Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარში მარაოთი

27 სექტემბერი 2013

ოცი წელი ცოტა არაა. მეტიც, ოცი წელი ძალიან ბევრია. ხოლო თუ რამდენად ბევრია, ამას ყველაზე მძაფრად მაშინ ვხვდები, როდესაც ვიხსენებ, რომ 1993 წელს, ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, წერა-კითხვის სწავლა ახალი დაწყებული მქონდა და სახლში კი გარდაცვლილი მამა ესვენა.

ახლა 2013 წელია, წერა-კითხვა კაი ხანია ვისწავლე. ფიქრიც, აზროვნებაც. გამიჩნდა ღირებულებები, მოსაზრებები და ჩემი პოზიციებიც გამიჩნდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ასე ვართ ყველა, ვინც პატარა ღლაპები ვიყავით მაშინ, როცა მშობლები, კრებსითად, აფხაზებს ებრძოდნენ. ასეა ენგურს გაღმაც და ენგურს გამოღმაც. იქაც გაიზარდა ახალი თაობა.

„გამარჯობა, აფხაზეთო შენი“ - ყველას გემახსოვრებათ ეს პროპაგანდისტული კლიპი, მე ვიტყოდი, ატომური უნიჭობის ნამდვილი ზეიმი. ბევრი რამ არ მომწონდა მასში. მუსიკა დიდი ვერაფერი, შემსრულებლები - მთლად უარესი. არ მომწონდა არც ის, რომ პროპაგანდისთვის იყო გაკეთებული. კარგია თუ ცუდია, შეკვეთით დადგმული ყველაფერი მაღიზიანებს. სულ რომ მიხეილ კალატოზიშვილი იყო და კინოკადრის ისეთი არნახული ოსტატობა უჩვენო, როგორც მან თავის დროზე გვიჩვენა ფილმში „მე კუბა“, სადღაც მაინც გაიყიდები. ზუსტად ისე, როგორც კალატოზიშვილი გაიყიდა სსრკ-სა და კუბის ხელისუფლების დაფინანსებული ამ შესანიშნავი, თუმცა პროპაგანდისტული ფილმის ბოლო კადრში: კომუნისტების გამარჯვების გულისამრევად პათეტიკურ მარშში. მოკლედ, ხელოვნება რას რას და ყველაზე მეტად სწორედ ხელოვნურობას - პათეტიკურ მარშებს ვერ იტანს. „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ ასეთი (ოსტატური, თუმცა პათეტიკური) მარში არ იყო. უარესი - უნიჭოდ გაკეთებული მარში იყო.

ახლა რომ ვუფიქრდები, ამ კლიპის ყველაზე გამაღიზიანებელი კადრი გახლდათ ერთ-ერთი მომღერალი იახტაზე, მარაოთი ხელში. ვითომ ცუდი არაფერი, მზეს ეფიცხება და ბედნიერი „მარშით“ მიემართება „დაბრუნებულ“ მიწაზე - აფხაზეთის სანაპიროებისკენ და საქმეც ისაა, რომ მიემართება მიწაზე-სანაპიროსკენ, სადაც არსად ჩანს ხალხი, ცოცხალი, ენგურს გაღმა მცხოვრები ადამიანები.

რამდენიმე წლის წინ, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ, ოლესია ვართანიანთან ერთად ვესწრებოდი უფლებადამცველთა ტრენინგს. ოლესია ალბათ ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც რეგულარულად ჩადის აფხაზეთში, იცნობს, ესაუბრება ადგილობრივებს. ხედავს რა ხდება იქ, ცოცხალი ადამიანებით დასახლებულ ქალაქში, რომელიც ოცი წელია თვალით არ გვინახავს და რომლის ღლაპებიც ახლა უკვე დიდი გოგო-ბიჭები დაიზარდნენ, ჩვენსავით.  ტრენინგის დასკვნით დღეს, გამოსამშვიდობებელ ვახშამზე, თანამედროვე აფხაზეთის ამბებს მიყვებოდა და

სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ მაღიზიანებდა ის კადრი, მარაოიანი მარში ყველაზე მეტად. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად უწყინარი მიზნისა, დადებითად ემოქმედა ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებლებზე, სინამდვილეში კლიპს დიდი პანიკა და აღშფოთება გამოუწვევია სოხუმში. „სად მოდიან ქართველები, ჩვენ აქ არ ვარსებობთ? აფხაზეთი ცარიელი, დაუსახლებელი მიწაა?“ - კითხულობდნენ შეშინებულებიც და გაბრაზებულებიც და მართლებიც იყვნენ.

არ ვიცი, საქართველოს ძველ ან ახალ ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე, თუნდაც ფარული სტრატეგიული გეგმის მაგვარი აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საჯარო როტორიკაში, კონფლიქტის მოგვარებაზე საუბრისას ჩანს ყველაფერი: რკინიგზა, საზღვრები, მიწა, „პიცუნდა“, მზიანი სანაპირო, „რუსის ნაშები“ და გამაჯანსაღებელი მასაჟები, სოჭის ოლიმპიადა, ყველაფერი, გარდა იქ მცხოვრები ადამიანებისა.

მტყუან-მართლის გარჩევაში უკვე ოცი წელი გავიდა. ერთს ვამბობთ ჩვენ, მეორეს ამბობენ აფხაზები, მესამეს - რუსები, მეოთხეს საერთაშორისო საზოგადოება თავისი აღშფოთებული და შეჭმუხნული წარბებით და ისმის ბევრი გამაყრუებელი „ნწ, ნწ, ნწ“-ები. კონფლიქტი კი არათუ არ გვარდება, არამედ, უფრო და უფრო გვაშორებს დაპირისპირებულ მხარეებს და ეს არცაა გასაკვირი. მეტიც, სრულიად ლოგიკურია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად დავშორდებით მისი მოგვარების გზებს. ეს იმიტომ, რომ ომის შემდგომი თაობა ახლა ჯერ კიდევ 20-25 წლისები ვართ, ხოლო როცა უფრო გავიზრდებით და იმ ასაკს მივაღწევთ, როდესაც კრებსითი მშობლების არეული საკითხის მოგვარება პირდაპირ ჩვენი თაობის საქმე გახდება, მოგვიწევს დავდგეთ ერთმანეთის წინაშე და პირველი აზრი, რაც თავში გაგვიელვებს, ვშიშობ, ეს იქნება: „მე მამაშენის მკვლელის შვილი ვარ“... პირიქითაც, „შენ მამაჩემის მკვლელის შვილი ხარ“.

აი აქ კი ყველაზე მეტად გავიჭედებით და ალბათ პირველი, ვისაც მწარედ შევუკურთხებთ, სწორედ წინა თაობა იქნება - პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები - ისინი, ვისთვისაც აფხაზეთი მეხსიერებაში მხოლოდ და მხოლოდ მზიან „პიცუნდად“ დარჩა და სულ დაავიწყდათ, რომ ამასობაში ენგურს გაღმაც იბადებოდა და იზრდებოდა ომისშემდგომი, ომისგან ტრავმირებული თაობა, რომლისთვისაც ახლა მე „მამამისის მკვლელის შვილი ვარ“, და პირიქითაც.

ან, ვინ იცის, იქნებ ერთმანეთის პირისპირ დავდგეთ და უბრალოდ უხერხულობა ვიგრძნოთ. ეს კი ძალიან გაგვიჭირდება, რაკიღა ამდენი ხანი არცერთს გვახსოვდა, რომ იქითაც და აქეთაც, ამ ხნის მანძილზე, ცოცხალი ადამიანები ვარსებობდით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^