ცოტა ხანში საქართველოს უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მალევე, სტარტს აიღებს ხარისხიანი განათლების ხელშეწყობისა და აკადემიური თავისუფლების დამკვიდრებისაკენ მიმართული სტუდენტური სამოქალაქო აქტივიზმიც. პირველი თარიღი უკვე ჩანიშნულია, 16 აგვისტოს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი უნდა აირჩიოს. ალბათ, ბევრ სტუდენტს იმედი უჩნდება და ჰგონია, რომ მომავალში, განათლების სისტემის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ოდნავ უფრო ძლიერი იქნება.
როგორ ხვდება ყველაზე ძველი ქართული უნივერსიტეტი მოახლოვებულ გადამწყვეტ კენჭისყრას?
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი სასწავლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და მზრუნველობის გარეშეა დარჩენილი. ახალ მთავრობას „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ დროულად შეტანილი ერთი პატარა ცვლილებით შეეძლო პირველი ნაბიჯი გადაედგა საუნივერსიტეტო სივრცეში ელემენტარული სამართლიანობისა და მინიმალური დემოკრატიის დამყარებისათვის. კერძოდ, კანონმდებელთა და სამინისტროს მაღალჩინოსანთა მონდომების შემთხვევაში, მარტივად მოხერხდებოდა, რომ მომავალი რექტორი თორმეტი პროფესორის (მოციქულის) ნაცვლად, ფართო საარჩევნო კოლეგიას ან აკადემიური თანამდებობის პირთა საერთო კრებას აერჩია.
1 ოქტომბერს გამარჯვებულმა ელიტამ კი უგუნური მანიპულაციებით სცადა უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვა და ე.წ. „შოკური თერაპიის“ წესებით მუშაობა, მაგრამ შემდეგ მათ საკუთარი ჩრდილისაც შეეშინდათ. აქედან გამომდინარე, დაოჯახებაზე, გაპრეზიდენტებასა და კომფორტული პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებაზე არჩიეს ფიქრი. შედეგად, თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და გულშემატკივრები ბედისა და ნემესიდას (შურისძიების ქალღმერთი) ანაბარა ვართ მიტოვებულნი.
საბედნიეროდ, გამოჩნდნენ მაღალი რანგის მეცნიერები, რომლებიც რამდენიმე უსაფუძვლოდ ამბიციურ ადამიანთან ერთად, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად იბრძვიან. მრავალი წლის შემდეგ პირველად, არჩევნებში სამი-ოთხი სასარგებლო და საინტერესო პრეტენდენტი მონაწილეობს. თითოეულ მათგანს თავის საარჩევნო პროგრამაში კონკრეტული, მისთვის პრიორიტეტული პრობლემის გადაჭრის რეალისტური გზა აქვს გამოკვეთილი. ზოგიერთი მაღალი ხარისხის დეცენტრალიზაციასა და ძალაუფლების ჰორიზონტალურ გადანაწილებაზე კონცენტრირდება, სხვა აქცენტს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასა და ინტერნაციონალიზაციაზე აკეთებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ფართომასშტაბიან რეფორმამდე გარდამავალი სისტემის ფორმირებას ან ანთოლოგიური ლიტერატურის პროფესიონალურ დონეზე თარგმნას გვპირდებიან.
მოკლედ, ღირსეული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ მას უდიდესი საფრთზე ემუქრება!
საფრთხეს ქმნის რამდენიმე კვირის წინ ბრწყნვალების საპრეზიდენტო ორდენით მკერდდამშვენებული, უკანასკნელ წლებში ყველა უმაღლეს აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაწინაურებული რექტორობის კანდიდატი. ყოფილი მმართველი პარტიის უპირობო, ღია და ლატენტური მხარდაჭერით გამორჩეული კანდიდატი დესტრუქციული პროგრამული დებულებებითაც ხასიათდება. მაგალითად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მოქმედი დირექტორი უცნაურ, რიგ შემთხვევებში ფალსიფიცირებულად მიჩნეულ აკადემიურ კონკურსებში რამდენჯერმე გამარჯვებულ სრულ პროფესორებს სამუდამო კონტრაქტს სთავაზობს. მაშასადამე, იგი ხელს აწერს არსებული სტაგნაციის, სისტემის დაკანონებასა და უვადოდ გახანგრძლივებას.
დაზაფრული მკითხველი, ალბათ, გაბრაზებული იკითხავს: ვინ ირჩევს ახალ რექტორს ?
უნივერსიტეტის ბაღში გამართული ერთ-ერთი დისპუტისას, ახლადგამომცხვარმა საერთაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრმა ამ კითხვას ზუსტი და ხატოვანი პასუხი გასცა. მან აღნიშნა, რომ ახალ რექტორს თანამედროვე მაგდა გებელსის მსგავსი ადამიანები ირჩევენ. მის მიერ ნახსენები ქალბატონი ცნობილი ნაცისტი მინისტრის მეუღლე გახლდათ, რომელმაც ყოველგვარი ზეწოლის, ნართაულად ნათქვამის ან მოწოდების გარეშე, თავისი პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე ექვსი შვილი სასიკვდილოდ მოწამლა.
16 აგვისტოს კენჭისყრისთვის თორმეტი ბიულეტენი დაიბეჭდება, რომელსაც აკადემიური საბჭოს ამდენივე წევრს გაუნაწილებენ. მათი უმრავლესობა მოქმედი საპრეზიდნტო პარტიის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრება, რაზეც ზოგიერთი მათგანის განვლილი გზა ცალსახად მეტყველებს (აკადემიური საბჭოს წევრებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ექს-დეპუტატები, იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის მოადგილე, განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი და ა.შ.). დღეს, თორმეტივე ხმის მიმცემს ეძლევა შანსი საკუთარი თავისუფლების დასამტკიცებლად და ქვეშევრდომული ფსიქოლოგიის დასამარცხებლად. მათი ღირსების გზა სინდისიერ გადაწყვეტილებაზე გადის.
ჩვენ, საუნივერსტეტო საზოგადოების წევრებს კი ისღა დაგვრჩენია, რომ არჩევნების პარალელურად, შუა ზაფხულში უნივერსიტეტის ეზოსკენ გავემართოთ. აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს აუცილებლად უნდა შევახსენოთ - მათ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილება შეზღუდული აქვთ ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებულებითა და პასუხისმგებლობით.