კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოელოდა. ამ ეტაპზე ცხადია, რომ მედიაში ხშირად ისევ პერიფერიული და პოპულისტური თემები დომინირებს, სოციალური დაცულობა/დაუცველობის, უმუშევრობის საკითხები კი მედიის და პოლიტიკოსების ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. ნელი ძვრები საკმარისი არ არის. ცხადია ორი რამ - ამ მიმართულებით პროგრესი არ გვექნება, სანამ არ მოვითხოვთ და არ ჩავერთვებით პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში, და მეორე - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა უკეთესი გარემო სამოქალაქო საზოგადოების აქტივობისთვის ვიდრე დღეს არის.
ვინც ითხოვს, იმას მიეცემა?
სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა კვლავ უდიდესი პრობლემაა მსოფლიო მასშტაბით, თუმცა იმავე მსოფლიომ უკვე იხილა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დამცველი ქვეყნების მაგალითებიც. ყველაზე თვალნათელი მაგალითი დასავლეთ ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოა, თუმცა, არც ერთი „კეთილდღეობის სახელმწიფო“ მმართველთა კეთილი ნების წყალობით არ აშენებულა. სოციალური დაცვის უზრუნველყოფა უმეტეს შემთხვევებში მუშათა კლასის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იყო. სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო პანაცეა არ არის; თავად „ადამიანური კაპიტალიზმიც“ ზოგჯერ არაადამიანური და უთანასწოროა, თუმცა კაპიტალიზმის სხვა ფორმებთან შედარებით გაცილებით უკეთ ახერხებს კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
სოციალურ-ეკონომიური პირობების შექმნის თვალსაზრისით ასევე არსებობს მეორე მოდელი - სოციალისტური სახელმწიფო. სამწუხაროდ სოციალისტური სახელმწიფოს ის ფორმები, რაც უკვე გამოვცადეთ სახარბიელო არ ყოფილა და უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური უფლებების დათრგუნვის ხარჯზე იყო აგებული. საბჭოთა კავშირის, სოციალისტური იუგოსლავიის თუ კომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლეგიტიმურობა სწორედ სოციალურ დაცულობაზე იყო დამყარებული. ეს ყბადაღებული სოციალური პირობები კი დიდი ვერაფერი აღმოჩნდა, და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, მხოლოდ შიმშილის და ტერორის ათწლეულების შემდეგ დადგა ფარდობითი კეთილდღეობა. 60-70 იანებში, როცა შედარებით გაიზარდა სოციალური დაცულობა და შენელდა ტერორი, ასევე ცხადი გახდა საბჭოთა ეკონომიკის სისუსტეები. მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ უკეთეს სოციალისტურ სახელმწიფოს არ გამოვიგონებთ, უკვე არსებული მაგალითების გამოყენება არ გამოგვადგება.
დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფო, ქვემოდან მომავალი საზოგადოებრივი დაკვეთაა, დემოკრატია კი ამ დაკვეთის აღსრულების იარაღია. თავისთავად დემოკრატიაც საზოგადოებრივი დაკვეთაა და ევროპული ქვეყნების მმართველებმა თავის დროზე მოსახლეობისთვის პოლიტიკური უფლებების გაფართოება რევოლუციის შიშით და პროტესტების ზეწოლის ქვეშ განახორციელეს. ამის საპირისპიროდ კომუნისტური კეთილდღეობა პრევენციული კეთილდღეობაა - იქ სადაც პოლიტიკური უფლებები ითრგუნება, ხალხს სოციალური პირობები მაინც უნდა მიეცეს იმიტომ რომ ტერორის და ძალადობის მეშვეობით მოსახლეობის უკმაყოფილების ჩახშობა ძვირი ჯდება და მუდმივად ვერ შენარჩუნდება.
იმ ქვეყნებში, სადაც არც დასავლური და არც კომუნისტური კეთილდღეობა არ არსებობს, არსებობს კორუფცია - „რასაც ნებით არ მაძლევენ ძალით წავართმევ“ მიხედვით. მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე, მათ შორის შევარდნაძის დროინდელი საქართველო, სწორედ კორუფციული კეთილდღეობის, ან კორუფციული რედისტრიბუციის მაგალითია. ამ შემთხვევებში საზოგადოება აცნობიერებს, რომ მთავრობას არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის, შესაბამისად საზოგადოება იმეორებს მთავრობის მაგალითს - იპარავს იმას, რაც შეუძლია. ასეთი სისტემის მთავარი მანკიერება ისაა, რომ ძალაუფლების მპყრობელები ყოველთვის უკეთ ახერხებენ მოპარვას, ვიდრე სხვა დანარჩენი, და უთანასწორობა და სიღარიბეც ნარჩუნდება. სამაგიეროდ, კორუფციული კეთილდღეობა მგონი უკეთესია, ვიდრე ნაკლებად კორუფციული ანტიკეთილღეობის სახელმწიფო - ანუ პოსტ-რევოლუციური საქართველო.
ნაცმოძრაობის/სააკაშვილის მთავრობის პერიოდში ჩვენთან საინტერესო რამ მოხდა - კორუფციული კეთილდღეობა შეიკვეცა, მაგრამ მის ჩასანაცვლებლად სახელმწიფო კეთილდღეობა არ შექმნილა; არაფორმალური რედისტრიბუცია აიკრძალა, ხოლო ფორმალური რედისტრიბუცია კომუნიზმად გამოცხადდა. 2003 წლის შემდეგ სახელმწიფომ ეკონომიკური ურთიერთობების ფორმალიზაციას მიაღწია და ის, რაც ადრე „გზაზე იკარგებოდა“ რევოლუციის შემდეგ ბიუჯეტს ავსებდა.
ეს, რა თქმა უნდა, კარგი პროცესია, ამას რომ სახელმწიფო ხარჯების განუკითხავი ფლანგვა არ მოყოლოდა. ანუ, ის რაც მანამდე გზაზე იკარგებოდა, მერე ბიუჯეტიდან დაიკარგა; ის რასაც ყველა იპარავდა, მხოლოდ ნაცმოძრაობის ვიწრო ელიტურმა წრემ გაინაწილა. თუმცა, ყველაფერი არ მოპარულა. ყველა სახელმწიფო, ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოებიც კი ცდილობენ ლეგიტიმურობის შენარჩუნებას. ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია გზა რომელიც მოკლევადიან მიზნებზე იყო გათვლილი და დროთა განმავლობაში უსუსური აღმოჩნდა - ფასადები, სანახაობა, შიში და რეპრესია. ნაცმოძრაობას ლეგიტიმურობის მენიუდან „პური“ გამორჩა და მოსახლეობა რომ „პურის წართმევით“ გამოწვეული აღშფოთებისგან „დაეცვა“, ბიუჯეტის გადაუნაწილებელი სახსრები რეპრესიის მანქანის აწყობას მოახმარა.
კორუფციული კეთილდღეობა ცუდი კეთილდღეობაა მაგრამ ნაცმოძრაობის ანტიკეთილდღეობა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით საქართველოზე ღარიბი ქვეყანა რეგიონის მასშტაბით არ მოიძებნება. ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩვენი პოსტსაბჭოელი მეზობლები (თურქმენეთის გამოკლებით), მცირე აზიელი მეზობლები, ყველა ჩვენს ირგვლივ, უფრო ნაკლებად ღარიბია, ვიდრე ქართული საზოგადოება. მხოლოდ სუბსაჰარული აფრიკა, ჰონდურასი, და აზიის რამდენიმე ქვეყანა „შეგვედრება“ მსოფლიო ბანკის მონაცემები.
ჩვენ, როგორც საზოგადოებამ უნდა ავირჩიოთ, კეთილდღეობის რა მოდელი გვინდა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზედმეტად შეჩვეულები ვართ საბჭოთა მოდელს, სადაც ჩვენ, როგორც საზოგადოებას, არავინ გვისმენდა და კეთილდღეობა „ზემოდან“ მოდიოდა ჩვენს დასაშოშმინებლად. ბრძოლის და ორგანიზების გარეშე მიღებული კეთილდღეობა ალბათ დღესაც ყველაზე სასურველია ქართველი მოსახლეობის უმეტესობისთვის. თუმცა ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ მოდელის აღდგენა არც კარგია და რაც მთავარია - არც შესაძლებელი. მეორე არჩევანი ალბათ ისევ კორუფციული კეთილდღეობა იქნებოდა. ინდივიდუალური ქურდობა უფრო ადვილია, ვიდრე კოლექტიურად სოციალური უფლებების მოთხოვნა. იმედი მაქვს ამ უკანასკნელს არც ავირჩევთ და არც ახლანდელი ხელისუფლება დაგვანებებს მის არჩევას. ბიუროკრატიული კორუფცია უკვე შემცირებულია, გადასახადები მეტ-ნაკლებად გროვდება. ამ ეტაპზე ჩვენი გადასახადების კოლექტიური განკარგვა უნდა ვისწავლოთ.
თუ არც კომუნისტური და არც კორუფციული კეთილდღეობა არ გვსურს, მაშინ ისიც უნდა გავაცნობიეროთ რომ, სახელმწიფო „თავისი ნებით“ რედისტრიბუციას არ დაიწყებს. ამიტომაც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების რადიკალური გააქტიურება, სოციალური უფლებების მოთხოვნა და სოციალურ-ეკონომიური პოლიტიკის დაგეგმვა/განხორციელებაში საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართვა. სამოქალაქო საზოგადოება კი არასამთავრობოებით არ შემოიფარგლება, საჭიროა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა.
ოქტომბრის არჩევნების მერე უკვე შეინიშნება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის აქტიურობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ინტრიგების გარკვევაში არ დავიკარგოთ და დავიბნეთ. დღეს სტუდენტები უკვე აქტიურობენ, სოციალური უფლებების და შრომის უფლებების წინ წამოწევას ცდილობენ, თუმცა თუ სხვა ჯგუფებიც არ გააქტიურდებიან, შეიძლება სტუდენტებმა ვერ მოახერხონ არსებული ვითარების ძირეული შეცვლა. სოციალური პირობები მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, როცა ის ადამიანები, ვინც მსგავსი ინტერესებით დაკავშირებული მოქალაქეები, მასწავლებლები თუ ექიმები, მუშები თუ გარემოვაჭრეები, მოახერხებენ კოლექტიური მოთხოვნების იდენტიფიცირებას, კოლექტიური ინსტიტუტების გამყარებას (პროფკავშირები) და მთავრობაზე ზეწოლის განხორციელებას.
რატომ დღეს?
სადავო საკითხია, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღეს უფრო უკეთესი პირობებია სამოქალაქო აქტივობისთვის ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენი ოცწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში. 90-იანი წლების დასაწყისი ომებისა და კონფლიქტებში გავლიეთ. შემდეგ, შევარდნაძის მთავრობა ისეთი სუსტი იყო, რომც მოგვეთხოვა სოციალური პირობები აზრი არ ჰქონდა - მთავრობა საკუთარ თავსაც კი ვერ აკონტროლებდა. სააკაშვილის გაძლიერებულ მთავრობას შეეძლო სოციალური დაცვის გაძლიერება, მაგრამ მოთხოვნის წამოყენების პირობები ჩაუხშო მოსახლეობას და რეპრესირებისთვის გამოიყენა ძლიერება.
ამჟამად ისე ჩანს, რომ კვლავ შედარებით შემძლე, მაგრამ ნაკლებად რეპრესიული მთავრობა გვყავს. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ეს მთავრობა ვერ და არ დააკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნებს, სანამ თავადვე არ მოვითხოვთ.
გასული ოცი წლის აურზაურმა აპათია და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება გამოიწვია. თუმცა ეს გადაულახავი დაბრკოლება არ არის. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა უკვე გაზრდილია, სოციალურ პრობლემებზე უფრო ხშირად ვსაუბრობთ, ვიდრე ოდესმე. დღეს ყველაზე კარგი შანსი გვაქვს ვაკუუმის შევსების, სოლიდარობის გამოხატვის, კოლექტიური აქტივობისთვის, და იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესაძლებლობის დროულად გამოყენებას მოავახერხებთ.