Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ უნდა გვინდოდეს მონარქიის აღდგენა

27 ნოემბერი 2013

მონარქიის თემას პირველად ორი წლის წინ Facebook-ზე გამოვეხმაურე. ე.წ. უფლისწულის დაბადების ამსახველი სურათის ეგზალტირებული კომენტარებით გაკვირვებულმა აღვნიშნე, რომ მისი დაბადება იმდენადვე სასიხარულო იყო, რამდენადაც საქართველოში ნებისმიერი სხვა ბავშვის გაჩენა.   მახსოვს, ამას მოჰყვა მონარქიის აღდგენის მომხრეების კრიტიკა. მათ შორის ქართველ ტევტონთა ორდენის წარმომადგენლების მხრიდან (მაშინ ჩემდა გასაკვირად საქართველოში ტევტონთა არსებობა აღმოვაჩინე). გამიჩნდა სურვილი, დემესაბუთებინა, თუ რატომ არ უნდა გვინდოდეს მონარქია, თუმცა საქართველოში ეს თემა იმდენად მარგინალურად მივიჩნიე, რომ წერის მოტივაცია დავკარგე. უკანასკნელ პერიოდში უფლისწულის ნათლობას მოყოლილ მონარქიის რესტავრაციის მსურველთა განცხადებებმა მოტივაცია ხელახლა გამიღვივა. ისევ მომინდა ჩამომეყალიბებინა ის მიზეზები, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საქართველოში მონარქიის აღდგენა.

სანამ მონარქიის აღდგენის მიზანშეწონილობას შევეხები, დავფიქრდეთ, თუ საერთოდ რაში გვჭირდება სახელმწიფო და მმართველები? რატომ არ შეგვიძლია საზოგადოების წევრებს ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობაზე? რატომ ვინახავთ საკუთარი გადასახადებით სახელმწიფოს, რომლითაც მუდმივად უკმაყოფილო ვართ? ამ ხარჯის არარსებობის პირობებში ჩვენ ხომ მეტი შემოსავალი გვექნებოდა? ხომ გავწვდებოდით მეტ ქალაქურ ან თუნდაც მოხევურ ხინკალს?!

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სახელმწიფო დამატებით ქალაქურ ან თუნდაც მოხევურ ხინკალზე უფრო მნიშვნელოვანია და ის გვჭირდება. ადამიანები სოციალური ქმნილებები აღმოვჩნდით და უხსოვარი დროიდან მარტო ხეტიალს საზოგადოებაში ცხოვრება ვამჯობინეთ. პრინციპში, შეიძლება სულაც არ ვამჯობინეთ, მაგრამ  შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით და მტაცებელი ცხოველების სამხარზე ძირითადი კერძი არ გავმხდარიყავით, მოგვიწია ჯგუფურად ცხოვრება. საზოგადოებაში ცხოვრება ვიღაც ზემდგომი მარეგულირებლის (იგივე სახელმწიფოს) გარეშეც მშვენივრად მოხერხდებოდა, რომ არა ადამიანთა განსხვავებულობა და მანკიერებანი. როგორც თომას პეინმა ენამოსწრებულად აღნიშნა, სახელმწიფო “აუცილებელი ბოროტებაა”, რომელიც ამ მანკიერებების და განსხვავებულობის ფონზე საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. შეიქმნა საჭიროება, რომ საზოგადოებაში ისეთი სისტემა არსებობდეს, რომელიც დაიცავს ყველას უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სამართლიანობას და საზოგადოების წევრებს ისეთ მომსახურებას გაუწევს, რომლის დამოუკიდებლად მიღება საზოგადოების ცალკეულ წევრს გაუჭირდება (მაგალითად. განათლება, ჯანდაცვა). რა თქმა უნდა, აღნიშნული სახელმწიფოს წარმოქმნის და არსებობის ყველა მიზეზს არ ასახავს, მაგრამ არც ეს არის ამ წერილის მიზანი.

ვფიქრობ ნათელია, თუ რა არის სახელმწიფოს წარმოქმნის წყარო და მიზეზები. წყაროა საზოგადოება, ანუ - ჩვენ. მიზეზი კი ის, რომ ადამიანები ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, ერთმანეთს საფრთხეს ვუქმნით და ვსაჭიროებთ ისეთ მომსახურებებს, რომლის ეფექტურად მიწოდება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. საზოგადოებას გვჭირდება სისტემა, რომელიც დაგვიცავს და განვითარებაში ხელს შეგვიწყობს.

ახლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: მიზანშეწონილია თუ არა მონარქია ჩვენი ხარჯით შექმნილ სახელმწიფოს მართავდეს და ჩვენს კეთილდღეობას თუნდაც სიმბოლურად განაგებდეს? ჩემი პასუხი უარყოფითია, რის დასაბუთებასაც შევეცდები. თან ვფიქრობ, რა საჭიროა დასაბუთება, ეს ხომ ისედაც ნათელი უნდა იყოს ჩემი თანამედროვეებისათვის?! ემოციურ-ინტუიციურად ხომ თითქოს გვესმის, რომ მონარქიის აღდგენა რაღაც არქაული ახირებაა. მაგრამ ემოციურ-ინტუიციურად შეიძლება მონარქიის მომხრეებსაც ასევე ნათლად ესახებათ საკუთარი წამოწყების პერსპექტიულობა. გამოსავალი ერთია - არგუმენტირებული დასაბუთება.

მონარქის უზენაესობის აღიარება საზოგადოებრივი უსამართლობის დამკვიდრებაა

მონარქიის აღდგენით საზოგადოება მონარქთან და მის ოჯახთან მიმართებაში საკუთარ მეორეხარისხოვნობას აღიარებს. თუ ვთანხმდებით, რომ დაბადებისას უფლებებში, თავისუფლებებში და შესაძლებლობებში თანასწორნი ვართ (მე არ ვგულისხმობ ფიზიკურ, ინტელექტუალურ ან ფინანსურ შესაძლებლობებს, არამედ იმის თეორიულ შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქე გაყვეს ნებისმიერ პროფესიას, დაიკავოს ნებისმიერი, თუნდაც ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა), მაშინ მონარქია ამ პრინციპს არღვევს. იგი ქმნის სისხლით მონათესავე მცირე ჯგუფის მონოპოლიას სახელმწიფო მმართველობაზე. თანაც ეს მონოპოლია იქმნება არა დამსახურებით, არამედ ნათესაურ კავშირთან მიკუთვნებით. შეიძლება ვინმე შემეწინააღმდეგოს, რომ ასეთივე ნათესაური კავშირით ანუ მემკვიდრეობით ხდება სიმდიდრის გადაცემაც და ამაში პრობლემას ვერავინ ხედავს. მაგრამ განსხვავებაა ის, რომ სიმდიდრის ნათესაური კავშირის გზით გადაცემა არის კერძო საკუთრების განკარგვის აქტი, ხოლო სახელმწიფო მმართველობის გადაცემა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე კონტროლის გადაცემის აქტია.

მონარქია წართმეული არჩევანია

მონარქიული მმართველობის პირობებში საზოგადოების წევრებს ავტომატურად ერთმევათ ქვეყნის ხელისუფლის (თუნდაც სიმბოლურის) არჩევის უფლება. მეტიც, მისი შეცვლის ფაქტობრივად ერთადერთ გზად სამეფო კარზე გადატრიალება რჩება. ვიღებთ მდგომარეობას, სადაც მიუხედავად მმართველის უუნარობის, ნაკლოვანების და არაეფექტურობისა საზოგადოებას მისი ლეგიტიმურად შეცვლის შესაძლებლობა არ აქვს. ეხლა იტყვიან არჩევითი რომ გავხადოთ მონარქიაო?! ეს მაინც არ მიცემს საზოგადოებას მმართველის არჩევის და შეცვლის საშუალებას. როგორც წესი, მსგავს მონარქიებში მეფე-დედოფალს დიდგვაროვანთა და სამეფო გვართან დაახლოებულ პირთა ექსკლუზიური წრე ირჩევს. არჩევითი მონარქიაც თრგუნავს არჩევანს.

მონარქია ქვეყნის სათავეში არაეფექტური მმართველის მოსვლის რისკს ზრდის

მონარქიის ისეთი ფორმით აღდგენა, როდესაც მონარქს ენიჭება აღმასრულებელი ფუნქციები, არაეფექტური მმართველის შერჩევის მაღალ რისკს შეიცავს. როდესაც აღმასრულებელად (პრეზიდეტად ან პრემიერმინისტრად) არჩევნების გზით შერჩეული პირი გვევლინება, ეს, როგორც წესი, ამ კანდიდატის დამსახურებით, სიყოჩაღით, მოხერხებულობით და ინტელექტითაა განპირობებული. მონარქიაში კი მმართველის უფლებმოსილება გადადის მემკვიდრეზე, რაც უნდა უუნარო იყოს იგი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია არჩეული მმართველი უუანრო აღმოჩნდეს და მემკვიდრე უნარიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევით უკეთესი მმართველის მიღების ალბათობა გაცილებით მეტია. ასევე არჩევნების გზით დანიშნული მმართველი საზოგადოების (როგორც წესი მისი უმრავლესობის) ნების გამომხატველია, მაშინ როცა მემკვიდრეობით სახელმწიფოს სადავეების გადაცემისას საზოგადოების ნებას ანგარიში არ ეწევა.

აღნიშნული არგუმენტი ნაკლებად რელევანტურია იმ შემთხვევაში, როცა მონარქს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური როლი აქვს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი ხანია ზუსტად მაინც ვერ გავიგე, რა ფორმით აპირებენ საქართველოში მონარქიის დაბრუნებას, ამ სცენარსაც უნდა შევხებოდი.

სამეფო კარის შენახვა გაუმართლებელი ხარჯია

მონარქიის, თუნდაც სიმბოლური ფორმით აღდგენის შემთხვევაში, საჭირო გახდება სამეფო კარის შენახვა. საქართველოსნაირი ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჭირვებაში ცხოვრობს, ეს  გაუმართლებელი ფუფუნება იქნებოდა. მსმენია მოსაზრება, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში სამეფო კარი ხელს შეუწყობს ქევყნის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას. მსგავსი შედეგი რთულად მესახება, რადგანაც ქართული სამეფო კარის მიმართ მსოფლიოში ინტერესი, ეჭვი მაქვს, ბევრს არ ექნება. მსაგავსი ლოგიკით, მეტი ინტერესი ტურისტებს ცეკა-ს, როგორც კომუნისტური წყობის რელიქვიის მიმართ ექნებოდათ. საბედნიეროდ ცეკას აღდგენაზე ჯერ არავინ საუბრობს.

ეს არის ის ძირითადი მიზეზები, თუ რატომ არ არის საქართველოში მონარქიის აღდგენა მიზანშეწონილი. ასევე, თუ დავუკვირდებით მონარქიის წარმოშობის წყაროს, მონარქია, სინამდვილეში, მემკვიდრეობით გადაცემადი ავტოკრატიული მმართველობაა. თავის დროზე მონარქებად ჩამოყალიბდნენ ტომების ბელადები და რელიგიურ რიტუალებში გაწაფული ლიდერები, რომლებმაც მოახდინეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მისი მემკვიდრეობით გადაცემა (მე, რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია სერიოზულად მონარქების ძალაუფლების ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ საუბარი). თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ქვეყნის პირველმა პირმა (პრეზიდენტმა ან პრემიერმინისტრმა) ცხოვრების ბოლომდე მართოს ქვეყანა და შემდგომში საკუთარ შვილებს გადაულოცოს, მაშინ არც მონარქიის აღდგენას უნდა ვეთნახმებოდეთ.

მონარქის, თუნდაც სიმბოლურად ყოლა  საკუთარი, თუნდაც სიმბოლური ქვემდებარეობის აღიარებაა. ჩემთვის, როგორც თავმოყვარე, თავისუფალი და თანასწორი საქართველოს მოქალაქისთვის ეს სიმბოლურობაც მიუღებელია.

P.S. აქვე დავამატებ, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან  “თავადური” გვარის წარმომადგენელს, მონარქიის და მასთან ერთად თავად-აზნაურული სისტემის აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა “მეხეირა” (ეს ხუმრობით) კიდეც, მაგრამ ჩემის ღრმა რწმენით ქვეყანა ამით ვერ “იხეირებს”.

ვასილ ჯაიანი, მენეჯმენტ-ანალიტიკოსი, ქ.ვაშინგტონის მერია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^