დღეს, ისე როგორც არასდროს, აშკარაა რუსეთისა და ევროკავშირის დაპირისპირება. მოსკოვის ამოცანაა არ მისცეს პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებს - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომელთაც საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საშუალება, რაც უდავოდ გამოიწვევს ამ ქვეყნებში კეთილდღეობის დონის ზრდას, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას და საბოლოოდ ბევრად კარგ და მოხერხებულ საცხოვრებელ სივრცედ ჩამოყალიბებას ვიდრე რუსეთია.
მეორე მხრივ, ევროკავშირისთვისაც ნათელია, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა და თუ ბრიუსელი ინტეგრაციის ორმხრივად მისაღებ და რეალისტურ გეგმას არ შესთავაზებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, ამ სახელმწიფოებს სამუდამოდ რუსული ჩექმისათვის გაწირავს. ამიტომაც ევროკავშირმა დააჩქარა პროცესი და განაცხადა, რომ ბრიუსელი მზადაა უკრაინასთან ნოემბერში, ხოლო მოლდოვასა და საქართველოსთან ერთი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, გაუხსნას ამ ქვეყნებს 400 მილიონიანი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი და მომავალში მისცეს მათ ევროზონაში სრულად ინტეგრირების შესაძლებლობა.
მოსკოვმა საკუთარი მარწუხები აქტიურად აამუშავა, თუმცა, ოთხი სახელმწიფოდან მხოლოდ სომხეთის დაყოლიება შეძლო.
უკრაინამ და მოლდოვამ მკვეთრი, არაორაზროვანი განცხადებები გააკეთეს, რაზეც კრემლის რეაქციამ არ დააყოვნა. საკუთარ საზღვართან უკრაინული საქონელი შეაჩერა და კიევი გააფრთხილა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, მოსკოვი არსებულ სავაჭრო რეალობას გადახედავდა. მოლდოვასთან მიმართებაში კი კრემლმა იქაური ღვინისა და სპირტიანი სასმელების იმპორტი კიდევ ერთხელ აკრძალა და ამ გზავნილთან ერთად ისიც დაუმატა, რომ დნესტრისპირეთში მიღწეულ მცირე სტაბილურობას დიდი დრო არ ეწერა თუ კიშინოვი უარს არ იტყოდა ევროკავშირთან ასოცირებაზე და ევრაზიულ კავშირს არ შეუერთდებოდა. მიუხედავად მუქარისა და აშკარა შანტაჟისა, კიევმა და კიშინოვმა ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. მეტიც, იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს უახლოეს მომავალში ციხიდან გამოშვებასაც კი დათანხმდა იმისთვის, რომ ბრიუსელისთვის უკრაინასთან ასოცირებისთვის ბარიერი მოეხსნა. რაც შეეხება მოლდოვას, კიშინოვში უკვე დიდი ხანია აღარ სჯერათ კრემლის დაპირებების დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების შესახებ და მეორეჯერ თავის მოტყუებას აღარ აპირებენ, ისე როგორც ეს წარსულში მოხდა, როდესაც რუსული ზეწოლისა და დაპირებების შედეგად მოლდოვას მთავრობამ უარი თქვა ნატოსკენ სწრაფვაზე და ქვეყანა ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
კიევისა და კიშინოვის ასეთი შემართების ფონზე, ევროპელ პარტნიორებს სერიოზულად გაუცრუა იმედი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საპასუხოდ განაცხადა: "ევროკავშირი იბრძოლებს უკრაინასა და მოლდოვასთვის. რაც შეეხება საქართველოს ის ორივე - ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის ვარიანტით არის დაინტერესებული".
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისფლების გზავნილია, რომ მას მკვეთრად გამოკვეთილი, კონკრეტულ ღირებულებებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ აქვს და ყველაფერი უნდა, რისგანაც რაიმე სარგებლის მიღება შეიძლება. თუ ევროკავშირი ხელს გამოუწვდის საქართველოს კარგია და თუ რუსეთი შესთავაზებს ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას - 'რატომაც არა? როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი ბოლომდე ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის. ორივე მიმართულებით კი სვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ასეთი მცდელობა მხოლოდ დააზარალებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
მეორეს მხრივ, თუ ვითარებას კარგად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ კრემლი ასეთი უძლური ელცინის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა. თუ კიევთან და კიშინოვთან მიმართებაში მას ეკომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები ჯერ კიდევ აქვს (თუმცა ეს უკვე არასაკმარისია), საქართველოსთან მიმართებაში კრემლი სრულიად უძლურია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ზემოქმედების მექანიზმები აღარ გააჩნია. საქართველო აღარ არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე, ის ორი ბოთლი ღვინო, რომელიც უკვე გაიყიდა რუსეთში, ზეწოლის საშუალებად ჯერ ვერ გამოდგება და რაც მთავარია, რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა და ამით თვითონვე დაკარგა საქართველოზე ზემოქმედების მთავარი ბერკეტი. მართალია, კრემლი კვლავაც ცდილობს ვითარების დაძაბვას, თბილისის დაშანტაჟებას და პროვოცირებას სოფელ დიცთან და დვანთან ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადმოწევითა და მავთულხლართების ღობის აღმართვით, ოლიმპიადის სააპლიკაციო ფორმებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოხსენიებით თუ მინიმუმ თვეში ერთხელ რუსეთის მთავარი სანიტრის მხრიდან ქართულ ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის უდიერად მოხსენიებით, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეს არის კრემლის მაქსიმუმი.
ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იშანტაჟებს საკუთარ თავს საქართველოს ხელისუფლების მეთაური და აბნევს დასავლელ პარტნიორებს ორაზროვანი განცხადებებით, როდესაც თავისუფლად შეუძლია იყოს პირდაპირი და საჭიროების შემთხვევაში გააღიზიანოს კიდეც მოსკოვი, რომელიც ბრიუსელმა, კიევმა და კიშინოვმა უკვე საკმარისზე მეტად გააღიზიანა და რომელსაც ამ მხრივ უკვე აღარაფრის შეცვლა შეუძლია. გეოპოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე მოსკოვი უკვე დამარცხდა.
და თუ ხელისუფლება სხვა შუალედური პოლიტიკით მაინც მოახერხებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ნებით თუ უნებლიედ ჩაშლას (რაც ძნელად წარმოსადგენია), ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იქნება მოსკოვისთვის. საქართველო და კავკასია კი საბოლოოდ დაკარგავს შესაძლებლობას გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.