Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლუციფერის ეფექტი“, ანუ კაცთმოძულენი (გაგრძელება)

16 სექტემბერი 2013

რამდენიმე წლის წინათ მთელი საქართველო შეძრა თორმეტი წლის გოგონას მხეცურმა მკვლელობამ. ბავშვის დაჩეხილი სხეული თბილისის ერთ–ერთი ძველი უბნის სახლის სადარბაზოში იპოვეს. ირიბი სამხილების საფუძველზე პოლიციამ თანაკლასელი ვაჟი დააკავა. ვაჟს  სასჯელი შეუფარდეს. როგორც ამბობდნენ, მას უბრალოდ არ გაუმართლაცუდ დროს აღმოჩნდა იქ, სადაც ჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყო. ნამდვილ მკვლელებს კი ხახვივით შერჩათ დანაშაული.  ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხეცობა სწორედ ბავშვებმა ჩაიდინეს; თანაც განსაკუთრებული სისასტიკით. საუბედუროდ, ძალადობა მეტისმეტად გაახალგაზრდავდა.

წმიდა წერილი მოგვითხრობს: ხალხს იესოსთან შვილები ჰყავდა რომ პირადად დაელოცა. მოწაფეები ბრაზობდნენმოძღვარს წვრილმანებისთვის ნუ აწუხებთო. როდესაც იესომ ეს შეიტყო, განრისხდა: „ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი“ ( მათე: 19, 13–15; მარკოზი: 10, 13–16; ლუკა: 18, 15–17). ქვეტექსტი აშკარაა: საუკეთესო ადამიანური თვისებები – სულიერი სიწმინდე, უშუალობა, სიკეთე და სიწრფელე ყველაზე მეტად სწორედ ბავშვებს უნდა ახასიათებდეს. საუბედუროდ, ჩვენი შვილები სისასტიკით  ხშირად მოზრდილებსაც არ უდებენ ტოლს. ბულინგი ამის ერთ–ერთი ძალზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.

               მათრახი, თუ თაფლაკვერი?..

პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიება დაახლოებით ოცდაათი წლის წინათ დაიწყო.  ამ კუთხით პირველობა ნორვეგიას ეკუთვნის, სადაც 1983 წელს ბულინგის პრევენცია–ნეიტრალიზაციის პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაინერგა.  მისი ავტორი გახლდათ გამოჩენილი ფსიქოლოგი დან ოლვეუსი. მეცნიერმა  აქცენტი ბავშვთა ქცევის შეცვლაზე გააკეთა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებს  თანატოლთა შეურაცხჰყოფაზე ადეკვატური რეაგირების ტრენინგები ჩაუტარდათ. სახელმწიფო ძალისხმევამ შედეგები გამოიღო: ბულინგის მსხვერპლთა და ბულერთა რაოდენობა 30–50%–ით შემცირდა. აგრეთვე შესამჩნევად იკლო მოზარდთა მიერ ჩადენილი ქურდობის, ყაჩაღობის და გაუპატიურების ფაქტებმა. მსგავსი პროგრამები დიდ ბრიტანეთსა და აშშ–შიც დანერგეს.

მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მიღწეული წარმატების განვითარება და პროცენტული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუკეთესება ვერ მოხერხდა.  წლების შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ რეპრესიული მიდგომა არჩია და საკმაოდ მკაცრი ანტიბულინგური კანონმდებლობა მიიღო. „მათრახი“ პირველად კანადამ „მოიქნია“: 2004 წლის მარტში ქალაქ ედმონტონის  ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად ბულინგი კანონგარეშე გამოცხადდა. ჩხუბისთავს ჯარიმა ეკისრება; მის ოჯახს, სულ ცოტა, 250 დოლარის გადახდა მოუწევს.

ბავშვები ჩინებულად გრძნობენ დასაშვები ცელქობის საზღვრებს. არც ის ეშლებათ რა სახის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დაჯარიმება. დადგენილება აიძულებს ყველაბულერსჭკუას მოუხმოს, სანამ ენას, ან ხელებს დაიგრძელებდეს. ახლა უკვე შეგვიძლია ბავშვებს ვაუწყოთ, რომ  ბულინგი არა მხოლოდ ზნეობრივად მიუღებელი საქციელია, არამედ კანონდარღვევასაც წარმოადგენს! – განაცხადა ედმონტონის პოლიციის წარმომადგენელმა  დენ უილიამსმა

ორიოდე წლის შემდეგ „მათრახი“ დიდმა ბრიტანეთმაც მოიმარჯვა და კანადას სიმკაცრეში კიდეც გადააჭარბა. არა მგონია, იქ აკაკის „გამზრდელი“ წაეკითხათ, მაგრამ შვილის უზნეობისთვის პასუხისმგებლობა ბულერის მშობლებზეც გაავრცელეს.  დედიკოებს და მამიკოებს ბავშვთა აღზრდის კურსებზე აგზავნიან;  თავის არიდება  კი 1000 ფუნტად (1500 ევრო) დაუჯდებათ.

მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომწითელი ხაზისგადაკვეთის შემთხვევაში პასუხი მოეთხოვებათ!– განაცხადა  შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ჯეკი სმიტმა ბულინგთან ბრძოლის ყოველწლიური კვირეულის გახსნის ცერემონიაზე.

საუბედუროდ, არც დამსჯელობითი მიდგომა გამოდგა დიდად ეფექტიანი. „მათრახმა“ მხოლოდ „დაამუხრუჭა“ აგრესია (მეტ–ნაკლებად), მაგრამ აგრესიულ იმპულსებს ვერაფერი მოუხერხა.    „გაკოჭილი მხეცი“ ოდესმე მაინც „აიშვებს“ – სხვა სიტუაციაში და სხვა ფორმით.  ფაქტია, რომ მსოფლიო მასშტაბით ბულინგი ისევ ბულინგობს. არავინ იცის რამდენი ადამიანის სული დაასახიჩრა თანატოლთა სისასტიკემ.   

                                   „ფეთხუმი“

კლასის კუთხეში ბეღურასავით შეყუჟულ ჰილარის  ზედაც არავინ უყურებდა. ამიტომ ყველა სახტად დარჩა როდესაც სასკოლო სპექტაკლში მაუგლის როლი სწორედ მას არგუნეს. მაინც რატომ ამჯობინეს მოზრდილებმა ეს გალეული  ფეთხუმი? მარტო მისი მეჩხერი კბილები და ასანთივით წვრილი ფეხები რად ღირს! რაც მისტერ სუონკმა ოჯახი მიატოვა, უხეირო დედაშვილი ტრაილერების დასახლებას მიეკედლა. გახვრეტილი გროშიც კი არ აბადიათ. ახლა კი უყურე ამ ჩუმჩუმელას, რა როლი დაითრია! ეს მასწავლებლები რაღამ გამოაშტერა?! რა თქმა უნდა ჩაფლავდება.    

სპექტაკლის დღეც დადგა და...ნურას უკაცრავად! „ფეთხუმმა“ სცენაზე ისეთი ცეცხლი ააგიზგიზა, რომ მაყურებლებმა ტაშით ხელები გადაიყვლიფეს. წარმოდგენა მხიარული კურიოზით დაგვირგვინდა: ვეებერთელა თაიგულების სიმძიმემ გოგონას წონასწორობა დააკარგვინა და სცენაზე ერთი გემრიელად დაებერტყა. ეს სრული ტრიუმფი იყო!   

მეორე დღეს  თანაკლასელებმა მისალოციაახლეს: „თავში ნუ აგივარდება, მართალი თუ გინდა გაიგო, საზიზღრად თამაშობდი და საერთოდაც ჯოჯოხეთის მაშხალას გევხარო!..“.  გოგონა გააოგნა  სიძულვილის ამ გრანდიოზულმა ღვარცოფმა. იმ დღის შემდეგ სკოლაში აღარ წასულა; იწვა და გულამოსკვნილი ტიროდა: ცხოვრებაში აღარაფერი მაინტერესებს, შავებში გამოვეწყობი და სასაფლაოს დარაჯად ვიმუშავებ, მაშინ ხომ ჩემი აღარაფერი შეშურდებათო! როგორღა არ ეცადა მისის სუონკი   შვილი ენუგეშებინა, უკანასკნელი ფულით საყვარელი ნუგბარიც კი მოურბენინა. მაგრამ რად გინდა – გოგონამ ტკბილეული შესანსლა და ისევ ღრიალი მორთო! ბოლოს მეზობელმა კნუტი მოუყვანა (იცოდა რომ ჰილარი ჭკუას კარგავდა ცხოველებზე!). პაწაწინა არსების დანახვაზე გოგონა მაშინვე დაწყნარდა, გაიღიმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლაში წასვლაზეც თვალები აღარ გადაუტრიალებია.

კლასელები ამრეზით შეხვდნენ და სიცილი დააყარეს: ერთი ნახეთ, კბილებგადმოყრილი ფეთხუმი დაგვიბრუნდაო! კოშმარის ახალი წრე დაიწყო. ბოლოს მისის სუონკმა შვილს ხელი დაავლო და ქალაქიდან აიბარგა.

ალბათ, გაინტერესებთ ვინ იყო ესფეთხუმი“. მოგახსენებთ:  თანაკლასელებმა ასე „ოსკარის“ მომავალი ორგზის ლაურეატი ჰილარი სუონკიშეამკეს“. როგორც ჩანს, მსახიობმა წარმატებით მოახერხა ბავშვობისდროინდელი ტრავმის „გადახარშვა“. მაგრამ ასეთი „ჰეფი–ენდი“ უფრო გამონაკლისია, ვიდრე კანონზომიერება.

 

         „დარვინოფილიის“ მსხვერპლი;

           ანუ ერთხელ საქართველოში

ქალბატონი ნათელა ბახტაძე ასოციაცია „აფრა–საქართველოს“ თავმჯდომარეა. ეს ორგანიზაცია ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე მზრუნველ პირებს აერთიანებს. ქალბატონ ნათელას ვაჟმა წლების წინ ბულინგის წნეხი საკუთარ თავზე გამოსცადა და შედეგებს დღემდე იმკის.  

თორნიკე თბილისის №4 გიმნაზიაში სწავლობდა. დირექტორმა, ბატონმა ვაკო დვალიშვილმა სასწავლებელში სულიერი ღირებულებებით გაჯერებული ატმოსფერო შექმნა.  პედაგოგები ურთიერთობის კულტურას  საგნებზე  არანაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ბიჭი ჩინებულად სწავლობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. ბატონი ვაკოს მკვლელობამ იდილიას წერტილი დაუსვა. ცოტა ხნის შემდეგ დირექტორად ბიოლოგიის მასწავლებელი დანიშნეს. იგი დარვინიზმის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და აღზრდის მოდელად „გამარჯვებული ძლიერის“ პრინციპი დაამკვიდრა. „ახალი დროის რაინდებად“  დამრტყმელი ბიჭები იქცნენ. თორნიკე, რომელიც ამ დროს თოთხმეტი წლის იყო,  თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინა პლანზე გუშინდელი ოროსნები გამოვიდნენ და რაც კი ბოღმა ჰქონდათ დაგროვილი,  ყველაფერი ზედ გადმოანთხიეს: დაცინვას, ლანძღვა–გინებას და ცემას არ აკლებდნენ; ჩანთაში ჩუმად ქაღალდში გახვეული განავალს უდებდნენ. ქალბატონი ნათელა  თორნიკეს გარშემო შექმნილ ვითარებაზე დირექტორს დაელაპარაკა და ფრიად „საინტერესო“ პასუხიც მიიღო: ყველაფერი ნორმალურად მიდის.  განა არ იცით რომ ცხოვრება ბრძოლაა? ბოლოს და ბოლოს კაცია და ვალდებულიცაა სიძნელეებს გაუმკლავდესო!

 ყოველდღიურმა დამცირებამ თორნიკე მორალურად გაანადგურა; ძალიან მალე ფსიქიკური დაავადება განუვითარდა. ვიღაც იტყვის, მთლად ბულინგს ნუ დავაბრალებთ, წინაპირობები მის ფსიქიკაში, ალბათ, ადრევე არსებობდაო. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ პერმანენტული სტრესს ვერც აბსოლუტურად ჯანსაღი მოზარდი გაუძლებდა: ან ნევროზით დაავადდებოდა, ან, სულ, ცოტა, დაკომპლექსდებოდა მაინც.  ნებისმიერი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ: მოზრდილთა ურთიერთობაში პრობლემების დიდ უმრავლესობას  სწორედ ბავშვობაში მიღებული ტრავმები  განაპირობებს.    

2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ანტიბულინგური ღონისძიებების აუცილებლობა საქართველოს სკოლებში. მანდატურებმა მოსწავლეთა შორის მუშტი–კრივს წერტილი დაუსვეს, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდა: ფიზიკური ძალადობა ფსიქოლოგიურმა პრესმა ჩაანაცვლა. თანაც ბულერები სკოლის გარეთაც წარმატებით ახერხებენ თანატოლებთან გასწორებას. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ერთი და იგივე დამანგრეველი ძალა – აგრესიულობა ასაზრდოებს; როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ეს საყოველთაო ჭირი არსად გამქრალა.

ისმის კითხვა: რა ემართებათ ჩვენს შვილებს და რა ვიღონოთ?  

პასუხის გასაცემად, ან თუნდაც მხოლოდ მისკენ მიმავალი გზის მოსაძიებლად ბულინგის წარმომშობ მიზეზთა საფუძვლიანი ანალიზი დაგვჭირდება.                         

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^