Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა არ ესმის ბიძინა ივანიშვილს

04 ოქტომბერი 2013

ბიძინა თვლის, რომ მთავარია გულწრფელად თქვა რასაც ფიქრობ და გამგები თავისთავად გაიგებს, მაგრამ არ ესმის რომ ნათქვამიდან რესპონდენტის ყურამდე საკმაო მანძილია, ინფორმაცია მედიუმის საშუალებით ვრცელდება, რომელის თავის შეფერილობას ჰმატებს და ამით შინაარსი იცვლება.  სამზარეულოში აზრის გამოთქმის ფორმა განსხვავდება პირდაპირ ეთერში გამოთქმის ფორმისგან, მაგრამ ბიძინას ეს არ ესმის.

ბიძინა თვლის, რომ არსებობს ერთგვარი ობიექტური რეალობა, ფაქტობრივ ხდომილებათა სპექტრი, რომელიც იმდენად ნათელი, აშკარა და მკაფიოა, მისი ვერ დანახვა სულ მცირე მორალური უპასუხისმგებლობაა, მით უფრო, თუ აქცენტი რეალობის ნეგატიურ ფაქტორებზე კეთდება.  მას არ ესმის, რომ სამყარო პლურალისტულია და დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები (სოც.ქსელების ჩათვლით) საშუალებას აძლევს ადამიანს/ებს, ძალიან ვრცლად, უპასუხისმგებლოდ და მეტიც, შეგნებულად დამახინჯებულად გამოთქვას აზრი. სიუჟეტებში, რეპორტაჟებში, ექსპერტულ შეფასებებში და ინდივიდთა მოსაზრებებში მოცემული ინფორმაციული პლურალიზმი განსხვავდება ოფიციალური განცხადებებისა და სახელმწიფოს პოზიციის სივრცისგან, მაგრამ ბიძინას ეს არ ესმის.

ბიძინა თვლის, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, მორალურად მდგრადი, რომელიც იხელმძღვანელებს ხსენებული ობიექტური რეალობის შემადგენელი ფაქტებით და სწორედ მასზე დაყრდნობით მოახდენს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, ნაცვლად იმისა, რომ გასაქანი მისცეს სუბიექტურ ანალიზს, ეჭვებს, სპეკულაციებს, თუნდაც ერთობ კეთილშობილური მოტივებით. საზოგადოებრივი აზრი, საჯარო სივრცე „უხილავი ხელის“ მეშვეობით თვითონ ადგენს აქტუალურ თემათა წარმოჩენას და შობს ათასი ჯურის ექსპერტთა, წამყვანთა, ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგრამ ბიძინას ეს არ ესმის.

ბიძინა თვლის, რომ ხსენებული ათასი ჯურის ექსპერტები, ჟურნალისტები, წამყვანები უნდა დაექვემდებარონ ობიექტური რეალობის კარნახს და საკუთარი მოღვაწეობა წარმართონ ისეთი შინაგანი მორალური ცენზურით, რაც არ შეურაცხყოფს რეალურ სურათს. ფილოსოფიური საკითხი, რომ ობიექტური რეალობა დედამიწაზე არ არსებობს და არსებობს მხოლოდ  საჯარო სივრცეზე გავლენის მქონე აქტორებისაგან კონსტრუირებული რეალობა, რომელიც ამავე დროს ბუნებით არაერთგვაროვანი და პლურალისტულია, ბიძინას არ ესმის.

ბიძინა თვლის, რომ მის ხედვასთან შეუთავსებელი მოსაზრებების მოყვანა ერთიან პოზიციაში საჭიროა, თუმცა აუცილებლად ანალიზში შესვლის, დისკუსიის და პოლემიკის მეშვეობით, რათა მოსახლეობას მიეცეს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება. მას არ ესმის, რომ სახელმწიფო მისი აღმასრულებელი რგოლის სახით ერთ-ერთი აქტორია საჯარო სივრცისა და საჭიროებს საკუთარი ქმედებების, გეგმების, პოზიციების არგუმენტირებასა და დასაბუთებას ოპონენტებისა თუ აუდიტორიის წინაშე.  PR, იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობა განსხვავდება ძალადობრივი პროპაგანდისგან, რასაც წინა ხელისუფლება მიმართავდა, მაგრამ ბიძინას ეს არ ესმის.

ბიძინა თვლის, რომ არარსებული ულვაშიდან გამოწიწკნილ ღერს, სიტყვას, უკადრებელის არ კადრებას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს პოლიტიკური მმართველობის ჩამოყალიბებაში, მემკვიდრის განსაზღვრასა და ნათელი მომავლის მშენებლობაში და ნაკლებად აინტერესებს, რომ ულვაშის ღერმა ფასი ჯერ კიდევ აკაკი წერეთლის დროს დაკარგა მის მეზობელ სოფელში, პიროვნულ ნდობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ჯერ არავის უნახავს პლანეტაზე და თანამედროვე სამყაროში გრძელი სიტყვა უნდა თქვა გასაგებად, ანუ მოკლედ. მედია, მიუხედავად მისი საეჭვო რეპუტაციისა, მაინც ყველაზე მეტად ასახავს საჯარო სივრცეს და იქიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებ, თუ გესმის, რა თქმა უნდა.

მაგრამ ბიძინას ეს არ ესმის.  და სრულიად ლოგიკურია რომ არ ესმის. ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის ბევრი რამ და ეს უვიცობა დამანგრეველია. მარტივი, ქრესტომათიული ჭეშმარიტებები არ ესმის საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას. როდესაც მარტივი ამბები არ ესმის ქვეყნის მმართველს ეს საშიშია.  პოზიტიური ამ ამბავში მხოლოდ ისაა, რომ მოქალაქეები კონკრეტულ მაგალითზე დარწმუნდებიან, თუ ვინ უნდა იდგეს ქვეყნის სათავეში - პოლიტიკოსი, რაც არ უნდა ამბიციური, გაიძვერა და თაღლითი იყოს, მაგრამ სახელმწიფო სისტემის ანბანი მაინც იცის, თუ ქველმოქმედი, გულწრფელი, კაი კაცი, რომელმაც...  რომელიც საბედნიეროდ მალე დატოვებს მისთვის ესოდენ არაკომფორტულ სავარძელს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^