Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავისუფლება შეიძლება მხოლოდ თავისუფლებით შევქმნათ

05 ივლისი 2013

ხელისუფლების წარმომადგენლები მიამიტური გაკვირვებით კითხულობენ, რატომ აპროტესტებენ განათლების კანონში შესატან ცვლილებას უნივერსიტეტები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მაშინ, როდესაც ეს ცვლილება ბევრს არაფერს არ ცვლის, და თანაც, მთავრობა აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებების “ბოროტად” გამოყენებას არ აპირებს.

სამთავრობო მიდგომას ორი ხარვეზი აქვს  - დაინტერესებული მხარეები არ არიან ჩართული ცვლილებების შემუშავების პროცესში; და მეორეც, თავად ცვლილებები ავტონომიის გაზრდის ნაცვლად პოლიტიკური ზეწოლის ერთი ხელიდან მეორე ხელში გადასვლას ითვალისწინებს.

ეს გაუგებრობა სწორედ იმის ბრალია, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა არის უნივერსიტეტის პრობლემა. ცვლილების მხარდაჭერთათვის პრობლემა „ცუდი, მვანე, არასასურველი“ პოლიტიკური ზეწოლაა. როცა პრობლემა ასე სახელდება გამოსავალიც შესაბამისია - შევცვალოთ „ცუდი“ ზეწოლა „კარგი, ლეგიტიმური, სამართლიანი“ ზეწოლით, და მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქროთ დანარჩენ ცვლილებებზე. ჩემი გადმოსახედიდან კი პრობლემა თავად ზეწოლაა და არც ერთი პოლიტიკური გავლენა არ შეიძლება იყოს „კარგი ან მისაღები“. შესაბამისად, თუ პრობლემა ზეწოლაა, ზეწოლის განმახორცილებელთა სახელების ან თანამდებობების გადათამაშების მაგივრად თავად ზეწოლა უნდა მოვხსნათ.

მიზანი საშუალებას არ ამართლებს

სახელმწიფო მიდგომა, სამწუხაროდ, ორიგინალური არ არის. ის ნაცად ხერხს ეყრდნობა და ირიბად თუ პირდაპირ გვამცნობს, რომ უნივერსიტეტებში უსამართლობაა გაბატონებული, ადმინისტრაცია, ლექტორები და შეიძლება სტუდენტებიც ნდობას არ იმსახურებენ. ამიტომაც, „გარდამავალ“ პერიოდში გვჭირდება „ძლიერი ხელი“ რომელიც სამართლიანობას აღადგენს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ „დანარჩენ“ ცვლილებებზე.  ამგვარი მიდგომის მომხრეებისთვის საშუალებას, ან მიზნის მიღწევის მეთოდებს და საფეხურებს დიდი მნიშნელობა არ აქვს. ისინი იმდენად დაიღალნენ უსამართლობით, რომ მზად არიან „სამართლიანობის აღდგენა“ რომელიმე ერთ ძალას ჩააბარონ.

ვფიქრობ,  საშუალება თავად არის მიზანი და მინდა ორი მაგალითი მოვიყვანო ამ განცხადების მხარდასაჭერად.

პირველი - პროლეტარიატის დიქტატურა

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ იმ ლოგიკის ასახსნელად რომლის მიხედვითაც მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგალითად საბჭოთა კავშირის შექმნას მოვიყვან. მეოცე საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკთა დისკურსი და სამოქმედო გეგმა ისეთივე პრინციპებს ეყრდნობოდა, როგორსაც დღეს ჩვენი მთავრობა. იმ დროის ყველაზე პროგრესული სოციალისტური იდეა კლასთა შორის უზარმაზარ უთანასწორობის, მუშათა ექსპლოატაციის, სიღარიბის, იერარქიების წინააღმდეგ ილაშქრებდა და ჩაგრული მასების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. ბოლშევიკთა მიერ დასახელებული მიზნები ჰუმანურიც იყო და ღირებულიც. თუმცა, ამ მიზნების განხორციელების გზაზე, კომუნისტები ისევე არ ენდობოდნენ იმ მასებს რომელთა გათავისუფლებისთვისაც იბრძოდნენ, როგორც ჩვენი მთავრობა არ ენდობა იმ უნივერსიტეტებს რომლებსაც „პრობლემები“ უნდა მოუგვაროს. ბოლშევიკები ფიქრობდნენ, რომ რუსეთში მუშათა კლასი და გლეხობა განუვითარებელი და ჩამორჩენილი იყო, და თავად ვერ მოახერხებდნენ რევოლუციის მოწყობას და საკუთარი თავის მართვას. ამიტომაც აუცილებელი იყო ბიუროკრატიის, ანუ კომუნისტური პარტიის დიქტატურის დამყარება „გარდამავალ პერიოდში“. ანუ მასები უნდა გაეთავისუფლებინათ დიქტატურისგან დიქტატურით.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ბოლშევიკურ რევოლუციამდე, ან უფრო სწორად რომ ვათქვათ ბოლშევიკურ გადატრიალებამდე ბევრად ადრე, ანარქისტი მოაზროვნე ბაკუნინი ძალიან კარგად ხსნიდა ამ მიდგომის ახლომხედველობას და ფარისევლობას.

 „რევოლუციური დიქტატურა და ბურჟუაზიური სახელმწიფო სინამდვილეში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში ფუნდამენტური პრინციპი მსგავსია. ამ პრინციპის მიხედვით უმცირესობა მართავს უმრავლესობას უმცირესობის „სულელობის“ და უმრავლესობის „ ინტელიგენტობის“ სახელით. ამიტომაც დიქტატორი რევოლუციონრებს სურთ,  გააძევონ არსებული მთავრობა მხოლოდ იმისვთის რომ მათი ადგილი თავად დაიკავონ.

ჩვენ ვპასუხობთ, რომ ნებისმიერი სახის დიქტატურას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - საკუთარი თავის გადარჩენა და შენარჩუნება. მონობა ერთადერთი რამაა რისი მოტანაც მას შეუძლია ხალხისთვის. თავისუფლება შეიძლება შევქმნათ მხოლოდ თავისუფლებით“, - წერდა ბაკუნინი.

ეს ციტატა  ცხადყოფს, რომ იმ პოლიტიკურ ძალათა არგუმენტი რომელიც გათავისუფლებას და სამართლიანობის აღდგენას ისახავს მიზნად და საშუალებად არადემოკრატიულ მექანიზმებს იყენებს, ყოველთვის ერთნაირია. ეს ძალები უხეში ინტერვენციის გასამართლებლად ყოველთვის „დროებითობას“, „გარდამავლობას“ და პრიორიტეტების იერარქიას იშველიებენ. „სულელი და განუვითარებელი“ ხალხი თავიდან უნდა დავმწყემსოთ, და მხოლოდ შემდეგ მივცეთ დამოუკიდებლობა. სინამდვილეში კი „დროებითობა“ არასოდეს არ დასრულდება, სანამ თავად მექანიზმებსა და მეთოდებს არ შევცვლით.

საბჭოთა კავშირის მთელი ისტორია ყველაზე კარგი ილუსტრაციაა მსგავსი მიდგომის უვარგისობის აღსაქმელად. პოლიტიკური წყობა, რომელიც დიქტატურით იწყება, არასოდეს არ გადაიზრდება თავისუფლებაში დიდი ძალისხმევის, დესტაბილიზაციის, ან ხშირად ახალი რევოლუციების გარეშე.

მეორე - ნაციონალური მოძრაობის დიქტატურა

ქართული საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და ადვილად გასახსენებელი  თავად ჩვენი პოსტრევოლუციური მთავრობის მაგალითია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღიქვამდა როგორც „ჩამორჩენილ, კორუმპირებულ“ მასას, რომელიც მკაცრად და უკომპრომისოდ უნდა მართო და დემოკრატია ზემოდან ასწავლო. ამგვარმა მიდგომამ თავად დემოკრატია დააყენა საფრთხის ქვეშ, მმართველი ძალა კი ნეობოლშევიკური ხასიათის ტირანად აქცია.

„მიზანი ამართლებს საშუალებას“ პრინციპის გამოყენების ერთ-ერთი ზუსტი მაგალითი ნაციონალური მოძრაობის მიერ შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსნების დასჯაა. რევოლუციის შემდგომ კორუმპირებული და მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრებული მოხელეების დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ისევ „სამართლიანობის აღდგენის“ სახელით მართლდებოდა. ნაციონალური მოძრაობა და ჩვენც, ქართველი მოსახლეობა მართლები ვიყავით, როცა დამნაშავეთა დასჯას ვითხოვდით და მერე ვზეიმობდით. თუმცა, ის არავის გაგვხსენებია, თუ რა მეთოდებით ვაპატიმრებდით და ვასამართლებდით  მთავრობის ყოფილ წევრებს თუ მათ „მეგობრებს“. მიზანი - ანუ შურისძიების სურვილი - იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობამ უპრობლემოდ, ჩვენი წინააღმდეგობის გარეშე დაიწყო სასამართლო სისტემაზე ზეწოლა და კანონგარეშე მეთოდების გამოყენება. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ნაცმოძრაობის მეთოდებს საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილიც ამართლებდა. მსოფლიო ბანკის 2012 წლის მოხსენებაში გარკვევით წერია, რომ შევარდნაძისდროინდელ მოხელეებს მთავრობა ხშირად კანონდარღვევის ხარჯზე აპატიმრებდა და თავისუფლების სანაცვლოდ დიდ თანხებს ახდევინებდა. თუმცა, მოხსენების ავტორის აზრით ეს გამართლებული მეთოდი იყო რადგანაც ამოღებული თანხა კორუფციასთან ბრძოლას ხმარდებოდა.

როცა ხელისუფლება ერთხელ შეიმუშავებს ზეწოლის მეთოდებს და წინააღმდეგობას არ წააწყდება, გარდაუვალია ამ მეთოდების „დავიწყება“ და კანონიერი მოქმედება გარდამავალი პერიოდის შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ „მუდმივად გარდამავალ“ პერიოდში ჩავრჩით.  როცა ნაცმოძრაობას ახალი თანხების „ამოღება“ დასჭირდა, ძველი კორუმპირებული მოხელეები კი გამოელია, მარტივად გადავიდა ყველა სხვა ბიზნესმენის, მათ შორის თავად ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პირების თუ კომპანიების დაპატიმრებასა და რესურსების გამოძალვაზე. 9 წლის თავზე კი მივიღეთ მონოპოლიზირებული ეკონომიკა, რომელიც ნაცმოძრაობის თითზეჩამოსათვლელი წევრების ხელში იყო მოქცეული. მოსახლეობის უდიდეს ნაწილი  სოციალურ-ეკონომიურად გარიყული და იზოლირებული აღმოჩნდა.

რა გვინდა დღეს?

ამ და სხვა მაგალითების ანალიზით როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცვლილებების გახორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანი თავად პროცესია, ანუ მეთოდი თავისთავად არის მიზანი. იმაზე მნიშვნელოვანი, დაისჯებოდნენ თუ არა შევარდნაძის მთავრობის წევრები, ან ვთქვათ, მოვხსნით თუ არა ნაცმოძრაობის პოლიტიკურ ზეწოლას უნივერსიტეტებზე,  ისაა, თუ როგორ გავაკეთებთ ამას. იმისთვის, რომ ერთმა ელიტამ მეორე, ერთმა უსამართლობამ მეორე უსამართლობა არ ჩაანაცვლოს, არასდროს არ უნდა „დავაცადოთ“ ელიტებს საკუთარი სურვილებისამებრ დაამყარონ „სამართლიანობა“. ჩვენ თავადვე უნდა მივიღოთ ცვლილებების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა და ყოველთვის უნდა მოვითხოვოთ ლეგიტიმური სამართლებრივი ჩარჩოების დაცვა.

სამწუხაროდ, ცხადია, რომ წინა ხელისუფლებამ ახალ ხელისუფლებას დაუტოვა არაერთი მექანიზმი რომლის ძალითაც მთავრობას შეუძლია ზეწოლა განახორციელოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზე, სხვადასხვა სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. მთავრობა ამ მექანიზმთა ნაწილს წარმატებით იყენებს. სასაცილოა, როცა ახალი მთავრობა გვეუბნება - რატომ მეწინააღმდეგებით, მეც იმავეს ვაკეთებ, რასაც წინა მთავრობა აკეთებდა, სამაგიეროდ ჩვენ „უფრო კარგები“ ვართო.

არავის „სიკეთის და სამართლიანობის“ არ მჯერა, როცა მეთოდები არადემოკრატიული და არატრანსფარენტულია. შესაბამისად, არ მჯერა ხელისუფლების, რომელიც მეუბნება - ნუ აპროტესტებ ამ ცვლილებებს, ეს დროებითია და შემოდგომაზე ყველაფერს თავიდან შევცვლითო. რატომ უნდა ვენდო სამომავლო დაპირებებს, როცა დღეს  არ მრთავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დღეს თავად მიცხადებენ უნდობლობას?

დღეს უნივერსიტეტებში არსებული მდგომარეობა სავალალოა, და მგონი ყველა დანიტერესებული მხარე თანხმდება ცვლილებების აუცილებლობაზე. მაგრამ ჩვენ არ გვგონია, რომ მთავრობის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები რომელიმე პრობლემას გადაჭრის. მთავრობამ პირველ რიგში უნივერსიტეტები და სამოქალაქო საზოგადოება უნდა ჩართოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუ მთავრობას იმის ეშინია, რომ დღეს უნივერსიტეტებში ძალთა ბალანსი უკვე არასწორადაა გადანაწილებული, მაშინ კვლავ საკუთარი ძალის გაზრდის ნაცვლად უნივერსიტეტის შიგნით არსებული, დღეისთვის უფლებაშეზღუდული ჯგუფების - სტუდენტების და ლექტორების ძალა გაზარდოს. შეცდომებს ყველა დაუშვებს და ის შეცდომა რომელსაც ლექტორები და სტუდენტები დაუშვებენ საკუთარი უნივერსიტეტის მართვისას, უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ის შეცდომა, რომელსაც მათ გარედან მოახვევენ თავს.

უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭება არ ნიშნავს მათი მთავრობის მიმართ ანგარიშვალდებულების მოხსნას. პირიქით,  ავტონომიურობის შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობაც მოეთხოვებათ. აქამდე ხელისუფლება „სანდო პირებს“ მიუჩენდა ხოლმე უნივერსიტეტებს და შესაბამისად აღარც იმას ეკითხებოდა, როგორ და რაში იყენებდნენ ისინი სახელმწიფოს მიერ გადაცემულ რესურსებს. ანუ მთავრობის პრიორიტეტი იყო უნივერსიტეტის პოლიტიკური კონტროლი და სხვა ყველაფერი - მეორეხარისხოვანი გახლდათ. ამის საწინააღმდეგოდ, უნივერსიტეტებს უნდა მიეცეთ საკუთარი თავის მართვის უფლება და ასევე უნდა იყვნენ ვალდებულნი რომ საზოგადოებისა და მთავრობის წინაშე  გამჭვირვალეები გახდნენ.

როგორც ბაკუნინმა თქვა, თავისუფლება შეიძლება შევქმნათ მხოლოდ თავისუფლებით, ამიტომაც  უნდა მივცეთ თავისუფლება არა მხოლოდ უნივერსიტეტებს, არამედ ყველა ინსტიტუტს რომელსაც საკუთარი თავის მართვა შეუძლია.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^