Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტალინის ძეგლების რეინსტალაციასა და ამნეზიაზე

04 აგვისტო 2013

ჩვენს საზოგადოებას არა აქვს გაცნობიერებული თუ რა იყო სტალინიზმი და რა ხდებოდა საქართველოში საბჭოთა პერიოდში. ეს ხსნის დღევანდელ ლტოლვას სტალინის მიმართ, რაც მოსახლეობის ნაწილშია.

მგონია, რომ სტალინის ძეგლების აღდგენა, ერთი მხრივ, მოსახლეობის აგრესორთან იდენტიფიკაციის გამოძახილია. არის ასეთი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი - "აგრესორთან იდენტიფიკაცია": თუ ძალადობრივ ველში ხარ მოქცეული და არ შეგიძლია/შეუძლებელია ამ ძალადობრივი ველიდან გაცლა, იმისთვის, რომ შეიმცირო სტრესი, უნებლიედ, თავს აგრესორთან აიგივებ. ეს თვითგადარჩენაში ეხმარება ადამიანს, თუმცა იმის ხარჯზე, რომ მას თავად ხდის აგრესორად. მაგალითად, ოჯახური ძალადობის სიტუაციაში, სადაც, ვთქვათ, მამაკაცი სცემს მეუღლეს, ვაჟიშვილი, ამ სტრესის გასაძლებად, უნებლიედ იდენტიფიცირდება აგრესორთან; ის ცდილობს მიზეზები მოუნახოს მამის აგრესიულ ქცევას (დაახლოებით "სადილი რომ ზომიერად მარილიანი ყოფილიყო, დედას არ გადაემლაშებინა, მამა მას არ სცემდა" ლოგიკით); უკვე შემდგომ, თავის ცოლთან, იგი ისევე ძალადობრივად იქცევა, როგორც მამამისი - რამდენადაც, თავის დროზე, მოხდა მისი აგრესორთან იდენტიფიკაცია.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრია აგრესიის მსხვერპლი ადამიანების აგრესორთან იდენტიფიკაციის მაგალითი - თუნდაც, ბოსტონის მარათონის ტრაგედია ავიღოთ - ძმები ცარნაევები, რომელთა ოჯახი, თავის დროზე, ჩეჩნეთის სხვა მოსახლეობასთან ერთად გასახლებული იყო საკუთარი მიწა-წყლიდან; ძმები ტრავმირებული ოჯახისა და ტრავმირებული საზოგადოების შვილები იყვნენ, ამან ისინი ტერორისტული პროპაგანდისა და ტერორისტებად ქცევისთვის იოლ სამიზნედ აქცია.

არსებობს აგრესორთან იდენტიფიკაციის შედარებით უფრო უწყინარი გამოვლინებები, ჩვენს შემთხვევაში, ვთქვათ, აი, ამ ლოგიკით გამოხატული: "სტალინი ძლიერია - სტალინი ქართველია - მე ქართველი ვარ - მე ძლიერი ვარ", რაც ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ფენებში არის გავრცელებული. თუმცა, არ ვიცი, რამდენად უწყინარია ეს - ერთი მხრივ, არ არის ზნეობრივი, თანაც, სირცხვილია იმ ლიდერით სიამაყე, რომელიც მილიონობით ადამიანის სასიკვდილო განაჩენის, გადასახლებისა და უფასო მუშა ხელად (ფაქტობრივად, „საბჭოთა მონებად“) გამოყენების სტრატეგიის საკვანძო ავტორი და განმახორციელებელი იყო. მეორე მხრივ, ამა თუ იმ ლიდერით სიამაყე ადამიანს არა საკუთარი მიღწევებისკენ, არამედ "ძლიერი სხვის" კრებით ხატთან კუთვნილების გამო ნარცისტული ტკბობისკენ განაწყობს. ეს მას, ფაქტობრივად, თვითგანვითარების მოტივს უკარგავს და რეგრესისკენ უბიძგებს. და თუ ეს არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოების დონეზე არსებული განწყობებია - მაშინ რეგრესულ რეაქციებს უკვე საზოგადოებრივ დონეზე აქვს ადგილი. ეს პრობლემა კარგად აქვს დაჭერილი რუს კინორეჟისორს, ელდარ რიაზანოვს, საბჭოთა მენტალობაზე დაწერილ სატირულ ლექსში: „მი ნე სეემ, ნე პაშემ, ნე სტროემ, ა გორდიმსია ობშჩესტვენნიმ სტროემ...“ და აქ უკვე აღარ აქვს მნიშნელობა, საზოგადოებრივი წყობით ამაყობს ადამიანი თუ მისი ლიდერით, ერთი მეორის ტოლფასია. სწორედ ამ რეგრესულ გრძნობებზე დებენ ფსონს ის პოლიტიკოსები, რომლებიც სტალინის ძეგლის რეინსტალაციით ცდილობენ ამომრჩეველთა ხმების მოხვეჭას.

ამიტომ არის საჭირო საბჭოთა წარსულის გაცნობიერება, გარკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა რეპრესიების მანქანა, თუ რა წვლილი მიუძღოდა საზოგადოების რიგით წევრებს ამ ძალადობრივი მანქანის მოქმედებაში - ეს წარსულის შეცდომების გაცნობიერების საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ აწმყოსა თუ მომავალში იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

საბჭოთა დროს საზოგადოება შეშინებული იყო და დუმდა. ადამიანის უფლებების ცნობიერება არ არსებობდა. რამდენადაც ეს ყველაფერი შეფასებული და გააზრებული არ გვაქვს, მუდმივად გვიბრუნდება აწმყოში: მაგალითად, დღეს, ძალიან ხშირად, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორე ნაწილს გასული ხელისუფლების ძალაში ყოფნის პერიოდში დუმილის გამო ადანაშაულებს; და, რადგან გასული ხელისუფლების დროს დუმდა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ახლაც დუმილისკენ მოუწოდებს საზოგადოების ამ ნაწილს. როგორც ჩანს, გვიჭირს საკუთარ შეცდომებზე და გამოცდილებაზე სწავლა. და აქ ისმის შეკითხვა: ხომ არ არის ეს სწავლის სირთულეები, დუმილი, და კიდევ უფრო მეტი - დუმილისკენ მოწოდება, სტალინის პერიოდის შიშისა და ტერორის, და სოვეტოლოგების მიერ აღწერილი საბჭოთა მოქალაქისთვის ჩვეული, ე.წ. „აგრესიული დუმილის“ ინერციის გამოძახილი?

არადა, დღეს სწორედ ამ 70-წლიანი პერიოდის მიმართ ნოსტალგიური განწყობები ისმის საზოგადოების ნაწილში - რუსეთთან, როგორც „უფროს ძმასთან“ ყოფნის ნოსტალგიური განწყობები. სირცხვილია, მაგრამ ეს არის ჩვენი სინამდვილე, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს. ალბათ, იმიტომ არის ეს დღევანდელი სინამდვილე, რომ საბჭოთა პერიოდი, სტალინიზმი არ გაგვიაზრებია, არ შეგვიფასებია, არ "მოგვინელებია", არ „გადაგვიხარშია“. დღეს პირიქით ხდება: ვცდილობთ, ის ცუდი, რაც ტოტალიტარულ ეპოქაში იყო, დავივიწყოთ. ამიტომ, დღეს ჩვენ ამნეზიის მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება ვართ.

ამნეზიის მდგომარეობიდან გამოსასვლელად არ კმარა მხოლობითი ღონისძიებები - მაგალითად, რეპრესირებულთა ნარატივების გამოქვეყნება, ან მხოლოდ ერთი (ოკუპაციის) მუზეუმის მოქმედება, არც მხოლოდ ტელეგადაცემა „წითელი ზონა“ შექმნის/შეცვლის ამინდს - ეს ყველაფერი უაღრესად მნიშნელოვანი, მაგრამ არასაკმარისია. მიდგომა სისტემური, თანმიმდევრული და სახელმწიფოებრივი უნდა იყოს. ჩვენ, თავის დროზე, 90-იანებში, გამოვტოვეთ ლუსტრაციის ჩატარების შანსი, განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნებისგან. დღეისათვის ეს უკვე დაგვიანებულია. ამიტომ, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებაში საზოგადოებას დღეს მეცნიერება უნდა დაეხმაროს, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული მეცნიერება, დაფუძნებული არა საბჭოთა ტრადიციების ისტორიოგრაფიასა და შესაბამის მონო(გრანდ)ნარატივზე, არამედ ისტორიული მეცნიერების თანამედროვე კვლევით სტანდარტებსა და შესაბამის მეთოდოლოგიაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ინტერდისციპლინური კვლევები სოციალურ მეცნიერებათა სხვა დისციპლინების (ფსიქოლოგია, სოციოლოგია და ა.შ.) თანამონაწილეობით. ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოქმედებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, "ბიოლის ფონდის" მხარდაჭერით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გარდა ამ არასამთავრობო ინიციატივისა, ტოტალიტარული წარსულის კვლევა სახელმწიფოებრივადაც წარმოებდეს. მაგალითად, პოლონეთში მოქმედებს საბჭოთა პერიოდის მეხსიერების (კვლევის, ხსოვნის) სახელმწიფო ფონდი, რისი მხოლოდ არსებობაც კი უკვე მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, აუცილებელია მოინახოს რეპრესირებულთა ხსოვნის შესაბამისი ფორმატები, უნდა მოხდეს ამ ფორმატების დივერსიფიკაცია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გაკეთდა საბჭოთა ტერორის რუკა, რომ ქვეყნდება რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ნარატივები, მაგრამ ამ სახის პუბლიკაციების მომხმარებლების რაოდენობა შეზღუდულია. საჭიროა კიდევ უფრო მასშტაბური და ამავე დროს, არანაკლებ ჰუმანისტური ხსოვნის ფორმატების ამოქმედება: მაგალითად, იმ სახლებზე, საიდანაც მოხდა ადამიანების დაპატიმრება, დახვრეტა, გადასახლება, და ეს, ზოგიერთი პუბლიკაციის თანახმად, მოსახლეობის 10%-ს შეეხო (გინდაც ნაკლები იყოს!), რატომ არ უნდა იყოს მემორიალური დაფები, რაც ამ ადამიანების ხსოვნას უზრუნველყოფდა? არის ამგვარი მემორიალების პრაქტიკა გერმანიაში, იმ სახლებზე, სადაც ფაშიზმის რეპრესიების მსხვერპლი ოჯახები ცხოვრობდნენ. აქ არ არის საჭირო დიდი ხარჯები, სპეციალური პომპეზური ღონისძიებები თუ ობელისკები და კიჩი - რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნა და საერთოდ, წარსული გამოცდილების ხსოვნა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ამგვარი, ყოველდღიურობაში „ჩაქსოვილი“, მემორიალები საზოგადოებას ტოტალიტარული ეპოქის ტრავმის დაძლევაში დაეხმარება. წარსული გამოცდილების მეხსიერება სწორედ ის დამცავი ფაქტორია, რასაც აწმყოსა და მომავალში საზოგადოების მეტ-ნაკლებად დაცვა შეუძლია წარსული შეცდომების გამეორებისგან.

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი
2 აგვისტო, 2013  
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^