Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანტიჰომოფობიური აქციის დარბევა დემოკრატიის იდეის დასამარებას ნიშნავს

16 მაისი 2013

მკითხველების უმრავლესობამ ალბათ უკვე იცის ის, რომ 17 მაისს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ჰომოფობიის ანუ ჰომოსექსუალების მიმართ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო აქცია იმართება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა  საჯაროდ ხაზი გაუსვეს იმას, რომ აქციის დაშლა და ამ გზით, აქციის მონაწილეებისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, ზოგიერთი საზოგადოებრივი ჯგუფი მაინც აგრძელებს აგრესიის ქადაგებას და ძალადობით იმუქრება. თუ 17 მაისის აქცია ვერ შედგება მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მოძალადე ჯგუფები შეუშლიან ხელს, ეს იმისი მაუწყებელი იქნება, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება (და შესაბამისად დემოკრატია) არ არსებობს. ამ სტატიაში სწორედ იმაზე მინდა ვისაუბრო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული მოსაზრების და გამოხატვის თავისუფლება დაცვა იმისთვის, რომ გვერქვას დემოკრატიული და ცივილიზებული საზოგადოება.

პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ჩვენი საზოგადოება მთელი ამ წლების მანძილზე დემოკრატიას წარმოადგენდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და მნიშვნელოვან იდეალს. ევროპასთან და დასავლეთთან დაახლოებაც ჩვენთვის ნიშნავდა და ნიშნავს იმას, რომ თავს მივაკუთვნებთ ისეთი ქვეყნების რიცხვს, რომლებიც პატივს სცემენ ყველაზე ელემენტარულ დემოკრატიულ უფლებებს: კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობას, პოლიტიკაში მონაწილეობის თანასწორობას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში თითქმის ყველა მასშტაბური მიტინგისა და მანიფესტაციის მთავარი ლოზუნგი იყო სწორედ ამ ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებების დაცვა.

17 მაისი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ნამდვილად ვიბრძოდით  იმისთვის, რომ გვინდოდა ყველა მოქალაქე ყოფილიყო თანასწორი და თავისუფალი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ვართ განსხვავებულები ყველა ამ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ ყველანი ვაღიარებთ ერთმანეთის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. თუ 17 მაისის აქცია დაარბიეს და პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა ამის თავიდან ასაცილებლად, გამოდის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე რისთვისაც ვიბრძოდით იყო არა ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ყოფილიყო თანასწორი, არამედ ის, რომ დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი პირადი, ეგოისტური ინტერესები.

შარშან 17 მაისის აქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დაარბია. მეორე დღეს, 18 მაისს ამ დარბევის საპროტესტოდ აქცია გაიმართა, რომელსაც მეც შევუერთდი.  რელიგიურ ჯგუფებს ამ აქციის დარბევაც უნდოდათ, მაგრამ პოლიციამ ორგანიზებულად შეუშალა ხელი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი,  რის გამოც პოლიცია განსაკუთრებით აქტიურობდა, აქციაზე უცხოელი დიპლომატების, კერძოდ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ელჩების ყოფნა იყო. დღემდე მაქვს ეს კითხვა, თუ რამდენად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ: რეალურად უცხოელი დიპლომატების მოერიდა, თუ თავისი საკუთარი მოქალაქეების?

დღემდე მეპარება ეჭვი იმაში, თუ რამდენად გვესმის ის, თუ რა არის დემოკრატია და რატომ უნდა დავიცვათ ყველანაირი განსხვავებული მოსაზრება. როგორც საქართველოს მოქალაქეს ჩემი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ პირველ რიგში სწორედ ეს მთავარი მოთხოვნა მაქვს, რომ ჩემი გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს.

სრულიად ვიზიარებ 17 აქციის მთავარ მოწოდებას, რომ არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. ადამიანებს და მათ ღირსებას არ ვაფასებ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ლოგინში და ვისთან აქვთ სექსი - თავისივე თუ საპირისპირო სქესთან. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანს გააჩნდეს სიკეთის განცდა და ჰქონდეს უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ თანაგრძნობა. ჩემთვის ამ ღირებულებების ქონაა მთავარი და არა ის, თუ ვის რომელი სქესი იზიდავს. როდესაც მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკობენ, მე სწორედ ეს ღირებულებები მახსენდება და არა ის, თუ ვის რა სექსუალური ორიენტაცია აქვს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ამგვარად უნდა სჯიდეს ადამიანებს, რადგან ასე უფრო სამართლიანია.

და ასევე, საზოგადოება, რომელიც ამ ან ნებისმიერ სხვა აზრის გამოხატვას კრძალავს, შორს არის დემოკრატიულობისგან და ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ანაღვლებს, უმრავლესობისგან განსხვავებული მოსაზრებები და ადამიანები კი ფეხებზე ჰკიდია.

17 მაისს ვნახავთ, რამდენად შეგვიძლია დემოკრატიის ელემენტარული პრინციპების დაცვა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^