Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 მაისი – ევროპის დაისი

21 მაისი 2013

ტყუის ვინც ამბობს, რომ არ ელოდა ასეთ აგრესიას.

ტყუის, ვინც ამბობს, რომ არაფერი მომხდარა.

ტყუის, ვინც ამბობს, რომ მომავალი თაობები გადაარჩინა აქციის დარბევით.

ტყუის, ვინც ამბობს, რომ ქრისტეს იცავდა თავისუფლების მოედანზე სხვისი თავისუფლების შეზღუდვით.

ტყუის ვინც ამბობს 1 სიტყვით, რომ „ემიჯნება“ და შემდეგ, „მაგრამ“-ს და 100 საწინაღმდეგო სიტყვას აყოლებს.

 სულ ტყუილად მეგონა 14-15 წლისას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მორჩებოდა ტყუილები. მეგონა, მარტო საბჭოთა კომუნისტები იტყუებოდნენ. მერეც ყველა ცრუობდა.

2 დღეა ვფიქრობ, 17 მაისს რას მოხდა და გავერკვე იმ ტყუილებში, რომელშიც 20 წელია უკვე ვცხოვრობთ:

17 მაისი – ევროპის დაისი - დაისი ხომ პროცესია და ისე არ გამიგოთ, თითქოს 17 მაისს დაიწყო და დასრულდა იგი. მთელი ამ წლების განმავლობაში, „ევროპული დაისი“ მოჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტს, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის საწინააღმდეგო ყოველ გალაშქრებას. თუმცა 17-მა მაისმა ევროპულ დაისში მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ერთ დღეს, არათუ ხელისუფალი, არამედ კარგად ორგანიზებული 100 ათასობით ადამიანი გავიდა კანონის ჩარჩოებს მიღმა, თავისი „სამართალი“ აღასრულა და სახელმწიფოს დაექადნა არავისში შეგეშალოთო.

„გაგება“ - მეჩვენება, რომ ყოველ მეორე პოსტში, სტატიაში 17 მაისის მხოლოდ ევროპულ ჭრილში შეფასება, არასწორია. როდესაც დარბევის კადრებს ვუყურებდი, არ მიფიქრია ადამიანის უფლებების ევროპული ქარტიის მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციაზე და ევროკავშირის სავარაუდო შეშფოთებაზე. ვფიქრობდი, სუფთა ადამიანურად, ქართულად რამდენად მართალი იყო 20 000-ის მიერ 20-ის დარბევა, კაცის მოქნეული ხელით ქალის თავის გატეხვა, ადამიანის სისხლის მოწყურება, კოლექტიური ზიზღი და შეუწყნარებლობა, ჯერ დაგეგმილი ძალადობა და შემდეგ დაგეგმილი ლოცვა.

ლგბტ-ს თუ ღირებულებების დარბევა - თავის მოტყუებაა, თუ ვინმე ფიქრობს და რომ ის, ვინც არბევდა ბნელია, რომ მათ არ იციან, არ წაუკითხავთ, სოციალურ ქსელებში არ არიან და ინფორმაციაზე არ მიუწვდებათ ხელი. ეს დარბევა იმ 9-წლიანი ქადაგების შედეგია, რომლიც იმის მიუხედავად იმისა რა თემას ეძღვნებოდა, ყველა ეკლესიაში სრულდებოდა ანტიდასავლური შინაარსის შემცველი სიტყვებით – „კართაგენი უნდა დაინგრეს“. ასე რომ, თუ ვინმეს იდევნებოდა 17 მაისს თავისუფლების მოედანზე და თუ ვინმეს ტენიდნენ ყვითელ ავტობუსებში - ეს ღირებულებები იყო.

ცრუ ევროინტეგრაცია და რეალური რუსეთი - არავითარი სვლა ევროპისკენ არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური კამპანია, ილუზია, რომ შემდეგ წელს მივიღებდით მაპს, მიგვიღებდნენ ევროკავშირში და ეს მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მოგვიტანდა. ცხრაწლიანი მოლოდინი დასრულდა და ეს მალე სოციოლოგიურ კვლევებშიც აისახება. რთული და უცხო გამოდგა ევროინტეგრაცია თავისი სტანდარტებით და ღირებულებებით. რუსეთის ბაზარი ჩვენი საფანტივით მანდარინისთვის მისწრებაა და არც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გაგვკიცხავს ერთმორწმუნე. 17 მაისს ნათლად გაცხადდა, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს ევროპისკენ. მთელი ეს წლები ევროპა იყო ჩვენთან მოსული. მაშინ, როცა 1000 ნაბიჯი გვაქვს გადადგმული რუსეთისკენ ისე, რომ თავად ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამს.

ხელისუფლების არასწორი პრიორიტეტები - უკანასკნელი წლების განმავლობაში ათეულობით მილიარდი დაიხარჯა და კვლავაც იხარჯება თავდაცვისა და ინფრასტუქტურის სფეროებში. 17-მა მაისმა გასცა პასუხი რამდენად გამართლებული იყო და არის ეს ინვესტიცია. ამ წლების განმავლობაში, ამ მოცულობის თანხა განათლებაში რომ დახარჯულიყო, დანგრეული გზებითა და მე-19 საუკუნის შაშხანით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ბევრად უფრო ახლოს იქნებოდა.

სიღარიბე და არარეალიზებულობა - შუქი, გაზი და გზები გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ადამიანების ჩართვა მმართველობის პროცესში. პირიქით, ისინი პასიურობისთვის გაწირა, საკუთარი სერვისების კლიენტებად აქცია და ჩათვალა, რომ მან თავად, ადამიანებზე უკეთ იცის თუ რა სურთ მათ. უმუშევარი და არარეალიზებული ადამიანების თავშესაფრად ეკლესია იქცა. ხელისუფლებამ ამით სახელმწიფოებრივად სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

არაეფექტური და ურეინტინგო ხელისუფალნი - უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქვეყნის სტაბილურობა (ფაქტობრივად, სამივე ხელისუფლების პირობებში იომა ქვეყანამ) და ადამიანების ცხოვრების დონის ხელშესახები გაუმჯობესება. ამ წლების გადასახედიდან, ყველაზე სტაბილური ინსტიტუცია ეკლესია გამოდგა, რომელმაც აშენა ტაძრები და ამრავლა მრევლი. მოძლიერდა ეკონომიკურად. შეიქმნა სტაბილური ნდობა და ინსტიტუციებს შორის ყველა გამოკვლევით ლიდერობს. ხელისუფლებები კი მოდიოდნენ 80%-იანი  და მიდიოდნენ – 10%-იანი ნდობით (ან არც მიდიოდნენ, მათ უბრალოდ ამხობდნენ). სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებით, პოლიტიკურ მოპალარაკებებსა და საქმიანობებში მედიატორისა და ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღების სტატუსის მინიჭებით, სხვა არაფორმალური სიკეთეებით ცდილობდა და ცდილობს საერო ხელისუფლება სასულიერო ხელისუფლებასთან თანაარსებობასა და მმართველობის ლეგიტიმაციის მიღებას. ხალხთან შრომატევად და მაინც, რისკის შემცველ ურთიერთქმედებას, ყველა ხელისუფალმა ეკლესიასთან ნაცადი, ინსტიტუციური და ინდულგენციური ურთიერთქმედება ამჯობინა.

ტოლარანტობა მითია - ერთადერთი რითაც ეს მითი სულდგმულობს ძველი თბილისის ისტორიული უბანია. ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ყოველივე განსხვავებული და სულ ერთია ეს განსხვავება ეროვნებაა, რელიგიაა, სქესია თუ სუფთა საყოფაცხოვრებო – მაგალითად, უკეთესი მანქანა, აგარაკი და “ცოლი”. ვერ ვიტანთ ერთმანეთს და ამის გამოსახატად სიტყვებიც არ გვჭირდება. სხეულის ყველა ნაკვთი ამას გამოხატავს. არ მგონია, ზიზღის პანტომიმაში ბადალი გვყავდეს.

2002 წელს გაფორმებული კონკორდატი - უპირველესად, ამ შეთანხმების პირობებში ვერ მოხდა საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილისა და იმავდროულად, რწმენისა და კონსტიტუციით გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო შეთანხმებამ, საერო სახელმწიფოს წიაღში სასულიერო სახელმწიფო წარმოშვა, რომელთა პრინციპების დაპირისპირება დროის ამბავი იყო.

ახალი ძალა - აქციის დარბევა, დამრბევთა ორგანიზებულობა, ფიზიკური კონდიციები და ამის შემდგომი კომენტარები სასულიერო პირების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებასთან. ორგანიზატორთა შეხედულებებით თუ ვიმსჯელებთ, არსებობს იმის საფრთხე, რომ მოძალადეებმა არაფორმალური დაჯგუფების სახე მიიღონ და ღვთის სახელით გაუსწორდნენ ყველას, ვინც წინ გადაეღობებათ. არაა გამორიცხული, რომ ეკლესიის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი (და მათ წინ, თუ უკან მდგომი საერო პირები) აღარ დაკმაყოფილდნენ მისდამი ლოიალური ხელისუფლების არსებობით და თავად გადაწყვიტონ, იყონ საეროც და სასულიერო ხელისუფალნიც.

17 მაისი ჯერ არ დასრულებულა - სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობის ასპექტები, არ მოხდება წარსული შეცდომების გათვალისწინება. საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხე ემუქრება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^