Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლუციფერის ეფექტი“, ანუ კაცთმოძულენი

09 სექტემბერი 2013

ერთმა ხუმარა ბულდოგმა კატა კუდით დაითრია. ფისო ცრემლებად იღვრება, ძაღლი ჭკუას არიგებს: სულ არ გესმის ხუმრობა, ნახე, გარშემო ყველა სიცილით იგუდებაო! გაიხედა ბედშავმა კატამ...  მართლაც იცინიან! (აბა, ორი თავი ვის აქვს?!) და თვითონაც ერთი უგემურად გაიჭყანა. ისტორია დუმს როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები. საფიქრალია, რომ ცუგას ხუმრობა მეტისმეტად გაუტკბა და მიმბაძველებიც გამოუჩნდა.

ალბათ შესწრებიხართ სიტუაციას, როდესაც „გაჯეჯილებულ“  ორფეხთა ხროვა თავის სუსტ მოყვასს გამუდმებით  „აჩმორებს“, ხოლო გარშემომყოფნი თვალს არიდებენ, ან სეირით ტკბებიან. ასეთი ტიპის   აგრესიას  ერთი და იგივე მსხვერპლის წინააღმდეგ მეცნიერები „ბულინგს“ უწოდებენ.  თავად ტერმინი ბრიტანელი ჟურნალისტის ენდრიუ ადამსის პირმშოა (bulli - ხულიგანი, ჩხუბისთავი, მოძალადე). ბულინგი შეიძლება გამოიხატოს ცემა–ტყეპაში, სიტყვიერ შეურაცხჰყოფაში ან მორალურ ზეწოლაში.  მუშტებზე, ძირითადად, ბავშვები და  მოზარდები იყურებიან. ასაკის მატებასთან ერთად მეთოდები „იხვეწება“.  ბულინგი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში „ყვავილობს“ და მწარე ნაყოფსაც უხვად ვიმკით.

„განტევების ციკნები“  

პუბლიკაციისთვის მასალების მოძიებისას თბილისის ინტერნეტ–ფორუმზე ძალზე საგულისხმო ჩანაწერს წავაწყდი:

 „ჩემს კლასში ერთი ბიჭი სწავლობდა; ჭკვიანი, ნაკითხი და კარგად აღზრდილი. ანუ სწორედ ისეთი, როგორსაც ბიჭები ვერ იტანენ. ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბიჭები ორ გუნდად გაანაწილეს და სირბილში შეაჯიბრეს. იმ ბიჭის გუნდი იგებდა, მაგრამ როდესაც მისი ჯერი დადგა, ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება. ამ შემთხვევამ საბედისწერო შედეგი გამოიღო. გაბრაზებული კლასელები ყოველ დღე უდარაჯდებოდნენს და სასტიკად სცემდნენ. ის კი არ ამხელდა ვისი „დამსახურება“ იყო დალილავებული სხეული და სისხლჩაქცევები. ბოლოს ამდენი დამცირება ყელში ამოუვიდა და მშობლებს ყველაფერში გამოუტყდა. მეორე დღეს სკოლაში ბებიამისი მოვიდა.  ქალბატონმა ისე სათნოდ და გულშიჩამწვდომად ილაპარაკა, რომ იმ ბიჭებს, წესით სირცხვილით ფეხქვეშ მიწა უნდა გასკდომოდათ. მათ კი შუბლზე ძარღვიც არ შესტოკებიათ. მას შემდეგ ის ბიჭი აღარც მინახავს. სხვა სკოლაში გადავიდა..“   

ეს ისტორია ზუსტად ეწერება ნორვეგიელი ფსიქოლოგის დან ოლვეუსის დასკვნებში:  „ბულერს“ სინდისი არ ამძიმებს და არც მსხვერპლის მიმართ სიბრალულს განიცდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებამ ბულინგის ფაქტზე მოგვიანებით შეიტყო. ამდენად, ჩვენ არ ვიცით რას მოიმოქმედებდნენ თანაკლასელნი, ან რა შეფასებას მისცემდნენ ბულერთა საქციელს. მკვლევართა დაკვირვებით, ზოგადად, ძალადობის მომსწრენი აუტკივარ თავს არ იტკივებენ.   უფრო მეტიც: კანადელი ფსიქოლოგი უენდი კრიგი აღნიშნავს, რომ 80–90% შემთხვევაში თანატოლები მოძალადეს ჟივილხივილით და მოწონების შეძახილებით ახალისებენ. „ღირსების კოდექსიდან“ გამომდინარე, მსხვერპლი მოზრდილებთან არაფერს ამხელს.  ცნობისთვის: ბულინგის სტატისტიკა კანადის სკოლებში 14%–ს აღწევს.  

ხანდახან მსხვერპლი თავს იკლავს: 14 წლის შაუნ ნუნანი (ქ. ელესმერ–პორტი, დიდ ბრიტანეთი) ნანატრ სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ ეღირსა, როდესაც თავი ჩამოიხრჩო.  ხანდახან კი ყველაფერი შურისძიებით მთავრდება: ლითლტონში(აშშ) ორი ყმაწვილი თავის მტანჯველებს და კონფორმისტ პედაგოგს  სასტიკად გაუსწორდა. ისინი სკოლაში ავტომატით გამოცხადდნენ, თორმეტი თანაკლასელი ადგილზე დაცხრილეს,  მასწავლებელიც მიაყოლეს და თვითონაც მოისწრაფეს სიცოცხლე. ამ თემაზე გადაღებული ფილმები ხშირად სავსებით რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.

გოგონების მიერ განხორციელებული ძალადობა ცალკე თემაა. ფსიქოლოგ ვალერი ბესაგის სიტყვით, მათი ბულინგური ქცევები უფრო „რაფინირებულია“, ვინაიდან პიროვნულად ბიჭებზე ადრე „ღვინდებიან“. მსხვერპლის ათვალწუნების მიზეზი ბანალური შურია. ბულერი გოგონები მის წინააღმდეგ უსასტიკეს „ფსიქოლოგიურ ომს“ აჩაღებენ: საგულდაგულოდ „აცხობენ“ ჭორებს (სიბინძურის ხარისხი ასაკზეა დამოკიდებული), სიტყვით „გველობენ“, ან თითიდან გამოწოვილი მიზეზით ბოიკოტს უცხადებენ. „გოგონათა ბულინგი“  ფსიქოლოგიურად უფრო დამანგრეველია;  მსხვერპლს   მოზრდილობაშიც კი უჭირს ხალხთან ურთიერთობა და „საოფისე ბულინგის“ პოტენციურ მსხვერპლად იქცევა.

ცნობისთვის: უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის შესამუშავებლად   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წელს მოზარდთა შორის ძალადობის პრობლემა შეისწავლა.  კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მთელი საქართველოს მასშტაბით 93 სკოლა მოიცვა. შედეგების თანახმად, ბავშვების 47,1%–მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ძალადობა;  ხოლო 47,5% ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „ეგზეკუციის“ ყველაზე გავრცელებული ფორმები იყო: სახეში გარტყმა, მუშტით ცემა, თმით დათრევა, უცენზურო სიტყვებით შეურაცხჰყოფა, იზოლაციაში მოქცევა და ღირსების შემლახავი გაშაყირება.        

დამცირებულნი და შეურაცხჰყოფილნი 

ოდესღაც საქართველოში                    

ეს ტელეგადაცემა ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში: სტუდიაში მოწვეული სტუმრები ტელემაყურებლებს თავის მოგონებებს უზიარებდნენ. ერთ–ერთმა მათგანმა სკოლის დროინდელი ისტორია მოგვითხრო:

მის კლასში პატარა ბიჭი სწავლობდა; ერთ–ერთი იმათგანი, ვისაც ვერავინ ამჩნევს და თვალშიც არავის აკლდება. დაკემსილი და გადაკეთებულ–გადმოკეთებული სამოსი ტომარასავით ეკიდა. გადაქექილ ფეხსაცმელსაც ნასხვისობა ეტყობოდა. სხვა ბავშვები კარგად და ლამაზად იყვნენ ჩაცმულნი. მზრუნველი დედიკოები ხურდა ფულით უხვად ამარაგებდნენ, რათა  შესვენებებზე მადისაღმძვრელი ბუტერბროდებითა და ფუმფულა „კორჟიკებით“ ჩაეკოკლოზინებინათ ყელი. პატარა ღარიბ ბიჭს კი მთელი დღე კუჭი შიმშილით უხმებოდა. სწავლაში, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებდა; თანაც ავადმყოფობის გამო ხშირად აცდენდა სკოლას.  აბა, თხელი, დაკერებული პალტო რას დაიცავდა ზამთრის ყინვებისგან! მოკლედ, თანაკლასელების თვალში ერთი უხეირო და სასაცილო ვინმე იყო; ამიტომ ხელში ჰყავდათ შეკლული.

მერედა მასწავლებლები სად იყვნენ? – იკითხავს მკითხველი.  გადაცემის სტუმრის სიტყვით, მოსწავლეებს „მხარში ედგნენ“ და უზნეო საქციელში ეჯიბრებოდნენ:  „როგორ მოაბეზრა ყველას თავი ამ ბედოვლათმა! სკოლას სამარცხვინო ლაქად აზის! უყურე ერთი, ისევ არაფერი იცის! რაო, რას ბურტყუნებ?  ხმამაღლა!!! ხეირიანად დგომაც კი არ იცი.. დაგცინებენ ბავშვები აბა რა იქნება! დაეგდე, ორიანი!   რას იწირპლები? საკუთარ თავს დააბრალე!“ და ასე გაუთავებლად, დღიდან – დღემდე. არც მშობლები აპროტესტებდნენ თავის ნაშიერთა „სანიმუშო“ საქციელს.

ერთ ზამთარს ბიჭუნა ლოგინად ჩავარდა და სკოლაში კარგა ხანს არ გამოჩენილა.  ცხადია, თვალში არავის დაკლებია; ეგეც იყო რაღა „ბაგრატიონ–მუხრანსკი“!  როდესაც აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზის მწვავე ფორმა სჭირდა, სკოლის საზოგადოება ცოტათი შეშფოთდა. ცხადია, საკუთარი შვილების დარდით: ასეთი დიაგნოზი იმ წლებში სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ბიჭუნა სანთელივით ჩაიფერფლა. ავმა სენმა უცებ დაძლია გამოფიტული ორგანიზმი. 

დაკრძალვაზე მთელი კლასი გამოცხადდა. ცხადია,  „პედაგოგების“ და მშობლების თანხლებით. სასიკვდილო სარეცელი ყვავილებით  შეამკეს და ტრადიციული თანხაც მოაცუნცულეს. ამ ადგილამდე რომ მივიდა, მთხრობელმა ერთხანს იყუჩა, შემდეგ კი საკუთარი ლექსი წაგვიკითხა. მისი სევდიანი შინაარსი დღემდე მახსოვს. განსაკუთრებით, მწარე სინანულით აღსავსე ფინალი:

„ნეტავი ერთი წამომდგარიყო

 დავეშანთეთ სევდიან მზერით

 და ყვავილები ჩვენთვის სახეში შემოეყარა..“

ოცი წლის შემდეგ

მოქმედების ადგილი: თბილისის ერთ–ერთი პრესტიჟული სკოლა, რომელშიც „პარადი“, ცხადია, „მაყუთა ბობოლების“ შვილებს მიჰყავდათ. „არისტოკრატებმა“ ერთი გაჭირვებული გოგონა აითვალწუნეს. დედა მარტო ზრდიდა, ძალიან უჭირდათ  და ყოველთვის ღარიბულად იყო ჩაცმული. „არისტობულერები“ გოგონას ყოველდღე აბუჩად იგდებდნენ, კაბაზე ექაჩებოდნენ, დაფხვნილ ცარცს აყრიდნენ, ფეხსაცმელზე აბიჯებდნენ – ეს ნაგავი სად მონახეო?! მასწავლებლები სად იყვნენ? „ბობოლა“ მშობლების შიშით მხოლოდ ცალყბად  აძლევდნენ შენიშვნას. ისიც  მხოლოდ მაშინ, თუკი საქმე ცემამდე მივიდოდა.. სხვა „მდაბიოები“ ან დუმდნენ, ან ხალისობდნენ. დედა გოგონას მოთმინებას ურჩევდა: „ნუ გააღიზიანებ, მომავალში ეგენი დიდი ხალხი გამოვლენ და ეგებ რამეში გამოგადგნენო!“

ცნობისთვის: დედის პროგნოზი გამართლდა. „არისტობულერთა“ უმრავლესობა მართლაც „დიდი ხალხი“ გამოვიდა. ახლა ზოგი ტელეეთერს ამშვენებს, ზოგი იქიდანვე გვმოძღვრავს. მაინც ვინ არიან? თვალი დახუჭეთ და ეკრანს თითი ატაკეთ. დიდი შანსია რომ ათიანში გაარტყავთ!

არავინ თქვას, რომ მას შემდეგ რამე შეიცვალა. ზემოაღნიშნულ გამოკვლევაში მსხვერპლთა 86,7%–მა  დააფიქსირა, რომ თანატოლებმა სწორედ სიღარიბის გამო დაამცირეს.

„ბულინგის მიზეზია ძალაუფლებისა და სოციალური უპირატესობისაკენ მისწრაფება!“ – წერს ვალერი ბესაგი. ნუთუ ეს ჭირი მარადიულია?..

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^