Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სირცხვილის შემდეგ“

12 დეკემბერი 2013

საქართველოს პარლამენტში ადრეც მოქცეულან სამარცხვინოდ - ადრეც გამართულა მუშტი-კრივი, მე კი არასდროს დამიწერია. ახლა ვცდი. ეგებ ბრაზი ცოტათი გამინელდეს.

ესპრემიერმა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაახლოებით ასეთი რაღაც თქვა - დასახული მიზნის მისაღწევად მე ყველა გამოვიყენეო. ამ „ყველაში“ შედიოდა ალბათ სოსო ჯაჭვლიანიც. მგონი, დღემდე არავის შეუფასებია და არ უთქვამს ის, რომ „ქართული ოცნება“ სოსო ჯაჭვლიანისა და რამდენიმე მარგინალის გარეშეც გაიმარჯვებდა არჩევნებში და ივანიშვილიც მიაღწევდა დასახულ მიზანს. ივანიშვილმა, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკისა  დიდად არაფერი გაეგებოდა მაშინ, როცა კოალიციას ქმნიდა, ვერ გათვალა, რა შედეგები შეიძლება ჰქონოდა საკანონმდებლო ორგანოში ისეთი ადამიანების ყოფნას, რომელთა ყოფნაც იქ უბრალოდ, არ ეგების. ხვალ კოალიცია რომ დაიშალოს (და ალბათ, დაიშლება კიდეც) პარტია „ქართული ოცნების“ სახით როგორი ადამიანები იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობაში?  როგორ კანონებს შემოიტანენ? რას დაუჭერენ მხარს? დაახლოებით შემიძლია ვივარაუდო და ძალიან სავალალო სურათი მიდგება თვალწინ.

მაშინვე უცნაურად მეჩვენებოდა ის, რომ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“  არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშივე ავრცელებდნენ ქსენოფობიურ განცხადებებს, ძალადობდნენ და მუშტებზე იყურებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ „ოცნებაში“, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს ვერ შეძლეს. შეიძლება, ძალიანაც ეცადნენ და არაფერი გამოუვიდათ - დეტალები მე არ ვიცი. ალბათ აქ გურამიშვილის ფრაზა უნდა გავიხსენოთ -„მაგრამ ვინ მოუსმინებდა? მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდარასაც ინებდა!" ფაქტი ჯიუტია - პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ივანიშვილმა დაგვიტოვა, სრულიად განსხვავებული ღირებულებების და ზნეობის მქონე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ხშირად ერთმანეთსაც უპირისპირდებიან - იმავე სოსო ჯაჭვლიანმა თამარ კორძაიას ამასწინათ ჭკუა ასწავლა, რისი თქმა შეიძლება საქართველოს პატრიარქზე და რისი - არა და დანანებით იკითხა, „მუშტი-კრივს ხომ არ გავმართავ ქალთან?“

მეორე - რამაც გამაბრაზა, ის იყო, რომ ბიბისიმ და სხვა საინფორმაციო საშულებებმა ეს ყველაფერი ისე გააშუქეს, თითქოს საქართველოს პარლმენტს არ უნდოდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადების მიღება. ვითომ საქართვლოს თავისმოსაჭრელად მარტო ის არ კმაროდა, დეპუტატებმა მუშტი-კრივი რომ გამართეს. ახლა მსოფლიომ ის კი არ იცის, როგორი განცხადება მიიღო პარლამენტმა, არამედ ის - რომ ნაციონალები, ასეთი ევროპულები და პროგრესულები დაუპირისპირდნენ ბნელ კოალიციას, რომელიც, ოღონდ რუსეთს აამოს, უკრაინას მხარი არ დაუჭიროს და პარლამენტში ძალადობაზე გადადის.  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა ჟურნალისტმა (ჩვენ, ჟურნალისტები ჯერ კიდევ ასე ვიყოფით) ნათია კობერიძემ სწორედ ეს თქვა გუშინ „მაესტროს“ ეთერში - „ოცნებამ“ პროვოკაცია იმისთვის დაგეგმა, უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება რომ არ მიეღოთო და არც გადაცემის წამყვანს და არც რომელიმე სხვა სტუმარს არ უთქვამს, როგორი განცხადება მიიღო პარლამენტმა - „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ხელუყოფელი არჩევანის გაკეთების თავისუფლება და რუსეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში“ - ნათქვამია გუშინდელ განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს სამარცხვინო  მუშტი-კრივი, რა თქმა უნდა, სათავისოდ გამოიყენეს. ახლა აღარავინ შეხედავს პარლამენტის სრულიად ადეკვატურ განცხადებას - საქართველოს, რომელსაც წინ ერთი მძიმე წელი აქვს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ასეთი ქმედებები ნამდვილად არ არგებს.

იმავე გადაცემაში ეკა კვესიტაძე წუხდა - ვეღარ გავიგე, რომელია კოალიცია „ქართული ოცნების“ სახე - უსუფაშვილი თუ ჯაჭვლიანიო. ნაციონალური მოძრაობის სახე რომელია - ბობოხიძე თუ ზურაბ ჯაფარიძე?  ვისაც როგორ აწყობს, ისე ჩათვლის. საბედნიეროდ, დღეს უსუფაშვილია პარლამენტის თავმჯდომარე და არა ჯაჭვლიანი. აქედან მგონი მონდომებული და გონიერი ადამიანი დასკვნას გამოტანს.

იმაზე, რაც კიდევ ვიხილე იმავე გადაცემაში, აღარ დავკონკრეტდები. ის, რაც ქართულ ტოქ-შოუებში ხდება ცალკე და სევდიანი საუბრის თემაა. 

და ბოლოს - ისევ ჯაჭვლიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდას იქით სთხოვს. პოლიტიკოსის უტიფრობა ბევრჯერ მინახავს და მსგავსის გახსენება მიჭირს - თანაც, იმასაც ამბობს, რომ მსახიობები აუცილებელია პარლამენტში და მაგალითად რონალდ რეიგანი და არნოლდ შვარ­ცე­ნე­გე­რი მოჰყავს. მაინტერესებს, ბატონი ჯაჭვლიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას რომელთან უფრო აკეთებს - რეიგანთან თუ შვარ­ცე­ნე­გე­რთან?

P.S.1989 წელს, გაზეთ „თბილისში“ მერაბ მამარდაშვილთან ინტერვიუ დაიბეჭდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შემომიტანა მამაჩემმა გაზეთი ოთახში და მითხრა, წაიკითხეო. მამარდაშვილი წერდა, რომ 9 აპრილის მერე „სირცხვილით იწვოდა“, რადგან ქართველ მამაკაცებს ბავშვები და ქალები დაუხოცეს თვალწინ.  მამარდაშვილის ეს ინტერვიუ მერე გამოქვეყნებული არსად მინახავს. ეს ფრაზა კი ოცდაოთხი წელია, პერიოდულად მახსენდება ხოლმე, როგორც იშვიათი გამბედაობის ნიმუში. როცა რაღაც სამარცხვინო ხდება, უნდა შეგვრცხვეს და კარგი იქნება, თუ გამბედაობა გვეყოფა და ამ სირცხვილის შესახებ საჯაროდ ვისაუბრებთ. 

P.P.S „სირცხვილის შემდეგ“  ბესიკ ხარანაულის ლექსის სათაურია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^