Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული საზოგადოება: შიშის ინსტრუმენტალიზაცია vs ღირსების გაფრთხილება

15 ივლისი 2013

ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსში დღეს გავრცელებულია რამდენიმე კლიშე, რომელიც სტიგმას ადებს ამა თუ იმ ადამიანსა თუ ადამიანების ჯგუფ(ებ)ს და ანაწევრებს, ხლეჩს საზოგადოებას. ყოველი ამგვარი კლიშეს მიღმა ნეგატიური საზრისების მთელი წყება იგულისხმება. გადავწყვიტე, აღვწერო სამი ყველაზე ხშირად ხმარებადი კლიშე,  რომ მათ მიღმა არსებული არაკონსტრუქციული განწყობები ამოვიცნოთ და ამგვარად უვნებელვყოთ.


კლიშე „მე თქვენ არ გიცნობთ!“

„მე შენ სახეზე არ მეცნობი“, ან „მე თქვენ არ მახსოვხართ“ ან „მე თქვენ არ გიცნობთ“ - დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლიშეა. ის არ არის ახალი. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ხანებში, როდესაც „ვარდების რევოლუციონერებს“ შორის სხვადასხვა რესურსი ნაწილდებოდა, ხშირად გაისმოდა ერთმანეთის დადანაშაულება „შენ ჩემთან ერთად წვიმაში და ქარში პარლამენტის წინ კარავში არ იწექი და არ შიმშილობდიო“.... ეს, თავის მხრივ, მაგონებს ერთ-ერთ ნარატივს იმაზე, თუ როგორ ნაწილდებოდა სახელისუფლებო პოსტები კუბაში, ფიდელ კასტროს გუნდის გამარჯვების შემდეგ: ამბობენ, რომ სიგარებით გაბუღულ დარბაზში, სადაც რევოლუციონერები საბრძოლო დამსახურებების მიხედვით თანამდებობებს ხმაურიანად ინაწილებდნენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე რომ მიდგა საქმე, ხმამაღლა უყვირიათ  - „არის ვინმე ეკონომისტი ჩვენს შორისო?“... ჩე გევარას ეკონომისტის ნაცვლად „კომუნისტი“ გაუგონია და - როგორ არა, მე ვარო.... განათლებითა და პროფესიით ექიმი იყო, მოგეხსენებათ, კიდევ - ცოტას ფოტოგრაფობდა, მერე ჟურნალისტობდა, ბოლოს - პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა...კომუნისტი  ნადმვილად იყო, ეკონომისტი - არა. ღმერთმა იცის, რამდენად შეესაბამება ეს ნარატივი სინამდვილეს, ბანკის მმართველის თანამდებობა კი ნამდვილად ჩე გევერამ დაიკავა…

მახსოვს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ხანებში, ახლად დანიშნულ ჯანდაცვის მინისტრთან მივედით რამდენიმე კოლეგა, რადგან გავიგეთ, რომ  მას სახელმწიფო ნარკოლოგიური პროგრამის დაფინანსების შეწყვეტა ჰქონდა გადაწყვეტილი (აქამდე რომ ფინანსდებოდა რა ხეირიო?...). მივედით, რომ გვეთხოვა ეს არ გაეკეთებინა - ნულოვანი დაფინანსების სცენარი, იმის გარდა, რომ წამალდამოკიდებულ ადამიანებს ისედაც მწირი დახმარების საშუალებას უსპობდა, დარგს, ფაქტობრივად, ანადგურებდა. როცა ვუთხარით - ნუ გადაჭრი ჟანგბადს, მერე სანანებლად გაგიხდება, ნარკოლოგები ტაქსის მძღოლებად გადაკვალიფიცირდებიან და ხალხის მკურნალობა რომ დაგვჭირდება - სპეციალისტი აღარ გვეყოლება-თქო, გაეცინა - ეს ხომ ჩემთვის მეასეხარისხოვანი საკითხია, ამაზე ბევრად უფრო რთულ პრიორიტეტებს ვეჭიდებიო; კი, ბატონო, რამეს (მცირედ დაფინანსებას) გამოვყოფ, რომ ნარკოლოგები ტაქსის მძღოლებად არ წავიდნენო... მახსოვს, გამაოცა ახლადშემდგარი მინისტრის მსგავსებამ ავთო მახარაძის მიერ განსახიერებულ ვარლამ არავიძესთან („დაფრთხნენ, მოხუცები?..“-ს რომ ეუბნება მხატვარს). ენამაც გამაოცა: ერთ-ერთი მედიკოსი კოლეგა როგორც „თანამებრძოლი“ მოიხსენია... აი სწორედ ამ აუდიენციის დროს მივხვდი, რომ მინისტრი ადამიანებს ორ კატეგორიაში ახარისხებდა: „თანამებრძოლები“ და „არათანამებრძოლები“ - ანუ ისინი, ვისი ყოფნაც წვიმასა და ქარში, პარლამენტის წინ კარავში შიმშლობისას, არ ახსოვდა. „არათანამებრძოლების“ კტეგორიაში მოხვედრა ადამიანს შანსს აღარ უტოვებდა: იგი განწირული იყო იგნორირებისა და უნდობლობისთვის. კიდევაც გავიფიქრე, ნეტავი სადამდე მიგვიყვანს ჯანდაცვის უწყების ამგვარი „მილიტარიზაცია“-თქო. სამწუხაროდ, არა მარტო ჯანდაცვის უწყება ცდილობდა შემდგომ პერიოდში „თანამებრძოლეობისა“ და ლოიალობის მიხედვით კადრების შერჩევას. საბოლოოდ, როგორც დავინახეთ, ამან ბევრი არაფერი სიკეთე  მოგვიტანა.

დღეს ახალი ძალით ამოყვინთა ბრალდებამ, რომელიც, მეტაფორა რომ მოვიშველიო, ასე ჟღერს - „მე შენ ბარიკადებზე არ შემხვედრიხარ“. ეს ბრალდება თავის მიღმა შემდეგ ნეგატიურ საზრისებს გულისხმობს:

-         „შენ „ჩემიანი“ არა ხარ, უცხო ხარ, ამიტომ - არ გენდობი“...

-         „ვინაიდან არ გენდობი, არც პატივს გცემ, ამიტომ შენი ღირსებაც არ მენაღვლება“...

-         „რახან „ბარიკადებიდან“ არ მახსოვხარ, ესე იგი შენ გასულ ხელისფულებას არ ებრძოდი (ან ემხრობოდი), ამიტომ არ ხარ ლეგიტიმური ხმა ამოიღო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში; ხმა უნდა გაიკმინდო და ბრალეულობა იგრძნო“...

-         „რახან შენ ხმის ამოღების უფლება აღარ გაქვს, ამიტომ მე შენ, რაც არ უნდა თქვა, არ მოგისმენ და შესაბამისად - ვერც გავიგონებ შენს ნათქვამს“

კოგნიტურ ფსიქოლოგიას თუ მოვიშველიებთ, ამ საზრისების მიღმა ერთ-ერთი კლასიკური კოგნიტური შეცდომა დგას: სამყაროს ცენტრად საკუთარი თავის აღქმა. ეს ადრეული  ბავშვობის ასაკში ყველას უკლებლივ გვახასიათებს: თუ საგანს არ ვხედავთ, გვგონია, რომ ის არ არსებობს. ზრდასთან ერთად ეს ილუზია გვიქრება, რათა ობიექტური რეალობა, მთელი თავისი სირთულითა და ნიუანსებით სრულფასოვნად აღვიქვათ. მაგრამ, ყოველთვის ვერ ვთავისუფლდებით „სამყაროს ცენტრობის“ ამ ილუზიისგან. შესაძლოა, ეს ჩვენი კულტურული თავისებურებაცაა...

ის, რომ მავანი და მავანი ვერ ან არ ცნობს/იცნობს სხვა ადამიანს, განა ნიშნავს იმას, რომ ეს მეორე ადამიანი არ არსებობს, არ მოქმედებს და არ მოქმედებდა, ვთქვათ, კლიშეს შესაბამისად რომ ავიღოთ, „უკანასკნელი 9 წელიწადი“? მიუხედავად ჩვენი ცოდნისა თუ არცოდნისა სხვა ადამიანებისა და მათი მოქმედებების შესახებ, ისინი არსებობენ და იარსებებენ სამყაროში, ცხოვრება ასეა მოწყობილი.

თუ მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ და მაშინ არსებობს და მოქმედებს, თუ/როცა მე ვიცი ამის შესახებ, ამით მე, ფაქტობრივად, მის ადამიანურ თავისთავადობასა და ღირსებას ვაკნინებ. ღირსება კი, დღევანდელ დღეს მივიწყებული და აბუჩად აგდებული ჩვენს სოციალურ სინამდვილეში, საბაზო ადამიანური მოთხოვნილება და უპირველესი ადამიანური უფლებაა. სხვისი ღირსების შელახვით ადამიანი უნებლიედ საკუთარ ღირსებასაც ლახავს და ღირსება აყრილ თუ თვითაყრილ საზოგადოებისგან სიკეთეს არ უნდა ველოდეთ.

მეორე პრობლემა რასაც ეს კლიშე მოასწავებს არის ის, რომ რაწამს მოსაუბრე თანამოსაუბრეზე, ოპონენტზე, სუბიექტზე ამ სტიგმას დაადებს, ამის შემდეგ ის მას, ფაქტობრივად, აღარ უსმენს. საზოგადოებაში ამა თუ იმ სუბიექტის იგნორირება მისი ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას საფრთხეს უქმნის, რასაც, ისევ და ისევ, საზოგადოების გახლეჩამდე და საბოლოოდ, ადამიანის უფლებების შელახვამდე მივყავართ. არადა, საზოგადოების სიჯანსაღისთვის აუცილებელია, რომ საზოგადოება ინკლუზიური იყოს: ყველა სუბიექტის ინტერესებსა და საბაზო ადამიანურ საჭირობებს ითვალისწინებდეს.

 

კლიშე „რატომ დუმდი 9 წელი?!“

ამ კლიშეს მიღმა აწმყოდან გაქცევისა და წარსულში თავის შეფარების ტენდენციაა: როდესაც ორი სუბიექტი საუბრობს აწმყო პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ძალიან მნიშვნელოვანია აწმყოში ყოფნა და იმის მოკვლევა, თუ როგორ  ხდება, რომ ეს პრობლემა არსებობს და რა ცვლილებებია განსახორციელებელი, რათა ის მოგვარდეს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი „აქ და ამჟამად“ იყოს: აწმყოს მოცემულობას აცნობიერებდეს, შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებს ხედავდეს, შესაძლებლობების გამოყენებისა და დაბრკოლებების გადალახვის სტრატეგიას ადგენდეს და ცდიდეს და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ - მუშაობდეს პრობლემის გადაჭრაზე.

როდესაც აწმყოს მოცემულობაზე მსჯელობის დროს ადამიანს, აწმყოზე ფოკუსირების ნაცვლად, წარსულზე გადააქვს ყურადღება, ის, ფაქტობრივდ, ხელიდან უშვებს აქ და ამაჟამად პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას.

რასაკვირველია, აწმყოში ყოფნა არ ნიშნავს წარსულის დავიწყებასა და გაუთვალისწინებლობას. წარსულის შეცდომებზე თუ არ ვისწავლეთ, აწმყოში ორიენტაცია გაგვიჭირდება. თუ წარსულში დანაშაულებრივ ქცევას ჰქონდა ადგილი - მართლმსაჯულების პროცესი უნდა შედგეს. ეს ადამიანზე კანონის წინაშე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს, და ამავე დროს - მომავალში ანალოგიური დანაშაულის ჩადენის პრევენციას ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩადენილი დანაშაულის საპასუხოდ მარლთმსაჯულების სისტემა უზრუნველყოფდეს სამართლიან ინსტიტუციურ პასუხს, წინააღმდეგ იმისა, რომ, რუსული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, „самосуд“-ს მივენდოთ. მაგრამ, თუ სხვის  წარსულ ქცევას (ან, ჩვენი კლიშეს თანახმად - უმოქმედობას) შენი დღევანდელი უმოქმედობისა თუ შეცდომის გასამართლებელ არუმენტად იყენებ, ეს სიკეთეს არ მოგვიტანს, რამდენადაც გამუდმებული თვითინდულგირების რეჟიმში შეგვიყვანს.

გამუდმებულად წარსულში და სხვის საქციელში საკუთარი ქცევისა თუ პრობლემების მიზეზის ძიება საკუთარი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს. პასუხისმგებლობისგან გაქცევას კი ერიხ ფრომმა თავის დროზე თავისფულებისგან გაქცევა უწოდა. სად მიისწრაფის თავისფულებისგან ლტოლვილი ინდივიდი, საზოგადოება?.. პასუხი ნათელია.

 „რატომ დუმდი 9 წელი?!“ სტიგმის მიღმა შემდეგი საზრისები ძევს:

-         „ის, თუ როგორ აღვიქვამ მე შენს ქცევას წარსულში, ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რამდენად ლეგიტიმურად ჩავთვლი მე შენს აქტივობას აწმყოში“

-         „ის, თუ როგორ იქცეოდი შენ წარსულში, ერთმნიშვნელოვნად ადებს ლიმიტებს შენს უფლებებს აწმყოში“

ამგვარი დაშვებები ორი თალსაზრისით არის სახიფათო:

უპირველეს ყოვლისა, მავანისა და მავანის მიერ აღქმული დუმილი თუ უმოქმედობა არ ნიშნავს რომ ამ დუმილსა თუ უმოქმედობას მართლა ჰქონდა ადგილი. ყოველი ჩვენგანი თავის სათქმელს განსხვავებულად/თავისებურად ამბობს, საკეთებელს განსხვავებულად/თავისებურად აკეთებს. ნუ მოვთხოვთ ჩვენს გარშემო ყველას იყონ, ისაუბრონ, იფიქრონ და მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ამას პირადად მე/ჩვენ ვაკეთებთ. ცხოვრება ბევრად უფრო მრვალფეროვანია, ვიდრე მხოლოდ ჩვენ; და ადამიანებიც, შესაბამისად, მრავალფეროვანი და განსხვავებული არიან. ნუ შევეცდებით ყველას ერთ „ქვაბში მოხარშვას“ და ერთ თარგზე დამოკლება-დაგრძელება-გამოჭრას. მივიღოთ ცხოვრების მრავალფეროვნება როგორიც ის არის და გავუფრთხილდეთ მას. და შესაბამისად - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მეორე, რის გამოც მოცემული კლიშე მანკიერია: გარედან „დაჯახებული“ მუდმივი დადანაშაულებით, ის ადამიანს უკარგავს კათარზისის, ცვლილების, სინანულის, პიროვნული და მოქალაქეობრივი ზრდის შანსსა და უფლებას, ის მას მუდმივ „ყრუ დაცვაში“ ამყოფებს ან, უარეს შემთხვევაში - გამოუსავლიანობის განცდისა და ნიჰილიზმისკენ უბიძგებს. ბიბლიური სავლეს პავლედ გარდაქმნის ისტორია, მგონი, საკმარისია იმისთვის, რომ ბევრი აღარ გავაგრძელო ამ თემაზე.

რასაკვირველია, იმ შემთხვევაში როცა დანაშაულთან გვაქვს საქმე - ის უნდა გამოძიებულ იქნას შესაბამისი ინსტიტუტების მიერ და დანაშაულის ჩამდენმა ადექვატური პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. მაგრამ თუ „დანაშაული“ მხოლოდ ჩვენს ვარაუდს წარმოადგენს, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა ვარაუდებმა  გარშემომყოფი ადამიანები წალეკოს და დააზიანოს.

არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და თუ მას პატივს არ ვცემთ - ვერ ჩავეწერებით თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში. და თუ არ გვინდოდა დემოკრატია - მაშინ რატომ გადავირჩიეთ ხელისუფლება?..  აკი ვიყავით უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთერთ წამყვან ადგილზე ევროპაში და აღარც მცირე და საშუალო კორუფციას ვაწყდებოდით ყოველდღიურობაში. მაგრამ იყო რაღაც მნიშვნელოვანი, რაც გვაკლდა - ადამიანის მონაწილეობისა და უფლებების პრიმატი, ადამიანის ღირსების პატივისცემა და გაფრთხილება - და ამ დანაკლისის ფონზე სხვა ყველაფერი აზრს კარგავდა. განა ამიტომ არ გადავირჩიეთ ხელისუფლება?.. ცხოვრებას, უკვე მერამდენეჯერ, კვლავ „ახალი ფურცლიდან“ ვიწყებთ. მაგრამ, თუ მართლაც რეალური ცვლილებები გვინდა, ახლა უკვე ჩვენც უნდა შევიცვალოთ. დადგა დრო გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით სიტუაციას თვისებრივად ვერ შევცვლით. ჩვენი, შინაგანი ცვლილების გარეშე, მხოლოდ გარეგანი ცვლილებები არ იმუშავებს. ძველ ჭურჭელში ახალ ღვინოს არ ასხამენ, ძველი სამოსი ახალი ძაფით არ იკერება. თუ მართლა გვინდა დემოკრატია, მაშინ დემოკრატიული ფასეულობები თავადვე უნდა გავიზიაროთ და მათი ცხოვრებაში გატარება ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ.

თუ ჩვენ არ შევიცვლებით, მაშინ ხელისუფლების ცვლილებას სინამდვილეში მხოლოდ ძალაულფების მატარებელი სუბიექტის ცვლილება მოყვება, ხოლო დემოკრატიის მშენებლობა და თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება კი კვლავ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ რიგით მითად დარჩება, როგორც აქამდე იყო. ჯერ კიდევ ციცერონს აქვს ნათქვამი - მონა თავისუფლებაზე კი არა, საკუთარ მონებზე ოცნებობსო... ხოდა, რაზე ოცნებობს ქართული საზოგადოება?...

კიდევ რატომ არის საშიში ბრალდების  „რატომ დუმდი 9 წელი?!“  ყოველდღიურობაში დანერგვა: დიდია ალბათობა რომ ის, საბჭოთა სტიგმის - „ხალხის მტერის“ მსგავსად, ოპონენტების დადუმებისა და უკრიტიკო მორჩილების კულტურის დამკვიდრების ინსტრუმენტად იქცეს.

კარგად ვიცით, რა ტევადი იყო „ხალხის მტრის“ საბჭოთა სტიგმა და როგორ დაუსაბუთებლად (ან, აბსურდული დასაბუთებით) და სწრაფად ედებოდა მილიონობით ადამიანს და ფატალურად განსაზღვრავდა მათ ბედს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სწორედ ამგვარი მემკვიდრეობით დამძიმებული საზოგადოება ვართ - სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი მეორის ბრალმდებლად და ეგზეკუტორად იყო ქცეული, და რომ სამართლიანობის შენარჩუნება ამგვარ ვითარებაში მითი იყო და მითად რჩება. კაცნი ვართ, და როგორც ჭკვიანთ ამა სოფლისა უთქვამთ - ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად. ამიტომ, უნდა შევეცადოთ საზოგადოების ნაწილის დამადანაშაულებელი იარლიყების/კლიშეების/სტიგმების ხმარებიდან ამოღებას. ისინი ბოროტად გამოყენების, ავადმოხმარების დიდ რისკს შეიცავს.

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ბეწვის ხიდზე გავდივართ. მოსალოდნელია, რომ „9 წლის“ სტიგმა ინსტრუმენტალიზებული იყოს, როგორც რეალურ თუ პოტენციურ კონკურენტთან ბრძოლის იარაღი საზოგადოების ყველა დონეზე - მაგალითად, სამსახურებრივი პოზიციის მოსაპოვებლად. ანუ, ესა თუ ის პოზიცია ამა თუ იმ სპეციალისტს იმის მიხედვით კი არ ეძლეოდე,ს რომ ის ამ საქმეში კომპეტენტურია, არამედ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებდა იგი „9 წლის მანძილზე“ ამა თუ იმ თანამშრომლის აზრით/ინტერპრეტაციით/აღქმით. და ადამიანის აღქმა რომ სუბიექტურია, ამას ფსიქოლოგიის ყველა საბაზო საახელმძღვანელოში წავიკითხავთ.

თუ ვერ მოვერიეთ ამ გამოწვევას და სხვისი ადვილად დადანაშაულების ინსტრუმენტის ფლობის ეიფორიამ დაგვძლია, რას მოასწავებს ეს?.. დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებსა და პოტენციალს - მაგალითად, თუნდაც იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საჯარო სამსახურში წარსული ხელისუფლების დროს გულწრფელად და თავდაუზოგავად შრომობდნენ, რადგან ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა უნდოდათ. არის ასეთი ნაწილიც ჩვენი დღევანდელი საზოგადოებისა, ისინიც ჩვენი შვილები, დები, ძმები არიან. ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს - ცხოვრება ბევრად უფრო რთული/კომპლექსურია ვიდრე შავ-თეთრი ფერები. სისტემის შიგნით ყოფნის გამო ეს ახალგაზრდები ვერ აკეთებდნენ დისტანცირებას და ვერ ხედავდნენ უსამრთლობებს ისე, როგორც ეს სისტემის გარეთ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ. ამიტომ ეს ახალგაზრდები კეთილსინდისიერად შრომობდნენ, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებას არ ცდილობდნენ. ბევრ მათგანს ვიცით, რომ სამუშაო ადგილები დღესაც შეუნარჩუნდა, მაგრამ თუ ახლა ამ „9 წლის“ სტიგმის დადებით, გინდაც,სამუშაო ადგილზე და გინდაც, მის გარეთ, მათ მარგინალიზებასა და დემორალიზებას შევეცდებით და, საკუთარი წარსულის საკუთარი მორალური ძალებით გაანალიზების შანსის მიცემის ნაცვლად, მუდმივი ბრალდებებისა და ყვედრების ობიექტებად გავხდით, ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. ჩვენ დავკარგავთ ჩვენივე საზოგადოების უნარიან, ერთგულ ნაწილს. ამის ფუფუნება დღევანდელ საქართველოს არა აქვს. ეს ერთი. მეორე კი - ამას ჩვენი საზოგადოება „კუდიანების ძიების“ რეჟიმში შეყავს,  რაც ჩვენ ცივილიზებულ სახეს გვაკარგვინებს.

მახსენდება ძველი რუსული ფილმი „ჩუჩელო“ - მართალია, იქ მოქმედება სკოლაში ხდება მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სად, კარგად არის ნაჩვენები თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანური სახე საზოგადოებამ/თემმა, როცა იგი ერთერთ თავისსავე წევრს „ჩუჩელო“-ს სტიგმას დაადებს და ყველა თავის აწმყო, წარსულ თუ მომავალ პრობლემას მას გადააბრალებს. ამიტომ, არ შეიძლება ჩვენივე ახალგაზრდების ქცევა განტევების ვაცად, მათზე „რატომ სდუმდი 9 წელი“ სტიგმის დადებით. ეს გვაყენებს საშიშროების წინაშე დავკარგოთ საზოგადოების სახე და გაბოროტებულ ბრბოდ ვიქცეთ.

საქმე იმაშია, რომ ერთმანეთის ღირსების გაფრთხილება არა მარტო ზნეობრივია - იგი პრგამატულიცაა, ის საზოგადოებას მსხვერპლებად და აგრესორებად გახლეჩაში შეუშლის ხელს, გააჯანსაღებს, გაამთლიანებს. 

დადგა აუცილებლობა რომ ვიზრუნოთ ერთმანეთის ღირსების გაფრთხილებაზე. თითქოს არასდროს გვქონია ამის დეფიციტი: მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჩვენში ვერ მოიკიდა ფეხი რუსეთში ფართოდ გავრცელებულმა მიმართვამ „კაცო, ქალო“; ჩვენში მყარად დამკვიდრებული „ბატონი და ქალბატონი“ საბჭოთა მენტალიტეტისგან თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენობრივი და საზრისული „ფარი“ იყო, ის ღირსების შენარჩუნებაში გვეხმარებოდა. დღეს, თუ დროულად არ ვდისტანცირდით და გავაანალიზეთ/გავიაზრეთ, რომ ჩვენს საზოგადოებას შერიგება და გაჯანსაღება ესაჭიროება, და რომ ამაში წვლილი თითოეულმა ჩვენგანმა, სულ ცოტა, ერთმანეთის ღირსების გაფრთხილებით უნდა შევიტანოთ - ვშიშობ, ამასაც დავკარგავთ.   

 

კლიშე „ენჯეოები“/“არასამთავრობოები“ ჩასაფრებულები ხართ“

ძალიან ხშირად გაისმის ეს კლიშეც. იგი პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ძალიან მაღალი ზოგადობის დონე აქვს: „ენჯეოები“ გულისხმობს არა ერთ რომელიმე კერძოდ აღებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, არამედ ბევრს, განუსაზღვრელ რაოდენობას, ყველას... - ამას ფსიქოლოგიაში ჭარბ განზოგადებას უწოდებენ, ესეც კლასიკური კოგნიტური შეცდომაა.  სავსებით შესაძლებელია, რომ არიან ორგანიზაციებ,ი რომლებსაც საკუთარი დღის წესრიგი, შესაძლოა პოლიტიკური, თუ ტრივიალურ-პრაგმატული, ამოძრავებთ და დესტრუქციულ კრიტიციზმს ეწევიან. მაგრამ ბევრია ისეთი, რომლებიც კონსტრუქციულ უკუკავშირს აძლევენ ხელისუფლებასა და საზოგადოებას, რამდენადაც ზრუნავენ იმაზე, რომ გასული ხელისფულების დროს ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან დაშვებული შეცდომების თავიდან აცილება შევძლოთ. თუ მათი გზავნილები  არ იქნა მოსმენილი და გაგონილი, იკარგება მნიშნელოვანი უკუკავშირი, რაც დღევანდელობაში წარსული გაკვეთილების გათვალისწინების შესაძლებლობას დრამატულად შეგვიმცირებს.

რას ავლენს ეს „ჩასაფრების“ სტიგმა?.. იმას, რომ ის უარყოფით წინასწარგანწყობაზეა დაფუძნებული. მის მიღმა, შესაძლოა, ამოვიკითხოთ უნდობლობა, საფრთხის შეგრძნება/შიში, დაპირისპირება „ჩვენ/ჩვენიანები თქვენ/თქვენიანების წინააღმდეგ“, და ფაქტობრივად, ყველა ის პრობლემა, რაც უარყოფით წინასწარგანწყობებს ახლავს: მიუკერძოებელ ნათქვამსა და დაწერილში უარყოფითი განზრახვის დანახვა და, ამდენად, მისი უგულებელყოფა/იგნორირება, ან საპასუხოდ აგრესიის ჩართვა.

ეს, თავის მხრივ, ორ საფრთხეს შეიცავს: თუ ერთმანეთს არ მოვუსმინეთ, საზოგადოება კვლავ ერთმანეთის მიმართ უნდობელ და დაუნდობელ ფრაგმენტებად გახლეჩილი დარჩება; ხოლო თუ კონსტრუქციული კრიტიკა აპრიორი „ჩასაფრებად“ მივიჩნიეთ, მაშინ ამას პირდაპირ მივყავართ კრიტიკის მიმართ შეუწყნარებლობამდე და შესაბამისად - აზროვნების გაჯგუფებასა და უკრიტიკობამდე. ეს კი, უკანასკნელი 9 წლის მანძილზე, მართლაც,  საკმარისზე მეტად გამოვცადეთ.

 

რა აერთიანებს ზევით აღწერილ სამ კლიშეს

რა აერთიანებს ამ სამ ზევით აღწერილ კლიშეს? - რეალური ოპონენტისა თუ ოპონენტად აღქმული ადამიანის დანახვა/აღქმა ნდობის უღირსად, მოსმენის უღირსად და საერთოდაც უღირსად. აქედან გამომდინარე, პოტენციურად - მისი ღირსების გაუფრთხილებლობა, და არა თუ გაუფრთხილებლობა, არამედ - შელახვა. ამას საკუთარი უპირატესობის ილუზიაში ყოფნამდე მივყავართ, ხოლო საკუთარი უპირატესობის განცდიდან ტრივიალურ ნარცისიზმამდე ძალიან ახლო მანძილია. ესეც გასული 9 წლის ერთ-ერთი გაკვეთილია, განა ასე არ არის?..

მეორე საფრთხე, რასაც ვხედავ ამგვარი „ბრალმდებლური“ სტილის დანერგვაში ისაა, რომ საზოგადოება შინდება. ჩვენს საზოგადოებას შიშის სულ ცოტა 200 წლიანი ისტორია აქვს: ჯერ კოლონიზაცია, შემდგომ სოვეტიზაცია, ლენინის წითელი ტერორი, სტალინის გრანდ ტერორი და ტოტალიტარიზი, შემდგომ ზვიადის პერიოდის დუღილი და ქაოსი, შევარდნაძის პერიოდის განუკითხავობა, სააკაშვილის პერიოდის ავტორიტარიზმი.

ზემოჩამოთვლილ ყველა ხანას შიში ახასიათებდა: თუ, საბჭოთა „ფაბრიკაში“ გამოვლილ საზოგადოებას, ძირითადად, სახელმწიფო მანქანის შიში ჰქონდა, ზვიადის მმრთველობიდან ეს ქაოსისა და განუკითხაობის, და შემდგომ უკვე შევარდნაძის პერიოდიდან - კრიმინალებისა და კორუფციის წინაშე დაუცველობის შიშმა შეცვალა. ნაციონალური მოძრაობის პერიოდში კრიმინალების წინაშე შიში კვლავ სახელმწიფო მანქანის წინაშე შიშმა ჩაანაცვლა - შევბრუნდით, ასე ვთქვათ, პირვანდელ მდგომარეობაში. დღესაც კვლავ სახელმწიფოს შიშის მოდუსში ვაგრძელებთ არსებობას: ამას წინათ, ერთ-ერთი სამთავრობო კომისიის სხდომაზე ვიყავი, სადაც ძალიან მტკივნეულ საკითხზე, ნარკოკანომდებლობის ცვლილების შესაძლებლობაზე ვმსჯელობდით. კერძოდ, მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დისკუსიის პროცესში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმა ისე მომმართა, რომ მე თავი შეტევის ობიექტად ვიგრძენი. ეტყობა გარედანაც ასე ჩანდა, რამდენადაც რამდენიმე კოლეგამ სხდომის შემდგომ მითხრა: ძალიან გაკვირვებულები ვართ, რატომ მოგმართეს ასე, და ვიფიქრეთ - შესაძლოა, ბლოგებს/პოსტებს რომ წერ, სადაც კრიტიკას ბედავ, იმიტომო... მე ნამდვილად არ მაწუხებს ილუზია, რომ სამყაროს ცენტრი ვარ და ჩემი ბლოგები ასეთი პოპულარულია მინისტრებს შორის. ვფიქრობ, მათ ამ სხდომამდე არც ჩემი არსებობა იცოდნენ, არც ბლოგებისა. და არც არაფერია ისეთი ჩემს ნაწერებში, საქმიანი უკუკავშირის გარდა, რომ ამის გამო შეტევის ობიექტი გავმხდარიყავი. ამიტომ, კოლეგების ეს ვარაუდი ჩემთვის უფრო საზოგადოებაში გაბატონებული შიშის ინდიკატორია: „ჩუმად უნდა ვიყოთ, პოლიტიკური მეინსთრიმის წინააღმდეგ რაიმე არ წამოგვცდეს, რომ არ დაგვსაჯონ, არ გაგვრიყონ...“ - აი ასეთი დაშვება წავიკითხე ამ შიშის მიღმა.

თუ უკვე ჩვევად ქცეული შიში არ გადავლახეთ, და თუ საზოგადოების სხვადასხვა სუბიექტი (ხელისუფლების ჩათვლით) არ დაეხმარა ერთმანეთს შიშის გადალახვაში, ჩვენ ვერ გამოვალთ იმ კრიზისიდან, რომელშიც აღმოჩნდა დღევანდელი ქართული საზოგადოება. საყოველთაო შიში საყოველთაო აგრესიას კვებავს, საზოგადოებას ბრბოდ აქცევს. შეშინებული ხალხი თავისუფალ საზოგადოებას ვერ ააშენებს.  

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებიდან  ოცდაათზე მეტი წელი გავიდა. ნუთუ აღარ დადგა დრო, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მართვის ინსტრუმენტი არა შიში, არამედ საზოგადოების უკლებლივ ყველა სუბიექტის ჩართულობა, პარიტეტული მონაწილეობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა და ერთმანეთის ღირსების გაფრთხილება იყოს? გვეყო შიშის ინსტრუმენტალიზაცია!

დროა, გადავიდეთ ღირსების დაცვისა და გაფრთხილების პარადიგმაში. მესმის რომ შესაძლოა მავანმა და მავნმა ეს პათეტიკაში ჩამომართვას, მაგრამ ამის არ მეშინია. უფრო იმის მეშინია, რომ თუ არ შევეცადეთ ერთმანეთის ღირსების გაფრთხილებას, ეს მორალურად საბოლოოდ წაგვახდენს როგორც საზოგადოებას. რომც დავიწყოთ მცდელობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ დილას გავიღვიძებთ და როგორც სამოსელ პირველშია, „ყველაფერი გენიალურად იქნება“. ასე არ ხდება. მაგრამ თუ შევეცდებით - უკვე სწორ გზას დავადგებით. ამ შემთხვევაში მთავარი სწორ გზაზე სიარულია, მიზნის მიღწევას კი მუშაობა, დრო, მოთმინება და თაობათა ცვლა უნდა.

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი

თბილისი, 2013 წლის 14 ივლისი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^