Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლუციფერის ეფექტი“, ანუ კაცთმოძულენი (დასასრული)

28 ნოემბერი 2013

ახალგაზრდა გოგონების უგზო–უკვლოდ გაუჩინარებამ საზოგადოებას მორიგი თავსატეხი გაუჩინა.  22 წლის ნინო გვასალია აშკარად საკუთარი ნებით წავიდა სახლიდან. გოგონას მიერ დატოვებული ბარათი „Pink Floyd“–ის ცნობილი ჰიტის სახელწოდებით ბოლოვდებოდა: „Goodbye Cruel World!“. გაუჩინარებიდან ერთი დღით ადრე ნინოს ძმისთვის უთქვავს: ამ უაზრო ცხოვრებით დავიღალე,  თავი ისე უნდა მოვიკლა, რომ ვეღარც კი მიპოვოთო..

                          ტკივილი შვილთა    

არც კი ვიფიქრებდი ამ ფაქტის განზოგადებას, რომ არა მარიტა მათიაშვილის პუბლიკაცია „ოდა ახალგაზრდობას“.  ნინო გვასალიას გაქცევაში თანატოლმა „მამების რეპრესიული აღზრდის წესის საილუსტრაციო შედეგი“ დაინახა:  

„...  ჩვენს თაობას მართლაც ბევრი აქვს მიზეზი პროტესტისა და გაქცევისთვის... ქვეყანაში, სადაც შვილები მშობლების ლოგიკურ გაგრძელებად ითვლებიან... სადაც მშობლები განსაზღვრავენ მომავალს და არა შვილები, სადაც ჩვენ მათთან ერთად ვდგავართ განსხვავებულების ჩასაქოლად... ალბათ პროტესტის გამოხატვის ადეკვატური ფორმა იქნებოდა წასვლა და დაკარგვა მესიჯით  – მე არ მინდა ამის ნაწილი ვიყო..

... ერთხელ დავდექით რეფორმების, სიახლეების, განათლების, პროგრესის მხარეს, მაგრამ  პასუხისმგებლობა არ აგვიღია თავად გაგვეტარებინა ეს პრინციპები ცხოვრებაში და სწორედ აქ დასრულდა სახელმწიფოს შენების „ვარდების რევოლუციის“ იდეა...ლოგიკურია, რომ ჩვენს სამართავად მამები დაბრუნდნენ... მამები, რომლებიც ვერ იტანენ ახალგაზრდებს (!!!), მათ ეპაექრებიან... ჩვენი ამბოხი, მათთვის სიმართლის თქმა იქნება, რომ ისინი ვერ შედგნენ სრულფასოვან ადამიანებად...

...ანდა თუკი მათგან წასვლა გადავწყვიტეთ, ხომ დაგვემუქრებიან რომ დაიხოცებიან. ხოდა ჩვენც ვდგებით და ვიპარებით, არაფერს ვამბობთ, უბრალოდ ვიკარგებით, რადგან გვეშინია და ამ წრეზე ტრიალისას, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ახალი დაკარგული თაობა ვართ.“

ავტორი უმნიშვნელოვანეს პრობლემას შეეხო. საზოგადოება  ხშირად მსჯელობს რელიგიურ, გენდერულ თუ სხვა სახის კონფლიქტებზე, აქ კი მამათა და შვილთა მწვავე დაპირისპირებაზეა საუბარი. ამ პუბლიკაციას მეტი გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა. საუბედუროდ, „ვერ ატანა“ და „პაექრობა“ აშკარად ორმხრივია. შეგახსენებთ: ყველა მანკიერება ადამიანთა თანდაყოლილი აგრესიულობით საზრდოობს,  „ლუციფერის ეფექტით“ ძალას იკრებს და, საბოლოოდ, „გაღვიძებული მხეცის სინდრომით“  „გვირგვინდება“. აუცილებელი არ არის მამათა და შვილთა კონფლიქტში ლუციფერის ეფექტი პირდაპირი აგრესიით გამოვლინდეს.  ეს, შესაძლოა, იყოს ირონია, უხეშობა, განრიდება, ან.... გაქცევა – როგორ ერთი, ისე მეორე მხრიდან.  

                 ლუციფერი იცინის!

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ყოველი შემდგომი თაობა წინა თაობის არარეალიზებული მისწრაფებებისა თუ პროექციების რეზერვუარი ხდება. ქართულ კულტურაში მშობლისა  და შვილის სეპარაცია არ არის წახალისებული და ნაკლებად ხერხდება, ამიტომ თაობებს შორის ფარგლები დიფუზურია.  

ამ სტრიქონების ავტორის აზრით, თაობათა დაპირისპირება პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. სეპარაცია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის შინაგანი მოთხოვნილებაა და მრავალგანზომილებიან თვითრეალიზაციას გულისხმობს; მაგალითად, პროფესიულ სარბიელზე. ნორმალური სიტუაცია ამ კუთხით, ფაქტობრივად,  არც გვღირსებია.  საბჭოთა პერიოდში თანამდებობას ჩაჭიდებული მხცოვანი სპეციალისტი ცოცხალი თავით არ წავიდოდა სანამ არ გაასვენებდნენ, ანდა პენსიაზე თითქმის ძალით არ გაისტუმრებდნენ.... ვინმე „პატრონიანის“ სასარგებლოდ! „უპატრონოს“ კი არც ასაკიანს გაახარებდნენ და არც  უასაკოს. ეს იყო ნამდვილი სოციალურ–პოლიტიკური სიმახინჯე.

გამოხდა ხანი; ალისფრად გამოღუვდნენ რევოლუციის „ვარდები“, მოვიდა მიშა და განაცხადა, რომ ე.წ. „ჩარეცხილები“ ქვეყანას არ სჭირდება. დაიწყო ნორჩ მენეჯერთა მრავალგზის გაშარჟებული აღლუმი. ორმოც წელს მიღწეულ სპეციალისტს (თუნდაც საუკეთესოს!) „სანიტარული ჭავლი“ ელოდა. ცხადია, ისევ „უპატრონობის“ შემთხვევაში. ზოგადი მიდგომა იგივე დარჩა; შეიცვალა მხოლოდ ფორმალურად ანგაჟირებული ასაკობრივი კატეგორია.  ანუ მივიღეთ სხვა, არანაკლებ მანკიერი სოციალურ–პოლიტიკური სიმახინჯე.

მერე იხუვლა „ქართულმა ოცნებამ“ და უკვე შემჭკნარი „ვარდები“ ცვლილებათა ქარს გაატანა. მარიტა მათიაშვილს თუ დავესეხებით, სამართავად მამები, უფრო სწორედ, „პატრონიანი ჩარეცხილები“ დაბრუნდნენ. მათ შორის ახალგაზრდა სახეებიც შეინიშნება. საქართველოში პერმანენტული და უცვლელი მხოლოდ ნეპოტიზმია: ადამიანთა სულში ჩაბუდებული „მხეცი“ „თავისიანებს“ „ლოკავს“, ხოლო „უცხოებს“ კი „უღრენს“ და სიახლოვესაც არ იკარებს.   ეს სოციალურ–პოლიტიკური სიმახინჯე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

თაობათა დაპირისპირებას და ნეპოტიზმს ერთი და იგივე მოვლენა – ქვეცნობიერი, ან აშკარა უნდობლობა და შური ასაზრდოებს; ერთ შემთხვევაში – ასაკობრივი, ხოლო მეორეში – სიახლოვე–ნაცნობობის ნიშნით. თაობათა კონფლიქტში საკუთარი შვილების ზედმეტი გაკოჭვაც ფარული შიშების, ანუ ქვეცნობიერი სიძულვილის გამოვლინებაა (თუნდაც მზრუნველობის სამოსით იყოს გულმოდგინედ შეფუთული!). იმავე წესით ქვეცნობიერი(ან ცნობიერი) შიშებით შეპყრობილი კლანი „უცხოს“ გზას უკეტავს. ეს არა მხოლოდ შვილთა, არამედ საზოგადო ტკივილია.

პარალელი მითოლოგიური: კრონოსი თავის შვილებს პირდაპირ ნთქავდა,  ხოლო კაცთა მოდგმა თავის ნაშიერებს არაპირდაპირი წესით „ყლაპავს“.  მშობელი – შვილს „აჩმორებს“, ხოლო საზოგადოება – მოზრდილს.  ერთიც და მეორეც სეპარაციის დაბლოკვაა.

და ისტორიული: ძველი რომის კანონმდებლობა  მამას ურჩი შვილის მოკვლის უფლებას ანიჭებდა; კონკრეტული პიროვნება კი მხოლოდ გვარის იდეას ემსახურებოდა. ეს იყო სეპარაციის დაბლოკვის ძალზე თვალსაჩინო მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში.

ნინოს ერთ–ერთ ფოტოზე  მის თვალებში ჩაბუდებულმა სასოწარკვეთილებამ გამაოგნა. აი, რას წერს გოგონას დედა თავის  მიმართვაში: „ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის, მეც და ყველანი... განსაკუთრებით მე, რომ ვერ გავამართლე შენი იმედები. მაპატიე, გემუდარები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მოგწონს და გინდა, დამინდე და დაგვიბრუნდი...სადაც ბედნიერი იქნები, იქ იცხოვრე. ერთ დღესაც ნუ გაჩერდები სახლში, ეკა უკვე გელოდება ამერიკაში..“. დედის სიტყვით, ნინოს ძალიან აწუხებდა საკუთარი უმუშევრობა. ტექსტიდან ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში თვითრეალიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავდა  და წასვლაზეც ფიქრობდა.

ათი წლის წინ ერთადერთი ქალიშვილი გერმანიაში თვითონვე გავუშვი. თვითმფრინავში ერთი სევდიანი გოგონა დაემგზავრა.  თურმე მამას გამოეპარა (წასვლას უკრძალავდა!); დედამ ხელი შეუწყო, მაგრამ ქმრის შიშით აეროპორტში ვეღარ მიჰყვა. უპერსპექტოვობის გამო Cruel World–იდან გაქცევას უამრავი  ახალგაზრდა და მოზრდილი ნატრობს. ამ დროს კი თავს იმით ვიწონებთ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა!  რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ეპითეტის ღირსნი გავხდეთ? ინფრასტრუქტურული ზიზილ–პიპილოები არ მაქვს მხედველობაში.

ლუციფერი ალბათ, გულიანად იცინის...არა, ხარხარებს!!!

 

                 მიწიერი სამოთხის ნოსტალგია

1977 წელს ბრიტანეთის ტელევიზიამ საინტერესო პროექტი განახორციელა: ძნელად მისადგომ მთიან რეგიონში კელტური ტიპის დასახლება აშენდა, სადაც  საგანგებოდ მომზადებული თხუთმეტკაციანი ჯგუფი ჩაიყვანეს. მათ შორის სამი ბავშვიც (!) იყო.  ექსპერიმენტის მონაწილეებმა ერთი წლის მანძილზე პირველყოფილი გვაროვნული თემის ცხოვრებით იცხოვრეს:  მიწა დაამუშავეს, მოსავალი მოიყვანეს, პირუტყვს უვლიდნენ და ნადირობდნენ; ტანსაცმელს და შრომის იარაღებსაც კი თვითონ ამზადებდნენ. გარე სამყაროსთან კავშირი, პრაქტიკულად არც ჰქონიათ. სოციალურ–ეთნოგრაფიულმა ექსპერიმენტმა მოულოდნელი შედეგი გამოიღო: მონაწილეებს პირველყოფილი იდილია იმდენად გაუტკბათ, რომ ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნება არც კი გახარებიათ.

მაინც რით მოხიბლა ცივილიზაციის განებივრებული შვილები პირველყოფილ კელტთა ყოფამ? ერთ–ერთმა მათგანმა ამ შეკითხვაზე ასე უპასუხა:

– რატომ დაგვწყდა გული? იმიტომ რომ სიწყნარის, სიმშვიდის და ურთიერთგაგების სავანეს გამოვეთხოვეთ. სოფელში გატარებული ერთი წელიწადი ჩვენთვის მიწიერ სამოთხედ იქცა.    გადარჩენა ერთიანობაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ძირფესვიანად  გარდავისახეთ: ნელ–ნელა დავამარცხეთ საკუთარ თავში მხოლოდ პირად  წარმატებაზე ორიენტირებული ინდივიდუალისტი და ეგოისტური საზოგადოების მანკიერებებისგან საბოლოოდ  გავთავისუფლდით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ურთიერთთანადგომის ატმოსფერომ მეგობრული დახმარების გაწევა და მიღება გვასწავლა. ეს დღეები ჩვენთვის ყველაზე სანუკვარ მოგონებად დარჩება. რა საწყენია, რომ წინაისტორიული სოფლის აჩრდილი სამუდამოდ  გაქრა!

ძალზე საგულისხმოა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა თვალში ცივილიზაციის ყველა სიკეთე ურთიერთობათა ხარისხმა გადაწონა. „მხეცის სინდრომით“ შეპყრობილი სამყაროდან ისინი ისეთ გარემოში აღმოჩნდნენ, სადაც დამკვიდრება  მხოლოდ მოყვასის თანადგომა–გატანით იყო შესაძლებელი.

რისთვის დამჭირდა ამ ექსპერიმენტის გახსენება? ცხადია,  პირველყოფილი გვაროვნული თემის აპოლოგია არ ყოფილა ჩემი მიზანი და არც მთაში ვეპატიჟები სრულიად საქართველოს. რაღაც გაგებით, „მთაში“ უკვე ვიმყოფებით.  გლობალიზაციის აზვირთებულ ოკეანეში საქართველოს მხოლოდ ერთიანობა თუ გადაარჩენს.  დიდმა და პატარამ, ქალმა და კაცმა ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და ვითანამშრომლოთ. საქართველოს უპირველესი მტერი მის სულში ჩასაფრებული „ლუციფერია“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^