Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოქალაქო საზოგადოება - ეს ის არ არის, რაც მათ ჰგონიათ

09 სექტემბერი 2013

რამდენიმე თვის წინ, პირდაპირი ტელეეთერის დროს ყველასათვის პატივსაცემ იურისტს საინტერესო მონოლოგი მოულოდნელი შენიშვნით შევაწყვეტინე. ჩემი თავშეუკავებლობა გადაცემის სტუმრის პირველივე წინადადებამ გამოიწვია, რომელიც ამგვარად იწყებოდა: „ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება მივიჩნევთ, რომ ...“ ნიჭიერმა ქალბატონმა „მესამე სექტორში“ მხოლოდ საკუთარი თავი, მისდამი მეგობრულად განწყობილ კოლეგათა ვიწრო წრე და საერთაშორისო დონორების მიერ უხვად დაფინანსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გააერთიანა, რომელთა ერთადერთ საერთო ამოცანად აუცილებელი ბოროტების, სახელმწიფოს შევიწროვებაა გამოცხადებული. სამწუხაროდ, აღნიშნულ აუხსნელ სტერეოტიპს საქართველოში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ექსკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი გავლენისა და ელიტური მდგომარეობის შესანარჩუნებლად არ ერიდებიან მცდარი მოსაზრების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. არადა, შედარებითი პოლიტოლოგიისა და სოციალური ინსტიტუტების შემსწავლელ მკვლევართა კლასიკურ სტატიებში  დემოკრატიული სისტემის შემადგენელი ეს ნაწილი გაცილებით ფართო კონტექსტიშია განხილული. 

რა არის სამოქალაქო საზოგადოება ?

სამოქალაქო საზოგადოება განსხვავებული ღირებულებებით მოტივირებული, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ადამიანების, თვითორგანიზებული საინიციატივო ჯგუფებისა და თავისუფალი ასოციაციების გაერთიანებაა. მათი უმთავრესი მიზანი პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ინტერესების, იდეების დაცვა და წარმოდგენა გახლავთ. ის არ მოიცავს პირად, ოჯახურ ცხოვრებას და პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად არ მონაწილეობს ქვეყნის პარტიულ ცხოვრებაში. თუმცა, მის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს მაინც მრავალფეროვნება და ყოვლისმომცველი პლურალიზმი წარმოადგენს. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების რიგებში უამრავი ურთიერთსაპირისპირო შინაარსის ჯგუფი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ.

უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ამ ნაწილის შემადგენლობაში პროფესიულ გაერთიანებებსა და საკუთარი წევრების (მაგ. პენსიონერების, ვეტერანების) მისწრაფებების დასაცავად შექმნილ კავშირებს მოიაზრებენ. მათთან ერთად, სამოქალაქო სივრცეში მოწინავე პოზიციების დაკავებას ეკონომიკური ორგანიზაციები (ბიზნესი) და კომერციული ასოციაციები ახერხებენ. „მესამე სექტორის“ განუყოფელ ნაწილად რელიგიურ ინსტიტუტებს, ეთიკური ნიშნით ჩამოყალიბებულ მოძრაობებსა და ადგილობრივ სასოფლო თემებს აღიარებენ.

სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი წარმოუდგენელია თავისუფალი მასმედიის, კულტურული თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციფიკურ პრობლემატიკასთან (გენდერი, გარემოს დაცვა და ა.შ.) დაკავშირებული ჯგუფების გარეშე. ცხადია, დამატებით და ძალიან სერიოზულ სეგმენტს ქმნიან ის არასამთავრობო ორგანზაციები, რომლებიც პოლიტიკური სისტემის რეფორმირებაზე, ადამიანის უფლებების, საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობაზე არიან ორიენტირებულები.

მოკლედ, სამოქალაქო საზოგადოება ეს ყველა ის ადამიანია, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გარდა სხვა მიზნებიც ამოძრავებს და არ ცდილობს სახელისუფლებო პასუხისმგებლობის გაზიარებას.

ორიოდე სიტყვა შეგვიძლია ვთქვათ „მესამე სექტორის“ ფუნქციებზეც, რომლებიც მხოლოდ მთავრობის კრიტიკასთან არ ასოცირდებიან. ინეტერესთა ჯგუფების სიმრავლით, მათი აქტიურობით შესაძლებელი ხდება ეფექტური პოლიტიკური მონაწილეობის სტიმულირება, კომპრომისისა და კონსენსუსის პოლიტიკური კულტურის უფრო მარტივად დამკვიდრება. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მისიად ყველა ტიპის ადამიანური გაერთიანების წარმომადგენლობის უზრუველყოფასა და ახალი ლიდერების გამოვლენასაც მიიჩნევენ. ამასთანავე, სხვადასხვა ორგანიზაცია ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ ან არაფორმალური განათლების მძლავრ კერად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

თუმცა, უმთავრესი გახლავთ ის, რომ სამოქალაქო აქტივისტები საჯარო პოლიტიკური კურსების, სტრატეგიების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ და არ ემიჯნებიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

დღეს, ჩვენთვის ყველაზე თვალნათელი მხოლოდ რამდენიმე ლეგენდარული არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობა გახლავთ. სოლიდარობის დაბალი მაჩვენებლებისა და თვითორგანიზების უნარის არქონის გამო, გულწრფელი, დონორებისათვის ნაკლებად მისაღები მიზნებისთვის მოქმედება შეუმჩნეველი რჩება. არსებობს მხოლოდ იმედი, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისი ყველა კომპონენტით გააქტიურდება და მხოლოდ „ენჯეოების“ იმედად არ მიატოვებს დემოკრატიულ პროცესს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^