ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის (შედგომში “ეკლესია”) საწინააღმდეგო ბევრი არაფერი მექნებოდა, თუ ის საზოგადოებისთვის სასარგებლო ფუნქციას აიღებდა. ორგანიზებულ რელიგიებს ეჭვით კი ვუყურებ, მაგრამ გახლეჩილი საზოგადოებების გამთლიანებაში მათი პოტენციალის აღიარებაც არ მიჭირს. ძალადობის ქადაგების, დაგეგმვისა და განხორციელების ნორმად ქცევით ეკლესია არც ერთ ადამიანს არ ეხმარება. მაჩვენეთ, ვინ გახდა უკეთესი იმით, თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ სიძულვილით რომ დაიმძიმა სული და გული?
2013 წლის 17 მაისისთვის თბილისის ყველა ბინაში პროკლამაციის მიტანა და სხვადასხვა ეპარქიიდან “მრევლის” ორგანიზებული ჩამოყვანა საქართველოს ფინანსურად და ადამიანურად ძვირი დაუჯდა. ლეგენდები დადის საწვავისა და ავტობუსის ხარჯებზე, რაც ათიათასობით ადამიანის მობილიზებას დასჭირდა. დღემდე მოუშუშებელია ადამიანური ზიანი. ეკლესიამ ამ დღეს ქვეყნის სახელი ტალახში ათრია და ველური, არაცივილიზებული ქვეყნების რიგში საქართველოს უსამართლოდ მიუჩინა ადგილი. “უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონაო”, კონკრეტულად ჩვენს ეკლესიაზე უთქვამს ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუციის პრობლემური მიდრეკილება - დაშორებოდა ქრისტეს გზას - ჩვენი წინაპრებისთვის შეთანხმებული საგანი იყო. გამოთქმა აქტუალობას ინარჩუნებს. მართალია, საქართველოში გავლენიანი ადგილი აქვს მოპოვებული, თუმცა პატრონი დიდი ხანია აღარ ჰყავს.
ქვეყანაში მრავალი ქრისტიანული დენომინაცია მოღვაწეობს, რომელთა სახელით იმაზე გაცილებით განათლებული, მოაზროვნე და ქრისტესმიერი სიყვარულით განმსჭვალული ადამიანები საუბრობენ, ვიდრე საპატრიარქოს თუნდაც ყველაზე “ლიბერალური” წარმომადგენელი, რომელმაც ამ გამოცემის ფურცლებზეც კი არ დაგვინდო კაცთმოძულე აზრებისაგან. ეკლესია, რომელმაც განვლილი 20 წლის განმავლობაში განუზომელი ძალაუფლება და ფული მოიხვეჭა, ახლა სიკეთისა და ქველმოქმედების, ქართველობისა და ადამიანობის გაგებაზე სრულ ბატონობას მიელტვის. სახელმწიფოსგან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებულ დაწესებულებაში ჯერ ქრისტეს გზა დაივიწყეს, შემდეგ კი უკანმოუხედავად გადაეშვნენ ძალაუფლების მორევში. ზომიერებაზე უარნათქვამ სასულიერო პირთა ერთობას ბიბლიისკენ აღარც გაუხედავს. სახარება აღარ გამხდარა მათთვის ცოდნისა და შთაგონების წყარო. ეკლესიაში ამპარტავნებამ დაისადგურა და სათნოებისგან დაცლილი სასულიერო პირები თვითშემოქმედებას მიეცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია კრიტიკის სამიზნე იშვიათად ხდება, 2012 და 2013 წლების 17 მაისს გამოვლენილმა უპრეცედენტო ძალადობამ მაინც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მაისის მოვლენების გაშუქებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დისკუსიებში ეკლესიის მისიაზე, სახელმწიფოს მიერ გადარიცხულ მილიონების გაუკონტროლებელ ხარჯვასა და ქველმოქმედების საკითხებზე იმსჯელეს. შედეგად, ეს გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე დაიხურა ან დახურვის საფრთხის წინაშე დადგა.
ამ ინსტიტუციამ მკაცრად დაადგინა თუ რომელი სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები არ არიან ადამიანის ტიტულის ტარების ღირსნი და ვის ეკრძალება სხვათა დახმარება. დესტრუქციული როლი ადამიანების ხარისხებად დაყოფითა და ქვეყნის შიდა ნორმების განსაზღვრით არ დასრულებულა. ეკლესიას არც საგარეო პოლიტიკა დარჩენია ყურადღების მიღმა, რაც ასევე პრობლემურია. რამდენიმე წლის განმავლობაში დემონიზაციის აქტიური კამპანიით, ქართველის ყური შეაჩვიეს რუსეთისა თუ საყოველთაო სიღარიბის მარწუხებისგან საქართველოს მხსნელი დასავლეთის მტრად შემოსაღებას. და სწორედ მაშინ, როდესაც გვეგონა მეტი დაცინვა შეუძლებელი იქნებოდა, საპატრიარქოში ღიად დაიწყეს საქართველოს ისტორიაში დადასტურებულად ყველაზე დიდი მტრის, რუსეთის თაყვანისცემა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქართველების დამხოცავ რუსულ ბომბებს საპატრიარქოს ოფიციალური პრესა - ღვთის მადლად, ხოლო მისი წინამძღოლი პუტინს “ბრძენ ადამიანად” გვასაღებდა.
მეშვიდე წელია სოციალური სამუშაოს მაგისტრანტ სტუდენტებთან “სოციალური სააგენტოების მართვასა და ადმინისტრირებას” ვკითხულობ. მეშვიდე წელია პირველ ლექციას ორგანიზაციის მისიის ერთგულებაზე საუბარს ვუთმობთ. ორგანიზაციის გადარჩენისთვის ორგანიზაციული მისიის ერთგულება გადამწყვეტია. ადამიანები ორგანიზაციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ვიბადებით ორგანიზაციაში და სიცოცხლის დიდ ნაწილს ორგანიზაციებთან (სკოლები, ეკლესიები, სპორტული ცენტრები, საავადმყოფოები, გართობის ადგილები) ურთიერთობაში ვატარებთ. გაზრდილია მოლოდინებიც, რადგან მანამდე კერძოდ მიჩნეული ფუნქციები ორგანიზაციებმა გადაიბარეს.
საზოგადოებრივი შემწეობით მოქმედი ორგანიზაციები (ეკლესია ერთი მათგანია) პირადი კრიზისების დროს მოწყვლად მოქალაქეებს უნდა ეხმარებოდნენ. ეკლესიის მისია ადამიანების უშუალო დახმარება და მათ სულიერ და ფიზიკურ გაჯანსაღებაზე ზრუნვაა. ასე ვიცით ჩვენ. სამაგიეროდ, უცნობია, თუ რატომ მიეცა დავიწყებას ეს ფუნქცია ან რატომ გადაიქცა ამ ინსტიტუტის ძირითად მისიად საეჭვო წარმომავლობის რიტუალების შესრულება და ადამიანებში სიმახინჯეების ძიების ვნება. მაგალითად, რატომ კარგავენ უძვირფასეს დროს ქართველი მღვდლები იმის ქადაგებაზე, აფრიკელები ცოდვის გამო გააშავა ღმერთმა, თუ იაპონიას ცოდვები გამო დაატყდა ცუნამი? რატომ იყო მწირი კვებით გარდაცვლილი გოგიტას შესახებ კითხვაზე პასუხი ის, რომ ის “მუსლიმურ ოჯახში იყო დაბადებული?”
ადამიანებზე ზრუნვისთვის დაარსებულ ფორმალურ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანმა სასურველია იცოდეს, რომ ფორმალური ორგანიზაციის გამართული მუშაობისთვის ორგანიზაციის ისეთი პოლიტიკა, წესები და პროცედურებია გადამწყვეტი, რომლებიც ორგანიზაციის გაცხადებულ მისიასა და მიზნებს ემსახურება. მისიის მსახურება ნიშნავს ორგანიზაციის წევრების გარეგან და შინაგან მოთხოვნებზე ორგანიზაციის პოლიტიკის მორგებას. ორგანიზაცია წევრებისთვის არსებობს. ორგანიზაცია, რომელიც წევრების მიღმა ეძიებს გავლენას, სხვა ადამიანებზეც ხდება პასუხისმგებელი. თუ ეკლესია არა მხოლოდ მართლმადიდებელი მორწმუნეებისგან, არამედ მთლიანად სახელმწიფოსგან იღებს შემოწირულობას, მისი მოვალეობა გოგიტასა და სხვებზე ზრუნვაც იყო. ამიტომ, თუ ორგანიზაციის გაცხადებული მისია და პოლიტიკა ერთმანეთს აღარ ემთხვევა, კრიზისი გარდაუვალია. სად უნდა ველოდოთ კრიზისს?
ეკლესიის მატერიალური სიმდიდრე განუზომლად იზრდება, ხოლო იმ ადამიანთა მდგომარეობა, ვის დასახმარებლადაც ეს ორგანიზაციაა მოწოდებული, სწრაფად უარესდება. ხშირად გვესმის შიმშილით გარდაცვლილი თანამოქალაქეების შესახებ. უსახლკარო, სანაგვეებში საკვების ნარჩენის მაძებარი მოხუცები თუ მცირეწლოვანი ბავშვები ქუჩებში მრავლად გვხვდებიან. ამ დროს ეკლესია, რომელიც უპოვართა დასახმარებლად და ადამიანთა სულიერი გაჯანსაღებისთვის არის დაარსებული, 600.000 დოლარს მხოლოდ ერთი ტაძრის გუმბათის მოოქროებისთვის ხარჯავს.
პარადოქსია, ყველაზე უპასუხისმგებლოდ ისეთი ორგანიზაცია იქცევა, რომელიც ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ადამიანებზე. მისი ამოცანა მისი მიმდევრებისა და სხვა მოქალაქეების წინაშე არსებული მრავალმხრივი გამოწვევებისთვის ეფექტური პასუხების მოძიება უნდა იყოს. ასევე უნდა ინარჩუნებდეს კარგად აწყობილ შიდა ეროვნულ ურთიერთობებს. ამის საპირისპიროდ კი, ის სიძულვილის ღია პროპაგანდით არის დაკავებული. ის იქცევა როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია, რომელიც მიმდევრებს სულიერ და მატერიალურ გამოწვევებზე პასუხს ვერა და სხვის თვალში ბეწვის შემჩნევას მყისიერად სთავაზობს. ასეთი ხისტი ორგანიზაციები ცვლად გარემო პირობებს ვერ ეგუებიან, სათემო ვალიდაციას კარგავენ და მათ ადგილს სხვები იკავებენ, ამბობს ორგანიზაციული მენეჯმენტის თეორია. დღეს ეკლესია მის წევრებს ისეთ გამარტივებულ მსოფლმხედველობას უჩვენებს, რომელშიც გამოსავალზე აქცენტი ნაკლებად კეთდება და ყურადღება მეტწილად შინაური მტრების ძიებაზეა. თუ იდეოლოგიები და რუტინად ქცეული წეს-ჩვეულებები მხოლოდ ორგანიზაციის თვითშენარჩუნების მისიას ემსახურება, ის მხოლოდ დროებით მოახერხებს ორგანიზაციის წევრებისთვის სტრესის შემცირებასა და გაურკვევლობის თავიდან არიდებას. სამაგიეროდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მარტივი გამოსავალი ისევ მას მოუბრუნდება ბუმერანგივით. თუ მტრად რომელიმე უმცირესობას გამოაცხადებენ, ამ “მტრის” განადგურების შემდეგ ადამიანები აუცილებლად დაინახავენ, რომ პრობლემა ოდნავადაც არ გაუმჯობესდება და დაშვებული შეცდომის გამოსწორებაც გვიანი იქნება. ძალადობის ავტორებისთვის შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ იქნება. ადამიანები, რომლებიც სულიერ მხარდაჭერას ეძიებენ, მალე აღმოაჩენენ რომ ეს ორგანიზაცია მათ იმას კი არ სთავაზობს რაც მათ სჭირდებათ, არამედ იმას, რისი შეთავაზებაც მას თავად ურჩევნია.
ჩემთვის ეს ასე ნათელი არ არის, მაგრამ ვფიქრობ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელ დეკადაში ეკლესიის მზარდ პოპულარობას მრავალი ადამიანი იქ გაბატონებული ოპოზიციური განწყობითაც ხსნიდა. მათი აზრით, ზოგი ადამიანი თავს იქ იმიტომ აფარებდა, რომ ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი მედიის სიმწირის პირობებში ეკლესია უსაფრთხო სივრცედ ეგულებოდა, სადაც ღიად შეეძლებოდა ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის მოსმენა თუ გახმოვანება. ამის საჭიროება, თუ ასეთი მართლაც არსებობდა, ახლა აღარ არსებობს. საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში ეკლესიის ფუნქცია ამ ეტაპზე უდავოდ ამოწურულია.
ზოგი ამბობს, თითქოს ეკლესიაში “ყველა ასეთი (მომხვეჭველი, რუსეთუმე, ჯიპებზე დახარბებული) არ არის. თუმცა ჯერ ჩვენ არ ვიცნობთ ისეთ მოქმედ სასულიერო პირს, რომელიც ამ დაწესებულებაში პრაქტიკის გაბატონებულ მოდელს ეწინააღმდეგება. დაწყებული კრიზისის შესახებ კონფორმიზმზე უარის მთქმელი ის ადამიანები გვამცნობენ, რომლებიც იქ უკვე ღრმად ჩამჯდარ, იდეოლოგიურად მყარად დაფუძნებულ და სტრუქტურულად მხარდაჭერილ წინააღმდეგობას წააწყდებიან. მანამდე კი, უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმის იმ ადამიანთა ხმა, რომლებიც გადასახადის გადამხდელ მოქალაქეთა სახელით ხარისხის კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ. ეს მექანიზმები ეკლესიის მიერ შესასრულებელ სამუშაოს უნდა ესადაგებოდეს. მათ შორის ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც არიან, რომლებიც საეკლესიო პრაქტიკაში არსებული მიდგომების გადაფასებას ითხოვენ და ადამიანთა მოთხოვნილებებზე სათანადო გამოხმაურების საჭიროებას უსვამენ ხაზს. “ეს უნდა გახდეს ამ ეკლესიის მხარდაჭერის პროცესის გამართლების კრიტერიუმიც”, - ამბობენ ეს ადამიანები. მეც მათ ვეთანხმები.
როგორ ეხმარება ქართველ მორწმუნეს ეკლესიის მიერ ღიად ნაქადაგები სიძულვილი? ან უნაწილებს ეკლესია უზარმაზარი მოგების მცირე ნაწილს მაინც ყველაზე მიუსაფარ და გაჭირვებულ ადამიანებს? საკმარისს აკეთებს მათ დასახმარებლად? საიდან ვიცით ეს? მაშ რატომ იღუპებიან ადამიანები შიმშილითა და სიცივით? რატომ არ ყიდის ეკლესია უკანასკნელ ტოიოტა პრადოს ამ ადამიანთა დასახმარებლად? რატომ იხარჯება 25 მილიონი გაუმჭვირვალედ? ამ მტკივნეულ კითხვებზე ეკლესიას პასუხები არ აქვს.
არადა მათზე დაფიქრებაც კი საკმარისია მრავალი მორწმუნე და სულიერების მაძიებელ ადამიანში ამ ინსტიტუციის იმედის გასაცრუებლად. თანამედროვე კითხვებით იქ მისულ ადამიანს არ სჭირდება ექსპრომტად გამოგონილი შეზღუდვების თავზე მოხვევა. მას ის კი არ აწუხებს, როდის მიირთვას ხორცი ან კვირის რა დღეებში დაწვეს პარტნიორთან, არამედ, ადამიანობის არსის გარკვევაში, სიყვარულის და სულის ხსნის გზის პოვნაში დახმარებას ითხოვს. ფაქტია, ადამიანს სხვაგან უკეთ დაეხმარებიან სულიერ გამთლიანებაში, ვიდრე ეკლესიაში. ამიტომაც, გასაკვირი არ იქნება თუ ის კონკურენტ კონფესიას აირჩევს. დღეს საქართველოში არც ერთი კონფესია არ არის ისეთი რადიკალური და სულიერებას აცდენილი, როგორც ქართული მართლმადიდებლობა. ნებისმიერი კათოლიკე თუ ბაპტისტი წინამძღვრის საუბარი ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც კი უთბობს გაყინულ გულს, მაშინ როდესაც ყველაზე ღრმად მორწმუნე შოკს განიცდის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან წამოსული ძალადობის ხილვით ან სიძულვილით აღსავსე ქადაგების მოსმენისას. ეკლესია ყურით გაუგონარ საქმეებს სჩადის: ლგბტ ადამიანებს ქველმოქმედებას უკრძალავს, და ძალადობის ღია ტექსტებით ემუქრება, მუსლიმ მორწმუნეებს ლოცვას უშლის და პატარა გოგიტას “მუსლიმ ოჯახში დაბადებულად” იხსენიებს.
დღეს მართლმადიდებლური მრევლი მოტყუებულია. ამის შესახებ მეტი და მეტი მორწმუნე იგებს. მორწმუნისა და ეკლესიის მიზნებს შორის თანხვედრა ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს. ეს სერიოზულ ორგანიზაციულ დისფუნქციაზე მიუთითებს და მორწმუნეთა ერთობაზე ახდენს გავლენას. შედეგად, ორგანიზაციული ცვლილების გადაუდებელი საჭიროებაც მყისიერად დგება. თუ გამოწვევას ცვლილება არ მოჰყვა, ეკლესიის რღვევა “საკუთარი იატაკიდან” დაიწყება. ნგრევის მასშტაბებს მხოლოდ ისეთი შიდა ფაქტორები განსაზღვრავენ, როგორებიცაა ორგანიზაციული პრობლემის ბუნება და სერიოზულობა, არაკონფორმისტ სასულიერო პირთა მიერ სიტუაციის შეფასება, მხარდაჭერა/წინააღმდეგობა საპატრიარქოს მხრიდან და ამ ორგანიზაციის საკუთარი ადამიანური რესურსების სიმდიდრე წარმატებული ორგანიზაციული ცვლილების განსახორციელებლად.
შეუძლია კი ეკლესიას “წაიკითხოს” არსებული მდგომარეობა? შეუძლია განსაზღვროს ის ორგანიზაციული პრობლემები, რომლებიც მის მიერ მომსახურების მიწოდებას უქმნის საფრთხეს (სიძულვილის პროპაგანდა სიყვარულის ქადაგების ნაცვლად)? შეუძლია განავითაროს და შეარჩიოს სტრატეგია ორგანიზაციული (განწმენდისა) და საკუთარი თავის ცვლილებისათვის? აქვს უნარი წამოიწყოს ცვლილებების სტრატეგია? აპირებს შეაფასოს და შეცვალოს სტრატეგია ისე, რომ ცვლილებები ინსტიტუციონალური გახდეს? ასეთი რესურსი იქ დღეს არ მეგულება. მეტიც, ცვლილების საჭიროებას საპატრიარქოში ვერც კი ვერ ამჩნევენ. შედეგად, სავარაუდოა იმაზე უფრო სწრაფად გავხდეთ ამ ინსტიტუციის რღვევის მოწმენი, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის რაციონალურ აზროვნებას წარმოუდგენია. კორპორაციად ქცეული, ის ძალიან გაიზარდა და დამძიმდა, უზრუნველი ცხოვრებისგან მოქნილობა და ფორმა დაკარგა. ტრაგიკულია, რომ ბევრი ადამიანისთვის ეკლესია სიტყვა “ბიბლიის” ნაცვლად უმალ უახლესი გამოშვების პრადოზე ამხედრებულ მისი ზოგიერთი წარმომადგენლის ხატებასთან ასოცირდება. გავლენიანი კი არის, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას მოქალაქეთა მიმართ. ეკლესია მხოლოდ შეიწირავს. ეკლესია მხოლოდ რესურსებს ისრუტავს. სიძულვილის გარდა ეკლესია არაფერს გასცემს. პოლიტიკურ პარტიად ქცეულ ინსტიტუციაში დაივიწყეს მარტივი ჭეშმარიტება: რაც ზემოთ ხარ, ჩამოვარდნაც უფრო მძიმე და მტკივნეული იქნება. ვარდნა გარდაუვალია მისთვის, ვინც თავის კონსტიტუციაში ჩაწერილ საფუძვლებს უღალატა.
მე ვიცი რა დაშლის ქართულ ეკლესიას. დაშლის წინაპირობა ის შეუძლებელი ფაქტი გახდება, რომ სათნოების, სიყვარულისა და ქველმოქმედების საკეთებლად დაარსებული ინსტიტუტი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება და განადგურებით ემუქრება. ზიზღისა და სიძულვილის გაღვივება და ძალადობის კამპანიის სათავეში ჩადგომა მათთვის დამანგრეველია. რელიგიური ინსტიტუტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ერთადერთ რამეს შეიძლება ეფუძნებოდეს - უკლებლივ ყველა ადამიანისთვის სათნოების, თანასწორობისა და სამართლიანობის იდეის ქადაგებას. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. და პირიქით, მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურები ადამიანების ნდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუ დამანგრეველი ძალის მქონე ინსტიტუტიდან - სიყვარეულის და მიმღებლობის მქადაგებელ ძალად გადააქცევენ.