ბულინგი „მრავალსართულიანი“ ფენომენია – როგორც სოციალური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. „კონსტრუქციის“ ხილულ ნაწილს ქმნის ბულინგის მონაწილეთა სოციალური აქტივობა და აშკარა ფსიქოლოგიური რეაქციები, რაშიც ბულერთა მხრიდან დევნა–დამცირებას, მსხვერპლის განცდებს და გარშემომყოფთა საქციელს ვგულისხმობთ. მაგრამ ყველაზე საინტერესო პროცესები „სარდაფში“, ანუ ფსიქიკის ქვეცნობიერ ნაწილში მიმდინარეობს. პრობლემის მიზეზებიც ამ უკუნ სიღრმეებში უნდა ვეძიოთ.
განკიცხული
ამ თემაზე მორიგი წერილის გამოქვეყნების შემდეგ მკითხველისგან წერილი მივიღე. ტექსტს შემოკლებით გთავაზობთ:
„ბულინგის მსხვერპლი ბავშვობიდან დღემდე არაერთხელ გავმხდარვარ. ამ დროს, ერთი შეხედვით, თითქოს ე.წ. „წესიერ ხალხში“ ვტრიალებ: ამ ჩვეულებრივ ქალაქელ „ობივატელებს“ არაფერი აკლიათ: კეთილმოწყობილი ბინიდან და მანქანებიდან – აგარაკამდე... თავად განათლებით მათემატიკოსი ვარ; ენებსაც ვფლობ, მაგრამ კარიერა მაინც ვერ ავაწყე. რამდენიმე წლის წინ მესამე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე და იქვე მდივნად დავიწყე მუშაობა. მტრები აქაც გამომიჩნდა: „მკბენდნენ“, პრობლემებს განზრახ მიქმნიდნენ. თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო წამდაუწუმ საყვედურებს ვიღებდი. სწორედ ისე, როგორც თქვენს სტატიებში იყო აღწერილი. თქვენ აღნიშნეთ, რომ გოგონების ბულინგი ბიჭებისაგან განსხვავებულია. ჩემს შემთხვევაში ეს საერთოდ არ იგრძნობოდა: მამაკაცები ქალებზე არანაკლებად მჭორავდნენ და „გველობდნენ“; ალბათ, ეს მათი „გადედლებით“ უნდა აიხსნას... ერთხელაც მაღალი თანამდებობის პირმა ინტიმური კავშირი შემთავაზა. ცხადია, უარი ვუთხარი. მაშინ სასტიკი დევნა დამიწყო. თანამშრომლებმაც მხარი აუბეს: ყოველი მხრიდან თავს მესხმოდნენ, მამცირებდნენ... ეს იყო „მაღალი მორალის“ სამოსში გამოწყობილი იაფფასიანი დემაგოგია. ჩემი მიწასთან გასწორება აშკარად ავადმყოფურ სიამოვნებას ანიჭებდათ. იმდენი იცოდვილეს, სანამ სამსახურიდან არ გამაგდეს. განცდილმა სტრესმა სერიოზულად დამაზარალა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მომაბეზრეს თავი ამ „პატიოსანმა“ ობივატელებმა, რომელთა „მაღალზნეობრივი“ რიტორიკის მიღმა მხოლოდ ვერაგობა და გაჭირვებულთა მიმართ ქედმაღლობა იმალება..“
ჩნდება კითხვა: რა ნიშნით ირჩევენ მოძალადენი „განტევების ვაცს“? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიიჩნევა კონკრეტულ გარემოში სამაგალითო თვისებებად, ან დადებით ფასეულობად. ზოგ შემთხვევაში ისჯება ის, ვინც ამ ყველაფერს არ ფლობს. მაგალითად, თუკი სიმდიდრე და სტატუსი ფასობს, ჩაგრავენ ღარიბს და „უპატრონოს“. ზოგჯერ კი პირიქით: ისჯება ის, ვისაც აღიარებული თვისებები ბუნებამ, ან საკუთარმა მონდომებამ სხვაზე მეტად უბოძა. ვისზე ავრცელებენ ბინძურ ჭორებს? მიმოიხედეთ გარშემო და პასუხსაც იოლად იპოვით: რა თქმა უნდა მასზე, ვინც სხვაზე ლამაზი, ნიჭიერი და განათლებულია. ყველაზე სასტიკად კი, როგორც წესი, ის იდევნება, ვისაც განგებამ ღირსებები უბოძა, მაგრამ სოციალური სტატუსი დააკლო. ამ პრობლემას გენიალურმა ბალზაკმა შედევრების მთელი წყება მიუძღვნა. „ადამიანური კომედია“ დღესაც გრძელდება.
თავად წერილის ავტორის ისტორია ბულინგის კლასიკური მაგალითია: ბავშვობაში გადატანილი ძალადობის ინერცია წლების განმავლობაში გაგრძელდა და საოფისე ბულინგით „დაგვირგვინდა“. რაც შეეხება მიზეზებს, კატეგორიული დასკვნისაგან თავს შევიკავებდი, მაგრამ, ზოგადად, ჩვენს რეალობაში „უპატრონო“ ადამიანისთვის ენების ცოდნა და სამი დიპლომი ნამდვილად პრობლემების მომტანია. რატომ? „პატრონიანებს“ ხელს შეუშლის და როდესაც ინტრიგებს დახლართავენ, თავის დაცვა მეტისმეტად გაუჭირდება.
„გაღვიძებული მხეცის სინდრომი“
საუბედუროდ, ადამიანთა მოდგმას მოყვასის დამცირება სრულებითაც არ უჭირს; ხშირად სიამოვნებასაც კი ანიჭებს. საკმარისია საქართველოს ციხეებში პატიმართა მხეცური წამების კადრები გავიხსენოთ. საზოგადოება მაშინვე ნაციონალების ფსიქო–სექსუალურ გადახრებზე ალაპარაკდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ აბუ–გრეიბის კადრების გასაჯაროვების შემდეგ ანალოგიური დასკვნები ამერიკელ ჯარისკაცებზეც გაკეთდა. აქედან თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ პრობლემა ბევრად უფრო გლობალურია. არ შეიძლება ყველაფერი კონკრეტული პარტიის კონკრეტულ წევრთა „ბულინგმაისტერობით“ აიხსნას.
პარალელი: ორიოდე თვის წინ ქსნის ციხეში საოპერაციოდ გამზადებულ პატიმარს ციხის თანამშრომელთან შელაპარაკება მოუვიდა. „სასჯელმაც“ არ დააყოვნა: მას ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს და პალატაში დააბრუნეს. ცოცხებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ პატიმრებთან არასათანადო მოპყრობა (რბილად რომ ვთქვათ!) დღესაც გრძელდება და ამაში წინა ხელისუფლებას ვეღარ დავადანაშაულებთ.
ფსიქოლოგ ფილიპ ზიმბარდოს გამოკვლევის თანახმად, ძალადობისადმი მიდრეკილება ადამიანის „ბუნებრივი“ თვისებაა. ნებისმიერი ჩვენთაგანის სულის სიღრმეში „მხეცია“ ჩასაფრებული; საკმარისია ერთი შეხედვით უწყინარ ობივატელს სრული ძალაუფლება მივანიჭოთ, რომ დროთა განმავლობაში ნამდვილ „ვამპირად“ გარდაისახება. ამ ტრანსფორმაციას მეცნიერმა „ლუციფერის ეფექტი“ უწოდა.
ექსპერიმენტი, რომელიც რეალითი–შოუს პრინციპებზე იყო აგებული, 1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ფიზიკურად და სულიერად აბსოლუტურად ჯანსაღი სტუდენტებისგან ორი გუნდი ჩამოაყალიბეს: ე.წ. „პატიმრები“ და „ზედამხედველები“. სიტუაცია მაქსიმალურად მიამსგავსეს რეალობას: მომავალ „პატიმრებს“ სირენა–აკივლებული პოლიციის მანქანებით მიადგნენ, ხელბორკილები დაადეს და უნივერსიტეტის სარდაფში მოწყობილ „ციხეში“ მიაბრძანეს. მეტი ნატურალიზმისთვის ყველა მონაწილე როლების შესაბამისად შემოსეს. ექსპერიმენტატორები დღისით მეთვალყურეობას უწევდნენ სიტუაციას, ხოლო ღამით განვითარებულ მოვლენებს ფარული კამერებით აკვირდებოდნენ.
საგულისხმო დეტალი: როლების გადანაწილებისას „ზედამხედველობაზე“ ყველა უარს ამბობდა, ამიტომ გუნდები ლამის მონეტის აგდებით დაკომპლექტდა.
თავიდან ყველაფერი სახალისო თამაშს ჰგავდა, მაგრამ სულ რაღაც ორ კვირაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. უნიფორმაში გამოწყობილ ხელკეტიან და შავსათვალიან „ზედამხედველებს“ ძალაუფლება მეტისმეტად გაუტკბათ და „პატიმრების“ დამცირება დაიწყეს: ნებისმიერ წვრილმანზე კარცერში სვავდნენ, აშიმშილებდნენ, ტუალეტში თავზე ტომარაჩამოცმულები გაჰყავდათ, ან სულ არ უშვებდნენ. განსაკუთრებით კი ღამ–ღამობით „გაიჯეჯილეს“ (როცა, მათი ჭკუით, არავინ უთვალთვალებდა!): პატიმრებს საბანს არ აძლევდნენ, „შესამოწმებლად“ წამოაგდებდნენ და ამღერებდნენ, აზიდვას აიძულებდნენ. საქმე ფიზიკურ შეურაცხჰყოფამდე და სექსუალურ ძალადობამდეც კი მივიდა. ბოლოს გამწარებულმა „პატიმრებმა“გაქცევა სცადეს. „ზედამხედველებმა“ ბუნტი ჩაახშეს და ისეთ სისასტიკეში გადავარდნენ, რომ მკვლევარები იძულებულნი გახდნენ ექსპერიმენტი ვადაზე ადრე შეეწყვიტათ.
საინტერესო დეტალი: ადამიანთა უმრავლესობის მიდრეკილება ზემდგომის ბრძანებით „თავში ჩააფაროს“ მოყვასს იელის უნივერსიტეტშიც დადასტურდა. აღნიშნული გამოკვლევა 1963 წელს სტენლი მილგრამმა ჩაატარა: ავტორიტეტული ექსპერიმენტატორის მითითებით ცდისპირები სხვა ადამიანებს ელექტროშოკით უმასპინძლდებოდნენ. თანაც, უნდა ითქვას, ეს საქმიანობა მეტისმეტად გაუტკბათ.
ყველა ტიპის და ფორმის ძალადობა, მათ შორის ბულინგიც, „გაღვიძებული მხეცის სინდრომის“ კონკრეტული გამოვლინებაა და ზიმბარდოს მიერ აღწერილ „ლუციფერის ეფექტს“ ეფუძვნება. მომავალი „განტევების ვაცის“ „დაჩმორების“ პროცესი მისი დისკრედიტაციით იწყება: სოციუმი ცდილობს მაქსიმალურად ცუდი თვისებები მიაწეროს; ხოლო თუ რას დააბრალებს (ან რას გააზვიადებს), კონკრეტულ გარემოში აღიარებულ ფასულობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საქართველოში მამაკაცისთვის ყველაზე დამანგრეველ კომპრომატად „პიდარასტობა“, იმპოტენტობა, ან ნარკომანობა ითვლებოდა (და ახლაც ითვლება!), ხოლო თუ ქალისთვის სახელის გატეხა გინდოდა, ბოზობა უნდა დაგებრალებინა. სახელგატეხილი მსხვერპლი განწირულია – ავტორიტეტული ჯგუფი (ან პიროვნება) მის დამცირება–იზოლაციას იწყებს. ამის შემდეგ ერთვება ე.წ. სოციალური წაბაძვის მექანიზმი: გინდა რომ კარგად გექცეოდნენ, ან, ყოველ შემთხვევაში, არაფერს გერჩოდნენ? მაშინ თავში ჩააფარე მას, ვიზეც სოციუმი მიგითითებს. საბოლოოდ, ყველაფერი აქტიური დევნით „გვირგვინდება“. სოციალური შეკვეთის უკრიტიკო შესრულება თავად კონფორმისტთა ფსიქიკას ასახიჩრებს. დეგრადაციის მექანიზმი საკმაოდ მარტივია: გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის რასაც მიჰქარავს და დანაშაულის განცდა აწუხებს. დისკომფორტის დასაძლევად დამცავი მექანიზმები ირთვება: „ეგ მეტს არც იმსახურებს!“, „რა, ყველა ტყუის და მაინც და მაინც ეგ არის მართალი?!“ და ა.შ. საბოლოოდ, ადამიანი აქტიურ სადისტად, ან გულგრილ მაყურებლად გარდაიქმნება. ტრანსფორმაციის ფორმა და შედეგი მის ინდივიდუალობაზეა დამოკიდებული. წერილის ავტორი ქალბატონის შემთხვევაში ყველა ეს ეტაპი სახეზეა.
ცნობისთვის: საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობას მწვანე შუქი თავად პრეზიდენტმა აუნთო. დამნაშავეთა მიმართ ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამოაცხადების შემდეგ ყველა ტუსაღი ავტომატურად persona non grata–დ იქცა; ხოლო როდესაც ციხის პერსონალს უკონტროლო უფლებებიც მიანიჭეს, „მხეცის გამოღვიძება“ და ქვენა ინსტიქტების „აღლუმი“ მხოლოდ დროის საკითხი იყო.
ადამიანი რომ მოძალადე გახდეს, მასში ჯერ „მხეცმა“ უნდა გაიღვიძოს. ანუ ძალადობის ყველა გამოვლინება „ლუციფერის ეფექტს“ ემყარება. ჩნდება მორიგი კითხვა: რა დგას თავად ამ ეფექტის მიღმა? კითხვაზე პასუხის გასაცემად „სარდაფის“ საგულდაგულო დათვალიერება მოგვიწევს. ამ დროს კი აღმოვაჩენთ, რომ „შენობის“ მიწისქვეშა ნაწილიც მრავალსართულიანია და მიწისზედას ბევრად აღემატება.