ამ კვირას ორი დიდი ამბავი მოხდა. ორივეზე მინდოდა ცალ-ცალკე დაწერა, თუმცა მერე მივხვდი, რომ ორივეს დიდი, შეიძლება ითქვას, საბედისწერო კავშირი აქვს ერთმანეთთან, ამიტომ მშვენივრად გაერთიანდებოდა ერთ წერილში. ჩემი სამწუხარო მოსაზრებით, ორივე ამბავი კვლევას და შესაბამისად, დასკვნას კი არ საჭიროებს, არამედ გამოკვლევას და დიაგნოზს.
ყველა ბოთლი ბოთლი არაა. ზოგჯერ ბოთლი, უბრალოდ ბოთლია. ხოლო იმისათვის, რომ გაარჩიო რომელი ბოთლია ბოთლი და რომელი ბოთლი არაა ბოთლი, რაღაც გონებრივი უნარია საჭირო.
ზაფხულის დასაწყისში მცხეთაში მუსიკალურ ფესტივალს დავესწარით. ღია ცის ქვეშ იყო, მოწყობილი, თავისი კარვებით და წესებით. ფესტივალზე შესვლისას ერთი მეგობარი დაცვამ გააჩერა, ჩანთა გაუჩხრიკა და დეზოდორანტი ამოუძრო. „ვერ შეგიშვებ!“ - გააცნო გადაწყვეტილება. რატომ? იმიტომ, რომ ფესტივალის წესების მიხედვით, ბოთლის შეტანა აკრძალულია. საქმე ის გახლდათ, რომ წესებით, მართლა იკრძალებოდა ბოთლის - ალკოჰოლის ბოთლის შეტანა. დაცვის რიგითმა ბრიყვმა წევრმა კი წაკითხული წესები უკრიტიკოდ მიიღო აპრიორი ჭეშმარიტებად და ჩათვალა, რომ არყის ბოთლიც ბოთლია და დეზოდორანტის ბოთლიც ბოთლია.
შოკში ჩავვარდით. ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც დადის სამსახურში, შედის მაღაზიაში და რაღაცას ყიდულობს, სუნთქავს, ორი ხელი და ორი ფეხი აქვს, ერთი წამითაც კი არ დაუსვა შეკითხვა საკუთარ თავს: კი მაგრამ, ყველა სახის ბოთლის შეტანა იკრძალება?!
არ ვიცი, ეს რისი ნაკლებობაა: განათლების, გამჭრიახობის, კრიტიკული თუ ლოგიკური აზროვნების? ყოველშემთხვევაში, რაღაც მსგავსის ნაკლებობაა, რასაც აზროვნებასთან აქვს შეხება.
ეს არაა ორი ამბიდან არცერთი, რომელმაც ამ კვირას ძალიან, ძალიან დამამწუხრა ჩვენს ბედსა და საერთოდ, მომავალზე. ბრიყვი მოქალაქეები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან. წინსვლისთვის კი განმსაზღვრელი ამ ბრიყვთა რაოდენობაა არაბრიყვებთან მიმართებაში. უფრო მარტივად, მთავარია ჭკვიანი მეტი იყოს, ვიდრე შტერი.
არ დავასახელებ სკოლას და მასწავლებელს, ძველი ამბავია (როგორც ვიცი, ის ქალი აღარც კი მუშაობს სკოლაში). ერთმა ქალბატონმა, მასწავლებელმა, გადაწყვიტა ხმაურიანი ბავშვი თავში ფარგლის წვერის ჩარტყმით დაეშოშმინებინა. წასკდა ბავშვს სისხლი თავიდან, ატყდა ერთი ამბავი, მეორე დღეს დაინიშნა მშობელთა კრება მომხდარის გასარჩევად. კრებაზე, დამნაშავე მასწავლებელს დიდი დრო არ დაუხარჯავს იმის მტკიცებაში, რომ მისი აზრით, ფარგალი საკმაოდ მსუბუქად ჩაარტყა ბავშვს, არც კი უნდა სტკენოდა, მხოლოდ შევაშინეო. ამის სადემონსტრაციოდ მან იგივე მოქმედება ახლა უკვე ერთ-ერთ მშობელზე გაიმეორა, თავში ფარგლის წვერი მასაც ჩაარტყა. „აი, ასე მსუბუქად ჩავარტყი. ხომ არ გეტკინათ არც თქვენ?!“ - უდანაშაულო სახით ჰკითხა გაოგნებულ მშობელს. არც ეს ვიცი რისი ნაკლებობა იყო, რაღაც, აზროვნებისმაგვარის.
„...ბიჭო ხო, მილიონობით ხალხი კი დახოცა, მაგრამ იმაზე რატომ არ ფიქრობ, რომ რუსთავიც კი არ აშენდებოდა მის გარეშე?“ - უდანაშაულო სახითვე მკითხა ერთმა ნაცნობმა, რომელიც სტალინზე მეკამათებოდა.
ყოველთვის მწყინდა, როდესაც მეგობრები მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვარ ამ ქვეყანაში და არ გავრბივარ სხვაგან. რატომ უნდა გავიქცე, ვთქვათ, ევროპაში და ვისარგებლო იმ სოციალური, ადამიანური კომფორტით, რომლის მოსაპოვებლადაც დასავლურმა ცივილიზაციამ დიდი ბრძოლები გადაიტანა, მე კი იგივე ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში დამზარებოდა? ვფიქრობდი, რომ ბევრი წინაღობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანაც წინ მიდის, ადამიანები ურთიერთობის ახალ ფორმებს სწავლობენ, ვითარდებიან, უფრო კარგები ხდებიან, ინტერნეტი აქვთ, იუთუბის მოხმარება იციან, ვიკიპედიაშიც შედიან - რაღა შეაჩერებს ამ პროგრესს?
ბოლო კვირის მანძილზე ცხოვრებაში პირველად სამწუხარო აკვიატებამდე მივედი - ამ საზოგადოებას არაფერი ეშველება...მინიმუმ უახლოესი ნახევარი საუკუნე. საქმე ისაა, რომ პირადად ჩემთვის ორი ყველაზე შემზარავი ნიუსი ფაქტობრივად, განხილვა-განსჯის გარეშე გაატარეს ადამიანებმა. ეს ორი ნიუსი არათუ რომელიღაცა გრძელფეხება გოგოების სრულიად ამაზრზენ გადაძახილებსა და ნინი ბადურაშვილის საწოლის ამბებს ვერ დაეწია წაკითხვა/გაზიარებების რაოდენობით, არამედ, თითო-ოროლა ინტერნეტ გამოცემის გვერდებზეც კი ძლივს დაიკავა ადგილი. საქმე ეხება მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდების კატასტროფულ (მე ვიტყოდი, მთლიანად ერისთვის კატასტროფულ) შედეგებს და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს სრულიად გულისამრევ და ამავდროულად, თვითმაილუსტრირებელ განცხადებას სტალინზე.
გაიგებდით უკვე, რომ სპეციალურ სასერთიფიკატო გამოცდებზე მასწავლებელთა 80%-ზე მეტმა საკუთარ საგანშიც კი მინიმალური(!) ბარიერი ვერ გადალახა. ხოლო ილია მეორემ რუსეთში ვიზიტისას ხოტბა ასხა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კაცისმკვლელ მონსტრს - სტალინს, კაცს, რომლის სახელსაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი უკავშირდება. რა კავშირი აქვს ამ ორ ამბავს ერთმანეთთან? სიმართლე გითხრათ, პატრიარქისგან მსგავსი განცხადება საერთოდ არ გამკვირვებია. მეტიც, ის უფრო მიკვირს, რომ ასე პირდაპირ და დაუდევრად გამოუვიდა საკუთარი თავისა და ქართული ეკლესიის იდეოლოგიური ლუსტრაცია. ეკლესიისა, რომელზედაც კაი ხანია ისედაც ვწერთ, რომ თანამედროვე ქართული სიბნელისა და ბოროტების მთავარ მამოძრავებელ ძალადაა ქცეული. ან რატომ უნდა გამკვირვებოდა მსგავსი განცხადება კაცისგან, რომელიც უკლებლივ ყველა ბოროტმოქმედ პოლიტიკოსს, ედუარდ შევარდნაძეს, ჯაბა იოსელიანს თუ ვლადიმერ პუტინს, ხოტბას ასხამს და სიყვარულს ეფიცება?
სამწუხარო აკვიატებამდე არა მისმა განცხადებამ, არამედ საზოგადოების სრულმა მზაობამ მიმიყვანა, რომ ყლურწოს ნებისმიერი ლუკმა, რასაც ლამის ღმერთის ტახტზე მჯდომი პატრიარქი ეტყვის. არათუ უკრიტიკოდ მიიღოს, არამედ არც კი განიხილოს, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს 92%-იანი რეიტინგის მქონე პირის მიერ მილიონობით ადამიანის მკვლელ სტალინზე ასეთი განცხადება, ხოლო კრიტიკული ტონი კი მხოლოდ მათ მიმართ გამოიყენოს, ვინც თუნდაც უწმაწურად მოიხსენიებს ჰიტლერის საპირწონე მონსტრის ხოტბის შემსხმელ პატრიარქს. წარმოდგენაც კი არ მინდა, ცხოვრებისა და კარიერის, საერთოდ, საჯარო სივრცეში არსებობის რამხელა წერტილი დაესმეოდა ნებისმიერ ადამიანს გერმანიაში, ჰიტლერზე, როგორც საამაყო გერმანელ შვილზე რომ გაეკეთებინა საჯარო განცხადება.
პრობლემის თავი და თავიც ამაშია, რომ გერმანელმა ერმა საკუთარი მსოფლიო მნიშვნელობის მონსტრის კრიტიკული გადააზრება აზროვნებით მოახერხა, ხოლო საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მთავარი საგანმანათლებლო სტრუქტურის, სკოლის მთავარი განმანათლებლების, მასწავლებლების 80% საკუთარ საგანს მინიმალურ დონეზეც კი ვერ ფლობს და გაკვეთილზე ფარგალს სადამსჯელო იარაღად იყენებს, ვის შეიძლება მოვთხოვოთ ამ დროს კრიტიკული მსჯელობა?
დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ჩვენი, სოციალურად აქტიური ადამიანების მთავარი მინუსი ისაა, რომ რე-აქცია შეგვიძლია, ხოლო პრო-აქცია - არა. ჩვენ ვსხედვართ, ველოდებით ყოველ ახალ სიბრიყვესა თუ ბოროტებას, რომ შემდეგ ერთდროულად აღვშფოთდეთ, თუნდაც სამართლიანად და კრიტიკულად ვიმსჯელოთ ამა თუ იმ მოვლენაზე, მაგრამ ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებთ პრევენციისთვის. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: „საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიისა“ და გოგი გვახარიას „წითელი ზონის“ / „ცრემლიანი სათვალის“ გარდა, ფაქტობრივად არ მახსენდება საბჭოეთის - ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის ფართო საჯარო განხილვა და გადააზრება. არ მახსენდება დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები, ნაწარმოებები, არტ-აქციები და ერთი ხმამაღალი ყვირილიც კი, რომელიც საზოგადოებას შეაჯანჯღარებდა და საამაყო გორელ შვილზე ხოტბის შესხმამდე, შეახსენებდა, რომ მაგ შვილის კისერზე მილიონობით ადამიანის გვამი კიდია.
პარადოქსი კი ისაა, რომ აზრთა ჭიდილში სწორედ ისინი იგებენ, ვისაც აზროვნება არ გააჩნიათ. რატომაც არა? იქ, სადაც მასწავლებლები იმ შედეგებს დებენ, რაც დადეს, კრიტიკული აზროვნება, შეკითხვების დასმა, კამათი და მსჯელობა შეჩვეული კომფორტის ბნელ ზონას სცდება და მათთვის სახიფათო, ახალ ზონაში გადადის - აზროვნების ზონაში.
არადა ეს ზონა მართლაც სახიფათოა ზოგისთვის. მაგალითად, იმ ფესტივალის დაცვას დიდი უხერხულობა შეექმნა, როდესაც კოლეგამ ლამის თავში წამოარტყა და შეახსენა, რომ დეზოდორანტის ბოთლი და ალკოჰოლის ბოთლი, სხვადასხვა ბოთლებია და ამის მიხვედრას ფიქრი სჭირდებოდა. აზროვნების განმაპირობებელი რომელიღაცა ფაქტორის უცნაური ნაკლებობის ასეთ მარტივ ფორმას არ ვიცი რას უწოდებენ. ამიტომაც მგონია, რომ საკითხი დიაგნოზს საჭიროებს. დიაგნოზი ხომ მკურნალობის დაწყების პირველი და უმთავრესი წინაპირობაა. ეგებ მერე მაინც ეშველოს იმ ტოტალურ სიბეცეს, რაც საკუთარ მოედანზე ამარცხებს აზრს - კრიტიკულ აზრს. თორემ, აბა, სტალინის მოყვარულ ქვეყანაში რომ ადამიანებს სადისტები აწამებდნენ რა გასაკვირია, ეს მხოლოდ აზროვნების სრული მარცხის ლოგიკური შედეგია.