ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ ველზე მყარად დამკვიდრდა ახალი, ძალიან გავლენიანი მოთამაშე, რომელიც ორ ძირითად უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ითავსებს. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა მას სამართლიანი შეფასების უნარის მქონე ერთადერთ ევროპულ ინსტიტუტად ან დასავლური პოლიტიკის შეუცდომელ, უმაღლეს ინსტანციად წარმოაჩენს ხოლმე. ჩვენს სივრცეში შემოჭრილი უცნაური აქტორის მეორე ამოცანა კი ძალიან ჰგავს ზღაპრული პერსონაჟების, ბოროტი ჯადოქრისა და კუდიანი დედაბრის მისიას, რომელიც მათ აღმზრდელსა და მცირეწლოვან ბავშვს შორის ურთიერთობაში ეკისრებათ. საფრთხობელად ქცეული ევროპული სტრუქტურის შიშს, მისდამი მოკრძალებას მიეწერება მართლმსაჯულების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროთა რეფორმების დიდი ხნით გაჭიანურებაც. ალბათ, უკვე მიმიხვდით, რომ მინდა თქვენი ყურადღება „ევროპის სახალხო პარტიაზე“ (EPP), მის ანატომიაზე გავამახვილო და ოდნავ მაინც შევუშალო ხელი ჩვენს ქვეყანაში გაღვივებულ ანტიდასავლურ ტენდენციებს.
რას წარმოადგენს ევროპის სახალხო პარტია?
1970-იან წლებში, ევროინტეგრაციის გაძლიერების პარალელურად, დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პარტიების დაახლოვების პროცესიც. მსგავსი პოლიტიკური პოზიციებისა და ინტერესების მქონე ორგანიზაციებმა ევროპულ სტრუქტურებში საერთო ფრონტით მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, გასულ საუკუნეში რამდენიმე საერთაშორისო პარტიული კონფედერაცია ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური „ოჯახი“ სწორედ „ევროპის სახალხო პარტია“ გახლდათ, რომელმაც ირგვლივ კონტინენტის ყველა ძირითადი მემარჯვენე-ცენტრისტული ძალა შემოიკრიბა.
მოდით, აღნიშნული გაერთიანების რამდენიმე ძირითად ნაკლოვანებაზე მივანიშნოთ.
„სახალხო პარტია“ საერთო ევროპულ კოალიციებს შორის ყველაზე მოცულობითი და მრავალფეროვანია. ხშირად, ამ თვისებას მის უმთავრეს, უპირობო უპირატესობად მოიხსენიებენ. თუმცა, პარტიის მრავალრიცხოვანი და ეკლექტური შემადგენლობა არაერთხელ გამხდარა მისი სისუსტის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი. ევროპარლამენტის უდიდესი ჯგუფი ქრისტიან-დემოკრატიულ, კონსერვატიულ, აგრარულ და ე.წ. „ბიურგერულ“ ორგანიზაციებს აერთიანებს. ამასთანავე, მათ რიგებში ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრე და ულტრანაციონალისტურ ბანაკებსაც შეიძლება გადავეყაროთ. მემარჯვენეთა ალიანსში ირიცხება არაერთი პოპულისტური ცენტრისტული პარტიაც, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივ განწყობებზე რეაგირებს და არ გამოირჩევა პოლიტიკური პრინციპების ერთგულებით. აქედან გამომდინარე, „სახალხო პარტიაში“ ყველაზე ხშირია შიდა კონფლიქტები, შეუთანხმებლობა ევროპულ პოლიტიკურ კურსებთან მიმართებით. EPP-ის ინტეგრაციის დაბალი დონის სადემონსტრაციოდ ევროპის ერთ-ერთი უკანასკნელი დიპლომატიური სკანდალის გახსენებაც კი კმარა, როდესაც ერთმანეთს პარტიის გამოკვეთილი ლიდერები, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატი კანცლერი, ანგელა მერკელი და უნგრეთის ულტრანაციონალისტი პრემიერი, ვიქტორ ურბანი დაუპირისპირდნენ.
პარტიული პოლიტიკის სპეციალისტები EPP-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უარყოფით მახასიათებელზე საუბრობენ. „ევროპის სახალხო პარტია“ სერიოზული დისტანციით არის დაშორებული ყველა დანარჩენი კონტინენტური კოალიციისგან. რიგ შემთხვევებში, იგი თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ მარგინალურ პოლიტიკურ ძალად.
„სოციალ-დემოკრატებთან“ მათი უმწვავესი დაპირისპირების მთავარი საგანი ევროპის საგადასახადო, განათლებისა და კეთილდღეობის პოლიტიკა გახლავთ. ეკოლოგისტებთან სერიოზული უთანხმოების მნიშვნელოვან წინაპირობას კი მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სტრატეგიების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა წარმოადგენს. არასახარბიელო და დაძაბულია ურთიერთობა „სახალხო პარტიასა“ და ბრიტანელი კონსერვატორების მიერ ჩამოყალიბებულ ევროპულ ჯგუფს შორის, მათი „საჯილდაო ქვა“ საერთო რეგულაციების შესახებ მისაღები გადაწყვეტილებები გახლავთ. აღარაფერს ვამბობ, ევროკომუნისტებსა თუ ევროსკეპტიკოსებთან ჩამოყალიბებულ ხანგრძლივ და მტრულ დამოკიდებულებაზე. ევროპელ ლიბერალთა ლიდერი, გაი ვერჰოფსტადტიც უფროდაუფრო ხშირად იყენებს კონტინენტის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას EPP-ის წევრი მთავრობის მეთაურების ხისტი კრიტიკისათვის.
ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის იმ პარტიის მნიშვნელობის გაუფასურება, რომელსაც ყველაზე მეტი, თოთხმეტი წევრი ჰყავს ევროპულ საბჭოში (ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი სტრუქტურა). შეუძლებელია, „სახალხო პარტიის“ სხვა უდავო უპირატესობებზე თვალის დახუჭვაც. თუმცა, მინდოდა უმცირესი ზიანი მაინც მიმეყენებინა მისი ძლევამოსილებისა და უალტერნატივობის შესახებ არსებული უსაფუძვლო ლეგენდისათვის.
EPP-ის გარდა არსებობს სხვა ევროპაც, რომელიც ევროპარლამენტის 65%-ს აკომპლექტებს და ყავლგასული ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად, საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას უჭერს მხარს.