Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უარი ძალადობის ენას

02 სექტემბერი 2013

დღეს, საქართველოში მოსახლეობის თითქმის ყველა ჯგუფს ძალადობის ენაზე ალაპარაკებენ.  აშკარად ჩანს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობები.  ცხადია, ამ შუღლის გაღვივებაში გარკვეულწილად რუსეთის იმპერიაც არის დაინტერესებული, რამეთუ მისი იმპერიული დომინაციის აღდგენას ამ ქვეყანაში ეს კონფლიქტები წყალივით სჭირდება და ნაციონალური მოძრაობის ექსტრემისტული ნაწილიც, რომელიც აგრეთვე ამ კონფლიქტებზე აპელირებით ცდილობს ძალაუფლება დაიბრუნოს.  ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ ნაცმოძრაობის ეს ფრთა რუსულ იმპერიულ ინტერესებთან ფარულ ალიანსშიც არის.  ამის მოწმობად მოჰყავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაში საწყისი ეტაპი სწორედაც რომ რუსული (მაშინ საბჭოთა) დაზვერვის სამსახურს უკავშირდება - 1984-90 წლებში იგი კიევიდან სწავლობდა როგორ უნდა გამხდარიყო საბჭოთა მზვერავი.  ამას დავუმატოთ ის რომ ქალბატონი თეა თუთბერიძე დიდი ხანია ამტკიცებს რომ მიშა სააკაშვილის რეჟიმი "ხერხემალი" ვანო მერაბიშვილი რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა და მოქმედებს კიდეც და ადიგენის რაიონი სწორედაც რომ მისი გავლენის ზონაა.  თუმცა, მე არ ვაპირებ ავყვე ქალბატონი თუთბერიძის შეთქმულების თეორიებს და ვიტყვი იმ პრობლემაზე რომელიც ჩვენ გვიდგას როგორც საზოგადოებას.

  საქართველოში დღეს მთავარი პრობლემა სწორედაც რომ ძალადობის ენაზე საუბარია.   როდესაც ადამიანები საუბრობენ "კანონის უზენაესობაზე" - ისინი პრაქტიკულად ყოველთვის გულისხმობენ გარკვეული ადამიანების დასჯას.  ცხადია, გარკვეული ტიპის კრიმინალების დასჯა აუცილებელი იმპერატივია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, მაგრამ მხოლოდ "დასჯაზე" ორიენტირებული საზოგადოება, ყოველთვის ძალადობის მორევში მოექცევა.  ჯორჯო აგამბენი თავის წიგნში "გამონაკლისის წესი" სწორედ "კანონის" არსზე ლაპარაკობს.  ვისთვის იწერება ეს "კანონები" თანამედროვე ბიურგერულ საზოგადოებაში და ვისთვის არის ის აუცილებლად შესასრულებელი.  თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსის აზრით კანონებს წერს ის ძლევამოსილი უმცირესობა (თანაც ძალიან პატარა), რომელიც ყველა დანარჩენი ადამიანის ხარჯზე ინარჩუნებს უსაზღვრო ბატონობას კაცობრიობის დანარჩენ ნაწილზე.  ეს დანარჩენი 90+ პროცენტი კი მხოლოდ "ჰომო საკერია'"- ანუ ცოცხალი არსება, რომლის სიცოცხლესაც არანაირი ღირებულება არა აქვს.  ეს ელიტისტური წესი მოქმედებს თანამედროვე ლიბერალურ სამყაროში, სადაც მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური ელიტები წერენ კანონებს და სწორედ ამ ჯგუფებს ეპატიებათ ამ კანონების დარღვევა.  ბოლო 30 წელიწადში მსოფლიოში იდენტობის პოლიტიკის მომძლავრებამ გამოიწვია ეთნო-შოვინიზმის და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გაძლიერება - ფრანც ფანონისა არ იყოს - პოსტ-კოლონიურმა იდენტობამ უამრავი ერი ჩიხში შეიყვანა, რადგან იდენტობის პოლიტიკის ყველაზე ლოგიკური დასასრული სწორედაც რომ ძალადობაა.  "ჩემი ჯგუფი ღვთისგან რჩეულია" და 'სხვა" კი ან "ეშმაკის მოციქული" ან "უბრალოდ გოიმი" ან "ბნელი მასსა", რომელსაც მხოლოდ დაჭერა, წამება და ამ გზით ჭკუის სწავლება თუ უშველის.  ასე ფიქრობს ლიბერალური სამყაროს ელიტები და მითუმეტეს რომ ასე ფიქრობენ ქართული ელიტები.

  მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართული ელიტები ერთმანეთს არ ებრძვიან - რა თქმა უნდა არა - ნაციონალისტი შოვინისტები, აგრესიული სეკულარები, კლერკებით მომაგრებული ყოფილი ცეკას მდივნები, უბრალოდ "ძელეცები",  "ახალი გრუზინები'"და ასე შემდეგ - ეს ყველა ის ჯგუფია რომელიც ამ ეკონომიკურ დოღში მონაწილეობს და ცდილობს თავისი დომინანტური მდგომარეობა განამტკიცოს.  თვითონ სისტემაა მანკიერი, რომელიც თვითგადარჩენის გარდა ადამიანურ ალტერნატივას არ ტოვებს.  ეს სისტემაა არაადამიანური - რადგან მისი მთავარი პრინციპი გაუთავებელი კონკურენცია, სოციალური დარვინიზმი და მაშასადამე - ძალადობაა.  ამ სისტემას ახალისებს ლიბერალიზმი - "ბრძოლა არსებობისათვის მდიდარი ელიტის დადგენილი წესებით".  მართლაც ამ წესებით ბრძოლისას არაფრის-მქონე 99 პროცენტის ძალიან პატარა უმცირესობას ნამდვილად შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ დიდი უმრავლესობა მაინც უპოვარი და ჩაგრულია.  აქედან გამომდინარე, სანამ ამ სტრუქტურული პრობლემის გადალახვა არ მოხდება - შეუძლებელია ვებრძოლოთ რელიგიურ თუ ეთნიკურ პრობლემებს. 

  რესურსების და ძალაუფლების დემოკრატიული გადანაწილების პრინციპი თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა.  აქ საჭიროა ანგარიში გავუწიოთ როგორც ადამიანის ძირეულ მოთხოვნილებებს, ასევე ნებისმიერი თემის მგრძნობიარე მხარეებს.  სწორედ ამიტომაც რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტში ჩაბმული მხარეებისათვის ყველაზე კარგი გამოსავალი მოწინააღმდეგე მხარის ჰუმანიზაციაა - ანუ ადამიანის დანახვა მოწინააღმდეგეში - სხვნაირად რომ ვთქვათ დიალოგი.   ინტერ-რელიგიური დიალოგი არის ერთ-ერთი მთავარი პირობა რომ არ იყოს მუდმივი ცხელი წერტილები.  კონფლიქტის პრევენცია ყოველდღიური სამუშაოა - სადაც ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის ნიადაგზე უნდა აღმოცენდეს საერთო ინტერესები - თუნდაც სოციალური და ეკონომიკური.  ეს არის გასაღები კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების საქმეში.

  ამის საწინააღმდეგოდ, ყველანაირად მცდარი გზაა მოწინააღმდეგე მხრის დაჭერის და დასჯის მოთხოვნა.  ძალადობით მომაგრებული სისტემა დიდხანს ვერ იარსებებს - და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.  ჩვენს საზოგადოებაში ამ ბოლო ხანებში აშკარად ზედმეტი ლეგალიზმია, რომელიც მუდმივად აპელირებს ვიღაცის ძალით დასჯაზე და არ ლაპარაკობს კონფლიქტის პრევენციისა და დარეგულირების მექანიზმებზე.  სახელმწიფოს ხელში ძალადობა მხოლოდ უკანასკნელი იარაღი უნდა იყოს.   ცხადია, კანონის დამრღვევები უნდა დაისაჯონ - ორი აზრი არაა - მაგრამ თუ კანონი არ არის დემოკრატიული - საჭიროა მისი ტრანსფორმირება.  ტრანსფორმაცია და ძალადობის კულტზე უარის თქმა ჩვენს ნეოლიბერალურ და სოციალურად დარვინისტ ელიტებსაც სჭირდებათ.  ისინი გაცილებით მეტ რესურსს და ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე უბრალო ადამიანების უმრავლესობა.  სანამ არ დაიწყება რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილება - საზოგადოებაში მუდმივად იქნება სტრუქტურული ძალადობა.  სტრუქტურული ძალადობა - ანუ უთანასწორობა - შობს კულტურულ ძალადობას, რომელიც გახლავთ იდენტობის პოლიტიკა.  როდესაც საზოგადოებაში იდენტობის მიხედვით განისაზღვრება, ვინ არის უკეთესი და ვინ უარესი - ეს თავისთავად უკვე ნაციზმის წანამძღვარია.

  ჰანა არენდტს კარგად აქვს აღწერილი "ტოტალიტარიზმის სათავეებში" თუ როგორ მიიყვანა თანამედროვე მოდერნული "ეთნო-სახელმწიფოს" იდეამ მსოფლიო 2 სრულიად ბარბაროსულ მსოფლიო ომამდე მეოცე საუკუნეში.  ფრანგული რევოლუციის იდეა რომ ბატონი არის არა მეფე, არამედ "ერი" ძალიან დიდი საშიშროების შემცველი აღმოჩნდა.  "ერი"-ს ცნება ხან ეთნო-ნაციონალიზმამდე დაიყვანეს და ხანაც რელიგიურ იდენტობამდე.  ამ სახის იდენტობის პოლიტიკას კი ექსტრემიზმამდე მივყავართ.

  ჩვენმა საზოგადოებამ - ყველა ჩვენგანმა - უარი უნდა ვთქვათ ძალადობის ენაზე და ძალადობრივ ცხოვრებაზე - როდესაც საზოგადოებაში არის დამკვიდრებული დიდი უთანასწორობა - სადაც მსხვილი ბურჟუაზიის და მათი პარაზიტი ლიბერალური ინტელიგენციის პატარა ჯგუფი პირდაპირი მნიშვნელობით თავზე აზის ყველა დანარჩენს - მაშინ პირდაპირი ძალადობა გარდაუვალია.  სტრუქტურული ძალადობა ყოველთვის იწვევს პირდაპირ ძალადობას.  ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან რომ კაპიტალიზმში არ არის კრეატიული ელემენტები - მაგრამ უნდა მოხდეს სასწრაფოდ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღება და უფრო თანასწორი შესაძლებლობების სივრცის გაჩენა.  ეს არის დღევანდელი დღის მთავარი იმპერატივი.

  საზოგადოებამ უნდა უარი თქვა ძალადობის და იდენტობის პოლიტიკაზე.   ადამიანები არ უნდა იყოფოდნენ პრივილეგირებულ და მეორეხარისხოვან იდენტობის ჯგუფებად - "სვეცკი" ინდივიდუალებად და "ბნელ მასად"- ეს ფაშისტური აზროვნებაა, რაზეც კარგად ლაპარაკობს ჯორჯო აგამბენი.  არავინაა სინამდვილეში 'ჰომო საკერი', რომელიც მხოლოდ სუნთქავს. 

  მე რომ მკითხო, ის კონფლიქტები, რომლებმაც ამ ბოლო დროს წამოყვეს თავის - ეთნიკური თუ განსაკუთრებით რელიგიური - პირველ რიგში ჩვენი ელიტების "დამსახურებაა".  ამ ელიტებმა კლასობრივი და ეკონომიკური საწყისის მეორე პლანზე გადაწევისათვის და აგრეთვე დომინაციის მისაჩქმალად პირველ პლანზე წამოსწიეს იდენტობა, რომელიც თავისთავად კონფლიქტოგენური კონცეფციაა და მას უცილობლად მოჰყვება ძალადობა.  ანუ ჩვენი ელიტების 'იდენტობრივი' აზროვნება (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და ასე შემდეგ) არის მთავარი "კულტურული ძალადობა" რომელიც უზომოდ აზარალებს ჩვენს საზოგადოებას.  არადა ჰუმანიზმის და აგრეთვე რელიგიური სწავლებების მთავარი პრინციპი სწორედ იდენტობაზე უარის თქმაა, მას მერე რაც პატივისცემას მოიპოვებ:  გადარჩენის და ნორმალური ცხოვრების შანსი ყველა  ადამიანს უნდა ჰქონდეს და არა მხოლოდ "რჩეულებს". 

  'რჩეული ხალხის' კომპლექსი ყველა ერისთვის და საზოგადოებისთვის დამღუპველია. 

  დროა მოვძებნოთ ამ ბიურგერული პარადიგმის ალტერნატივა - არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერიც.  თანასწორობა ხომ ყველა შემთხვევაში სულიერი კატეგორიაა.  არა აქვს, მნიშვნელობა ვინ ხარ - ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს გადარჩენის შანსს, განურჩევლად მისი იდენტობი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^