2011 წელს, კარნეგის კვლევითი ცენტრის ბრიტანელმა მკვლევარმა, ტომას დე ვაალმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „საქართველოს არჩევანი: მომავლის განსაზღვრა არეულ დროში.“ ვაალი მთავარ აქცენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე მდგარ ეკონომიკური გამოწვევებზე აკეათებდა და ამტკიცებდა, რომ საქართველოს სიღარიბის და უმუშევრობის შესამცირებლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმა სჭირდებოდა. ამავე ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა საქართველოში, ვაალის სიტყვებით, „ექსტრემალური წესრიგის“ არსებობას - იმას, რომ მერაბიშვილის შსს მინისტრად ყოფნის დროს, ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პირობებში, საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე, პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა და ბიზნესი მთავრობის მკაცრი რეკეტის და კონტროლის ქვეშ მოექცა.
ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ იმ პროგრამით გაიმარჯვა, რომელშიც ვაალის მიერ გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებს მთავარი ადგილი ეთმობოდა. ამ დროს, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამბობდნენ, რომ „სისტემა უნდა დაინგრეს“ და ამაში გულისხმობდნენ სწორედ პოლიციური და სოციოეკონომიკურ წესრიგის დანგრევას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნიდან ერთი წელი გავიდა. ამ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა ის, თუ რატომ დამარცხდა 2012 წლის არჩევნებში - ის, რომ მის დამარცხებას უპირველესად სოციალურ-ეკონომიკური განზომილება ჰქონდა.
„ქართული ოცნება“ კი ამასობაში შეეცადა დაპირებული პროგრამის რაღაც ნაწილი მაინც შეესრულებინა. მოქალაქეების მძიმე ეკონომიკური ყოფის შესამსუბუქებლად, გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა. განხორციელებული სოციალური პროგრამებიდან, განსაკუთრებით, შემდეგს გამოვყოფდი: საყოველთაო ჯანდაცვა (რომელიც, ჯერჯერობით, ორ ეტაპად ხორციელდება და დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტ შეღავათს ითვალისწინებს), ბაკალავრიატის 14 მიმართულებაზე უფასო სწავლა, უფასო დოქტორანტურა, უფასო პროფესიული განათლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარების გაზრდა, პენსიის გაზრდა, უფასო სახელმძღვანელოები.... ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, მიმართული არის იქითკენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი შედარებით შემსუბუქდეს.
ამავე დროს, „ქართულმა ოცნებამ“ წინ ვერ წაიწია სხვა მაჩვენებლებით. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ და „ლიბერალი“ ახალ მთავრობაში არსებულ საყოველთაო ნეპოტიზმზე წერენ (http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114080/) . „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აგვისტოს მონაცემებით, ახალმა მთავრობამ საჯარო სამსახურში 7 800 ახალი თანამშრომელი მიიღო და აქედან მხოლოდ 4%, ანუ 257 დაინიშნა კონკურსის მიხედვით. (თუმცა, თავისთავად კონკურსის ჩატარება ნეპოტიზმის არსებობას არ გამორიცხავს) ივანიშვილის დაპირება, რომ ბიუროკრატიის საშუალო რგოლს უსამართლოდ არავინ შეეხებოდა, არ შესრულდა.
„ქართული ოცნება“ აშკარა უხეშად ჩაერია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მუშაობაშიც, რომლის ახლადარჩეული დირექტორი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამას მხოლოდ იმ საბაბით არ იღებდა, რომ ამ რეკლამაში „ქართული ოცნება“ არის გაკრიტიკებული (http://netgazeti.ge/GE/105/News/23364/). ფაქტობრივად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლიდან „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ გადავიდა.
განათლების სამინისტრომ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ასევე ტენდენციურობა გამოიჩინეს მათთვის პოლიტიკურად არასასურველი ორგანიზაციების მიმართ. ერთ შემთხვევაში, განათლების სამინისტრომ, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე, შეამოწმა მაინცდამაინც ბენდუქიძის მფლობელობაში მყოფი უნივერსიტეტი და მას დროებით ავტორიზაცია შეუჩერა, მეორე შემთხვევაში, პარლამენტის განათლების და მეცნიერებისა კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ავტონომიურობას განმტკიცებას მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ მისი სიტყვებით, „დღევანდელი საბჭოები, დღევანდელი რექტორები არ არიან ლეგიტიმურები“ და რომ „ილიას უნივერსიტეტი არის ხელოვნურად შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გასანადგურებლად.“ (http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=347&info_id=9662)
არსებითად არასამართლიანად მიმდინარეობს ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ პროგრამაც. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეზე პროკურატურამ გადაწყვიტა 4500 მოწმე დაკითხოს (http://news.ge/ge/news/story/64476-merabishvili-4-500-motsmis-dakitkhvas-7-8-tseli-schirdeba). მხოლოდ მოწმეების დაკითხვას რამდენიმე წელი დასჭირდება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია იმის საილუსტრაციოდ, რომ პროკურატურის პოლიტიზაციის ხარისხი, ახალი ხელისუფლების პირობებში, არ შემცირებულა და ჯერ კიდევ პოლიტიკური დირექტივებით წყდება ადამიანების ბედი და არა დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს მიერ.
ბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ შეცვლილა ხელისუფლების დამოკიდებულება მედიისა და საზოგადოების მიმართ. სააკაშვილის მსგავსად, ივანიშვილიც მიიჩნევს, რომ საზოგადოება უნდა აღიზარდოს და ჯერ კიდევ განუვითარებელი საზოგადოების წინაშე ნაკლები ანგარიშვალდებულება გააჩნია. ბოლო დროს ივანიშვილის შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან ისეთი ოდიოზური აღმოჩნდა, რომ მას „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ინტერნეტგამოცემა eurasianet.org -იც კი გამოეხმაურა და „საბჭოთა ეპოქის კრიტიკისა და თვითკრიტიკის სესია“ უწოდა. (http://www.eurasianet.org/node/67550). ივანიშვილმა ექსპერტებს ურჩია, რომ თავიანთი კომენტარები უფრო მეტად გაატარონ ფილტრში და არასწორი კომენტარებისგან თავი შეიკავონ.
საერთო ჯამში, ისე გამოდის, რომ საქართველო სააკაშვილისდროინდელი სოციოეკონომიკური და პოლიციური რეჟიმისგან ნაწილობრივ გათავისუფლდა, მაგრამ ძველი მანკიერი „სისტემა“ მისგან თვისობრივად განსხვავებულმა, თუმცა, ასევე მანკიერმა სისტემამ ჩაანაცვლა. ახლა სახელმწიფო ერთი მხრივ, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს, მაგრამ მეორე მხრივ, თავად საჯარო რესურსებს ნეპოტისტური სქემებით, ანუ უსამართლოდ ანაწილებს; განათლების სისტემაში, ერთი მხრივ, მეტი ინვესტიცია იდება, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციურად განწყობილი ინსტიტუტები სხვადასხვა გზებით დაასუსტოს და მისადმი ლოიალური გახადოს; ერთი მხრივ, ძალოვანი უწყებები ნაკლებად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მაგრამ მეორე მხრივ, პროკურატურა ჯერ კიდევ პოლიტიზირებულია და „ქართული ოცნების“ პირდაპირ დირექტივებს ასრულებს.
„ქართული ოცნება“, მიუხედავად ყველაფრისა, მხარდაჭერას არ კარგავს. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობის მხრიდან სოციალური და ეკონომიკური განვითარების მოლოდინი არსებობს. თუ შემდეგი ერთი წლის მანძილზე ეს მოლოდინი არ გამართლდება და ამის საკომენსაციოდ, „ქართული ოცნება“ საზოგადოებაზე კონტროლის გაზრდას წინამორბედის მსგავსად შეეცდება, ახალი სისტემაც ძველის მსგავსად ყველაზე სუსტი წერტილებიდან დაიწყებს რღვევას.