Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამარცხებული ურჩხულები

19 მაისი 2013

გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის როლი არ დაინახო. აქამდე მსგავსი ინციდენტების დროს, ვცდილობდი არასწორი ქმედებები კონკრეტული სასულიერო პირებისათვის მიმეწერა, მაგრამ ჰომოფობიის გამპროტესტებელთა მიმართ დაგეგმილმა კამპანიამ ამის საშუალება მომისპო, იძულებული გამხადა, გადამეხედა ჩემი შეხედულებებისთვის და მკვეთრად დამეფიქსირებინა პოზიცია.  

ჩემი პოზიცია კი შემდეგია – დარბევაში მონაწილე სასულიერო პირთა რაოდენობიდან, საქციელიდან და რანგიდან, ასევე პატრიარქის 16 მაისს გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ვეღარ ჩავთვლი, რომ იმ „ბართლომეს ღამეში“, რომელიც დღისით მზისით მოეწყო რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირები და მათი უსიტყვო მორჩილებას მიჩვეული მრევლია დამნაშავე.

ეს დარბევა, ჩემდა სამწუხაროდ, ნამდვილად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ნებით და ხელშეწყობით მოხდა და თავის მოტყუება არაფერში გვარგებს. სხვა საკითხია, თუ რაში დასჭირდა ეკლესიას ამ ბარბაროსული აქტის მხარდაჭერა და რამ გამოიწვია, რომ ინკვიზიციას გადარჩენილი,  ქვეყნის წინაშე მართლაც დაუფასებელი ღვაწლის მქონე ინსტიტუტი, ასეთ დღეში აღმოჩნდა.

ჩემი აზრით, ეს აქტი ეკლესიამ ძალის დემონსტრირების გამო გააკეთა. მან დაანახა ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, თუ ვინ არის ამ ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონი. ეს იყო პასუხი ხელისუფლების წარმომადგენელთა მკაფიო განცხადებებზე უმცირესობათა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

სასულიერო პირებს და მათ მრევლს აქვთ განცდა, რომ ყოფილი ხელისუფლების დამარცხებაში თავისი წვლილი მიუძღვით, რაშიც მეც ვეთანხმები, მაგრამ შეცდომა იმაშია, რომ ისინი საკუთარ როლს ამ პროცესში გაზვიადებულად აღიქვამენ და შესაბამისად - გაზვიადებული პრეტენზიები აქვთ, თანაც იმ ტიპის პრეტენზიები, რომელთა დაკმაყოფილებაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და იგივე თამაშის წესებს ითხოვს, როგორიც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა, ოღონდ ეკლესიისათვის გაზრდილი (სახელმწიფო საქმეებში პირდაპირი ჩარევის) უფლებებით.

აქედან გამომდინარე მიჩნდება ეჭვი, რომ  საქართველოს ეკლესია წინა ხელისუფლებაში ძალადობას და ჰუმანურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი არა,  კონკურენტებს ებრძოდა, რათა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენა გაეზარდა. ბრძოლისას (რა დროსაც ორივე მხარე იღებდა გარკვეულ ხარკს ერთმანეთისთვის, რათა არსებული, მათთვის ხელსაყრელი თამაშის წესები არ დაერღვიათ), არც ერთი მხარის ინტერესში არ შედიოდა, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. პირიქით, ასეთ ადამიანებს მეტასტაზებად აღიქვამდნენ და მუდმივად მათ მარგინალიზებას ცდილობდნენ, რადგან ამ ორი ინსტიტუტის მიერ წარმოებულ ინტელექტუალურ პროდუქტს ერთიდაიგივე ტიპის მომხმარებელი ჰყავდა და ამ მომხმარებელთა გემოვნების ზრდის შემთხვევაში პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მოუწევდათ, რისი უნარი და სურვილიც სამწუხაროდ იმ ეტაპზე არცერთ მათგანს არ გააჩნდა. შესაბამისად, ორივე „ბაზრის“ ჩაკეტვისა და ძალადობრივი მეთოდებით მართვის მომხრეები იყვნენ. ერთის ხერხემალი პოლიცია იყო, მეორის კი - ფუნდამენტალისტური შეხედულებები, ერთს კანონის  მიღებასა და სათავისოდ გამოყენებაზე ჰქონდა მონოპოლია, მეორეს კი - მორალის  განმარტებასა და საკუთარ თავზე მორგებაზე.

შინაარსობრივად, ზუსტად ერთი და იგივე მეთოდებით მართავდნენ, გარეგნულადაც კი დაემსგავსნენ ერთმანეთს. ერთნაირი მანქანებით დადიოდნენ, ერთნაირი პატივისცემით სარგებლობდნენ, ერთნაირად ვერ იტანდნენ კრიტიკას, დაახლოებით ერთი ლოგიკით ამართლებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის შეუსაბამო ფუფუნებაში ცხოვრებას, ერთნაირი კატეგორიულობით დევნიდნენ განსხვავებულ აზრს, ორივე მათგანი ითხოვდა  ბიზნესისგან შემოწირულობებს, ერთს თუ კანონდარღვევის პატიებაზე ჰქონდა მონოპოლია, მეორეს - ცოდვის პატიებაზე და ა.შ. მოკლედ, ორივე მომხმარებლური თვალსაზრისით უდგებოდა ხალხს და არცერთ მათგანს არ აწყობდა კითხვა – რატომ?

არადა, ამ კითხვის დასმას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად უნდა დაისვას: რატომ კვდებოდნენ (და დღემდე კვდებიან) ამ ქვეყანაში ადამიანები შიმშილით, როდესაც ამ ორივე ინსტიტუციის (ერთის კანონით, მეორის მორალურად, თან საამისო სახსრები ორივეს აქვს) ვალია გაჭირვებულის დახმარება; რატომ სწყინთ, როდესაც აკრიტიკებენ; რატომ ეგონათ, რომ ჭეშმარიტების გასაღები ჯიბეში ედოთ და სხვას არ უსმენდნენ; რატომ ქადაგებდნენ სიძულვილს და ტოტალიტარულ აზროვნებას მაშინ, როდესაც მათი დანიშნულება სიყვარულის და შემწყნარებლობის ქადაგება  იყო;  რატომ ყოფდნენ ცხვირს ადამიანის პირად ცხოვრებაში, როდესაც მათ ამას არავინ თხოვდა; რატომ არ სჯიდნენ თავის წარმომადგენლებს, როდესაც ხალხს ერთი მხარე ხელკეტით, მეორე კი ჯვრით უპობდა თავებს და ბოლოს, რატომ აიღეს საკუთარ თავზე სსრკ გამოვლილ, ისედაც ტოტალიტალური მიდრეკილებების მქონე ადამიანებში ამ გრძნობის მეტად გაღვივების პასუხისმგებლობა, იმის ნაცვლად, რომ სწორედ ამ არაქრისტიანულ, არაჰუმანურ მენტალიტეტთან ებრძოლათ.

პასუხი ერთია – იმიტომ (დეფის შემოქმედებიდან)!

და სწორედ ამ ერთი, არაფრისმთქმელი სიტყვის გაპროტესტებით და შევსებით უნდა დავიწყოთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

ყველა, ვისთვისაც მიუღებელია 17 მაისს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დატრიალებული სიგიჟის ზეიმი, ვისთვისაც არ არის სულერთი ეს ქვეყანა საით წავა, უნდა გამაგრდეს. ძალები მოიკრიბოს და ყოველ ნაბიჯზე მოითხოვოს განმარტება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ სახელმწიფოს ლექსიკიდან ამ უაზრო სიტყვის ამოღება, ზონდერი მღვდლებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა და სეკულარული სახელმწიფოს შექმნა, სადაც ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება მხოლოდ პოლიციელს ექნება (უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში), ხოლო ცოდვის შენდობის პრეროგატივა კი - ღმერთს.

საბოლოოდ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური თანამდებობის პირი წმინდანისგან და სასულიერო პირი - პოლიციელისგან. აღარ უნდა ვჩერდებოდეთ „თავისუფლების მოედანზე“  პომპეზურად შემოდგმულ წმინდა გიორგის ძეგლთან პირჯვრის გადასაწერად, რადგან უნდა გავიაზროთ, რომ ის არა კანონიკური სიწმინდე, არამედ ამ ორი ინსტიტუციის ფასეულობათა აღრევის სიმბოლოა და სანამ თავზე მისი აჩრდილი გვადგას,  დამარცხებული ურჩხულები ვიქნებით.

P.S. მინდა სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც 17 მაისს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელების საშუალება არ მიეცა და საშინელი წუთების გადატანა მოუხდა ჩვენი პასიურობის გამო. აქვე მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო ორივე მხრიდან დაშავებულ ადამიანებს და იმ მფრინავ „ტიპს“ შევახსენო, რომ სიყვარული დაფრინავს და არა სიძულვილი. 

17 მაისი ჩვენი საზოგადოების დიაგნოზი იყო, იმედი მაქვს მკურნალობის გზებსაც მალე მივაკვლევთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^