ქართულ რეალობაში ადამიანებს ხშირად უკვირთ, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი მეორე ადამიანის უფლებას იცავდეს თუკი მასთან ჯგუფური კუთვნილება არ აერთიანებს. აი, მაგალითად, რატომ უნდა იცავდეს ჰეტეროსექსუალი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანს? რატომ უნდა იცავდეს მართმადიდებელი ან თუნდაც ათეისტი მუსლიმს? რატომ უნდა იცავდეს ის, ვინც არასდროს არაფერში ყოფილა ეჭვმიტანილი, პატიმრების უფლებებს? „სხვისი“ უფლებების დაცვა ჩვენში იმდენად არალოგიკურად ეჩვენებათ, რომ ვერაფრით უშვებენ, ადამიანმა მსგავსი რამ ჩაიდინოს, თუკი რამე „ბინძური“ მოტივაცია არ ამოძრავებს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის, ადვილად აკერებენ ათასგვარ იარლიყს - კორუმპირებულობას, გრანტიჭამიობას ან სხვა სახის მავნებლობას სწამებენ.
მოსახლეობის ნაწილს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ადამიანის გულწრფელი აღშფოთების არსებობის რომ არ სჯერა, ეს უკვე ტრაგედიაა.
მეორე ტრაგედია, რაც სხვათა შორის, მსგავსი მიდგომის ასახსნელად გამოდგება, მოქალაქეობრივი და ზოგადად ადამიანური ცნობიერების არქონაა. ქართული საზოგადოება კვლავ კლანური, ნათესაური თუ მეგობრული კავშირებით დომინირებული საზოგადოებაა. ჩვენში ცნება - თანამოქალაქე არ არსებობს, ვერ ვხვდებით რატომ ან რითი გვაერთიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად ისეთი ნიშნები როგორიცაა ეთნიკური, რელიგიური, სამსახურეობრივი თუ რეგიონული კუთვნილება, უფრო ძლიერია ვიდრე მოქალაქეობრივი კუთვნილება.
მიდგომა, რომელის მიხედვითაც თანამოქალაქეების ნაწილს „მეტ“ და სხვა ნაწილს კი „ნაკლებ“ ადამიანად აღვიქვამთ, ორი მიზეზით არის პერვერსია.
პირველი, ეს მიდგომა სრულიად აბსურდულ დაშვებას ემყარება. ამ დაშვების მიხედვით შესაძლებელია ერთმა იძალადოს მეორეზე და ამ ძალადობამ დააზიანოს მხოლოდ მსხვერპლი, მოძალადე (სავარაუდოდ მის ნაცნობ/მოყვარეებიანად) უვნებელი რჩება. ანუ ეს მიდგომა არ აღიარებს ადამიანების ურთიერთკავშირს. ადამიანებს, რომელთაც თავი პრივილეგირებულად მიაჩნიათ, ყოველთვის ჰგონიათ, რომ „დანარჩენების“ ნაკლებპრივილეგირებულობა მათ არ ეხებათ. რეალობა კი სხვანაირია. ძალადობა და უთანასწორობა არასდროს არ არის ცალმხრივი - ძალადობის ყოველი აქტი თუ ფაქტი ახალ ძალადობას შობს და საზოგადოების თითოეული წევრის დაცულობას ამცირებს.
ამ ზოგადი განაცხადის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მშობელი, რომლის მიზანიც შვილისთვის განათლების, ჯამრთელობის, თვითრეალიზაციის საშუალების მიცემის უზრუნველყოფაა, მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზას შეიძლება დაადგეს. ერთი გზა არის საკუთარ შვილებზე ორიენტირებულობა, რესურსების უდიდესი ნაწილის შვილებისთვის დათმობა, მათ „განსაკუთრებულ“ განათლებაზე ზრუნვა და სხვა. ეს რა თქმა უნდა შესანიშნავია, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ მშობელს „სხვისი შვილები“ ადარდებს. მეორე გზა სოციალური გავლენის და სოციალური კონტექსტის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და მშობლის მცდელობა, რომ ის წრე სადაც მისი შვილი იზრდებ,ა ისეთივე ჯანსაღი და განათლებული იყოს, როგორც მისი შვილი არის ან იქნება. ტიპური მაგალითი შეიძლება იყოს კერძო/საჯარო სკოლებს შორის არჩევანის გაკეთება. მშობელი რომელსაც შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს. რათა მას კარგი განათლება მისცეს და არ სურს დამატებითი გადასახადები გადაიხადოს საჯარო სკოლის დასაფინანსებლად, რადიკალურად განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს იმ მშობლისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს საჯარო სკოლებში სწავლის დონის ასამაღლებლად იზრუნოს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ერთი ადამიანის შვილს კარგი განათლება არ უნდა ჰქონდეს, არამედ ის, რომ ნებისმიერ ადამიანს განვითარებისთვის ასევე განათლებული, რეალიზებული სოციუმი სჭირდება. ის ბავშვები რომელთა კეთილდღეობაზე ჩვენ დღეს არ ვზრუნავთ, მსგავს სოციუმს ჩვენი შვილებისთვის ვერ შექმნიან.
სხვანაირად რომ ვთქვათ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი მიზანი საკუთარ თავზე ან შვილებზე ზრუნვაა, ეს ზრუნვა ზოგადად საზოგადოებაზე ზრუნვას უნდა გულისხმობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვიწრო, თუმცა ლეგიტიმურ მიზანსაც ვერ ვაღწევთ.
ქართული საზოგადოება ვერ იგებს „სხვაზე“ ზრუნვის მოტივაციას, რადგან ვერ ხვდება, რომ ირგვლივმყოფთა ბედზე ზრუნვა და საკუთარ ბედზე ზრუნვა ერთი და იგივეა. ანუ „სხვა“ არ არსებობს. ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ და ჩვენივე სხეულს ვილპობთ. რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების კეთილდღეობა და დაცულობა იმ შემთხვევაშიც კი უნდა გვადარდებდეს, თუკი ეს ჩვენ პირადად არ გვეხება (თუმცა, მსგავს სცენარი ალბათ გამორიცხულია).
მშობელს რომ საჯარო სკოლის ხელშეწყობის ნაცვლად შვილის კერძო სკოლაში წაყვანა ურჩევნია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სოციალური გარემოს მნიშვნელობას ვერ აფასებს და შეიძლება იმასაც, რომ საჯარო სკოლის ხელშეწყობის მექანიზმი არ აქვს. ეს უკანასკნელი იმიტომ არ გვაქვს, რომ არც ერთმანეთს ვენდობით და არც იმ სისტემას, რაშიც ვცხოვრობთ. საჯარო სკოლის ხელშეწყობა მხოლოდ კოლექტიური ნებით არის შესაძლებელი. კერძო სკოლაში კი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზეც წავიყვანთ (ან ვერ წავიყვანთ) შვილს. პირველ გამოსავალს იმიტომ არ ვირჩევთ და ვერ ვირჩევთ, რომ კოლექტივის დანარჩენ წევრებს არ ვენდობით, ანუ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ სხვა მშობელიც დათანხმდება საჯარო სკოლისთვის რესურსების გაღებას. მეტიც, არც იმის გვჯერა - თუნდაც ყველამ გაიღოს რესურსები, ხელისუფლება ამ რესურსებს გონივრულად, ან თუნდაც პატიოსნად მოახმარს სკოლას.
ასეთ საზოგადოებაში კი დაყოფა გარდაუვალია.
ჩვენ არ ვფიქრობთ, როგორც მოქალაქეები და ვფიქრობთ, როგორც იზოლაციაში მყოფი, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დარჩენილი ერთეულები. სანამ მსგავს მიდგომას არ შევცვლით, სანამ არ გავაცნობიერებთ ერთმანეთის კეთილდღეობის მნიშვნელობას და სანამ ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ გახდება ერთმანეთის უფლებებისთვის ბრძოლა, მანამ ვიტრიალებთ ძალადობის და უნდობლობის წრეში.
ზემოთაღწერილი გულგრილი მიდგომის პრობლემურობის მეორე მიზეზი მისი ფარისევლური ხასიათია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის, ვინც სხვის შვილზე ძალადობს, საკუთარ შვილს კარგად აღზრდის; ის ვისაც „სხვისი“ ცემა და სასიკვდილოდ გამეტება შეუძლია, თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისივე ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანებს კარგად ექცევა. ვინც ძალადობს - მოძალადეა, ვინც იპარავს - ქურდია, ვინც კლავს - მკვლელია. და მკვლელი მკვლელია როგორც სხვისი შვილისთვის, ისე საკუთარი შვილისთვის, მნიშვნელობა არა აქვს - ვის კლავს ან ვისზე ძალადობს. მას, ვინც ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს და განასხვავებს, არცერთი ადამიანის, ხშირად საკუთარი თავის სიყვარულიც კი არ შეუძლია.
დღეს ჩვენ თანამოქალაქეობა, ერთი სახელმწიფოს ქვეშ ცხოვრება გვაერთიანებს. ნათელია, ამას კარგად ვერ ვგრძნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოდნავ უფრო მეტად აგვაღელვებდა იმ თანამოქალაქის ბედი, რომელიც პოლიციის ძალადობის მორიგი მსხვერპლი გახდა. თუ ამ სახელმწიფოს თავადვე არ მოვთხოვთ გახდეს სანდო და გამჭვირვალე, არც არადროს გახდება ასეთი. თუ ასეთი მონდომებით გაგვიკვირდება ვინმესგან „სხვისი“ უფლებების დაცვის მცირედი მცდელობაც კი, საკუთარი უფლებების დასაცავად ვერ ვიბრძოლებთ.
სანამ სუვერენული სახელმწიფოების რეჟიმში ვცხოვრობთ, ჩვენი სოციუმის მდგომარეობის შესაცვლელად მოქალაქეობა - ანუ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები - ჩვენს ცენტრალურ იარაღად დარჩება. თუმცა იზოლირებულები ამ თვალსაზრისითაც კი არ ვართ. ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ხდება, სხვა სივცრცეებზე და ადამიანებზე ახდენს გავლენას. და ის რაც სხვაგან ხდება, ჩვენც გვეხება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განსაზღვრაზე ხელი ნაკლებად მიგვიწვდება, სრულიად უმწეოები არც ამ შემთხვევაში ვართ. განსაკუთრებით დღეისთვის ტრანსნაციონალური მასშტაბით სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მექანიზმები იზრდება და მრავლდება. თუმცა იმისთვის, რომ საკუთარი ცხვირის, ოჯახის, სამეზობლოს, და ქვეყნის მიღმა გავიხედოთ, ჯერ ადამიანი უნდა დავინახოთ. ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, და მისი კეთილდღეობა როგორც საკუთარი კეთილდღეობა.
P. S. ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ ვწერ ამ ყველაფერს, ისედაც ხომ ყველასვთის ცხადია-თქო. მერე მივდივარ დიღომში პოლიციასთან აქციაზე და ვხვდები რომ არაფერიც არ არის ცხადი...