Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლუციფერის ეფექტი“, ანუ კაცთმოძულენი (მე-4 ნაწილი)

01 ოქტომბერი 2013

მთამ მთელ სიცოცხლე მარტოობაში გაატარა. ბოლოს, როგორც იქნა, ბედისგან წყალობას ეღირსა: მის ძირთან პაწია, საყვარელი არსება გამოჩნდა.

– ხომ გეყვარება დედიკო? – ჩაეკითხა გულისფანცქალით.

– მოიცა რა, პაჩი–პუჩებს ვერ ვიტან! – უპასუხა ნანატრმა პირმშომ.

მთას ელდა ეცა:

ეს ვინ გავაჩინეო?

თურმე... თაგვი მოუვლინა განგებამ! ბეჩავი ამაყად ყელმოღერებულ არწივზე, ან ლაღად მონავარდე ჯიხვზე ოცნებობდა. არ ვიცი როგორ გადახარშა იმედგაცრუება, მაგრამ  წუწუნს აჯობებდა, რომ საკუთარ თავს უფრო ყურადღებით დაკვირვებოდა. შესაძლოა, ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩამოანგრია და როგორ გარდაქმნა ბანალურ ბორცვად ჟამთა დინებამ; ან იქნებ მთა არც არასოდეს ყოფილა და „ზეცის მეზობლობა“ ნაგვის გროვამ დაიბრალა?..

 

                       დედა ნახე, მამა ნახე..                      

პრაქტიკა გვარწმუნებს: შვილებში „გაფურჩქნულ“ მანკიერებათა სათავე მშობელთა აშკარა, ან ფარულ ცოდვებში უნდა ვეძიოთ. გინახავთ ჯეიმს უოტკინსის ფილმი „სამოთხის ტბა“? თუკი მოზარდთა აგრესიულობის პრობლემა გაინტერესებთ, ნამდვილად გირჩევდით.

სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: ახალგაზრდა წყვილი გამოსასვლელ დღეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრა. იგივე სურვილი   არასრულწლოვან ბულერთა ხროვასაც გაუჩნდა.  საბედისწერო შეხვედრა ტყის ტბასთან შედგა. ჰორმონებ–მოჭარბებულმა მოზარდებმა წყვილის იდილია კოშმარად აქციეს: ყმაწვილი ჯერ სადისტურად აწამეს, მერე კი ცოცხლად დაწვეს. დასახიჩრებულმა ქალიშვილმა ორ მათგანს სიცოცხლე მოუსწრაფა და გაქცევა მოახერხა.  როდესაც ტყიდან გამოაღწია, ადგილობრივ მაცხოვრებლებს დახმარება სთხოვა. საუბედუროდ, სწორედ იმ მოზარდთა  მშობლები აღმოჩნდნენ. როდესაც ყველაფერი გაირკვა, მოკლულთა დედიკოებმა და მამიკოებმა შურისძიება გადაწყვიტეს; დანარჩენებმაც მხარი აუბეს. ფილმის ბოლოს განწირული გმირი ამაოდ ცდილობს „ყოჩის“ მამას საქმის ვითარება აუხსნას:

– ჩვენი ბრალი არ ყოფილა, მხოლოდ თავს ვიცავდით, მათ თვითონ დაიწყეს!

– ჩვენ კი დავასრულებთ! – პასუხობს ორმეტრიანი მუტრუკი და აბაზანაში შეათრევს.

ამ ეპიზოდში ნათლად გამოიკვეთა თაობათა დიალექტიკა ამ სიტყვის ყველაზე შავ–ბნელი გაგებით. ქართულად უფრო პოეტურად ჟღერს: „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე!“ ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი მამის, ან მეძავი დედის შვილი აუცილებლად ბოროტმოქმედი, ან მეძავი გამოვა. პირიქითაც ხდება: ხაზგასმული პატიოსნებით  ადამიანი თითქოს მშობელთა ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს.  მაგრამ უფროსი თაობის მანკიერებანი და შეცდომები მათი შვილების ხასიათსა და ცხოვრებაზე კომპლექსების, ან სხვადასხვა სირთულეების ფორმით მაინც აისახება. რაც შეეხება მოზარდთა მზარდ აგრესიულობას, ეს სოციალური სენი მოზრდილთა სამყაროში მიმდინარე პროცესების ზუსტი ანარეკლია. აი რას ამბობს ფსიქოთერაპევტი ქეთი თავართქილაძე:

– უფროსების თვალში ბულინგი ხშირად  ბიჭის კაცად ჩამოყალიბების ნორმალური ეტაპია. ამიტომ შვილის სახეზე სისხლჩაქცევის დანახვისას მშობელი აქეთ უწყრება: თავი როგორ დააჩაგვრინე, ერთი კარგად ვერ ჩააფარეო?! ეს პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის პირდაპირი წახალისებაა. მშობლები არ უნერგავენ შვილებს ნორმალური ურთიერთობის ჩვევებს; ხშირად  არც თვითონ ეხერხებათ. წარმოიდგინეთ, ჩემი ბიჭის სკოლაში ნაცემი ბავშვის მშობელი მოვარდა და მცემელზე მუშტით გაიწია! რაღაზეა ლაპარაკი?! სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ცხოვრება ძალადობითაა გაჯერებული.  

 

                         ჩვენი დროის გმირი

არსებობს პრობლემის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე: თავად მშობლებიც დასახიჩრებული საზოგადოების ნაშიერნი არიან. ამასწინათ ფეისბუკში ჩემმა ფრენდმა ძალზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:

„გუშინ 21 წლის ბიჭმა მითხრა – რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა მოპაროო;

 დღეს 8 წლის გოგონამ – პოლიციელი უნდა გამოვიდე, ადამიანს რომ გავიტან, ვერავინ დამიჭერსო!

 კატასტროფა!!!“

–  8 წლის რომ ვიყავი კოსმონავტობა მინდოდა, ნათლიმამა რომ ვნახე მაფიოზობა; გამოვედი ან ერთი ან მეორეო? – დაუწერა ერთმა ქალბატონმა

–  ის, რაც შენ გინდოდა, ოცნების სფერო იყო – ამათი მიზნები კი რეალობის ადეკვატურია და იმიტომაა საშიშიო! – უპასუხა პოსტის ავტორმა.

ვეთანხმები, ნამდვილად კატასტროფაა! თუმცა, ჩემის აზრით, ის ოცნებებიც უკვე საკმაოდ საშიში, ამასთან რეალობის ადეკვატური იყო. ვინ ცხოვრობდა სსრკ–ში კარგად? ვისაც „ლევი“ შემოსავალი ჰქონდა, ან  სახელმწიფოს ჰპარავდა, ვინც ერთს ლაპარაკობდა და იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა, ვინც  უსინდისო და გაუტანელი იყო. ამ ფონზე ალ პაჩინოს რომანტიკული შარავანდედით შემოსილი პერსონაჟი ყველასთვის მოსაწონი გახდა. 21 წლის ბიჭმა სახელმწიფოს გაქურდვა რომ მოიწონოს, ჯერ უფროსმა თაობამ უნდა იცხოვროს ორმაგი სტანდარტებით და აუცხოელი, ან ადგილობრივი კანონიერ ქურდებით მოიხიბლოს.

ორმაგი სტანდარტი ყველგან და ყველაფერში აშკარაა. ადამიანებს იზიდავს ყველაფერი ექსტრემალური, „პილპილმოყრილი“ და... აგრესიული! ძალზე საგულისხმოა, რომ კინოფილმების გმირებიდან ყველაზე მეტ ინტერესს სწორედ „მუშტით კედლის გამნგრევი“ პერსონაჟი იწვევს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლამაზი და წარმატებულია. მაშინაც კი, როდესაც მოწონებული გმირი „მუშტით“ სხვისი სამყაროს „კედელს ანგრევს“, დაჰიპნოზებული მაყურებელი ამაზე თვალს ხუჭავს,  ან ცდილობს გამართლება მოუძებნოს. ამ ფაქტორზე მილიონობით ფული კეთდება: სცენარისტები უხვად აჯერებენ უსასრულო სერიალებს საეჭვო ზნეობის რომანტიზირებული გმირებით. გავიხსენოთ ტოტალური „დინასტიომანია“: მთელი საქართველო უთანაგრძნობდა სათნო ქრისთლს და შეყვარებული იყო... „სწერვა“ ელექსისზე! ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იგივეს ვხედავთ: მამაკაცები სუფრაზე ოჯახის ქალის სადღეგრძელოს სვავენ და... ოჯახს „სწერვების“ გამო ანგრევენ; გოგონები კარგ ბიჭს ეძებენ და ცუდები უყვარდებათ.  

მიმოიხედეთ გარშემო, ჩართეთ ტელევიზორი, თვალი გადაავლეთ პრესას, გაეცანით სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს: ყველა სფეროში გაბატონებულია ფსიქიატრიული ლიტერატურის უცვლელი პერსონაჟი – სოციოპათი. აი როგორ აღწერს „ჩვენი დროს გმირს“  ფსიქიატრი რობერტ ჰეირი: „ამ სოციალურ მტაცებლებს  არც სინდისი გააჩნიათ და არც თანაგრძნობის უნარი. მათთვის მიუღებელი მეთოდები არ არსებობს. დასახულ მიზანს ადამიანთა მანიპულირებით აღწევენ და ძალზე უპრობლემოდ ისაკუთრებენ ყველაფერს, რაც კი თვალში მოუვათ. ამასთან...მათ მოქმედებას წარმართავს არა დაბინდული ცნობიერება. არამედ ცივი, ანგარიშიანი გონება. სხვა ადამიანებს ცხოველებზე მაღლა არც აყენებენ“.

კლასიკური სოციოპათი საკმაოდ ქარიზმატულია,  რითაც  ძალზე ოსტატურად სარგებლობს. თანაც გულწრფელად მიაჩნია, რომ მთავარი როლი „ადამიანურ კომედიაში“ სწორედ მას ეკუთვნის. ამ მიზნის მისაღწევად ცდილობს ყველა თავის დაკრულზე აცეკვოს –  გამუდმებით თაღლითობს და იტყუება.  თუკი საქმემ მოითხოვა, უკან არც კრიმინალზე დაიხევს. როგორც წესი, კარგად ფლობს დემაგოგიის ხელოვნებას და მისი მხილება არც ისე ადვილია.  საკუთარი ცოდვების სხვაზე გადაბრალებაში ბადალი არ ჰყავს.  სოციოპათიას ადრე „ზნეობრივ შეშლილობას“ უწოდებდნენ.  თუმცა მკვლევართა ნაწილის  აზრით, სოციოპათი შეშლილი კი არა, განსაკუთრებული ფსიქოტიპია, რომელიც თაობათა მანძილზე სოციუმთან შეგუების შედეგად ჩამოყალიბდა.

საინტერესო დეტალი: კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად (cognitiо – შემეცნება, dissonantia – არაშესატყვისობა), როდესაც ადამიანი გარემოს მიერ შემოთავაზებულ ნორმებს არღვევს, დისკომფორტის განცდა უჩნდება. ამ დისკომფორტის დასაძლევად მაშინვე ფსიქოლოგიური მექანიზმები ჩაირთვება; მაგალითად, იცი რომ ჭორაობა უღირსი საქციელია, მაგრამ ვიღაცას მაინც მიწასთან ასწორებ. აფორიაქებულ სინდისს კი იმით იმშვიდებ, რომ ის ადამიანი მეტს არც იმსახურებდა. ანდა სამსახურში ნაცნობობით ეწყობი და ღირსეულ კანდიდატურას გზა უკეტავ. დიდი ამბავი! – არწმუნებ საკუთარ თავს – ეს ცხოვრება ბრძოლაა. შენც ხომ ოჯახი გყავს? თანაც ეს ქვეყანა რაღა შენ უნდა გამოასწორო?! კლასიკური სოციოპათი სხვა ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ საკუთარ უნამუსობას საერთოდ არ განიცდის.  როგორც ჩანს, მისი დამცველობითი მექანიზმები მეტისმეტად მოქნილია და პრობლემა ქვეცნობიერში გვარდება; არც ის არის გამორიცხული, რომ  მსგავსი შინაგანი კონფლიქტები  საერთოდ არ ახასიათებდეს. ასეთ ადამიანებს ცივსისხლიანებს უწოდებენ.

პარალელი: საქართველოს ხელისუფლება წლების მანძილზე  სწორედ ასეთი ხალხითაა დაკომპლექტებული. რაღა გასაკვირია, რომ „ერის მამებს“ ყოველთვის ჩინებულად ეხერხებოდათ  და ახლაც ეხერხებათ ხალხისთვის „ცოცხის გარჭობა“,  როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით?!

სოციოპათური გამოვლინებები, მეტ–ნაკლებად, ნებისმიერ ჩვენთაგანს ახასიათებს. ვიღაცას ცხელ გულზე უსამართლოდ მოვექეცით და გული ვატკინეთ? ეს სოციოპათური საქციელია. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად ოპერატიულად დაგვიწყნარა გული დამცველმა მექანიზმებმა. ბულინგიც სოციოპათიის ერთ–ერთი გამოვლინებაა. ყველა მანკიერება ადამიანთა თანდაყოლილი აგრესიულობით საზრდოობს,  „ლუციფერის ეფექტით“ ძალას იკრებს და, საბოლოოდ, „გაღვიძებული მხეცის სინდრომით“  „გვირგვინდება“.

ჩნდება კითხვა: როგორ ვმართოთ ეს დამანგრეველი ძალა?


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

1 / 6
^