წერილი ეძღვნება ცნობილ ქართველ ჰომოფობებს: დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ზვიად ძიძიგურს, სოსო ჯაჭვლიანს, ლუკა კურტანიძეს, რეზო ამაშუკელს, მართლმადიდებელ მშობელთა ექსტრემისტულ კავშირს...
ასევე ეძღვნება ლადო სადღობელაშვილს, გიორგი გაბედავას და სხვა წვრილ-წვრილ ჰომოფობებს
რაც მთავარია, წერილი ეძღვნება არაერთ, მეტიც, უამრავ გეის თუ ბისექსუალს, რომელიც ამჟამად მსახურობს ეკლესიაში და თან უერთდება მრევლის აქცია-მოძრაობას 17 მაისს, ნამდვილი თავისიანების - ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ.
გუშინ გავიგეთ, რომ ავღანეთში კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ. უფრო ადრე გვამცნეს, შიმშილით (ოფიციალური ვერსიით „არასრულფასოვანი კვებისგან გამოწვეული დარღვევებით“) ბავშვი დაიღუპა. გურჯაანში 10 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურეს. ამა და ამ პარტიის წარმომადგენლები სცემეს. იმა და იმ პარტიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს. დევნილმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. დაკავებული წამების დროს შემოაკვდათ, ხოლო გაწამებული - დაკავების დროს...
იმის თქმა მინდა, რომ ძალადობა ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბანალურ ამბად იქცა. მოხდება რაღაც კატასტროფა, გავეცნობით ნიუსს, „აა, უი, კიდეევ?“ - გავიფიქრებთ და ეგაა. ძალადობა იქცა ყველაზე შეუმჩნეველ საუნდტრეკად ჩვენს ყოველდღიურობაში. ხშირ შემთხვევაში კი თავად საზოგადოებრივი ნება და სურვილი ხდება ამ საუნდტრეკის შემოქმედი.
2012 წლის სექტემბრის სტუდენტურ აქციებში მონაწილეობისას, ათიათასობით ახალგაზრდას ვხედავდი ლოზუნგით: „არა ძალადობას“ და მაშინ მართლა მჯეროდა, რომ ამ ათასობით ადამიანს, ვინც საპროტესტო აქციებს ვაწყობდით, ძალადობის სიძულვილი და მშვიდი თანაცხოვრების სურვილი გვაერთიანებდა. ყოველ შემთხვევაში, თავშიც კი არ მინდოდა გამევლო ფიქრი, რომ იქნებ სინამდვილეში მათი დიდი ნაწილი პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაზე, მამაკაცზე, როგორც უმაღლეს ძალაზე ძალადობამ აღაშფოთა მხოლოდ. არათუ ძალა დაგმეს, არამედ პირიქით, ძალის დაჩაგვრა ვერ აიტანეს. მაშინ ამ აზრს არ ვუშვებდი და მეც მათთან ერთად გავიძახოდი: „არა ძალადობას, სისტემა უნდა დაინგრეს!“.
***
ფობია - შიშია, სიძულვილია. ადამიანებს გვეშინია არა იმდენად იმის, რომ სადღაც საფრთხე არსებობს, არამედ იმის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ საფრთხისგან თავის დაცვა. გვძულს არა წარმოსახვითი ბუა, არამედ საკუთარი თავი, რომელიც უძლურია ამ ბუას წინაშე. ჰომოფობია არის არა იმდენად სხვა გეის სიძულვილი, რამდენადაც შიში, რომ აი აქ, სადღაც, საკუთარი გულის სიღრმეში შენშიც არსებობს გეი, რომელიც ეს ესაა დაინახავს სხვა, მეორე გეის და წამოყოფს თავს, იცნობს თავისიანს. ამიტომაა, რომ სრულიად გასაგებად მიმაჩნია 17 მაისის აქციის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი: „აკეთეთ რაც გინდათ, მაგრამ არა საჯაროდ“.
ადამიანისთვის, როგორც სოციალური არსებისთვის, რომელიც უდაბნოში განდეგილად არ ცხოვრობს და სხვა ადამიანებთან ერთად იზრდება, საჯარო სივრცეში არსებობა აუცილებელი პირობაა სრულფასოვანი განვითარებისთვის. ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ, ვიზიარებთ ცოდნას, მოსაზრებებს, ვკამათობთ და ვვითარდებით. ამ პირობის ჩამორთმევის უფლება არავის აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საჯარო არსებობა აფრთხობს სხვებს, მათ, ვისაც ეშინიათ, რომ ერთ დღესაც მოვა უცნობი შენი მსგავსი და გეტყვის: „უი, შენც აქ ხარ? ვის ემალები?“ - და გაგიღიმებს.
17 მაისი არ არის გეი აღლუმის დღე. ესაა საერთაშორისო დღე ჰომოფობიის წინააღმდეგ. რა გასაკვირია, რომ ამ აქციას ყველაზე მეტად სწორედ ჰომოფობები უპირისპირდებიან, ისინი, ვისაც ეშინიათ პირველ რიგში საკუთარი თავის. წლევანდელ 17 მაისს კი წინ საკმაოდ საინტერესო მორიგი გეი-სკანდალი უძღოდა - ფარესაშვილის საქმე.
დიდხანს ვყოყმანობდი, უნდა დამეწერა თუ არა გიორგი ფარესაშვილის საქმეზე. ამბავი ერთდროულად ტრაგიკულია და თანაგრძნობას აღგიძრავს, მეორეს მხრივ კი უბრალოდ - გაბრაზებს ადამიანს და ფიქრობ: უნდა შემეცოდოს კი?
საქმე ისაა, რომ გიორგი ფარესაშვილი გახლავთ ერთ-ერთი იმ უთვალავი აქტივისტისგან, რომელიც წლების განმავლობაში მოძღვრავდა ერს სხვადასხვა ეროვნული, შოვინისტური თუ რელიგიური მოწოდებებით, აყენებდა საკუთარ თავს ერის მორალის სადარაჯოზე და მაგალითად, თავის ჰომოფობ თანამოაზრეებთან ერთად აარსებდა ორგანიზაციას ასეთი სახელწოდებით: „მამული, ენა, სარწმუნოება“. გადის დრო და უცებ ვიგებთ, რომ ადამიანი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ჰომოფობიური სიძულვილით წამლავდა საზოგადოებას, თავად იყო დაკავებული მამაკაცთან სექსით. ეს არის ფაქტი, რაც ვნახეთ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ადამიანზე. თუმცა ამ ერთმა ფაქტმა გაგვიჩინა შეკითხვა: ამასობაში სად არიან სხვები, მისი თანამოაზრეები? რას აკეთებენ? შეკითხვები მით უმეტეს ბუნებრივად გაჩნდებოდა ისეთ ქვეყანაში, სადაც, მარტივად რომ ვთქვათ, ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის.
გაჩნდა შეკითხვა სახელმწიფოს მიმართაც: საიდან გავრცელდა ეს ვიდეო? ვინ ჩაწერა? სად არის პროკურორის შეპირებული განადგურებული არქივი, რომელიც უამრავი სხვა ჰომოსექსუალის (და არა მხოლოდ) პირად კავშირებს ასახავს? რა ბედი ელის სხვებს? ანდაც, მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი, ვისაც თავისი წვლილი მიუძღვით ადამიანების სიძულვილით კვებაში. ოჯახი თუ მეგობრები, პოლიტიკოსები თუ სხვა საჯარო პირები გრძნობენ თავის წილ პასუხისმგებლობას ფარესაშვილის ტრაგედიაში? თუ მართლა შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი იყოს?
ამ კითხვებზე ფიქრის ნაცვლად საზოგადოებას ახალი საქმე გამოუჩნდა, სიძულვილის ახალი ობიექტი - 17 მაისის აქცია. პასუხები კი, რომელიც რეალური პრობლემის, არა ჰომოსექსუალობის, არამედ სიძულვილის იდენტიფიცირებასა და გაანალიზებაში უნდა დაგვხმარებოდა, ახლა სადღაც ჰაერშია გაფანტული და დაფრინავს. ამასობაში ჰომოფობი აქტივისტები ხელებს იფშვნეტენ. ზოგი მათგანი იმდენად კომიკურ სიტუაციაში ვარდება, რომ „პიდარასტების“ სალანძღავად, მორალის სადარაჯოზე, ცნობილი გეი მსახიობის, ჯეიმს დინის მაისურითაც კი ჯდება სატელევიზიო ეთერში (სავარაუდოდ არ იცოდა, რომ დინი გეი იყო).
ამ აყალმაყალში, რომელიც საუკეთესო საშუალებაა კონფორმისტებისთვის თავის წარმოსაჩენად, უმრავლესობის, მაშასადამე, ძალის მქონეთა ჯგუფში თავის მისაკუთვნებლად, მთავარი შეცდომა ეპარებათ - ისინი თავისდაუნებურად უკვე უწყობენ ხელს ახალი ძალადობრივი სისტემის შექმნას, იმ სისტემის შექმნას, რომლის დანგრევასაც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ მოვითხოვდით. თუკი რამემ წინა ხელისუფლება დაღუპა, იყო ის, რომ ადამიანთა ერთმა, ძალის მპყრობელმა ჯგუფმა რატომღაც აიღო თავის თავზე ვალდებულება, თავად გადაეწყვიტა, ვინ უფრო მეტად ადამიანი იქნებოდა და ვინ ნაკლებად. ვის მეტად ადამიანურად მოეპყრობოდნენ და ვის ნაკლებად. საერთოდ, აეღოთ მორალის კვერთხი და ეთქვათ: „შენ ადამიანი არ ხარ!“.
ეს კვერთხი როგორ მოუბრუნდათ, უახლესი წარსულიდან გვახსოვს კარგად. სამწუხარო აქ ისაა, რომ ახლა უკვე სხვა ჯგუფმა - თავად საზოგადოების ნაწილმა გადაწყვიტა იმავე შეცდომის გამეორება. ან იქნებ, არც თვლიან შეცდომად, რომ უბრალოდ ისარგებლო ძალის უპირატესობით და გადაუარო სხვას?
შარშან, დეკემბერში, სისტემა რომ ჯერ კიდევ ახალი შეცვლილი იყო (შეცვლილი, და არა დანგრეული), ერთი წერილი დავწერე, რომელშიც ვყვებოდი, თუ როგორ მეშინოდა, არ გაყეყეჩებულიყო ჩემი უახლოესი მეგობარი მას შემდეგ, რაც ოდნავი ძალა იგრძნო თავის საქმეში. რა მოხდა და როგორ დასრულდა ის ამბავი, აქ აღარ მოვყვები, შეგიძლიათ თავად ნახოთ. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წერილი, რაც კი ოდესმე დამიწერია, უამრავმა ადამიანმა გააზიარა, აღფრთოვანდნენ, მოეწონათ. მეც გამიხარდა, ბუნებრივია, რომ ჩემი სათქმელი მივიტანე სხვებამდე. თუმცა გუშინ ვნახე, რომ ადამიანები, ვინც იმ წერილს აღტაცებით აფრიალებდნენ ფეისბუქზე, 17 მაისს საწინააღმდეგო აქციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
რაღაცნაირად, გამიტყდა. გამიტყდა ყველაზე მეტად სწორედ იმიტომ, რომ იმ წერილში ადამიანებზე ვწერდი - ძალაუფლების გარეშე. მაშინ ეს იდეა მოსწონდათ. ახლა თავად აპირებენ ძალის დემონსტრირებას თითქოს რაღაც ფარს ეძებენ, რომელსაც საკუთარ შიშებს ააფარებენ.