Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლება, როგორც განათლება

11 ივნისი 2013

არის ასეთი, ლამის პერსონაჟი, ილო ლეჟავა. მემანქანე, რომელიც  თავის ბლოგზე  რკინიგზის ხელმღვანელობასთან დაპირისპირების შესახებ გვიყვებოდა, საერთო მემარცხენე ფრონტის აუცილებლობაზე გვესაუბრებოდა და დანიელ გერენის შესახებ ბლოგპოსტებს გვიზიარებდა, 17 მაისს კი ეს დაასტატუსა : ყველას, ვინც გუშინდელ ძალადობას ამართლებს : არ წამშალოთ მეგობრებიდან! მე თქვენთვის ბევრ საინტერესო და განმანათლებელ მასალას დავდებ!

აღტაცების ღირსი რიტორიკაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენში ასე ძვირფას, ქვიშაში თავის ჩარგვით მოგვრილ ილუზიებზე ამბობს უარს, არამედ იმიტომაც, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვამდე მივყავართ. ეს კითხვა არ არის  ის, თუ რა მოხდა  - ამაზე პასუხი ორივე მხარეს მანამ ჰქონდა, სანამ საერთოდ მოხდებოდა რამე. არც ის, თუ რატომ მოხდა - რატომაც არ უნდა მომხდარიყო? მთავარი კითხვა ასე ჟღერს : როგორ მოხდა?  უფრო ზუსტად, როგორ მოახერხა ეკლესიამ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა?

პასუხი, ერთი შეხედვით, ნაცნობი და ტრივიალურია. განათლება.მისდამი  მცდარი და ზერელე დამოკიდებულება. ოღონდ მათი მხრიდან, ვინც გამუდმებით ოპონენტს უკიჟინებს ამას. დიახ, ჩვენგან.

თითქოს სადავოც არაა : ცოდნა არასდროს არის ნეიტრალური, სწავლება - მით უმეტეს. ის ვინც ასწავლის, ნებით თუ უნებლიედ, ყოველთვის იყენებს თავის პოზიციას თავისივე მიზნებისთვის, თავისი შეხედულებების სხვებისთვის თავს მოსახვევად. და, საერთოდაც, სწავლებასა და ინდოქტრინაციას შორის ზღვარი არ არსებული თუ არა, ძლიერ მყიფე მაინც არის. სადავო არაა, მაგრამ (მემარცხენე) ლიბერალური ისთებლიშმენტის ცნობიერებაში განათლება მაინც უშინაარსო, აპოლიტიკურ, უნივერსალურ სიკეთედ რჩება, რომელთან დაკავშირებული ერთადერთი პრობლემაც მისი „ნაკლებობაა“ და  ისიც ლამის ტექნიკური მიზეზების გამო არსებობს : სახელმწიფოს განათლების სისტემა ან პრიორიტეტულად არ მიაჩნია, ანაც მის ეფექტურად მართვას ვერ ახერხებს.

ამ მოსაზრებისგან კიდევ ერთი, უფრო საშიშად მცდარი გამომდინარეობს : თითქოს-და ყველაფერ იმის  მიზეზი, რასაც გარშემო ვხედავთ - ეკლესიის უხეში ჩარევის სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში - სახელმწიფოს მართვიდან მედიცინამდე, მოფაშისტო ჯგუფების გამოჩენის, მზარდი ქსენოფობური განწყობების - სწორედ ეს „ნაკლებობაა“.  ერთგვარი სიცარიელე,  რომელიც ატავისტური წარმოდგენების, გნებავთ, სიბნელის ტყვეობაში გვტოვებს.
საქართველოს ალბათ შეიძლება ეწოდოს კიდეც კონსერვატიული ქვეყანა, მაგრამ ეს „სიცარიელე“, ანუ ის, რაც აქ „ტრადიციად“ უნდა მოვიხსენიოთ, კონსტანტა არ არის, გამუდმებული რეინტერპრეტაციის, კვლავწარმოების საგანია. ის ყოველდღე თავიდან იქმნება. უფრო ზუსტად, მას ყოველდღე თავიდან ქმნიან. და, რაც მთავარია, ტრადიციასაც აქვს თავისი შესაძლებლობის საზღვრები. მას შეუძლია გვითხრას, რომ პიდარასტი შვილი სახლიდან უნდა გავაგდოთ, მაგრამ ვერაფრით გვეტყვის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ჰომოსექსუალების მეშვეობით ქართლი კულტურის დასამარებას ისახავენ მიზნად. შეუძლია ერთქსესიანი ქორწინება გაუგონარ ბოროტებად წარმოსახოს, მაგრამ ვერაფრით შთააგონებდა ათასობით ადამიანს მტკნარ სიცრუეს, რომ 17 მაისის აქციის ორგანიზატორები მის დაკანონებას ითხოვდნენ. ეს ცოდნა ვიღაცამ უნდა გაავრცელოს. ვიღაცამ ადამიანები უნდა გაანათლოს. და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამას ძალიან ეფექტურად ახერხებს.

შეგიხედავთ ოდესმე დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ვებ-გვერდზე?  კარგად გაფორმებულ საიტზე ბატონი გიგნაძის სტატიები, წიგნები, რადიო და სატელევიზიო გამოსვლები, საჯარო შეხვედრებისას გამართული დისკუსიებისა და წირვაზე წარმოთქმული სიტყვების ამსახველი ჩანაწერები დევს, ათეულობით ფეიჯად. ცალკე განყოფილება ცალკეული ქადაგებების ჰაილაითებსაც კი ეძღვნება. სხვა „მართლმადიდებლური საიტების“ ლინკებიც დევს : faith.ge, orthodoxy.ge, sibrdzne.ge... აქაც უხვი მასალაა. განსაკუთრებით რუსულენოვანი დოკუმენტური ფილმები ჭარბობენ, რელიგიურ სექტებსა და აპოკალიფსზე. შეადარეთ ეს რომელიმე „საჯარო ინტელექტუალის“ ან არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინტერნეტში მოძიებადი ინფორმაციის ოდენობასა თუ ხარისხს და თქვენთვისაც ცხადი გახდება, თუ რამდენად სავალალოა სიტუაცია.

და, ცხადია, ინტერნეტი მხოლოდ აისბერგის წვერია. საპატრიარქოს აქვს თავისი ტელევიზია, რადიო, ათეულობით ბეჭდური გამოცემა, რამდენიმე ახალგაზრდული ცენტრი. რაც მთავარია, მის განკარგებულებაშია ცოდნის გავრცელების ინსტიტუტი, რომლის ეფექტურობის მიღმაც საუკუნოვანი გამოცდილება დგას : ქადაგებები. და რამდენად მცირეც არ უნდა იყოს  მათი რაოდენობა, ვინც წირვას რეგულარულად ესწრება ან საპატრიარქოს ტელევიზიას პრაიმ-თაიმში უყურებს, ეს ყველაფერი მაინც საკმარისზე მეტია აქტიური უმცირესობის შესაქმნელადაც და იმისთვისაც, რომ საზოგადოებრივ დისკუსიაში დომინანტური სწორედ ამ უმცირესობის ცოდნა იყოს.

თუკი ამას რამე შეიძლება დაუპირისპირო, მხოლოდ მისი ანალოგი. არა ილუზიები ჩაიკოვსკის მოსმენისა და ჰომოფობიის ნეგატიურ კორელაციაზე, არამედ ცოდნა, რომელიც უარს ამბობს უნივერსალურობაზე ჰეგემონიაზე პრეტენზიის სანაცლოდ. ცოდნა, რომელიც უარყოფს „ობიექტურობას“, რომელიც ირჩევს პოზიციას და არის ჩართული, პოლიტიკური. მოკლედ, პროპაგანდა.

და ამ ცოდნას ვერავინ გაავრცელებს, თავად ჩართული ადამიანების გარდა. სწორედ ამიტომ არის დღეს აქტივისტთა ჯგუფების,თემის შექმნა ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე მნიშვნელოვანი, გამოცემული წიგნი - პეტიციაზე, ბუქ ქლაბი - აქციაზე, საგანმანათლებლო ბლოგპოსტი - სატელევიზიო გამოსვლაზე, რომელშიც „პოლიტიკურად კორექტული“ არგუმენტებით გავდივართ ფონს.

ცხადია, რთულია, „ტაბურეტკებით“ და ლოცვა-ლოცვა მორბენალ ადამიანებში რამე დაინახო, ბარბაროსების გარდა. კიდევ უფრო რთული - მიხვდე, რომ ბევრი რამ სწორედ მათგან გაქვს სასწავლი. რთული, მაგრამ აუცილებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^