Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრთხილად, „გარანტია“!

24 ოქტომბერი 2013

შეგიმჩნევიათ მაღაზიაში წარწერა იმის თაობაზე, რომ „გაყიდული ნივთი უკან არ მიიღება“? ყურადღებით იყავით! ასეთი წარწერის „ფონზე“ ნივთს შეძენა ნიშნავს, რომ თქვენ ამ პირობაზე დათანხმდით! ერთი შეხედვით ეს პირობა შეიძლება ისე გავიგოთ, რომ იგი არ გვაძლევს უფლებას მაღაზიიდან გატანილი ნივთის შეძენა „გადავიფიქროთ“ და ნივთი უკან მოვაბრუნოთ. მაგრამ სამწუხაროდ, მონდომების შემთხვევაში, ამ წარწერის ინტერპრეტაცია ისეც შეიძლება, რომ იგი არა მხოლოდ უნაკლო, არამედ ნაკლის მქონე ნივთებზეც ვრცელდება და მასზე დათანხმებით თქვენ ნაკლიანი ნივთის უკან დაბრუნების ან გამოცვლის უფლებაც შეიძლება დაკარგოთ! აუცილებლად გაარკვიეთ მაღაზიაში, რა უფლებები გაქვთ ნივთის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში და თუ გითხრეს, რომ ეს წარწერა ნაკლიან ნივთებსაც ეხება - მოერიდეთ ამ მაღაზიასთან ურთიერთობას!

ქვეყანაში  ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის კერძო ხასიათის ქონებრივ ურთიერთობებს, მათ შორის ურთიერთობას მყიდველსა და გამყიდველს შორის,   საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.  კოდექსი ადგენს,  რომ გამყიდველმა მყიდველს უნაკლო ნივთი უნდა გადასცეს.  უნაკლოდ კი ის ნივთი ითვლება, რომელიც ზუსტად იმ ხარისხისაა, რაზეც მყიდველი და გამყიდველი შეთანხმდნენ.   მაგალითად, თუკი მყიდველმა წინასწარ აცნობა გამყიდველს, კონკრეტულად რა მიზნით უნდოდა შესაძენი ნივთის გამოყენება და გამყიდველმა იგი დაარწმუნა, რომ ნივთი ამ მიზნისთვის გამოსადეგი იყო.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ამ მიზნისთვის მართლაც გამოსადეგი აღმოჩნდა. თუ ასე არ არის, მყიდველს უფლება აქვს უკან მიაბრუნოს ნივთი და მოითხოვოს, რომ ან გამოუცვალონ,  ან უფასოდ შეუკეთონ, _რომ მან ისეთი ნივთი  მიიღოს, როგორსაც შეპირდნენ.  ნაკლის გამო მყიდველს შეუძლია სულაც გადაიფიქროს ნივთის ყიდვა და მისი უკან დაბრუნება მოითხოვოს. გამყიდველი ვალდებულია ეს მოთხოვნები დააკაყოფილოს.

ეს რა კარგი სამოქალაქო კოდექსი გვქონია, არა? თუმცა, ეს უფლებები მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუკი გამყიდველთან  რაიმე დამატებით ხელშეკრულებას არ დადებთ. მაგალითად, თუკი არ დათანხმდებით იმ წარწერას რომ “გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება” ან ე.წ. “საგარანტიო ხელშეკრულებას”.

მაგალითად, ჩვენ ხელთ გვაქვს სამი სხვადასხვა მაღაზიის მიერ გაცემული საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც დადგენილია, რომ ნივთის გამოცვლა შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. „ქარხნული დეფექტის“ აღმოჩენის შემთხვევაში (რომელიც არსად არ განიმარტება) და ისიც ნივთის შეძენიდან 3, 5 ან 7 დღის განმავლობაში. ამ მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების ვარგისიანობის ვადა ნამდვილად არ არის 3 დღე ან 1 კვირა - ერთ შემთხვევაში შეძენილია მაღალი კლასის მობილური ტელეფონი, დანარჩენ ორ შემთხვევაში  კი - პერსონალური კომპიუტერი. ამ საგარანტიო ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებელს, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მათი უკან მიბრუნების ან გამოცვლის უფლება სულ ცოტა 1 წლის მანძილზე ექნებოდა. ამ ხელშეკრულებებით კი მან ამ უფლებებზე ფაქტიურად უარი თქვა - ნივთის შეძენიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მას ეს უფლებები ეკარგება.

მაგრამ იქნებ ეს საგარანტიო ხელშეკრულებები რაიმე ისეთს სთავაზობს მომხმარებელს, რომ ამ მსხვერპლად ღირდეს? სამწუხაროდ არც აქ არის მდგომარეობა სახარბიელო.

მაგალითად, თუკი გაცემული საგარანტიო ფურცელი - ნივთის გაყიდვიდან 1 წლის განმავლობაში იგი მომხმარებელს გაყიდული მაკბუკის უფასო შეკეთებას ჰპირდება. თუმცა აქ იწყება „მაგრამ“, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ: პირველ რიგში, გარანტია არ ვრცელდება იმაზე, რაც ყველაზე იოლად ფუჭდება: პროგრამულ უზრუნველყოფაზე , აკუმულატორზე და მის დამტენზე. გარდა ამისა, გარანტია არ ვრცელდება ელექტროსაქონლის დაზიანების ყველაზე ხშირ მიზეზებზე: დავარდნაზე, დანესტიანებაზე, დენის ძაბვის ცვალებადობაზე. და უფრო მეტიც, დოკუმენტს გულდასმით თუ წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს „გარანტია“ კომპიუტერის ჩვეულებრივ მუშაობაზეც კი არ ვრცელდება! ამაზე მიუთითებს საგარანტიო ტალონში ძალიან საინტერესო ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ნივთის უფასო შეკეთება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ მას „ქარხნული დეფექტი“ აღმოაჩნდა. იცით, რას ნიშნავს „ქარხნული დეფექტი“? არა. არ იცით. და არც მე ვიცი. და არც არავინ იცის - ქართული სამართლებრივი სივრცე ამ ტერმინს საერთოდ არ იცნობს. შესაბამისად, მას ყველა ისე იგებს, როგორც აწყობს.

აი მაგალითად, თქვენ იყიდეთ 2500 ლარიანი ნოუთბუქი 1 წლიანი „გარანტიით“ და 7 თვეში (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უფრთხილდებოდით) მეხსიერების ბლოკი გადაიწვა. თქვენ გგონიათ, რომ ეს ნაწილი უხარისხო იყო და იმიტომ გადაიწვა. ანუ სახეზეა სწორედ ის „ქარხნული დეფექტი“, რაზეც გარანტიაშია საუბარი. მიგაქვთ კომპიუტერი სერვის-ცენტრში დიაგნოსტიკაზე და იგებთ იცით რას? რომ თურმე „მყარი მეხსიერების დაზიანება არ წარმოადგენს ქარხნულ წუნს“ ვინაიდან იგი გამოწვეულია კომპიუტერის „ზედმეტად გადატვირთული მუშაობით“ .

თქვენ ალბათ აღშფოთდებით, მოითხოვთ ინსტრუქციას, სადაც წერია, რომ კომპიუტერი „ზედმეტად“ არ უნდა დაგეტვირთათ და საერთოდ რას ნიშნავს კომპიუერის „ზედმეტი“ და არა-ზედმეტი დატვირთვა? შეიძლება ალტერნატიული ექსპერტიზაც კი მოითხოვოთ - და სულ ტყუილად! იშვიათი გამონაკლისების გარდა პრაქტიკულად არც ერთი სამომხმარებლო საქონლის ალტერნატიული ექსპერტიზის შესაძლებლობა საქართველოში  არ არსებობს. უცხოეთში ექსპერტიზასაც აზრი აღარ აქვს - კომპიუტერზე ხომ პლომბები დარღვეულია (ქართულმა სერვის-ცენტრმა იგი გახსნა), სრულებით არ არის გამორიცხული, რომ მასში რაიმე შეეცვალა კიდეც და თქვენი სიმართლის დამტკიცება უკვე ძალზე გართულებულია ან შეუძლებელიც კია.

ასე რომ, თურმე, ამ გარანტიით ნივთს უფასოდ შეგიკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მათივე დადგენილ რაღაც ჩვენთვის უცნობ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ _ თუკი მოეხასიათებათ. და რატომ უნდა მოეხასიათოთ? სერვის-ცენტრი ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია! როგორც ყველა ბიზნესი, ის დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი მოიგოს. როგორ ფიქრობთ, რა უფრო მომგებიანია მისთვის, ნივთის უფასოდ შეკეთება თუ ფასიანად? ცხადია, ფულის აღებაში უფრო დაინტერესებულია, არა?

ხოდა ეხლა დავფიქრდეთ: რა დარჩა ასეთი საგარანტიო ფურცლიდან, რაში გადგებათ ის? არაფერში. ის რეალურად გამყიდველს ადგება - თქვენ ხომ ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერეთ , რითაც ნაკლიანი ნივთის დაბრუნების და გამოცვლის კანონიერ უფლებაზე უარი თქვით. სანაცვლოდ კი მიიღეთ შეპირება, რომ ნივთს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეგიკეთებენ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სერვის ცენტრი ასე მოისურვებს. ვაღიაროთ, მომხმარებლებო, _ ეს „გარანტია“ სხვა არაფერია თუ არა ჩვენი მოტყუება. ამ გარანტიის მიზანი არა მომხმარებლის, არამედ მაღაზიის დაცვაა - კანონის მიერ გამყიდველისთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან. „გარანტია“ ამ დოკუმენტს მხოლოდ ჰქვია. რეალურად ის მომხმარებლის დაკაბალებაა, მის მიერ მის კანონიერ უფლებებზე უარის თქმა ... არაფრის სანაცვლოდ.

ლია თოდუა

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^