საქართველოს მომავალ პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,
საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს,
ქართველ ხალხს!
მოგმართავთ ქართველი მწერლები, საზოგადოების წარმომადგენლები, მოქალაქეები კონკრეტული მოთხოვნით, არ დაუშვათ ხაიშის დატბორვა!
ხელისუფლება გვიცხადებს, რომ ხუდონჰესის, სხვა დიდი ჰესების აშენება აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის. რადგან პრაგმატულ არგუმენტს გვთავაზობთ, ჩვენც პრაგმატულ ენაზე დაგელაპარაკებით, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე.
ქვეყნის მმართველებო, დაგვიმტკიცეთ ეს რეალისტური გაანგარიშებებით, ციფრებით ხელში, შემოდით დიალოგში - გაიხსენეთ, რომ ჩვენი არჩეული ხართ, ეს ჩვენ მოგეცით ხმა. იმისთვის აგირჩიეთ, რომ გვემსახუროთ!
როგორც ცნობილია, ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 91% თურქეთში უნდა გაიყიდოს, საქართველოს წილი ორთაჭალჰესის ან ზაჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ტოლფარდი იქნება, მოგება დარჩება კერძო კომპანიას, ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას”, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტში გადასახდის სახით წელიწადში დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეიტანს, რაც რომელიმე დიდი სუპერმაკეტის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხაზე ნაკლებია. ამასთანავე, მიწა, ტყის ფართობი, საბჭოთა პერიოდში აშენებული ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კომპანიას 1 დოლარად გადაეცა, ხოლო ამ ქონების გამოსყიდვა ქვეყანას მხოლოდ კომერციულ ფასად შეუძლია. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პროექტის შემოთავაზებული გეგმით განხორციელების შემთხვევაში, განადგურდება უფრო მეტი ტყე, ვიდრე ეს მოხდა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად. მაშინ, ბორჯომის ხეობაში გარემოზე მიყენებული ზიანი სამთავრობო კომისიამ 1 მილიარდ დოლარად შეაფასა და ეკოციდი უწოდა. დამატებით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს საერთაშორისო ვალის საფასურად აუშენოს გადამცემი ხაზი კომპანია შპს „ტრანსელექტრიკას“, რომლითაც ის ელექტროენერგიას გაიტანს თურქეთში, ანუ სახელმწიფომ კიდევ დაახლოებით 300 მილიონი დოლარი უნდა გაიღოს ხუდონჰესის მშენებელი კომპანიის სასარგებლოდ.
მოვითხოვთ, მოუკერძოებელმა ექსპერტებმა შეაფასონ კონტრაქტი, განსაზღვრონ, რა დევს სასწორის პინაზე, რას ვკარგავთ და რას ვიღებთ რეალურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოსთვის ესოდენ წამგებიანი ხელშეკრულების გამო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რომელიც ”ტრანსელექტრიკამ” მოამზადა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ 111 შენიშვნა დაურთო, ანუ კვლევა თავიდანაა ჩასატარებელი. უფრო მწვავე შენიშვნები აქვთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. დიდი ჰესების მშენებლობა გაუმერთლებელ რისკთანაა დაკავშირებული - კაშხალის რღვევას კატასტროფული შეგედეგები მოჰყვება.
არადა, არსებობს ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული გზები (მზის, ქარის ჰიდროთერმალური და სხვ.). ხელისუფლება გვეუბნება, ამ სახის ენერგია ძალზე ძვირიაო - სინამდვილში, ტექნიკური წინსვლის შედეგად, მსგავსი ენერგია მეტად გაიაფებულია.
ცივილიზებულ სამყაროში, ევროპასა და ამერიკაში, XX საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა მოსახლების აყრა-გადასახლება ჰესის აშენების მიზეზით. თურქეთშიც კი, რომელიც დემოკრატიულობით არ ბრწყინავს, ვერ დატბორეს სოფელი, რომლის მოსახლეობამ გადასახლებაზე უარი თქვა - კაშხალი დაადაბლეს და სოფელი გადარჩა.
მოგიწოდებთ ღია, საჯარო დიალოგისკენ, რაც ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობას აღადგენს. მოვითხოვთ ხაიშის თემის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების პატივისცემას!
მოგიწოდებთ წარმოადგინოთ ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების გენერალური გეგმა!
მოვითხოვთ დასავლეთიდან მოწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასონ საქართველოში 14 დიდი ჰესის აშენების მიზანშეწონილობა - მათი დასკვნა საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს! საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მონაწილეობდეს - ერთპიროვნული მმართველობა დრომოჭმული და დამღუპველია!
მივმართავთ ქართულ საზოგადოებას! მეგობრებო, სანამ სვანეთში უბედურება დატრიალებულა, სანამ ხელისუფლებას ძალის გამოყენების ცდუნება გასჩენია, სანამ შეფიცულთა სისხლი დაღვრილა, ხმა ავიმაღლოთ, დავიცვათ ხაიში, სვანეთი და მთელი საქართველო!
ირაკლი ლომოური, მარიამ წიკლაური, შოთა იათაშვილი, ლალი ახალაია,
ნოდარ კვიჟინაძე, თამარ სიხარულიძე, კატო ჯავახიშვილი, დარეჯან ბრეგვაძე,
მანანა ღვინერია, ზურა პაპიაშვილი, ანა გრიგალაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი,
ლადო კილასონია, ინა არჩუაშვილი, ბექა ქურხული, არჩილ ქიქოძე, გია ბენიძე,
ნიკოლოზ წიქარიძე, თამარ გაჩეჩილაძე, მარიამ გურგენიძე, თეა გალდავა,
დავით ჭელიძე, მანანა დუმბაძე, ვახტანგ ზარქუა, მალხაზ ხარბედია,
ხატია მაღლაფერიძე, მაქი კვიციანი, ნინო ჩხიკვიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი,
მარინე ტარასაშვილი, დავით ზარდიაშვილი, ქეთი ქანთარია, ნანა ჭრელაშვილი
ქეთი გუჯარაიძე, ნუგზარ ზაზანაშვილი, დევი ბერძენიშვილი, ლელა საღლიანი,
ნინო ყვავილაშვილი, თამარ ტაბიძე, თამარ გურჩიანი, ნათია დუნდუა,
ნანა გამყრელიძე, მარიკა ლაფაური-ბურკ, ირაკლი მაჭარაშვილი, ია თაბაგარი,
მარიკა ტყეშელაშვილი, რუსუდან იოსელიანი, თინათინ ჭავჭანიძე, ციური მელიქიძე,
ლევან ლორთქიფანიძე, დავით ჭიპაშვილი, ანი გელაშვილი, მარიამ წიქარიძე,
მაია გედევანიშვილი, თამარ ტვილდიანი, გივი ანთიძე, ნატალია ქურდიანი,
ნოდარ ბეგიაშვილი, მარინე გეგელაშვილი, თინათინ მჭედლიშვილი, ნანა ლომჯარია,
ნინო გოგიჩაიშვილი, ზაზა ფირალიშვილი, მარიკა რამიშვილი, მარინა ჭავჭანიძე,
გვანცა ჩიქოვანი, ლალი ჩხაიძე, ლუარა გურჩიანი, ნათია გურჩიანი,
იამზე არღვლიანი, ნესტან არღვლიანი, მანანა შაფათავა, ლია გერლიანი,
ინგა სუბელიანი, მარინა ისაიანი, ციური მელიქიძე, ქეთევან არღვლიანი,
დავით კობერიძე, გია აბაზაძე, თეიკო მგალობლიშვილი, მანანა ქოჩლაძე,
ეკატერინე ლომიძე, ცირა ბითაძე, მანანა გაბაშვილი, გიორგი გამსახურდია,
ელისო ჩუბინიშვილი,
(ხელმოწერები გრძელდება. მსურველები დამიკავშირდით ფეისბუქზე ან მეილზე:
[email protected] )