Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიბერალები, სტალინი და სამართალი

02 აგვისტო 2013
ამასწინათ ერთ-ერთ ჩემს ლიბერალ მეგობარს აღშფოთებული კომენტარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ აქაოდა, პატრიარქმა ილია მეორემ როგორ თქვა სტალინზე საქებარი სიტყვებიო. ამას მოჰყვა ბევრი ლიბერალის მოთქმა და გოდება: უიმე, უიმე, ეს როგორ დაემართა ჩვენს ეკლესიის ლიდერსო? ამას მოჰყვა დღეს მეტად ტრივიალური და კლიშედ ქცეული სტალინიზმის დაგმობა, რომელშიაც საინტერესო აღარაფერია. თანაც ამას ძირითადად ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ხელფასს 'ლიბერალური-დემოკრატიის' სხვადასხვა არასამთავრობო თუ მედია-საშუალებიდან იღებენ.  
პირდაპირ მინდა ვთქვა:  ჩემთვის ილია მეორეს ამ განცხადებით არანაირი შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა მე ბაბუა დამიხვრიტა, ბებია დამიჭირა და ბიძაც და ჩემი ოჯახი ძირითადად გააუბედურა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა წლებში სტალინიზმს მთელი სულით და გულით ვებრძოდი როდესაც მას სხვადასხვა ჯურის კარიერისტები იცავდნენ. კარიერისტები, ზოგიერთი ჩემი კლასელიც, რომელიც დღეს კორპორატიული ლიბერალური იმპერიალიზმის ისეთივე ყურმოჭრილი მონაა, როგორც ადრე სტალინიზმისა იყო. ილია მეორის ეს ფრაზა კი უბრალო ისტორიული რემინისცენცია იყო, სადაც მან ხაზი გაუსვა რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირს.  ცხადია, ის რელევანტური იყო რუსეთში ვიზიტისას, რადგან იოსებ ჯუღაშვილი სწორედაც რომ რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ძლევამოსილი მმართველი იყო, რომელმაც ბევრ ცოდვასთან, დანაშაულთან ერთად ნაცისტურ გერმანიაზე ომში გაიმარჯვა.
 
დღეს, როდესაც ლენინის და სტალინის მემკვიდრედ ბენდუქიძის კაპიტალიზმი მოგვევლინა, როცა დღევანდელი დანაშაულებრივი ნაც-ოცნებური ნეოლიბერალიზმი მოსახლეობის 77 პროცენტს სიღატაკის ზღურბლზე დაბლა აცხოვრებს და თავისუფალ ადამიანებს აპატიმრებს, ჩემთვის სტალინის გინება თუ ქება აქტუალური აღარ არის.  მე ილია მეორე მაინც საქართველოში ყველაზე ჭკვიან და დალაგებულ პოლიტიკოსად მიმაჩნია - და ზუსტად ასე ვფიქრობ, რომ სწორედ მისმა მშვიდმა პოლიტიკამ შეძლო დღეს რაც ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმის შენარჩუნება.  
 
სტალინი დღეს აქტუალური აღარ არის. ამაზე კარგად ლაპარაკობს ჟიჟეკი. უფრო მეტიც, დღევანდელი აღვირახსნილი ლიბერალიზმის პირობებში, როცა მასიურ გენოციდებთან გვაქვს საქმე, ბევრს ენატრება სოციალისტური სამყარო. მიუხედავად სოციალისტების და კომუნისტების მიერ დაშვებული მრავალი შეცდომის და დანაშაულისა, რომელიც მათ მატერიალიზმმა და ზედმეტმა 'მათემატიკურმა ლოგიკამ' ჩაადენინა, ხალხს მაინც ენატრება სოციალური სამართალი, რომელიც უკვე ბოლო 20 წლის განმავლობაში აღარ ჰქონია. მთელი თაობა გაიზარდა უკვე სიღატაკეში ან სიღატაკის მუდმივ შიშში - ნეოლიბერალები ხომ ამ შიშზე აგებენ მთელს თავის სისტემას. 'ადამიანს უნდა ეშინოდეს შიმშილით სიკვდილის იმისათვის რომ იმუშავოს" - ამბობენ მილტონ ფრიდმანის მომხრეები. ბოლო 20-30 წელია, მათ უჭირავთ მსოფლიოში დისკურსის ჰეგემონია და სხვას არავის აძლევენ ალტერნატიული აზრის გამოთქმის უფლებას და საშუალებას.  
ამ პროპაგანდას დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, წინ უძღვის 'რადიო თავისუფლების' ქართული რედაქცია, რომლის შემადგენლობაშიც ჩემთვის რამდენიმე მეტად პატივცემული ჟურნალსტი და თავის საქმის პროფესიონალია. 'ორთოდოქს-მოძულეობა' დღეს, რა თქმა უნდა, usual suspect ნაც-ლიბერალების გარდა სწორედ 'რადიო თავისუფლების' ბლოგერებისგან მოდის, რომელთა უმრავლესობასაც კარგად ვიცნობ.  ესენი ძირითადად თბილისის პრივილეგირებულ ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პუბლიცისტები არიან, რომელთა შრომებიც ხანდახან ძალიანაც საინტერესოა. ამიტომაც არ მინდა მათ შეურაცხყოფა მივაყენო და გავუტოლო ნაც-ლიბებს, რომელთაც მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების ლამისაა გიჟური მანია ამოძრავებთ. არა, ეს ხალხი ბევრად უფრო დამოუკიდებელია და ბევრად უფრო დამოუკიდებლად სცდება.  
 
ამას წინათ სალომე ასათიანთან კამათში მას შევახსენე, რომ ორმაგი სტანდარტია ლაპარაკობდე ქართული ეკლესიის 25 მილიონზე და არ ლაპარაკობდე იმ ტრილიონებზე, რომლებსაც დასავლური კორპორაციები და მათი მფარველი მთავრობები მთელს 'გლობალურ სამხრეთს' ართმევენ.   ფარისევლობაა, რომ არ იმჩნევდე იმ ფაქტს, რომ გლობალური ლიბერალური ავტორიტარიზმი დღეს ყოველდღიურად 22 ათას ბავშვს კლავს და ყოველ წელიწადს 8 მილიონ ბავშვს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ღატაკ ოჯახებში დაიბადნენ.  ახლა უკვე ჩვენთანაც შემოვიდა ეს ლიბერალიზმი - ორდო, ნეო, კლასიკური თუ სხვა, არ ვიცი - საქართველოში ეს სისტემა ყოველ წელს 300-600 ბავშვს კლავს შიმშილით და ამაზე ხმას არ იღებენ.  ეს არის ჩვენი გამოწვევა დღეს და არა მარტო ეს.  მოხუცების მდგომარეობა არანაკლებ მძიმეა.  ჯანმრთელობის დაზღვევა დიდ ფუფუნებად იქცა სააკაშვილის ლიბერალურ-ავტორიტარული მართვის პირობებში. ლიბერალიზმის მთავარი პრინციპია უკმარისობა და ეგო-ცენტრიზმი.  ეკლესიის მთავარი პრინიპია სიყვარული და მოყვასის დახმარება - მტრის სიყვარულიც კი. რასაკვირველია, არიან ისეთები, ვინც ამ პრინციპებს არ მიჰყვება და ფარისეველია. მაგრამ, ლიბერალიზმი თავის საწყისშივე ეგოიზმს და სხვის ხარჯზე 'წარმატებას' აცხადებს უდიდეს ღირებულებად და ამაშია პრინციპული განსხვავება. ლიბერალიზმს სიყვარულის პრინციპისა არ სწამს, რადგან იგი გულცივი გონებით აპირებს ქვეყნის მოწყობას - თან ისე მოწყობას, რომ ბანკირების და მდიდარი კაპიტალისტების სულ პატარა უმცირესობა მართავდეს, იმონებდეს ან კლავდეს ყველა დანარჩენს.  ეს წინადადება სულაც არ არის მარქსისტული - ის უბრალოდ ქრისტიანულია. ქრისტემ თქვა, რომ ვინც ღატაკს არ დაეხმარება, ის მე არ მეხმარებაო. ჩვენი სახელმწიფო კი დღესაც ღატაკს ართმევს და მდიდარს აძლევს.  და მერე ბაჩო ახალაიასნაირ ყაჩაღებს ხსნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.  ჩვენთან არც სოციალური სამართალია და არც პოლიტიკური.
 
ამის თქმა მინდოდა მე ჩემი მეგობარი სალომე ასათიანისათვის და მისი თანამებრძოლებისთვის.  ამ ჯგუფის ლიდერი და როგორც მე მას შევარქვი 'ეპისკოპოსი' გოგი გვახარია ნამდვილად უგანათლებულესი და უნიჭიერესი კაცია. მაგრამ, ამასთან ერთად მას, ისევე როგორც ამ ელიტური ლიბერალების დიდ ნაწილს, ერთი სერიოზული პრობლემა აქვს - მას ყოველივე თავისი სძულს და ყოველივე უცხო უყვარს - ცხადია, ეს ოდნავი უტრირებაა, მაგრამ ეს ჯგუფი სდუმს დასავლურ იმპერიალიზმზე და სამაგიეროდ აღმოსავლეთისგან მტრის ხატს ქმნის.  ედვარდ საიდის ენით რომ ვთქვათ, ეს ინსტიტუციონალური რასიზმია. ამ რასიზმში ჰყვება აგრეთვე ქართული ეკლესიაც.  და ეს ჯგუფიც შემთხვევას არ უშვებს ხელიდან გალანძღოს ეკლესია.  მაპატიეთ, მეგობრებო - მე ამ საქმეში თქვენთან ერთად ვერ ვიქნები და არც სტალინის ხსენებაზე 'გავასამართლეს' პატრიარქს.  
 
აბა გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ:  ვის უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, პატარა ქვეყნის წამყვან დენომინაციას სულ რაღაც 25 მილიონიანი დაფინანსებით სახელმწიფოსაგან თუ ტრანს-ნაციონალურ კაპიტალს თავისი ტრილიონებით, უდიდესი მატერიალური სიმდიდრით და მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ძალებით?  მე თვითონ ნამუშევარი ვარ 'ამერიკის ხმაშიც" და სახელმწიფო დეპარტამენტშიაც - ასე რომ, უცოდველი კრავის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ - ჩემი ცხოვრების 8 წელი ვაშინგტონში ვმსახუროდბიდ და კიდევ 8 ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ვასწავლიდი.  ასე რომ, კარგად ვიცი რა რესურსებს ფლობს დასავლური დისკურსი.  მარტო კორნელის უნივერსიტეტის ინდოუმენტი (ანუ დანაზოგი საპროცენტო სახსრები) დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს - საქართველოს ბიუჯეტზე არანაკლებ თანხას - მეტს თუ არა.  
 
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო.  სალომე არც აგენტი მგონია და არც საიდუმლო სერვისის წარმომადგენელი - ის, ისევე როგორც მე, აშკარად მსახურობს მსოფლიოს ყველაზე დიდ იმპერიალისტურ ძალაზე.  ამაში თავისთავად ცუდი არაფერია.  მაგრამ, როდესაც ზურგსუკან რამდენიმე ტრილიონიანი უდიდესი მასშტაბის ძალა გიდგას და შენ შენი ქვეყნის პატარა ეკლესიას მუდმივად უპირისპირდები - ეს არის ნეოკოლონიალიზმის პროპაგანდა.  ლიბერალური იმპერიალიზმი მაინცდამაინც ტერიტორიულ პრინციპს არ ეფუძნება - ის ხშირად ფინანასურად ახდენს მთელი ქვეყნების და საზოგადოებების ანექსიას.  
 
უცოდველი არც არავინ ვართ.  მე თვითონაც მომიწია მუშაობა იმპერიულ სტრუქტურაში.  მაგრამ, როდესაც ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს უდიდესი სამხედრო და ფინანსური ძალის მქონე იმპერია და ჩემი პატარა ქვეყნის პატარა ეკლესიის პატრიარქი დადგება - მე ყოველთვის ამ უკანასკნელის მხარეს დავიჭერ. იმიტომ არა, რომ ძალიან კარგი და ეკლესიური ბიჭი ვარ.  არა, ბატონო, სულაც ვერ ვარ ეკლესიური - მაგრამ ამავე დროს საოცრად ვერ ვიტან უსამართლობას და საოცრად მიყვარს მრავალხმოვანი გალობა. პოლიტკორექტულობას არ ვცნობ და არც ერთი იმპერიის ძალას სიყვარულის ძალაზე ძლიერად არ ვთვლი.  
 
არც სალომეა რევოლვერით შეიარაღებული ბოლშევიკი სუფრაჟისტი, რომელიც ეკლესიას მიზანმიმართულად ბილწავს, რადგან ამას პარტია უბრძანებს სტალინის თუ ტროცკის თამადობით და არც მე ვარ მარქსისტი, რომელიც დიალექტიკური მატერიალისტი იყო. არ ვცნობ დიალქტიკას, არც ჰეგელისას და არც მარქსისას - ამას აუცილებლად ბახტინის 'პოლიფონია' მირჩევნია, იმისათვის რომ ჩვენ წარმატებას გამოკიდებული 'ატანილი' ადამიანები არ ვიყოთ.  არც მატერიალიზმი მიყვარს, რომელიც ძირითადად სიხარბეს და კარიერიზმს ასაზრდოვებს.  ლიბერალიზმი კი სწორედ ასეთ ყოფით მატერიალიზმს და ეგო-ცენტრიზმს ახალისებს.  
 
იმედია, ლიბერალური კარიერიზმის და იმპერიალიზმის ახალ მოძალებას ახალი სტალინი არ დასჭირდება შესაჩერებლად. დღეს, განდის ტიპის პოლიტიკური ლიდერების დრო მოვიდა - დღეს მერაბ კოსტავას ტიპის ლიდერების დრო მოვიდა.  
 
სტალინი კი არ არის რელევანტური დღეს - დღეს მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი ეგო-ცენტრული კარიერიზმის გადაძლევაა.  ეს ყველა ჩვენთაგანს თანაბრად ეხება.  მაშინ, როცა ბაჩო ახალაიას ძალადობას ამართლებს სახელმწიფო - მაშინ როცა წამება და გაუპატირება ნორმად მიიჩნევა - ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ ამ უსულო საზოგადოებაში არსებობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^