორნოსა და ჰორკჰაიმერის სიტყვებით რომ დავასრულოთ: ,,ებრალები თვლიდნენ, რომ ანტისემიტიზმი მხოლოდ წესრიგს ამახინჯებს, არადა თვით ამ წესრიგს არ შეუძლია ადამიანების დამახინჯების გარეშე არსებობა. ებრაელების დევნა - ისევე როგორც საერთოდ დევნა - და ასეთი წესრიგი ერთმანეთისგან განუყოფელია. ის ძალადობა, დღეს რომ გამოაშკარავდება, ამ წესრიგის არსია, სადაც არ უნდა იმალებოდეს ის დროდადრო.’’ ამჯერად ეს ,,წესრიგი’’ ჩვენში იმალება და ჩვენ გვაფარებს თავს.