წინ მნიშვნელოვანი არჩევნები მოგველის. მიმდინარე თვეების განმავლობაში უამრავ შეკითხვას გაეცემა პასუხი და მრავალი საკითხის არსი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება. უახლოეს პერიოდში შევამჩნევთ, შეგვიძლია თუ არა გაყალბების მანკიერი პრაქტიკისაგან თავის დაძვრენა. მალევე თვალსაჩინო გახდება ის, თუ რამდენად შესწევს ძალა ახალ ხელისუფლებას უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე. დავინახავთ პროფესიონალ ფალსიფიკატორთა ღირსეულ საარჩევნო მოხელეებად გარდაქმნის პერსპექტივას. საინტერესო იქნება ჟურნალისტთა საქმიანობის, მათი ქცევების ცვლილებებისთვის თვალყურის მიდევნებაც.
ყველა სიკეთესთან ერთად, არც საპრეზიდენტო კანდიდატების ნაკლებობას განვიცდით. პოლიტიკურ ველზე მყარად დამკვიდრების ცხოველური სურვილი და მოქმედი საპრეზიდენტო პარტიის დაჩრდილვის შანსი ერთი ორად გაამძაფრებს საარჩევნო შეჯიბრს. მოკლედ, ოქტომბერში პირველადი მინიმალური ქართული დემოკრატიის განვითარების მიმართულება განისაზღვრება და, შესაძლოა, მისი ბედიც კი გადაწყდეს.
რა უწყობს ხელს დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესს?
დასავლური ტიპის პოლიტიკური სისტემის ფორმირებისთვის აუცილებელია მოქალაქეთა ეფექტური პოლიტიკური მონაწილეობის, თანასწორი კენჭისყრის, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობის, სიტყვისა თუ გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა გარემოებების უზრუნველყოფა. თუმცა არის კიდევ ერთი, ნაკლებად ფორმალური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს დემოკრატიის მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობაზე. მინდა თქვენი ყურადღება საარჩევნო ტრადიციებზე გავამახვილო, რომელთა სრულყოფილი პრეცენდენტები საქართველოში არ მოგვეპოვება.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, უნივერსალური დემოკრატიული ტრადიცია წინასაარჩევნო დებატების გამართვა გახლავთ. აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება რიგითი სატელევიზიო შერკინების კანდიდატთა საჯარო დისკუსიისაგან გამიჯვნის საკითხს. უბრალო „თოკ-შოუ“ ვერ ჩაანაცვლებს მოქალაქეთა მაღალი აქტიურობით გამორჩეულ პოლიტიკურ ღონისძიებას, რომელიც პერმანენტულად, ყოველი არჩევნების წინ ტარდება ხოლმე.
საინტერესო მაგალითად შეგვიძლია დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი გენერალური არჩევნები მივიჩნიოთ. 2010 წელს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა სამი დებატი გაიმართა. პოლემიკის დასკვნით, ფინალურ რაუნდს, რომელსაც ათამდე ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ბირმინგემის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზმა უმასპინძლა. რატომ შეირჩა უმაღლესი სასწავლებელის სცენა ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური მოვლენის გასათამაშებლად?
საუნივერსიტეტო საზოგადოება ხომ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან - სტუდენტებისა და ლექტორებისაგან შედგება. პოლიტიკის მკვლევართა ნაწილის აზრით, ახალგაზრდები შედარებით რადიკალური და გულწრფელი პოზიციებით გამოირჩევიან, რითაც კანდიდატებისათვის ყველაზე მწვავე და არასასურველი კითხვების შეთავაზებას უზრუნველყოფენ. პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და აკადემიური გამოცდილება კი, დებატების დღის წესრიგში აქტუალური საკითხების კომპეტენტურად დაყენებას განაპირობებს. შესაბამისად, უნივერსტეტებში იქმნება საუკეთესო ნიადაგი სერიოზული პოლიტიკური პრეტენზიების მქონე პირთა ყველაზე მძიმე წნეხის ქვეშ გასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ამგვარ სივრცეში კამათი კანდიდატებისთვისაც ხელსაყრელია. მათ ყველაზე სერიოზული გავლენის მქონე სოციალურ ჯგუფებთან ეფექტური ინტერაქციის შესაძლებლობა ეძლევათ.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრის დროს, ახალი იდეის წინ წამოწევა შეგვიძლია. წარმოიდგინეთ, როგორი სასარგებლო იქნებოდა თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის გადაძეძგილ სააქტო დარბაზში პრეზიდენტობის კანდიდატთა მოსმენა, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე მათი გამოსვლის ხილვა, წამყვანი პოლიტიკოსებისთვის ყველაზე გულწრფელი და კომპეტენტური კითხვების დასმა. ამასთანავე, ყველა პოლიტიკური დაჯგუფებისთვის პირობის ჩამორთმევა იმის შესახებ, რომ მომდევნო კენჭისყრებისთვისაც გააგრძელებდნენ უმაღლეს სასწავლბელში დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას.
პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო რეგისტრაციის დასრულებისთანავე, ალბათ, საზოგადოება უნდა შეეცადოს მათგან მსგავს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის პირობის მიღებას. ამასთანავე, უნდა შევქმნათ საინციატივო ჯგუფი, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიის წინაშე გასამართ „სპილოების რაუნდს“ (die Elefantenrunde - გერმანიაში ასე მოიხსენიებენ მთავარ კანდიდატთა დებატებს ) საარჩევნო ტრადიციად გადააქცევს.