„ლუციფერის ეფექტის“ პრევენციისთვის ჯერ უნდა დადგინდეს თანდაყოლილია აგრესიისკენ მიდრეკილება, თუ შეძენილი (ანუ ცხოვრების მანძილზე დასწავლილი). ამ საკითხზე ორი ძირითადი მიდგომა არსებობს: ბიოლოგიური და რელიგიური: პირველის თანახმად ადამიანი სოციალური ცხოველია და ნებისმიერი ჩვენთაგანის სულში დაბადებიდანვე პატარა „კბენია მხეცუკა“ ზის (ამაზე ბუნებრივმა გადარჩევამ „იზრუნა“!). რელიგიური მიდგომა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. ბიბლიის თანახმად, ადამიანს ღვთის ხატია, ხოლო ყველა მანკიერება კი სატანის „მოღვაწეობის“ შედეგი.
ბიოლოგიური მიდგომა თუ ვაღიარეთ, მაშინ აგრესიულობის პრევენციისთვის „შინაგანი მხეცის“ გაკოჭვა მოგვიწევს. სწორედ ამას ემსახურება სისხლის სამართლის კოდექსი. მაგრამ თუკი „ბრჭყალები“ და „ეშვები“ მწარე გამოცდილების საფუძველზე „წამოგვეზარდა“, საქმე მთლად ცუდად არ გვქონია. რელიგიური მიდგომის თანახმად, აქ კეთილი მოძღვრის ხელია საჭირო; ხოლო მეცნიერული მიდგომა ფსიქოკორექციის სხვადასხვა სისტემებს გვთავაზობს.
სიძულვილის გაკვეთილები
შეგახსენებთ 2005 წლის გახმაურებული რეალითი–შოუ „ბარი–1“–ის გარშემო აზვირთებული ვნებათაღელვის პერიპეტიებს:
– ეს გარყვნილებაა და ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება! – გაჰკიოდნენ მოწინააღმდეგენი.
– რასაც უყურებთ, მხოლოდ და მხოლოდ რეალობის ანარეკლია! – პასუხობდნენ ოპონენტები.
თქვენი მონა–მორჩილი კი შოუს ერთ–ერთი მონაწილის, მარი ნაკანის სიტყვებმა დააფიქრა:
– ამ შოუმ ბევრი რამ მასწავლა. მივხვდი, რომ ყველა პრობლემა დამოუკიდებლად უნდა მოვაგვარო. 9 აპრილის მიტინგზე მისულ ხალხს და აფხაზეთში წასულ მეომრებს ერთიანობის განცდა ჰქონდათ. ეს ილუზიაა. სინამდვილეში მარტონი ვართ და საკუთარ თავს თვითონ უნდა მივხედოთ!
ცხოვრებამ ამ გოგონას ძალზე ბოროტი გაკვეთილი ჩაუტარა. საუბედუროდ უნდა ვაღიაროთ: როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე ისტორიულად აგრესიულობა ადამიანთა მოდგმის განუყოფელი თვისებაა. ამაში უკანასკნელი პერიოდის მოვლენებიც გვარწმუნებს. გავიხსენოთ, თუნდაც, სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინარეთის დემონტაჟი მოახდინა. მიზეზად კი სამშენებლო მასალის წესების დარღვევით შემოტანა დაასახელა. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მაშინვე განაცხადეს რომ მინარეთის ხელახლა აღმართვას არავის დაანებებდნენ; მრევლმაც თავი გამოიდო. მომხდარმა ადგილობრივ მუსლიმთა მწვავე რეაქცია გამოიწვია, ხოლო მათი სულიერი წინამძღვარი გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამშენებლო მასალები მოქმედი წესების დარღვევით იქნა შემოტანილი, პრობლემის მოგვარება ყოველგვარი შეხლა–შემოხლის გარეშე შეიძლებოდა. სახელმწიფო თავისი მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდა (რბილად რომ ვთქვათ!), ხოლო ეკლესიის მესვეურთა და მრევლის აგრესიული საქციელი ქსენოფობიის თვალსაჩინო მაგალითია.
ჩვევა, თუ ბუნება?
ძნელი სათქმელია ბუნებით ვართ ასე აგრესიულნი, თუ ევოლუციის პერიპეტიებმა გაგვაბოროტა. ამ საკითხზე დისკუსია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ფაქტი ჯიუტია: დედამიწის ზურგზე არსებობს ორად–ორი არსება, რომელსაც თვისტომის უმიზეზოდ „დაჩმორება“ სიამოვნებს. ეს არის ადამიანი და მისი უახლოესი ნათესავი შიმპანზე (ჩვენი გენები ერთმანეთს 98,7 %–ით ემთხვევა). მამრი შიმპანზეები „სპორტული ინტერესისთვის“ ჩაგრავენ სუსტ პრიმატებს, ურტყავენ „ცოლებს“ და „სხვის ქალებს“ აუპატიურებენ. ზოგადად, ვეგეტერიანელები არიან, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ამ ბოლო ხანს ბავშვების მოტაცება და შეჭმა დაიწყეს. მეცნიერები ამ ფაქტს ტყეების განადგურებასა და ბუნებრივი საკვების შემცირებას უკავშირებენ.
პარალელი: ოდესღაც დიდმა გამყინვარებამ დედამიწის მცენარეული საფარის დიდი ნაწილი გაანადგურა. ჩვენმა ვეგეტერიანელმა წინაპრებმაც ხორცი პირველად სწორედ მაშინ იგემეს.
როგორც უკვე აღინიშნა, თუკი აგრესიას თანდაყოლილ თვისებად ვაღიარებთ, მაშინ მისი პრევენციისთვის „გაკოჭვის“ პოლიტიკა უნდა ვარჩიოთ. ხოლო თუკი უპირატესობას რელიგურ მიდგომას მივანიჭებთ, კეთილი მოძღვრის როლზე პრეტენზიას ეკლესია აცხადებს. ამ სტრიქონების ავტორის აზრით ორივე ალტერნატივა იმთავითვე განწირულია. რატომ? ამაზე ისტორიის გაკვეთილები მეტყველებს. „გაკოჭვის პოლიტიკა“ ყოველთვის საპირისპირო შედეგს იძლევა. რა მოგვცა, მაგალითად, რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ? კუსტარულ ნარკოტიკებზე „შემჯდარ“ ნარკომანთა ლეგიონები და აყვავებული ნარკობიზნესი!
პარალელი: „მშრალი კანონის“ პერიოდში მთელი ამერიკა გატაცებით ლოთობდა. „კოზა ნოსტრას“ ნათლიმამებიც თავს არ ზოგავდნენ – ოპერატიულად ამარაგებდნენ ხალხს საეჭვო ხარისხის სასმელით (არაფერი გეცნოთ?).
რაც შეეხება რელიგიურ გზას, ეკლესიამ ოდესღაც „კეთილი ხელის“ ფუნქცია ხალისით იტვირთა, მაგრამ მოგვიანებით ავტორიტარულ სისტემად გარდაიქმნა და „გაკოჭვა–თავში ჩარტყმის“ იარაღად იქცა. მაგალითად „კუდიანებზე ნადირობაც“ იკმარებს. რაც შეეხება ჩვენს მოძღრებს, მათ შორის ნამდვილად არიან ჭეშმარიტად ღირსეულნი, მაგრამ „აღლუმი“ არც თუ სიკეთით სავსე ხალხს მიჰყავს. საკმარისია გავიხსენოთ მამაოები, რომლებმაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე მოქალაქეებს აგრესიულობის გაკვეთილები ჩაუტარეს.
სამოთხიდან განდევნილნი
თქვენი მონა–მორჩილი იმ აზრს იზიარებს, რომ ადამიანი ნამდვილად ღვთის ხატია და თუკი საკითხს ფილოსოფიურად მივუდგებით, ცუდი ხალხი ნამდვილად არ არსებობს. ეს პოზიცია ძალზე საინტერესოდაა მოწოდებული ბულგაკოვის რომანში „ოსტატი და მარგარიტა“: „სულ რომ გაიძახი: „კეთილი ხალხიო“.. რა, ყველა ასეთი გგონია?“ – ეკითხება პილატე იეშუას. „დიახ, ყველა!... ბოროტი ხალხი არ არსებობს!“– პასუხობს მაცხოვარი.
სავარაუდოდ, ჩვენი უძველესი წინაპრები სიძულვილს არ ანთხევდნენ; აგრესიულმა იმპულსებმა მოგვიანებით იმძლავრა. რა მაძლევს ამის მტკიცების საფუძველს? ყველა უძველესი ხალხის მითოლოგიაში (ელინები, სპარსელები, შუმერები, აცტეკები) არსებობს ე.წ. „ოქროს ხანის“ სიუჟეტი. ხალხი ამ დროს ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობდა. ბუნებაც უხვად ამარაგებდა სარჩოთი და სხვადასხვა სიკეთეებით. მითის თანახმად, დროთა განმავლობაში ადამიანები გაბოროტდნენ და სასჯელმაც არ დააყოვნა: ბუნება მკაცრი და ულმობელი გახდა. ეს მოტივი აისახა ჰესიოდეს თხზულებაში „ოქროს“, „ვერცხლის“, „სპილენძის“ და „რკინის“ თაობების შესახებ: ყოველი შემდგომი თაობა წინაზე ბოროტი და აგრესიული იყო. სკეპტიკურად გაღიმებას ნუ იჩქარებთ: მითოლოგიურმა აზროვნებამ რეალური მოვლენები ფანტასტიკურ ალეგორიებად „გადაადნო“, ხოლო ზეპირსიტყვიერებამ წინაპართა გზავნილი მომავალ თაობებს გადასცა.
პარალელი: ისტორიკოსი ი. ფურსოვი ზემო პალეოლითის დროინდელ ე.წ. „სასურსათო კრიზისზე“ მიუთითებს: გამრავლებულმა კაცობრიობამ ფლორა და ფაუნა კატასტროფულად „გამოხშირა“. მოგვიანებით, გამყინვარებამ კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა და მოსახლეობა 75-85%-ით შემცირდა. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მითოლოგიურმა აზროვნებამ მიზეზი შედეგად აქცია: ადამიანის გაბოროტებამ კი არ გაამკაცრა ბუნება, არამედ ბუნების გამკაცრებამ დაამშია და გააბოროტა ადამიანი. მას შემდეგ კაცობრიობის ყოფა პერმანენტული ძალადობის „ვორქშოფია“. ბიოლოგიურ მიდგომაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი: გადარჩნენ და გამრავლდნენ ყველაზე სასტიკნი, ხოლო შეძენილი უნარები მყარ ჩვევად ჩამოყალიბდა. საუბედუროდ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია: რესურსების წყაროებისთვის დღესაც დაუნდობელი ბატალიები მიმდინარეობს; განსხვავება მხოლოდ აგრესიის ფორმებშია.
უძველესი სამოთხის ნაშთები ისტორიის უახლეს ხანამდე შემორჩა. ერიხ ფრომმა სამასამდე ტომის ყოფა შეისწავლა და გამოვლენილი სოციალურ–კულტურული მრავალფეროვნება სამი ტიპის (A, B, და C) კულტურად დაალაგა. A ტიპის კულტურა თავისი არსით ლიბერალურია. სიკეთე, მხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა მატერიალურ სიკეთეებზე ძვირად ფასობს, ხოლო ხალხი გახსნილი და კეთილგანწყობილია. ამ ტიპის კულტურას ფრომმა სიცოცხლისმოყვარული უწოდა. ალბათ, დაინტერესდით, სად მონახა ეს მიწიერი სამოთხე. ვერაფრით განუგეშებთ: ასე მხოლოდ ამერიკელ ინდიელთა და, აგრევე, ესკიმოსთა ზოგიერთი ტომი ცხოვრობდა; ისიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში. B კულტურა უკიდურესად ავტორიტარულია. აქ ადამიანს სოციალური სტატუსით აფასებენ, შესაბამისად, „სხვა წრის“ ხალხს თავს არავინ გაუყადრებს. მიღებული ნორმების დარღვევა მკაცრად ისჯება. საზოგადოებრივი ცხოვრება მეტოქეობა– ქიშპობაზეა აგებული: თუკი ვინმეს „დააჩმორებ“ – მაგარი ხარ. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო უფრო B ტიპის ნიმუშებს წარმოგვიდგენს. საქართველოც, ზოგადად, B კულტურას უნდა მოვაკუთვნოთ. C კულტურას ფრომმა ნეკროფილური უწოდა. აქაც რეპრესიულ–ამკრძალავი ნორმები ბატონობს. განსხვავება აგრესიულობის ხარისხშია (წესების დამრღვევი, შესაძლოა, ფიზიკურად გაანადგურონ).
ასეთ ფართო ექსკურსი იმის წარმოსაჩენად დაგვჭირდა, რომ აგრესიულობა სრულებითაც არ არის დაუძლეველი თვისება. თუკი ერთმანეთის ცემა–ტყეპა და ხოცვა წარმატებით ავითვისეთ, არც სიკეთის ათვისება ყოფილა პრინციპულად შეუძლებელი. რა გვიშლის ხელს რომ მომავალ თაობებს შესაბამისი გაკვეთილები ჩავუტაროთ და, პარალელურად, საკუთარი თავიც აღვზარდოთ?!..