Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიყვარულის სიძულვილი და სიძულვილის სიყვარული

30 მაისი 2013

ჩემმა მეგობარმა ერთხელ მხატვრულად და პრინციპში, დოკუმენტურადაც თქვა, ქართული საზოგადოებისთვის პრობლემა არა ჰომოსექსუალობაა, არამედ, ზოგადად, სექსუალობაო. ეს მართალია.

დაახლოებით ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიყის პარკში ე.წ „ზასაობის აქცია“ მოვაწყვეთ. გახსოვთ ალბათ, რატომაც. მაშინ სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, თვითნებურად ჩარეულიყვნენ ორი ადამიანის პირადი გრძნობების თუნდაც საჯაროდ გამოხატვის ფორმებში. კანონის შეჭრა ადამიანის ინტიმური ცხოვრების ასეთ დეტალებში სახიფათოდ მეჩვენა და ვიფიქრე, რომ სადაც სახელმწიფო იჭრება მოქალაქეთა გასაჯაროებული პირადულის ასეთ უწვრილმანეს დეტალებშიც კი, იქ სახელმწიფო შეიჭრება ყველგან. გავაკეთეთ საპროტესტო აქცია სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ტრუსებში ქექვის საწინააღმდეგოდ. აქცია უბრალოდ ჩავარდა. ასეულობით ადამიანიდან მხოლოდ სამმა წყვილმა გავბედეთ საჯაროდ ერთმანეთისთვის კოცნა.

ორი წლის შემდეგ ამ აქციის ვიდეოს, იუთუბზე 400.000-მდე ნახვა აქვს და ათასზე მეტი კომენტარი. კომენტატორთა უმეტესობამ აქციას „სექსისა და გარყვნილების პროპაგანდა“ და „ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა“ უწოდა, აქციის მიზნისა და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. პარადოქსია, მაგრამ ყველაზე პერვერტული სექსუალური ფანტაზიების პატრონსაც კი გაუჭირდება იმ ლექსიკისა და სცენარის მოფიქრება, რაც მორალის სადარაჯოდ დარაზმულმა „ქრისტიანმა“ მორალისტებმა დაახვავეს კომენტარებში, წარმოუდგენელი და აქამდე არგაგონილი გინებების სახით. ამ გინებასთან შედარებით, BDSM სექსიც კი უმანკოთა შორის ყველაზე უმანკო და უწყინარი თამაშობაა. მოკლედ, ჩამოვედით იქამდე, რომ სხვისი თუ საკუთარი ჰომოსექსუალობის შეგუებამდე, ეს ადამიანები ზოგადად სექსუალობას უნდა შეეგუონ.

მთლად უარესი, დავანებოთ თავი სექსს და სექსუალობას. ამას ვინ ჩივის, როდესაც „მორალის პოლიცია“ თავად [და თუნდაც უსექსო] სიყვარულის წინააღმდეგ ილაშქრებს?

17 მაისზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, ვნახეთ ტაბურეტკებიც და მფრინავი მართლმადიდებლებიც, პირადად გადავრჩი სიკვდილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ბევრს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც აქციის მეორე დღეს ჩაიდინა ერთ-ერთმა ე.წ „სასულიერო პირმა“. საქმე ისაა, რომ ერთმა შეყვარებულმა გოგონამ თავის შეყვარებულ ბიჭს სიურპრიზი გაუკეთა და მტკვრის სანაპიროზე მდგარი ხე ფერადი ძაფებისგან დაწნული გულებით გაალამაზა. უყვარს და დაუხატა გულები, ვის არ დაგვიხატავს? 18-ში კი ეს გულები ერთმა ანაფორიანმა, თანმხლებ პირთან ერთად, ჩამოხია და ჩამოძენძა. ამ ადამიანმა, რომელიც ეკლესიას წარმოადგენს, არათუ ჰომოსექსუალობის, არათუ სექსის და სექსუალობის, არამედ სიყვარულის ყველაზე ბავშვური და კეთილი გამოხატულების წინააღმდეგ გაილაშქრა.

ვიცი ერთი 18 წლის ჰომოსექსუალი ბიჭის ამბავი, რომელსაც ოჯახში გაუგეს. მშობლებმა ჯერ ლამის სიკვდილის პირამდე სცემეს, შეყვარებულს დააშორეს, შემდეგ კი ძალით მონასტერში წაიყვანეს და გამოკეტეს - „გამოსასწორებლად“. თავი დავანებოთ იმას, რომ ადამიანის სექსუალური ინსტიქტების „გამოსწორება“ და „შეცვლა“ ისევეა შესაძლებელი, როგორც სუნთქვის აკრძალვა. ამ ამბის მოსმენის შემდეგ პირველი რაც ამოვიოხრე, იყო ეს: „უბედური ბავშვი... ღმერთმა არ ქნას, რომ მონასტერში დარჩეს და საეკლესიო ცხოვრებას მიჰყოს ხელი“.

კიდევ ერთი ამბავი ვიცი ბიჭზე, რომელმაც საყურეები გაიკეთა რამდენიმე წლის წინ და წლების მანძილზე უწევდა არაერთი ფაშისტი ჰომოფობისგან გინების მოსმენა. დრო გავიდა, ბიჭმა საყურეები მოიხსნა და საზოგადოებრივი თავდასხმისგან თავდაცვის ყველაზე უღირსი (მომიტევეთ ამ მორალისტური ტერმინისთვის) ფორმა იპოვნა: თავად შეუერთდა იმ ფაშისტებს, ვინც წლების წინ აგინებდნენ. ესეც ნამდვილი ამბავია, ჩემი თვალებით მაინც არ მქონდეს ნანახი.

ბოროტება უკვალოდ არ ქრება, კვერცხებს დებს, რომლიდანაც შემდეგ ახალი წიწილები იჩეკება, ბოროტების წიწილები (ამ ფრაზას უკვე მესამე წერილში ვიმეორებ, მგონი). ჩვენ არ ვიცით იმ მღვდლის არც ვინაობა და არც ბიოგრაფია, რომელმაც ფერადი გულები ჩამოხია და რომელსაც სიყვარული სძულს. სამაგიეროდ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მის გონებაში, ოდესღაც, ბოროტების კრუხმა აუცილებლად დადო კვერცხი, თუნდაც დაუკითხავად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიჭი თუ ეკლესიაში დარჩა, ძალიან გაუჭირდება, მომავალში სხვისმა ფერადმა გულებმა ბავშვობის ტრავმა არ გაახსენოს და არ შეაძულოს კაცობრიობა, არ შეაძულოს სიყვარული.

ძლიერი ჩაგრავს სუსტს, ხოლო სუსტი ეძებს კიდევ უფრო სუსტს (და თავის მხრივ, მომდევნო მსხვერპლზე უფრო ძლიერს) მიღებული სიძულვილის საკომპენსაციოდ. 17 მაისის დარბევაში მონაწილე ერთ-ერთი ფაშისტური დაჯგუფების წევრი და ინიციატორი ის ბიჭია, ადრეულ ბავშვობაში ჩემმა ნაცნობმა რომ მობილური წაართვა ცემითა და დაშინებით. რატომღა გვიკვირს, რომ ამ კვერცხიდანაც გამოიჩეკებოდა წიწილა? რამდენი ადამიანი მივიდა მასთან და ანუგეშა, რომ არ გაბოროტებულიყო?

ბოროტების ეს მოჯადოებული წრე იცვლება და ფართოვდება. იცვლებიან ობიექტები. დღევანდელი მოძალადე - ხვალინდელი მსხვერპლია. გუშინდელი მსხვერპლი - დღევანდელი მოძალადე და ამ წრის გარღვევას კი ვერა და ვერ ვახერხებთ. თითქოს, ეს „ასეც უნდა იყოს“. სახელმწიფო ძალადობს ოჯახზე, ოჯახი-ჩვენზე. ჩვენ ვძალადობთ ერთმანეთზე. შემდეგ ერთად ვძალადობთ სახელმწიფოზე და ამასობაში ბუხართან დაჯდომისა და შვილიშვილებისთვის ამბების მოყოლის დროც მოვა. საქმეც ისაა, რას მოვუყვებით შემდეგ თაობებს ჩვენ, თაობა, რომლისთვისაც სიძულვილი და ძალადობა ყოველდღიურ ბანალურობადაა ქცეული. თაობა, რომელმაც ის-ის იყო გაქცევა დავიწყეთ წინა თაობის კონსერვატორებისგან, რომ ბევრმა თანატოლმა ბოლოს მაინც კომფორტის ზონაში დარჩენა არჩია და ახლა თავად ქადაგებს იმას, რასაც წლების წინ ებრძოდა. თაობა, რომელმაც 17 მაისს საკუთარი თვალებით ვნახეთ, რომ ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება - ვაჟკაცობაა, ხოლო მეორე დღესვე შეგვახსენეს, რომ ადამიანის სიყვარული - ბოროტებაა.

17 მაისის დარბევა და 18 მაისის გულების ჩამოხევა კი თავის მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია ამ საყოველთაო ძალადობის გაბანალურებისა. ასე ხდება ყველგან, სადაც სიყვარულიც კი სძულთ ადამიანებს.

P.S. დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს საზღვრის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე რუსებმა 200-300 მეტრით შემოიწიეს ჩვენს ტერიტორიაზე. ორი დღის წინანდელი დიცის ინციდენტიც კი მხოლოდ რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გააპროტესტა რუსეთის საელჩოსთან. რატომღაც არსად ჩანდა არც მორალის სადარაჯოზე მდგარი ეკლესია, არც ის 20.000-მდე „რჩეული ვაჟკაცი“, საკუთარი მოქალაქეების დახოცვით რომ აპირებდნენ სამშობლოს დაცვას. როგორც ჩანს, ამჯერად დღევანდელი მოძალადე გაცილებით ძლიერია, ვიდრე გუშინდელი მსხვერპლი. გუშინდელმა მოძალადეებმა კი ხმა გაიკმინდეს და ალბათ შემდეგში კიდევ ახალი და მათზე რიცხოვნობით ნაკლები თუ სუსტი მტრის ძიებას შეუდგნენ. ვინმეზე ხომ უნდა იყარონ ჯავრი დაჩაგრულებმა?

არანაირი ნიშნის მოგება. მხოლოდ და მხოლოდ დიდი, საშინელი ფრუსტრაცია და გულის ტკივილი იმის გამო, რომ მე მტერს მეძახიან, დამპყრობელს კი დიდ ისტორიულ მეგობარს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^