Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინდივიდუალური აქტივიზმის დეფიციტის და პრემიერისეული „მესამე ალტერნატივის“ შესახებ

15 მაისი 2013

ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ბერლინის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში აღმოვჩნდი ჰოლოკოსტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ერთ-ერთ დისკუსიაზე. თან სწორედ იმ დარბაზში, სადაც წლების წინ, სხვა სტატუსის მქონე სასამართლომ ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ 1944 წლის 20 ივლისის ტერორისტული აქტის ორგანიზატორები გაასამართლა (სასჯელი  - სიკვდილით დასჯა, ტერაქტის ჩაშლიდან მალევე სისრულეში იქნა მოყვანილი).

Civil Courage - ეს იყო უმთავრესი თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევდა ნაციონალ-სოციალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და საბოლოოდ საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ცნობილი გერმანელი იურისტის - ჰანს ფონ დონანის (Hans von Dohnanyi, 1902-1945)  უკვე დაახლოებით 85 წელს მიღწეული  შთამომავლის, ასევე იურისტის და პოლიტიკოსის - კლაუს ფონ დონანის მოხსენებას. მთელი ძალისხმევით ცდილობდა აეხსნა, რომ ინდივიდუალური აქტივიზმი - ეს ის სფეროა, სადაც პიროვნული „მე“ ამარცხებს „ეგოს“ და ქმნის ახალ რეალობას, როგორც საკუთარ თავში, ასევე, გარშემო. იმ სივრცეში, რომელიც მისი აწმყოს ნაწილია და რომელსაც ეწირება წინასწარ გათვლილი გამბიტივით, გარემოცული სინამდვილის და გარშემომყოფთა კათარზისისთვის.

გერმანული მესამე რაიხის სოციალურ რეალობასთან ქართულ აწმყოს საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ის ქაოსი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას მეტ-ნაკლებად გამუდმებით ახლავს, სამოქალაქო თუ ინდივიდუალური აქტივიზმის ფენომენს და მნიშვნელობას განსაკუთრებულად გამოკვეთს ჩემთვის.

ცოტა ხნის წინ პრემიერმა აქცენტი ახალი ძალის არსებობის აუცილებლობაზე  გააკეთა. ახალი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე მითითება ფანტასტიურია, მაგრამ ნინო ბურჯანაძე და მსგავსი ფიგურები „ახალ პოლიტიკურ ძალად“ როდიდან მოიაზრებიან? გასაგებია, რომ რეგენერირების საოცარი უნარი აქვთ საბჭოთა თუ ზოგადად, ქართველ პოლიტიკოსებს... და ამასობაში,  ყველა ხვდება, რომ სისტემა სხვა არაფერია, გარდა უცვლელი "ჯადოსნური წრისა", რომელსაც მარად "განახლებული" ძალებით და ამა თუ იმ სახით რეგენერირებადი მესიებით უკვე მესამე ათწლეულია (თუ ასწლეული არა) ვერ გავცდით.

და რაც ყველაზე მთავარი და სტანდარტულია, ზოგადად, ხალხი (პიროვნულ დონეზე იშვიათ გამონაკლისებს გარდა), ჯერჯერობით, ჩემი შთაბეჭდილებით, მაინც ინერტული რჩება. აქსიომატურია ჭეშმარიტება, რომ ნებისმიერი პროგრესი პიროვნული ძალისხმევით განაპირობება - პროტესტით, რომელიც ამარცხებს საკუთარ დროს, თანადროულ კონფორმიზმს. ეს მტკივნეული „დისონანსი“ ინდივიდუალურ აქტივიზმსა და საზოგადოებრივ ინერციას შორის ქართულ რეალობაში, ასევე, ჩემი შთაბეჭდილებით, მკვეთრად დეფიციტურია. ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტადიამდე მოქალაქეობრივ აქტივიზმს საქართველოში ჯერ არ მიუღწევია, და რომლის შექმნა, ვფიქრობ, გარდაუვალია (სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ორი პარტიის მასშტაბით პოლიტიკური, და ხშირად, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მისული უხერხული ჭიდილის ფონზე ნათელი მომავალი ქართულ სახელმწიფოს, უბრალოდ, არ აქვს), რადგან პოზიტიური ტენდენციები და რესურსები ამ თვალსაზრისით, ბოლო დროს, ძირითადად, ახალ თაობაში საკმარისად იკვეთება, უნდა იყოს თავისი არსით აბსოლუტურად ახალი და ამავდროულად ძალიან „ძველიც“, როგორც მხოლოდ გაგრძელება იმ გზისა, რომელზეც ის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ჩვენ ვართ, მხოლოდ 1918 წლის 26 მაისს ან 1989 წლის 9 აპრილს არ შემდგარა. მოქალაქეობრივი alter ego უნდა დაიბადოს, განვითარდეს და რეალიზდეს. ყველა სხვა გზა ისევ „ჯადოსნურ წრეზე“ გადის.

კლასიკური ფორმულაა: ყველა სახის ძალაუფლებრივი მონოპოლია უძლურია პიროვნული ძალისხმევის წინაშე, თუკი ეს უკანასკნელი ამბიციებისგან და კონფორმისტული სიყალბისგან თავისუფალ და ჯანსაღ პროტესტს ეფუძნება. ამ თემებზე კონცენტრირებისას ხშირად მახსენდება ფრაზები ერლომ ახვლედიანის ესეებიდან. მაგ., ეს: „გაიგო და, გარკვეული მიზეზების გამო, გაჩუმდე, ეს უკვე მკრეხელობასა ჰგავს. მაშ, როგორღა უნდა შეფასდეს და დამკვიდრდეს სიმართლე, თუ ვისაც არ ესმის, ამბობს და, ვისაც ესმის დუმს? ისე კი, საერთოდ დასკვნა ორივეს მიმართ ერთია: მათ პატრიოტიზმის სამოსი თუმც აცვიათ, მაგრამ - უკუღმა.“ ან ეს: „აი, ჩვენ გამოვედით ერთი ისტორიული კოშმარიდან, რათა „გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“, მაგრამ ახლა გველის სხვა კოშმარი, რომელიც უკვე ჩვენშია და თავის დაღწევა თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული, რაც ჩვენს არჩევანზე - გვინდა თუ არა გამოვიდეთ მისგან, თუ ვაპირებთ, კვლავ დავრჩეთ ნეტარ უმეცრებაში. [...] რა უნდა ერს და რა უნდა ხალხს ? რა არის კეთილდღეობა? როგორ ესმის ეს ერსა და როგორ ესმის ხალხს? [...] ვართ თუ არა ჩვენ რევოლუციური ერი? ჩვენ რომ დამოუკიდებელნი ვყოფილიყავით, მოხდებოდა თუ არა ჩვენთან რევოლუცია? მოვკლავდით თუ არა ჩვენს მეფეს?“ და ა.შ. და რაც ამ კონტექსტში, როგორც კონსტიტუციონალისტს ყველაზე მკაფიოდ მახსენდება, მიშელ ფუკოს ერთ-ერთი შედევრია - "ძალაუფლებათა პირისპირ: ადამიანის უფლებები"(,,Face aux gouvernements, les droits de l’homme”), რომლის ქართულად თარგმნილ რამდენიმე წინადადებას დიდი ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი. შემდეგ მოვიძიე და მთლიანად ვთარგმნე. ბლოგპოსტის იდეაც ნაწილობრივ ამ ტექსტით არის ინსპირირებული.

მიშელ ფუკო ამ ტექსტით  ერთ-ერთ კონფერენციაზე (1981 წელი, ჟენევა) წარდგა, რომელზეც  გახმაურდა ინფორმაცია მეკობრეობის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კომიტეტის შექმნის შესახებ. მის გამოსვლას უნდა გამოეწვია განსაკუთრებული რეაქცია მსმენელთა შორის, რათა მომზადებულიყო ერთგვარი იდეური საფუძველი ადამიანის უფლებათა ახალი დეკლარაციის შესამუშავებლად:

,,ჩვენ აქ  მხოლოდ კერძო პირები ვიმყოფებით და არ გაგვაჩნია სხვა არავითარი მისწრაფება, გარდა ერთობლივი საუბრისა იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობს არსებული რეალობა და რომლებიც უნდა დავძლიოთ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელთა გამოც ადამიანები იძულებულნი არიან დატოვონ სამშობლო და არ იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში, ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია. საკითხის მოგვარების პერსპექტივა ჩვენს შესაძლებლობებს მიღმაა. ვინ გვავალებს? არავინ. და სწორედ ეს ქმნის ჩვენს უფლებას. მიმაჩნია, რომ აუცილებელია სამი ძირითადი პრინციპის გათვალისწინება, რომლებიც, ჩემი რწმენით განაპირობებენ ამ და სხვა მსგავს არაერთ ინიციატივას: île-de-lumière,[1] Cap Anamur,[2] თვითმფრინავი ელ-სალვადორისათვის,[3]Terre des Hommes,[4] Amnesty International.

1) არსებობს მოქალაქეთა ერთი საერთაშორისო ერთობა, რომელსაც გააჩნია საკუთარი უფლებები, გააჩნია საკუთარი მოვალეობები და ვალდებულია წინ აღუდგეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყოველ შემთხვევას... მოქალაქეთა საერთაშორისო ერთობა, რომელიც ყოველთვის ამ ძალაუფლების განმაპირობებელია და რომელიც ხშირად მისივე მსხვერპლია.

2) რადგან ძალაუფლების მქონენი აცხადებენ, რომ ისინი საზოგადოების კეთილდღეობისათვის ზრუნავენ, იგივე პირები ითავისებენ უფლებას, ჩამოწერონ მოგების ან დანაკარგის სახით ადამიანთა უბედურება, რომელიც მათ გადაწყვეტილებებს მოაქვს ან რომელთაც მათი უმოქმედობა იწვევს. ადამიანთა ტანჯვა არასდროს უნდა იყოს პოლიტიკის უხმაურო ნაწილი. მე ვასაბუთებ მოქალაქეთა აბსოლუტურ უფლებას, დაუპირისპირდნენ მათ, ვისაც ხელთ უპყრია ძალაუფლება.

3)უგულვებელყოფილ უნდა იქნას  როლების ხშირად შემოთავაზებული დანაწილება: ინდივიდებისათვის - ისაუბრონ აღშფოთებულებმა საკუთარი პრობლემების შესახებ; ძალაუფლების მფლობელთათვის - “რეფლექსირდნენ” და იმოქმედონ. სიმართლეა:  ხელისუფლებას მოსწონს ხელისუფალთა დიდბუნებოვანი აღტყინებები, ვიდრე ეს უკანასკნელი ლირიზმის ჩარჩოებს არ სცილდება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს:  ხშირად ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც მხოლოდ საუბრობს, საუბრის გარდა არაფერი ძალუძს და არც სურს. მაღალი იდეალებით აღტყინებულ ხელისუფალთა პრიმიტიული, თეატრალიზირებული როლის უგულვებელყოფა შესაძლებელია და აუცილებელიც! Amnesty International, Terre des Hommes, Médicins du Monde[5] არიან ინიციატივები, რომლებმაც ეს ახალი უფლება შექმნეს: უფლება ინდივიდებისა, ჩაერთონ ეფექტურად სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკის და სტრატეგიების არეალში. ინდივიდთა ნება უნდა განხორციელდეს იმ სინამდვილეში, რომელშიც ძალაუფლების მპყრობელთ მონოპოლიის რეზერვირება სურთ. იმ მონოპოლიისა, რომელიც მათ ყოველდღიურად, ნაწილ-ნაწილ უნდა წაერთვას!"

და ბოლოს, ყოველგვარი დასკვნითი სენტენციების გარეშე, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, მივმართავდი ყოველ რიგით „მეს“: ნუ იქნები ინერტული, გაარღვიე სისტემა - let rise the flag over the castle![U1] 

 

შენიშვნები

[1] ჰოსპიტალური გემი, რომელიც გაგზავნილ იქნა ჩინეთის ზღვაში 1979 წელს.

[2]გერმანული კავშირი, რომლის ფუნქციას ჰუმანიტარული დახმარება წარმოადგენს.http://www.cap-anamur.de/

[3] იგულისხმება ჰუმანიტარული დახმარება წყალდიდობაში მოყოლილთათვის.

[4] წარმოადგენს 11 ორგანიზაციის კავშირს, რომლის ფუნქციაა ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული და სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე განვითარების ხელშეყწობა. http://www.terredeshommes.org/

[5] ფრანგული ორგანიზაცია - ,,მსოფლიოს ექიმები“, http://www.medecinsdumonde.org/.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^