Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იოჰან გალტუნგის ვიზიტი საქართველოში

13 სექტემბერი 2013

ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელი და მსოფლიოს ნომერ პირველი კონფლიქტოლოგი იოჰან გალტუნგი 8-10 სექტემბერს ორი დღით საქართველოს ეწვია.  კომპანია Olive Green-ის დაფინანსებით შემდგარმა ამ ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.  პირველ დღეს იოჰან გალტუნგი დედოფლისწყაროს ეწვია, სადაც განვითარების თემაზე მეტად საინტერესო ლექცია წაიკითხა.  ამ ლექციის შემდგომ ის შეხვდა დედოფლისწყაროს გამგებელს, ბატონ ირაკლი შიოლაშვილს.  დედოფლისწყაროში ჩატარებული ლექცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

იოჰან გალტუნგმა თავის ლექციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში კონფლიქტების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის საოცრად უსამართლო და არაადამიანური უთანასწორობა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან მოქცეულნი.  რომ თავისთავად არ არსებობს რელიგიურიდა თუნდაც ეთნიკური კონფლიქტის გამომწვევი წყარო, გარდა სოციალური უთანასწორობისა, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში სუფევს.  დედოფლისწყაროს ლექციაში ის ყურადღებას ამახვილებს ესპანურ მაგალითზე - სოფელ მარინალელაზე, სადაც კერძო და საჯარო საკუთრების ფორმების შერწყმის შედეგად მოხერხდა მეტად სტაბილური ეკონომიკური მოდელის დამყარება, რამაც საბოლოოდ გამორიცხა კონფლიქტები.  გალტუნგი თვლის რომ დღეს ჩვენ აღარ უნდა გაგვიტაცოს ცივი ომისდროინდელმა ყალბმა დიქოტომიებმა - კომუნიზმი (უფრო ბოლშევიზმი) და კაპიტალიზმი, რაც  უკვე დიდი ხანია აღარ არის არჩევნის საგანი.  დღეს განათლებულმა ერმა უნდა მოახდინოს სინთეზი კომუნიზმისა და კაპიტალიზმის ჯანმრთელ ელემენტებს შორის - ერთი მხრივ სიღატაკით არ დახოცოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეორე მხრივ გამოიყენოს კაპიტალიზმის ანტერპრენიორული სულის დინამიზმი.  ამ ორივე ელემენტის შერწყმა შესაძლებელია თანამედროვე სოციალურ მეცნიერებაში თუნდაც კვანტური მექანიკის პრინციპების გაცოცხლებით.  გალტუნგი ამას ეკლექტურ მიდგომას უწოდებს - კაპი-კომუნიზმი ან კომი-კაპიტალიზმი - ორივე შემთხვევაში ეს მეტად კრეატიული შერწყმაა ამ ორი პრინციპისა. ამავე დროს ასეთი მიდგომა გვაძლევს საშუალება,ს რომ გადავლახოთ ის ყოვლად ყალბი დიქოტომია, რომელიც ცივი ომის შემდეგ ისტორიას ჩაბარდა.  დღეს პიროვნული თავისუფლება და სოციალური სამართალი ერთმანეთს ესაზღვრება და უერთმანეთოდ ვერც არსებობს ჯანმრთელ საზოგადოებაში.  აუცილებელია ბევრი მუშაობა მათს შეწრყმაზე - ჩვენ ამის ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენი სათემო ცხოვრებიდან.

ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელს ორი მეტად საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთანაც - სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, ლევან ყიფიანთან და რეინტეგრაციის (იმედია ამ სრულიად იდიოტურ სახელს მალე გამოცვლის ჩვენი ახალი მთავრობა) მინისტრ, პაატა ზაქარეიშვილთან.  ის ორივე შეხვედრით უაღრესად კმაყოფილი დარჩა და დიდი ოპტიმიზმით აღივსო.  

გალტუნგის აზრით, საერთო-კავკასიური სახლი არის კავკასიური რეგიონალიზმის საბოლოო მიზანი.  ამ მიზანს უკვე 20 წელიწადზე მეტია ემსახურება ნაირა გელაშვილის „კავკასიური სახლი“  გალტუნგისათვის ნაირა გელაშვილი ერთ-ერთი სამაგალითო ქართველია, რომელმაც თვით ყველაზე ბნელ და ნაციონალისტურ 90-იან წლებშიც კი შეძლო ჰუმანისტური სულის შენარჩუნება და სიმართლის ლაპარაკი.  საერთო კავკასიური სახლის იდეას იზიარებდა აგრეთვე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც.  გალტუნგი ამ ხედვებს ეთანხმება საქართველოს მომავლისათვის და თვლის, რომ კავკასიის რეინტეგრაციით - და სამი სახელმწიფოს მიერ ერთი სამხრეთ კავკასიური ერთობის ჩამოყალიბებით შესაძლოა ჩვენში არსებული კონფლიქტების ბოლოც ვნახოთ.  თუმცა მანამდე ცხადია უამრავი სამუშაოა.

პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გალტუნგმა განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის მთავრობამ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა - და რომ ამაზე ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი და რომ სააკაშვილი „კაცობრიობის წინაშე დანაშაულის“ ავტორია.   ის არ არის მარტო სააკაშვილის მილიტარისტული ქმედებების ასეთ შეფასებაში.  მას ბევრი ეთანხმება.

გალტუნგის მოსაზრებები  „მომავლის ხედვაა“. მომავლის ხედვა კი „პატრიას“ - რომელიც ეგრეთწოდებული პატრიოტიზმის და პატრიარქალიზმის საფუძველია - დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.  თანამედროვე ნაციონალიზმი საფრანგეთის რევოლუციამ შვა - მაგრამ სწორედ იგივე საფრანგეთი იყო გერმანიასთან ერთად, რომელმაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში უარი თქვა ნაციონალიზმზე და შექმნა ევრო-კავშირი - პოსტ-ნაციონალური და ზე-ნაციონალური კონსტალაცია.  ევროკავშირი ახალი ტიპის სახელმწიფოა - ის არის ნებაყოფლობითი მეტროპოლისი - არა იმპერიული ძალით შეკოწიწებული, არამედ ნებაყოფლობით გაერთიანებული.  დღეს ის არის რეგიონალური აზროვნების ეპიცენტრი.

გალტუნგი ფიქრობს რომ კავკასიამ ნორდიკული ქვეყნების მაგალითი უნდა გაიზიაროს.   მშვიდობიანი თანაარსებობა არის არჩევანი - და არა ვინმეს გენეტიკური უპირატესობა - თუ ჩვენ ამ არჩევანს არ გავაკეთებთ, ეს ჩვენი ეთიკური პასუხისმგებლობაა - და არა გენეტიკური ჩამორჩენილობა.  როდესაც საქართველოში ხშირად გავიგებთ ათასი ჯურის ლიბერალი თუ კონსერვატორი დემაგოგისაგან, რომ აქაოდა „ჩვენ შვედეთი ან ნორვეგია არ ვართ“„, გალტუნგი საპირისპიროს ფიქრობს.  მისი აზრით კავკასიელები არაფრით ჩამოუვარდებიან ნორდიკულ ქვეყნებს და მათაც შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება - მთავარია ამის არჩევანი გაკეთდეს.  

ფრანგული ნაციონალიზმის საყვარელი სიტყვა „პატრია“ უკვე ისტორიას ჩაბარდა თანამედროვე საფრანგეთშიც - იაფფასიანი „პატრიოტიზმის“ და ნაციონალიზმის დრო წავიდა - ახლა მოვიდა სხვა პარადიგმის დრო - ეს არის ადამიანების გაერთიანება ჰუმანისტური და ჰუმანურ-თეისტური პრინციპების ირგვლივ.  ჰარტი და ნეგრი ამას „სიყვარულის რე-ინსტიტუციონალიზაციას“ უწოდებენ, ალენ ბადიუ უბრალოდ „პავლე მოციქულის სიყვარულის მოდელს“, გალტუნგი კი „პოზიტიურ მშვიდობას“.

პოზიტიურ მშვიდობას მიაღწევს ის ხალხი, რომელშიც რაც შეიძლება ნაკლები „სტრუქტურული ძალადობაა“ სადაც არ არის დიდი უთანასწორობა და ჩაგვრა, სადაც არ არის ეკონომიკური მონობა და ექსპლუატაცია.  პოზიტიურ მშვიდობას მიაღწევს ის ხალხი, სადაც არ არის „კულტურული ძალადობა“, სადაც ადამიანებს მათი იდენტობის მიხედვით კი არ სჯიან, არამედ მათი საქციელი მიხედვით.

ადამიანი ის არის, რასაც ის აკეთებს, და არა ის, რაც მის გენებშია.  ყველა გენის პატრონს აქვს შანსი, რომ იყოს უკეთესი ადამიანი, ვიდრე ამას მისი გენები ეუბნებიან.  გენეტიკური დეტერმინიზმი ძალიან საშიში მოვლენაა ჩვენთვის.

ადამიანის ბუნება არ არის ბოროტი.  ეს არის ყველაზე დიდი და დანაშაულებრივი ტყუილი, რომლითაც ადამიანებს კვებავენ.  

ის, რომ ჩვენ ნორდიკულ სახელმწიფოებთან შედარებით ყოველთვის ბარბაროსები ვიქნებით, აგრეთვე შეთითხნილი და რასისტული ტყუილია.  ჩვენც შეგვიძლია ისეთი მშვიდობის დამყარება, როგორიც ფინელებს, შვედებს, ნორვეგიელებს, დანიელებს, ისლანდიელებს და გრენლანდიელებს აქვთ.

იოჰან გალტუნგი გვირჩევს ნორდიკულ ქვეყნებს მივბაძოთ - ყველაფერში არა - მაგრამ მშვიდობაში კი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^