უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული ხარ. ასე ძალის, ფიზიკური ძალის, უმრავლესობის ძალის იმედი გაქვს და ნადირობაც უფრო მარტივია. ეს სტრატეგია, როგორც წესი ხორცისმჭამელ ცხოველთა ჯოგზე ვრცელდება. მაგალითად, ტურებზე. თანამედროვე საქართველოში ეს სტრატეგია დიდი წარმატებითვე მეორდება ადამიანთა ჯგუფის, უმრავლესობის მიერ. ადამიანები ახდენენ ძალის მპყრობელი დიდი ჯგუფის იდენტიფიცირებას და ეკედლებიან მას. ამ შეკედლებულებს კი რა გასაკვირია, რომ პირველ რიგში სძულთ სწორედ ისინი, ვინც უარი თქვა კომფორტის ზონაზე, საკუთარი აზრის, საკუთარი თავის სასარგებლოდ.
ბოლო წლების მანძილზე, ახალი ხელისუფლების არჩევამდე, სხვადასხვა სოციალური პრობლემისა თუ უსამართლობის წინააღმდეგ ხმამაღლა მოყვირალთა რიცხვი რამდენიმე ათეულ ან ასეულ ადამიანს არ გასცდენია. მაშინ, როცა ჩვენ, ვისაც არ გვეშინოდა ხელისუფლების და სხვადასხვა საკითხები გვაწუხებდა, ვაკეთებდით პატარ-პატარა აქციებს, საზოგადოების უდიდეს ნაწილს კი თბილად ედო ტრაკი ტელევიზორის წინ და გასართობი შოუებით შეიქცევდა თავს.
ბოლო დღეებში, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ, არაერთმა ადამიანმა მკითხა: „იქ ქართველი ბიჭები იხოცებიან შე პიდარასტო, შენ რა პიდარასტების უფლებებზე ბაზრობ, ომი რომ იყო, შენ სად იყავი, სად გარბოდი?“. მხოლოდ ასეთების საპასუხოდ ვიტყვით, რომ სამხედრო კომისარიატში გავრბოდი. 2008 წელს, აგვისტოში, როდესაც ნახევარი საქართველო, „რჩეულ ვაჟკაცთა ერი“ წითელ ხიდთან, საზღვართან იყო აყუდებული და ქვეყნიდან გარბოდა, ხოლო მეორე ნახევარი ყველაზე მიყრუებულ სოფლებს აფარებდა თავს, პირადად მე, ისე, რომ გამოძახებაც კი არ მომსვლია, ჩემი ფეხით ჩავედი კომისარიატში და რეზერვისტებში ჩავეწერე. აი აქ ვიყავი და სხვებივით არც მაშინ შევკედლებივარ კომფორტის ზონას.
ის, რაც საქართველოს ვერშემდგარ სახელმწიფოში 17 მაისს მოხდა, სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო, თუმცა მასიური მედია საშუალებების დიდმა ნაწილმა ვერც ახლა დაძლია ცდუნება, მოეწყოთ ხმაურიანი მასკარადი და უაზრო ყაყანი პრობლემაზე მსჯელობისა და გამოსავლის ძიების ნაცვლად.
17 მაისის ქრონიკა
აქციის ორგანიზატორები რამდენჯერმე შეხვდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებმაც 100%-იანი გარანტია დათქვეს, რომ 17-ში არაფერი მოხდებოდა და პოლიცია დაგვიცავდა. ასე რომ, აქციის დღეს შედარებით მშვიდად გავეშურე თავისუფლების მოედნისკენ. უკვე მეტროში მესმოდა რამდენიმე თინეიჯერის წამოძახილი: „დავხოცავთ“, „დუბინკაზე გავსვათ“, „ხინკლისთვის ფარშად გამოდგებიან?“... „ჰა ჰა ჰა, ჰი ჰი ჰი“. მეტროდან გამოსვლისას უკვე თვალწინ გადამეშალა „ხინკლის ფარშზე“ მეოცნებეთა მთელი არმია, თუმცა მაინც დავუჯერე სახელმწიფო მოხელეების განცხადებას აქციის მშვიდობიანად ჩატარებაზე და გავეშურე პუშკინის სკვერისკენ, სადაც თანამოაზრეები იყვნენ შეკრებილი. სკვერს პოლიცია იცავდა და არ მიშვებდნენ, თუმცა იქვე დავინახე ჩემი მეგობრის მეგობარი და თანამშრომელი, პოლიციელი. მივედი, მივესალმე და ვკითხე: „ხომ იქნება მშვიდობა, გიო?“... „კი, აბა რაა, აბა რაა“ - იყო პასუხი და დამშვიდებული შევუერთდი აქციის მოსამზადებელ პერიოდს. გნებავთ გულუბრყვილობაში ჩამომართვით, მაგრამ ერთი წამითაც კი არ დამიშვია, რომ სახელმწიფო საჯიჯგნ ხორცად მიგვაგდებდა იმ ათიათასობით გაველურებულ ბრბოსთან.
აქცია 13:00-ზე უნდა დაწყებულიყო. რამდენიმე ათეული ადამიანი ვიდექით, როდესაც დაახლოებით 12:30-ზე ჟურნალისტთა არმია დაიძრა და ჩოჩქოლი მომესმა. ეტყობა რომელიმე ელჩი მოვიდა-მეთქი, გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ პუშკინის სკვერში შემზარავი ყვირილი ატყდა: „მოდიან, დროზე, გაიქეცით! ავტობუსებისკენ!“. ჯერ კიდევ სახელმწიფოს იმედად მყოფი, აუჩქარებლად გადავედი მოედნისკენ, რომ მენახა რა ხდებოდა და ამ დროს საკუთარი თვალებით დავინახე ალბათ ყველაზე შემზარავი კადრი ჩემს ცხოვრებაში. საკუთარი თვალებით დავინახე, რომ ათიათასობით გაველურებული ფანატიკოსისგან შემდგარი ცუნამი წამებში გვიახლოვდებოდა და უბრალოდ, გადაგვთელავდა. „ეს დასასრულია!“ - გავიფიქრე და ცოცხლად გადარჩენის ინსტიქტით გავვარდი ავტობუსისკენ.
ის წამები, თუ როგორ ავედი ავტობუსში, რას ვხედავდი იქიდან, როგორ დაიძრა ავტობუსი და უბრალოდ როგორ გადავრჩით სიკვდილს, მეხსიერებიდან თითქმის ამოშლილი მაქვს. მახსოვს მხოლოდ ემოციები. ზიზღის, სიბრაზის, გამწარების, შიშისა და იმედგაცრუების, აფექტისა და გაურკვევლობის ემოციების ქაოტური ნაკადი, რომელიც შიგ ფილტვებსა და ძარღვებში მირტყამდა. მახსოვს, როგორ აფურთხებდა ჩვენს ავტობუსს ერთ-ერთი ჟურნალისტი, როგორ იქნევდნენ წიხლებს ლესელიძეზე გამოსული ბრბო და მახსოვს, როგორ სდია ჩვენს ავტობუსს ერთ-ერთმა ფანატიკოსმა თავისუფლების მოედნიდან - თითქმის ორთაჭალამდე.
შემდეგ დავიწყე ფიქრი. ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არაა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეობა - სასჯელია, რომ აღარასდროს არცერთ ხელისუფლებას ჩემს ხმას არ მივცემდი, რომ ჩვენ ყოველთვის წარმატებით შეგვიძლია ვიყოთ ჯოგი, ტომი, ბრბო, მაგრამ არასდროს - საზოგადოება. ვიყოთ ბიოლოგიური არსება ადამიანი, მაგრამ არა პიროვნება. ვფიქრობდი, რომ ზუსტად იმ წამს ათიათასობით ადამიანი სიძულვილისგან დუჟს ანთხევდა და „გამარჯვებას“ აღნიშნავდა. ათიათასობით „რჩეული ვაჟკაცი“ რამდენიმე ათეული საკუთარი მოქალაქის „დამარცხებას“ ზეიმობდა და კიდევ, ბევრ რამეს ვფიქრობდი...
აზრებმა დალაგება მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც უბრალოდ გამახსენდა, რომ რამდენიმე წამისა და წუთის წინ, 24 წლის მანძილზე, პირველად გადავრჩი სიკვდილს, გადავრჩი სახინკლე ფარშად ქცევას.
პოლიციამ სახლებში დაგვარიგა და როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამშვიდდა, აღმოვაჩინე, რომ მთავარი ფსიქოლოგიური სტრესი ჯერ კიდევ წინ მქონდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ ყველაფრის შემდეგაც კი რამდენიმე საათის, ნერვებისა და ემოციების დახარჯვა მომიწევდა საკუთარი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავს, როცა იცი, რომ ათიათასობით (და იქნებ, მილიონობითაც) ადამიანს უბრალოდ სძულხარ. უმიზეზოდ სძულხარ და საზოგადოების დაავადებულ ხორცმეტად მიაჩნიხარ. ამ დროს რამდენიც არ უნდა იყვირო, რომ ეს ასე არაა, აზრი თითქმის არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, იმ წუთას არ აქვს. მერე რა, თუ რამდენიმე საათში ის ოჯახის წევრი თუ მეგობარი ინანებს რომ ის გითხრა, რაც არ უნდა ეთქვა, მოვა, ჩაგეხუტება და ბოდიშს მოგიხდის? იმ წუთას ხომ ასე ფიქრობდა. იმ წუთას ხომ ოდნავადაც არ ესმოდა, რატომ ატარებ აქციას სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ. „ვის სძულხარ? ვინ გდევნის?“ - გკითხავენ უცერემონიოდ და არც კი მოისურვებენ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინონ ყვითელ ავტობუსში - კომფორტის ზონის გარეთ.
რა მოხდა სინამდვილეში?
რამდენი დემაგოგიაცა და უტიფარი ტყუილიც არ უნდა ვისმინოთ ეკლესიის ან სახელმწიფოს მხრიდან, 17 მაისი იყო კატასტროფის წინაპირობა არა ლგბტ თემისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობისთვის. ამ დღეს საქართველოში, რუსთაველის გამზირის დიდ სცენაზე მოხდა მართლმადიდებლური ფაშიზმის გრანდიოზული პრემიერა ისე, რომ სახელმწიფოს ხელიც კი არ შეუშლია მისთვის. მეტიც, პრემიერ-მინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც, თავის ცოლიანად, გვატყუებს და ამბობს, რომ „პოლიციამ ყველაფერი იღონა“. პოლიციას არაფერი უღონია. ნუ გავიწყდებათ, რომ თანამედროვე ეპოქაში ფაქტების ვიდეო და ფოტო მასალით დადასტურება შეგვიძლია. ფაქტი კი ისაა, რომ პოლიციამ თავად გაუღო კორდონი ფანატიკოსებს. კორდონი არავის გაურღვევია, ის უბრალოდ - გააღეს. გააღეს! გ ა ა ღ ე ს ! გესმის, პრემიერო და პარლამენტის თავმჯდომარევ? ჩვენმა სახელმწიფომ თავად გახსნა კორდონი ისე, რომ არც უფიქრია, რა მოხდებოდა, თუ რომელიმე ავტობუსს უცებ მოტორი გაუჩერდებოდა. ამიტომ კატეგორიულად მოგიწოდებთ, ნუ გვაყვედრით, თუ შემთხვევით, სასწაულებრივად გადავრჩით სიკვდილს!
დანარჩენი ამბები, ვიდეო და ფოტომასალაში ვნახეთ, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ათიათასობით პოტენციურ მკვლელს (ბევრი მათგანი გახსნილი დანებით დარბოდა) ხელიდან პოტენციური მსხვერპლი გამოეცალათ. ეგზალტირებულმა ბრბომ უბრალოდ გარეკა. დაერივნენ ერთმანეთს, დაერივნენ ჟურნალისტებს, დაერივნენ გოგოებს. მეორე დღეა ვათვალიერებ მორბენალ-მომკივანი მლოცველების, ჰაერში მფრინავი მართლმადიდებლების, ტაბურეტიანი მღვდელ-ტერმინატორების ვიდეოებს და ერთადერთ რამეზე ვფიქრობ: არის კი ეს ის ხალხი, რომელიც შეიძლება გძულდეს? შეიძლება კი ჯანმრთელი ადამიანის გონება არაფრის გამო ისეთ აფექტში ჩავარდეს, რომ ტვინმა ინსტიქტურად სხეული ჰაერში ააგდოს და სამარშუტო ტაქსის კუთხეს ზემოდან დაანარცხოს? შეიძლება კი ადამიანს იმდენად სურდეს სხვისი ჩაქოლვა, რომ შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ შური საკუთარ თავზე იძიოს და საკუთარი თავის დასახიჩრებაზე გადავიდეს?
შეიძლება, რატომაც არა, როცა წლების განმავლობაში თავს იმ ეკლესიას მიაკუთვნებ, რომელიც მონოტონურად და მენტორულად გკვებავს სიძულვილით, ზიზღით და გონებას ათასი სიგიჟით გივსებს.
პასუხისმგებლობა
თავად ფაქტმა და შემდგომში გაკეთებულმა კომენტარებმა სრულიად დამარწმუნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება:
1) ეკლესიას, რომელიც ბოროტებისა და სიძულვილის ბუდედაა ქცეული (ან, როდის არ იყო?). ადამიანურად გაპარტახებული „საეკლესიო პირები“ სხვას არაფერს წარმოადგენენ, თუ არა ყოფილი კრიმინალების, ყაჩაღებისა და ბანდიტების, ყოფილი კგბ-ს აგენტების შავკაბიან, მაფიოზურ კლანს, რომლებიც ტოტალურ კონტროლს აწესებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსა და სივრცეში ტოტალური ძალადობისა და სიძულვილის განოყიერებით. 17 მაისს სწორედ მათ დარაზმეს საზოგადოება „სახინკლე ფარშის“ დასამზადებლად.
2) სახელმწიფოს და პოლიციას, რომელმაც, დიდი ეჭვი მაქვს, თავიდანვე იცოდა რა მოხდებოდა აქციაზე, თავად გახსნა კორდონი, მოგვიქსია ჯოგი და ჯერჯერობით ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს კრიმინალი შავკაბიანებისა და მრევლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ (ეს მაშინ, როცა 1 მაისის აქციაზე სტუდენტები ბანკომატის გაფერადების გამო დააკავეს)
3) მასმედიას, რომელიც წლების მანძილზე ეწეოდა სიძულვილის ენის უკრიტიკო, უაპელაციო ტირაჟირებას. უკეთეს შემთხვევაში კი დგამდა ეგზოტიკურ მასკარადებს გეი თემაზე, რომლის ერთადერთი მიზანიც გადაცემის რეიტინგის აწევა იყო.
4) რელიგიურ უმცირესობებს, რომლებმაც აქციამდე ერთი დღით ადრე უბრალოდ გაგვწირეს მათ მიმართ თითქმის ერთადერთი სოლიდარული ჯგუფი, როცა ხელი მოაწერეს პატრიარქის მწვანე შუქს ძალადობაზე.
5) აგრეთვე თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ჯგუფს თუ გაერთიანებას, რომლებმაც საკუთარი იმიჯის გადასარჩენად ერთი სოლიდარობის განცხადებაც კი არ გაავრცელეს, რომ საზოგადოება წინასწარ მოემართათ ძალადობის საწინააღმდეგოდ. მათ შორის ვგულისხმობ „ლაბორატორია 1918“-ს, რომელმაც მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ დაგმო ეკლესიის მხრიდან ძალადობა.
და მთავარი პასუხისმგებლობა... ეს არ დამავიწყდეს! როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ ჩემო ჰომოფობო და იმავდროულად ჰომოსექსუალო ძმებო და დებო? რა ხდება ეკლესიის კედლებში? პარლამენტში როგორ ხართ? ახალი სიმღერები ხომ არ ჩაგიწერიათ, ან, ახალ გადაცემაზე ხომ არ მუშაობთ? მოდის სფერო როგორაა, მიდის კეკლუც-კეკლუც? პატრულში რა ხდება საინტერესო?... ღმერთმანი! ჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენი ჰომოსექსუალი ჰომოფობები, რომლებიც პირველები გაისვრიან ქვას, თუკი სადმე დაინახეს, რომ ვინმემ კომფორტის ზონიდან გასვლა შესძლო...
შედეგები და მომავლის პერსპექტივა
საბედისწერო შეცდომას დაუშვებს ყველა, ვინც იფიქრებს, რომ 17 მაისს ლგბტ თემი დამარცხდა. ამ დღეს სრულიად ქართული სამოქალაქო საზოგადოება, საზოგადოების განათლებული ნაწილი და ქართული სახელმწიფოებრიობა დამარცხდა. ამ დღეს თეოკრატიამ საკუთარი ინაუგურაციის დღე დათქვა და წამზომი ჩაურთო სახელმწიფოს.
ახლა უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა დაიბრუნოს კონსტიტუციური ძალაუფლება, აღადგინოს კანონის უზენაესობა და დასაჯოს აბსოლუტურად ყველა კრიმინალი, პირველ რიგში კი სწორედ საეკლესიო პირები, როგორც ძალადობის მთავარი ინსპირატორები. დასაჯოს არა 100-100 ლარიანი ჯარიმებით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიის ძალაუფლება გახდება აბსოლუტურად უკონტროლო, ხოლო დაუსჯელობის სინდრომი წააქეზებს მის წევრებს, მათ შორის პატარ-პატარა თინეიჯერებს, რომ ყოველ დღე სახლიდან გასვლისას ახალი მასალა ეძებონ სახინკლე ფარშად. მათ შორის, პირველი ლუკმა, რაღა გასაკვირია, რომ ისევ ჩვენ ვიქნებით, ამჯერად არა ისეთი გრანდიოზული სიძულვილის აღლუმებით, არამედ წერტილოვანი, ჩასაფრებული დარტყმებით, როგორც ეს იციან ხოლმე ტურებმა. სამწუხაროდ ინფორმაციები 17 მაისის აქციის მონაწილეთა ფიზიკურ განადგურებაზე (არა ახლა, არამედ ახლო მომავალში) უკვე ვრცელდება სხვადასხვა დახურული ფაშისტური ჯგუფებიდან. ძნელი გამოსაცნობი არაა, ნებისმიერი ჩვენგანის ფიზიკური საფრთხის ან განადგურების შემთხვევაში, ვის დაეკისრება ჩვენს ჯანმრთელობასა თუ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა. უბრალოდ, მერე გვიანი იქნება. ძალიან გვიანი.
გამოსავალი
ქამინგ აუთი, მხილება და ლაპარაკი!
საზოგადოების არაადეკვატური ჰომოფობიური განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ ადამიანებს ცოცხალი გეი უბრალოდ არ უნახავთ. გეებო, არც თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს უნახავთ. ამიტომ ნუ გიკვირთ, თუ დედათქვენი ამბობს, რომ „პიდარასტი“ შვილის ყოლას ერჩივნა მუცელი მოშლოდა. ნუ გიკვირთ, თუ თქვენი მეგობარი 24 საათი „პიდარასტების“ დედის გინებაშია. ეს პირველ რიგში თავად თქვენი ბრალია. თქვენ უბრალოდ არც გიცდიათ მისულიყავით მასთან და გეთქვათ: „დედა, ძმაო, დაო, მამა, მეგობარო... მე ვარ ის გეი, ვინც ასე გძულს, და ამავდროულად მე ვარ ის შვილი, ვინც ასე გიყვარს.“ ნუ მოითხოვთ ჩაკეტილი კარის გახსნას სხვისგან, როცა გასაღებს თავად მალავთ ჯიბეში.
რაც შეეხება საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, ლაპარაკი, მუდმივი კრიტიკა და მსჯელობა, კამათი და უკომპრომისობა - მხოლოდ ესაა, რაც დაგვეხმარება სიძულვილისგან გონებადანელებული ადამიანების გახსნასა და მათი ჩახუთული გონების განიავებაში.
თქვენთვის არასდროს მითქვამს, რომ თინეიჯერობაში მეც ჰომოფობი ვიყავი. ხოლო გეი, რომელიც მაშინ ყველაზე მეტად მძულდა, ახლა ჩემი უახლოესი მეგობარია.
ბოროტების ჩამდენები კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის მოდიოდნენ და მიდიოდნენ. თავის დროზე უმრავლესობაში იყო ინკვიზიციაც, რომელმაც ჯორდანო ბრუნო სიმართლის გამო დაწვა კოცონზე. უმრავლესობაში იყო ჰიტლერიც, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უმრავლესობა კვერს უკრავდა სტალინსაც, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ნაწილის ფიზიკურ განადგურებაში. დღეს კი ყველა მათგანი ისტორიის სამარცხვინო სანაგვეზე ყარს და ლპება.
...იმიტომ, რომ ადამიანებმა დატოვეს კომფორტის ზონა. კომფორტის შავი ზონა.