რამდენიმე დღის წინ, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა აღნიშნა: "ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ, მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად".
გული დამწყდა და ძალიან გავბრაზდი, რადგან საქართველოს ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა მთავარი პრობლემა, უპირველესად, ქართულ საზოგადოებაში დაინახა. ალბათ, არაკორექტული და ნაკლებად ეთიკურია, როდესაც საკუთარ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს ან უანგარო თანამებრძოლებს მასშტაბური მსოფლიო აუდიტორიის წინაშე უდიერად მოიხსენიებ. უცნაურია და უპატიებელ შეცდომადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ მაღალჩინოსანმა მოსახლეობის პოლიტიკური თვითშეგნების შეფასებისას შესაბამისი აქცენტი არ გააკეთა ჩვენ მიერ განვლილ გზასა თუ მიმდინარე ვითარებაზე.
დამოუკიდებლობის ოცდაორი წლის განმავლობაში, საქართველომ სულ მცირე სამი შეიარაღებული დაპირისპირება გადაიტანა. ძალიან დიდ ხანს ადამიანები კერძო საკუთრების ჩამორთმევის ყოველდღიურ საფრთხეს გრძნობდნენ და მართმსაჯულების ეფექტურად ამოქმედების უმცირეს იმედსაც კი ვერ ინარჩუნებდნენ. ამასთანავე, ჩვენთან დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ზოგადი და უმაღლესი განათლება. უკანასკნელ დრომდე, მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა ფატალურ უსიამოვნებებთან არის ასოცირებული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ოფიციალური მონაცემებით, კვლავ სტაბილურად მაღალია უმუშევრობის დონე და მოსახლეობის დაახლოვებით ერთი მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა აღმოჩენილი. მრავალი მსგავსი, უმძიმესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენმა საზოგადოებამ უარი თქვა კიდევ ერთ ძალადობრივ სახელმწიფო გადატრიალებაზე და ერთმნიშვნელოვნად უსამართლო საარჩევნო გარემოში ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებას მიაღწია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სტიქსის წყალში (ჰადესის საუფლოსკენ მიმავალი მდინარე) მოტივტივე მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა არაადეკვატურად მაღალიც კი არის.
აქვე, რამდენიმე სიტყვა „მცირედ პრობლემურ“ საქართველოს მთავრობასა და მის მეთაურზეც ვთქვათ. უპირველეს ყოვლისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელისუფლებო ელიტას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს პოლიტიკური კულტურის არსის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერების ნებისმიერ რიგით სტუდენტს შეუძლია მათთვის გაბრიელ ალმონდისა და სიდნეი ვერბას ან სულაც იოჰან ჰერდერის აკადემიური განმარტების შეთავაზება. თუმცა მოდით, ამ ეტაპზე უმარტივესი და ელემენტარული განსაზღვრებით დავკმაყოფილდეთ. პოლიტიკური კულტურა იმ ქცევის ნორმების, სტანდარტებისა და პრინციპების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკური ურთიერთობების წარმოებისას ხელმძღვანელობენ. ამგვარი კულტურა აყალიბებს პოლიტიკის „თამაშის წესებს“.
დავაკვირდეთ სულ რამდენიმე კანონზომიერებას, რომელთა დამკვიდრებასაც თავისი ქცევებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელს უწყობს საქართველოს მაღალკულტურული მთავრობის პირველი მინისტრი.
1 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ორი-სამი თვე აღმოჩნდა საკმარისი, რომ სახელმწიფოს ლიდერებს წინასაარჩევნო დაპირებების გაუხორციელებლობაზე მიენიშნებინათ და საზოგადოების გაწბილების გასაქარწყლებლად „მოულოდნელად აღმოჩენილი“ არგუმენტებით დაეწყოთ მსჯელობა (ვგულისხმობ თუნდაც კომუნალური გადასახადებსა და ტარიფების საკითხს). პარალელურად, რამდენიმე მიმართულებით აუცილებელი გახდა მმართველი გუნდის პროგრამული დებულებების საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმოება. მაგალითად, საქართველოს ენერგოსისტემაში დღეს მიმდინარე პროცესები ფაქტობრივად სრულად გამორიცხავს „ქართული ოცნების“ წინასწარგაცხადებული ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი პრინციპების რეალიზების შესაძლებლობას. აღნიშნული ფაქტები ბევრს სამართლიანად აფიქრებინებს, რომ უამრავი რამ კეთდება წინასაარჩევნო დოკუმენტების უპატივცემულობისა და კენჭისყრამდე დასახული მიზნების გაუთვალისწინებლობის ქართული პოლიტიკის უცვლელ სტანდარტად შენარჩუნებისათვის.
ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენებისათვის თვალყურის მიდევნებაც. ახალი პოლიტიკური სეზონის პირველსავე სხდომაზე პრემიერის პარტიამ უჩვეულო მონდომებით ფართოდ გაუღო კარი ქალაქის საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც სახელი პოლიტიკური მომთაბარეობითა და აღებმიცემობით მოიხვეჭეს. მოკლე ხანში კი, ამავე პარტიის აქტიური მონაწილეობით, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ და გავლენიან თანამდებობაზე აირჩიეს პირი, რომელიც, ვფიქრობ, უღირსი პოლიტიკური ობივატელის უკონკურენტო ეტალონს წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილებებით ხელი ხომ არ შეეწყო ღირებულებებისგან თავისუფალი, უპრინციპო, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებული და მომხმარებლური პოლიტიკური ქცევის კულტურულ ნორმად ჩამოყალიბებას?
მონდომებული და ჩასაფრებული ადამიანის თვალი კიდევ არაერთ მსგავს ან უარესს პრეცენდენტს გამოჩხრიკავდა, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს. მთავარია, პრემიერმა მთავრობა საზოგადოებისგან აღარ გამიჯნოს, მოსახლეობის კრიტიკა პატივისცემაზე დააფუძნოს და გააცნობიეროს, რომ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას არ განაპირობებენ მისი ექსტრაორდინალური ნაბიჯები. აღიარებულია, რომ მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებასა და დემოკრატიული ღირებულებების გათავისებას ყველაზე უკეთ ხარისხიანი განათლების სისტემა უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, უკულტურო საზოგადოების უწესო წარმომადგენელმა მხოლოდ ერთი წინადადება შემიძლია შევთავაზო ჩვენ მიერ არჩეულ პოლიტიკოსს - ბატონო პრემიერო, დაფიქრდით საკუთარ პოლიტიკურ კულტურაზეც! თუ მართლა გინდათ ყველაფერი იღონოთ ჩვენი ყოფის გასაუმჯობესებლად, ნუ გაექცევით ნაკისრ სახელისუფლებო პასუხისმგებლობას და 2014 წლიდან განათლება უპირობო საბიუჯეტო პრიორიტეტად გამოაცხადეთ.